ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ილია გამოცდილია

რა უნდა დაიწეროს ახალი ერის მამად წოდებულ, წმინდანად შერაცხულ კაცზე, რომელიც ჩვენი უახლოესი წარსულიდან გვიმზერს, გვმოძღვრავს, გვაკრიტიკებს, გვამხელს, გვაღელვებს და თან გვამშვიდებს? ალბათ გაიფიქრებთ, რომ არაფერი. მისი ბიოგრაფიის უმცირესი დეტალებიც კი შესწავლილი და გასაჯაროებულია, მისი შემოქმედება უამრავჯერ არის გადამუშავებულ-გამოცემული აკადემიურად, მასზე დაიწერა უამრავი დისერტაცია, წიგნი და სამეცნიერო სტატია. თუმცა ეს ჩვენთვის, დიდებისთვის, მასწავლებლებისთვის, ილიას შემოქმედებით დაინტერესებული ფართო საზოგადოებისთვის, ჩვენთვის ილია გამოცდილია, ხოლო  მოზარდი თაობებისთვის ის უცნობია, ამოუცნობი, ზოგჯერ უცხო, გაუგებარიც კი, თავისი ლექსიკით, სარკაზმით, თვითკრიტიკულობით, ალეგორიული პასაჟებით, ეროვნული იდეოლოგიით… ისტორიისა და ქართულის მასწავლებლების მისია კი სწორედ ის არის, რომ ახალ თაობებს გააცნონ მარად ნოვატორი, მაძიებელი, ეროვნული თვითშეგნების გადამრჩენელი მწერალი და საზოგადო მოღვაწე.

უდავოა, რომ მისი მდიდარი მხატვრული და პუბლიცისტური მემკვიდრეობა იძლევა უამრავი კვლევის, დაკვირვების, აღმოჩენის, ინტერპრეტაციის შესაძლებლობას, მაგრამ მე თუ მკითხავს ვინმე, რა მიმაჩნია მისი შემოქმედების უმთავრეს მახასიათებლად, ვუპასუხებდი, რომ ეს იდეური თანმიმდევრულობა, გეგმაზომიერი სვლა ეროვნული ხსნის იდეების ხორცშესხმისკენ და უკვდავი ღირებულებებია. ეს თანმიმდევრულობა და იდეური უწყვეტობა იკითხება მის ყოველ წერილში, ლექსში, პოემაში, მოთხრობაში. მე არ მეგულება საკუთარი იდეების ღირებულებაში ესოდენ ღრმად დარწმუნებული და შეუპოვრად მიზნისკენ მოარული შემოქმედი და ლიდერი, როგორიც არის ილია. ამიტომ მისი კალმით შექმნილი ნებისმიერი ტექსტი, მხატვრული იქნება თუ პუბლიცისტური, უწყვეტ იდეურ ბმაშია, ურთიერთდაკავშირებულია მწყობრი ეროვნული იდეოლოგიით. სოციალური და ეროვნული, აგრეთვე მორალურ-ეთიკური პრობლემების გააზრებასა და გამოსავლის ძიებაში ილიას თანმიმდევრულობა არასდროს დარღვეულა, ის არასოდეს შეუპყრია სკეპსისს.

რა მიგვაჩნია მისი შემოქმედების მთავარ იდეურ-თემატურ ნიშანსვეტად?

  • ქართული სახელმწიფოს წარსულის, აწმყოსა და მომავლის და ამ დროთა კავშირის სწორად გააზრება;
  • სოციალური პრობლემების ეროვნული სატკივარის სიმაღლეზე ატანა და დაუღლელი ბრძოლა ჩაგვრის წინააღმდეგ, სოციალური სამართლიანობისთვის;
  • მანკიერებათა მხილება და საზოგადოების გაჯანსაღება.

მეთერთმეტე კლასში ილიას შემოქმედებაზე დაგეგმილი გაკვეთილის თემა მოიცავდა ოთხ ნაწარმოებს, მის ლექსებს: „ჩემო კალამო“, „მას აქეთ, რაკი“, „ბედნიერი ერი“ და პოემა „აჩრდილის“ ნაწყვეტი (VII თავი, რომელიც ეროვნული გამოცდების პროგრამაში შედის და სკოლაშიც ეს ნაწყვეტი ისწავლება). როცა „მგზავრის წერილები“, „ოთარაანთ ქვრივი“ და „კაცია-ადამიანი?!“ გავიაზრეთ, მოსწავლეებმაც შეამჩნიეს, რომ ილიას ნაწარმოებებს შორის სინთეზირება და ლიტერატურული პარალელების ძიება დაუსრულებლად შეგვეძლო გაგვეგრძელებინა. ერთი ნაწარმოების იდეებზე მსჯელობა წარმოუდგენელი იყო ისე, რომ პარალელი არ გაგვევლო მის სხვა ქმნილებებთან. ამიტომ, როცა ზემოთ დასახელებული პოეტური ტექსტები გავიაზრეთ, უპირველესად დავიწყეთ ფიქრი იმაზე, თუ რამდენად არიან იდეურად ურთიერთდაკავშირებულნი ისინი? ჩხრეკისა და დისკუსიების შედეგად მივედით დასკვნამდე, რომ ილიას თუნდაც მცირე ფორმის ლექსის განხილვა მის სხვა ნაწარმოებებთან პარალელის გარეშე წარმოუდგენელია, თითქოს მისი შემოქმედება ჟანრობრივად განსხვავებული ცალკეული ნაწარმოებებისგან კი არ შედგება, არამედ ერთმანეთთან იდეურად შედუღაბებული ტექსტების ერთობლიობაა და მათი დაცალკევება შეუძლებელია.

ილიას ლექსი „ჩემო კალამო“, მცირე ფორმის მიუხედავად, იტევს ილიას შემოქმედების მთელი მისიის გააზრებას. მთავარი ლირიკული გმირი – კალამი – ილიას ბასრი იარაღია „ბოროტთ საკლავად, მათი სულთ-ხდომის სეირის საყურებლად“. ლექსი 1861 წლის ოქტომბერში დაუწერია პეტერბურგიდან ახლად დაბრუნებულ ილიას და ამ ლექსში ჩაუდია იდეები, რომლებიც მისი მომავალი 46-წლიანი ბრძოლის პრელუდიად გამოდგება. „წმინდა სიტყვის მოფენა ხალხში“ – ეს ხომ ყველაზე საპატიო მისიაა, მესიის მისია (ვფიქრობ, არ ვაჭარბებ, ილია სწორედ მესიად მოევლინა თავისი საუკუნის დაბეჩავებულ საქართველოს)! საზოგადოებრივ მანკიერებათა მხილება, შეუფარავი კრიტიკა, – ეს ილიასთვის იყო გზა საზოგადოების გამოფხიზლებისა და გაჯანსაღებისთვის ბრძოლაში. და რა საოცარია, რომ არასდროს, არასდროს, არცერთი წამით ბრძოლის სულისკვეთება არ განელებია ამ ადამიანს! ის კარგად იაზრებდა სირთულეებს: რომ ვერ გაუგებდნენ, ანათემას გადასცემდნენ მწვავე კრიტიკული პათოსისთვის და რომ ვერ იპოვიდა თანამოაზრე-თანამებრძოლებს.

სამსტროფიანი უსათაურო ლექსი „მას აქეთ, რაკი“  ილიას იმავე 1861 წლის აგვისტოში დაუწერია. ჩანს, რომ ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის სათავეში ჩადგომისთვის მორალურად მომზადებული ახალგაზრდა პოეტის ფიქრი დასტრიალებდა ამ თემებს. ის არ ელის აპლოდისმენტებს, არამედ ეკლიან გზას გოლგოთისკენ… ამგვარ მზაობაზე ყველაფერია ნათქვამი მისი ამ სიტყვებით:

„დაჟინებითა ფიქრი ფიქრზედ მოდის, გროვდება,
გრძნობა გრძნობაზედ შეუპოვრად იძვრის ჩემს გულში,
და მე არ ვჩივი, — მიხარიან, რომ ეგრეთ ჰშვრება
ჩემი ცხოვრება შენსა ფიქრში, შენს სიყვარულში“…

ჩვეული თანმიმდევრულობით ამავე იდეას კვლავ აჟღერებს პოეტი ორიოდე თვის შემდეგ დაწერილ ლექსში „ჩემო კალამო“:

„თუ კაცმა ვერ სცნო ჩვენი გული, ხომ იცის ღმერთმა,

რომ წმინდა არის განზრახვა და სურვილი ჩვენი:

აგვიყოლია სიყრმიდანვე ჩვენ ქართვლის ბედმა

და დაე, გვძრახონ, — ჩვენ მის ძებნით დავლიოთ დღენი“…

ილიამ გაააქტიურა და შემდგომ აკაკიმაც აიტაცა გმირის ძიების იდეა. ილია თავისი მოღვაწეობის დასაწყისშივე წუხდა იმაზე, რომ ამ მიძინებულ, პასიურ, უმოქმედო საზოგადოებაში არ ჩანდა არამცთუ ორგანიზებული ძალა, არამედ ცალკეული ინდივიდებიც კი, რომელთაც საზოგადო ასპარეზზე გამოსვლის გამბედაობა ეყოფოდათ. ამ თემაზე ილია დაუსრულებლად საუბრობდა თავის პუბლიცისტურ წერილებში, ქმნიდა საოცნებო მხატვრულ სახეებს, იდეალებს, მოდელებს, როგორებიც იყვნენ: დედა-შვილი ოთარაშვილები, არჩილი და კესო, პეტრე, მოძღვარი, ლელთ ღუნია, ნიკოლოზ გოსტაშაბიშვილი, კაკო და ზაქრო, პარალელურად ასევე ქმნიდა ანტიგმირებს: თათქარიძეებს, ლამაზისეულს, განდეგილს, ომარაშვილისა და ბეჟანიშვილის მოჯამაგირეებს, „ბედნიერი ერის“ სარკასტული ეპითეტებით გამოძერწილ სახეებს. ილიასეულ იდეალს განასახიერებს პოემა „აჩრდილის“ მთავარი ლირიკული გმირი – აჩრდილი, რომელიც სამარადჟამო ერთგულების ფიცს აძლევს ქართველ ხალხს, ამხნევებს, იქვე საუბრობს ეროვნულ სატკივარზე, ქართვლის ძის სკეპტიკური განწყობა ქვეყნის მომავლის უპერსპექტივობის მთავარ მიზეზად მიაჩნია:

„და ძესა შენსა დღეს არც კი სწამს შენი აღდგენა,
განწირულების შთასდგომია მას გულში წყლული,
მას დაჰკარგვია ტანჯვათ შორის შენდამი რწმენა
და დაუგდიხარ, ვით ტაძარი გაუქმებული“…

ილიას გმირები თითქმის ყველა ტექსტში მიწიერი, ადამიანური, ვნებებით სავსე ნატურები არიან, თუმცა ერთადერთი, რასაც ილია გმირს არ შეუნდობს, უმოქმედობაა. „მგზავრის წერილებში“ მისი საყვარელი სიმბოლოს, თერგის, მისამართით ნათქვამი სიტყვები: „მოძრაობა და მარტო მოძრაობა არის… ქვეყნის ღონისა და სიცოცხლის მიმცემი“ ეხება ყოველ სულიერს, ყოველ ალეგორიულ თუ გაპიროვნებულ სახეს. თვით განდეგილი ბერიც კი, რომელიც სრულიად უცოდველი, მლოცველი, უბოროტო ადამიანია, მარცხდება იმის გამო, რომ უმოქმედობა, სტატიკა მას თავგზას აკარგვინებს, საკუთარი არჩევანისადმი სკეპტიკურად განაწყობს, პირველივე გამოცდისას სრულიად დემორალიზებული რჩება.

ილიას ანტიგმირები საოცრად მეტყველი სახეები არიან. სინთეზირების უნარების განსავითარებლად საუკეთესო ხერხია მათი შედარება რჩეულ გმირებთან. ეს კონტრასტული პარალელები ამ ანტაგონისტურ სახეთა არსს, შინაარსს, სიღრმეს ამომწურავად გვახსნევინებს. „ბედნიერი ერის“ ორმოცზე მეტ ეპითეტში მიმალული ზადი და მანკი საზოგადოებისა ყველაფერს ამბობს ეროვნული და სოციალური პრობლემების ანატომიაზე.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მაგალითისთვის ავიღეთ ოთხი, ერთი შეხედვით სრულიად ურთიერთდაუკავშირებელი ნაწარმოები („მას აქეთ, რაკი“, „ჩემო კალამო“, „ბედნიერი ერი“, „აჩრდილის“ VII თავი), ისინი ჟანრობრივადაც განსხვავდება ერთმანეთისგან, სტილურადაც. ოთხივე შექმნილია 1859-1872 წლებში ანუ ილიას შემოქმედების დასაწყისში. ოთხივე თანმიმდევრულად, მწყობრად გადმოსცემს მისი შემოქმედების საკვანძო იდეებს:

  • ხელოვნების მთავარ მისიად ქვეყნის უანგარო მსახურების გააზრება;
  • მანკიერებათა მხილების აუცილებლობა;
  • გმირის ძიება და მიძინებული ეროვნული თვითშეგნების გამოღვიძება;

მაღალი სააზროვნო და ანალიტიკური უნარების განვითარების მიზნით შეგვიძლია რეალისტური მწერლობის ნიმუშებზე მუშაობის ჟამს თუნდაც შემთხვევითი შერჩევის პრინციპით დავაჯგუფოთ ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებები, თემატურად და ჟანრულად განსხვავებული, სხვადასხვა ეპოქის კონტექსტებით ნასაზრდოები, მხატვრული თუ არამხატვრული, და ვნახავთ, რომ თავისი ხანგრძლივი შემოქმედებითი მოღვაწეობის მანძილზე არცერთხელ ილიასთვის არ უღალატია ჩვეულ პრინციპულობას, თანმიმდევრულობას, იდეურ მიზანმიმართულობას, ურყევ რწმენას წართმეული სამშობლოს დაბრუნებისას. ამიტომაც არის ილია დიდი ილია, ილია ჩვენთვის გამოცდილია. აკაკის გამოსათხოვარი სიტყვის არ იყოს, „თუ საქართველოს სიკვდილი არ უწერია“, მასთან ერთად უკვდავი იქნება ილიას პიროვნებაც, შემოქმედებაც, იდეებიც…

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი