ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

ზუმს მიღმა გაზაფხულია

ალბათ გავა წლები და ის მასწავლებლები, რომლებიც კოვიდპანდემიის დროს გაკვეთილებს ზუმით ატარებდნენ, მხიარულად გაიხსენებენ ამბებს, რომლებიც დისტანციურ სწავლებას ახლდა თან. ბავშვები უფრო ადვილად დაივიწყებენ სწავლის ამ ეტაპს, მაგრამ განათლების სისტემამ კი არ უნდა დაივიწყოს, რომ შესაძლოა, ოდესმე კიდევ დადგეს დრო, როცა დისტანციური სწავლება გახდება საჭირო. არ უნდა დაივიწყოს და მზად იყოს ამ საოცრად რთული გამოწვევისთვის, რამაც ძირითადად, მასწავლებლების გაორმაგებულ შრომაზე გადაიარა.

 

ბევრი პედაგოგი წერდა საკუთარ გამოცდილებაზე ზუმით სწავლებისას, ბევრს სათქმელი წინ აქვს. მე მსურს ნამდვილი და ცოცხალი შემთხვევები მოვყვე, მაგრამ მოვყვე იუმორით, კრიტიკისა და ვაი-ვიშის გარეშე. იმედია, ვისაც ეს საკითხი ეხება, სერიოზულად წაიკითხავს და დაფიქრდება. კონფიდენციალურობისთვის ყველა სახელი და გვარი შეცვლილია.

მაშ ასე, ზუმის კურიოზები:

 

ლელა მ. ბუნებისმეტყველების ახალგათხოვილი მასწავლებელია. კოვიდმა მას უდროო დროს და უდროო ადგილას მოუსწრო, რადგან ონლაინგაკვეთილების ჩატარება იმ პერიოდში მოუწია, როცა სტუმრიანობა ჯერაც არ ჰქონდათ ჯეროვნად მოლეული. ამ ამბავს თვითონ ჰყვება და ჰყვება მხიარულად, თუმცა მასში ჩანს იმ სიტუაციის მთელი ტრაგიზმი, რომელშიც განათლების სისტემა მოექცა.

ლელას ორშაბათის გაკვეთილი მამამთილის ნაბახუსევზე ყოფნის ფონზე ჩატარდა. მუხლებამდე ტრუსებიანი კაცი, ბუზღუნით დადიოდა ოთახში და რაღაცას გამწარებული ეძებდა. ბინა პატარაა. ლელა მორიდებითაა მამამთილთან, მაგრამ ცალკე ბავშვების რეაქციის რცხვენია, რადგან მათ ნამდვილად დაინახეს, როგორ ჩაისეირნა ეკრანთან გაბრუებულმა კაცმა.

 

ირინა ვ. მათემატიკას ასწავლის. რაკი მასწავლებლის შრომა ხშირად დამღლელ საქმიანობად არ ითვლება, ოჯახის წევრები იმდენივეს სთხოვენ მასწავლებლებს, რამდენსაც ჩვეულებრივ დიასახლისს. ირინა ვ. სახლში ყოფნისას მასწავლებლადაც რჩებოდა, მზარეულადაც, მრეცხავადაც, დამლაგებლადაც და საკუთარი შვილების მომვლელადაც, რადგან ქმარს აზრადაც არ მოსვლია ცოლს შეხიდებოდა – „სახლში ხარ, მაშინ ხარჩოც შენ გააკეთე, ბავშვი უნიტაზიდან შენ ჩამოსვი და მეზობელი თუ დაიძახებს, შენ უპასუხე, რადგან გევალება“.

ირინა ვ. (სიცილით) ჰყვება, მაგრამ ვაი ამ სიცილს. ერთხელ მოსწავლეებმა გაკვეთილისას მწვანილის დაჭრაზე წამასწრეს. ვიდეო კი გამორთული მქონდა, მაგრამ სპეციფიკურმა ხმამ გამყიდაო.
ამ ამბავში ის მთავარი ტრაგიკომიკურობა გამოსჭვივის, ქალ მასწავლებლებს ჩვეულებრივ ყოფაშიც რომ წყევლასავით თან დაჰყვებათ. საზოგადოებამ ხომ ასე გაანაწილა როლები: სამსახურში ქალმა უნდა იაროს და სახლის საქმეც ქალის საკეთებელია. მერე რა, თუ სიქაგაცლილ და დაღლილ (ის, ვინც მასწავლებლის შრომაზე იტყვის ადვილი საქმეაო, უბრალოდ უქნარა და ყბედი მგონია, რადგან ცოტა საქმე თუ მეგულება დედამიწაზე იმაზე რთული, ვიდრე მასწავლებლის შრომაა – სხვისი შვილებზე პასუხისმგებლობა უდიდესი სტრესია) მასწავლებელ ქალსაც სჭირდება ამოსუნთქვა და დასვენება. ხარჩოს ვინ გააკეთებს სახლში და ჭურჭელს ვინ დარეცხავს?

 

თ.ბ-ს შუა გაკვეთილზე მცირეწლოვანი შვილები შეუვარდნენ ოთახში. გოგო და ბიჭი კატა-ძაღლივით იყვნენ წაკიდებული და მშობელს კარგა ხანი დასჭირდა მათ დასაშოშმინებლად. ერთ მოსწავლეს უთქვამს თ.-ისთვის, მასწავლებელო, ზრდილობაზე რომ გველაპარაკებით, თქვენი შვილები რა სიტყვებს ეძახდნენ ერთმანეთს, თუ გესმოდათო?

 

მასწავლებელი წერდა, ოთხშაბათობით, როცა მე გაკვეთილს ვატარებ, ჩემი უმცროსი სხვის გაკვეთილს ესწრება, უფროსი ფორტეპიანოზე გამებს უკრავს და თუ მაზლიც  სახლშია და პრიუსის დაშლილ ნაწილებზე ელაპარაკება კლიენტებს, დღე დაკარგული და მკვდარია ჩემთვისო.

 

მრავალწევრიან ოჯახებში დიდი აურზაური ხდებოდა ხოლმე გაკვეთილების მსვლელობისას. მე შენ გეტყვი და ბევრი ცხოვრობს ისე, რომ დამოუკიდებელი ოთახი ჰქონდეს. აგერ ირმა ე.-ის ამბავიც: ირმა მთელი პანდემიის განმავლობაში ონლაინგაყიდვებზე მუშაობდა. მისი 5 შვილიდან 4 სკოლის მოსწავლეა, მული კი – მასწავლებელი. ყველანი გადასასვლელ ხიდთან, მოსკოვის პროექტის 2.5 ოთახიან ბინაში ცხოვრობენ. დედამთილ-მამამთილიც იქვე ცხოვრობს.

როცა მულს გაკვეთილები ეწყებოდა, ირმას ერთი შვილი მეზობელთან გადიოდა ჩართვისთვის, მეორე შვილი სამზარეულოდან ესწრებოდა გაკვეთილებს, მესამე დედის ტელეფონით (მაგრამ კლიენტებისგან შემოსულ ყველა ზარს დედა პასუხობდა, ამიტომ მესამე შვილის გაკვეთილი წყვეტებით მიმდინარეობდა), მეოთხე, ყველაზე უფროსი კი დედის მანქანასთან ჩადიოდა და იქიდან ერთვებოდა. ის, ვისაც სამზარეულო მოუწევს, ხმას არასოდეს იღებს, რადგან სამზარეულოში გამუდმებით ხმაურია და ბავშვებს ერიდებათ ბებიის ქოთქოთში გაკვეთილზე ჯდომაო, – ჰყვება ირმა.

ალბათ ნაცნობი სიტუაციაა, როცა ბავშვი გაკვეთილზე შემოდის და არც კამერას რთავს, არც მიკროფონს. არადა, რეალურ შეხვედრებზე ცოცხალი და აქტიური ბავშვი გახსოვთ და თავს კითხვას უსვამთ – ნეტავ რა დაემართა?

ინტერნეტსივრცე მოიარა ფოტომ, ბავშვი ბოსლიდან რომ ერთვება ბუნების გაკვეთილს. ის არც პირველია, არც უკანასკნელი. მთიულეთის ერთ-ერთ სოფელში მომიყვნენ, მობილურის ინტერნეტი სახლის მეორე სართულზე იჭერდა მხოლოდ, საიდანაც მეორეკლასელი თემური მთელი ზამთარი გაყინული თითებით ესწრებოდა შეხვედრებს, რადგან იმ ოთახში ღუმელი არ იდგაო.

საპირფარეშოში მოწყობილი კაბინეტი? კედელზე დაკიდებული ხალიჩითა და წიგნის თაროთი, საერთო ოთახში მწოლარე მძიმე ავადმყოფი ბებო რომ არ შეეწუხებინა მასწავლებელს.

ასაკოვანი მასწავლებლები? ზუმსა და მაიქროსოფთ თიმს ალღო რომ ვერაფრით აუღეს და კაი ხანი ბავშვები გაკვეთილიდან რომ აგდებდნენ ხოლმე?

ან ონავარი კლასი, მასწავლებელს რომ პირს შეუკრავდნენ „თქვენი ხმა არ ისმის მასწ, იქნებ ხმამაღლა ილაპარაკოთო“. მთელი ხმით რომ აყვირებდნენ გაკვეთილებზე და თვითონ ქირქილებდნენ?

ზუმმა და ონლაინგაკვეთილებმა ორმაგად დატვირთეს მასწავლებლები. ახლა მსოფლიო ვირუსთან ომის რეჟიმშია. ცხადია, ომში არ წუწუნებენ. წინა ხაზზე იბრძვიან ექიმებიც, პოლიციელებიც და ბევრი პროფესიის წარმომადგენლებიც. მაგრამ ისე ხდება ხოლმე, რომ მასწავლებლების ამბავს ყველაზე ბოლოს მოვიკითხავთ, თითქოს საზოგადოების ის ნაწილი იყოს, ნაკლებად რომ ედარდება ყველას.

ზუმს მიღმა გაზაფხულის სურნელი დატრიალდა. იმედი გაჩნდა, რომ სკოლა ჩვეულ რეჟიმს მალე დაუბრუნდება, მაგრამ ჯერ კიდევ შორი გზაა პანდემიის დამარცხებამდე, შორია ცხოვრების ჩვეულ რეჟიმთან დაბრუნებამდე. კაცობრიობამ დაინახა, რომ საყოველთაო უბედურება კიდევ შეიძლება განმეორდეს სხვადასხვა სახელითა და ფორმით.

მასწავლებლებმა უნდა ისწავლონ ახალ რეალობასთან შეგუება და ამაში, ვფიქრობ, სახელმწიფოს და განათლების და მეცნიერების სამინისტროს როლი ყველაზე ბოლო არ უნდა იყოს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი