ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

იტირე? მადლი გიქნია…

“იტირე? მადლი გიქნია,
მე რა გამგე ვარ მაგისა…”

ვაჟას ეს სიტყვები ყველას კარგად გვახსოვს.

რა არის ცრემლი? დადის კი დედამიწაზე ადამიანი, რომელსაც ერთხელ მაინც არ დანამვია თვალები, ერთხელ მაინც არ ჩამოგორებია ღაწვზე ცრემლის წვეთი? ცხადია, არა.
და მაინც, რისთვის შექმნა ბუნებამ ცრემლი? ამქვეყნად ხომ ტყუილად არაფერი გაჩენილა…

ჩვენ გარშემო გამოსაკვლევ-შესასწავლს რა დალევს და აღმოჩნდნენ მეცნიერები, რომელთაც კვლევის ობიექტად “სველი თვალები” გაიხადეს. ამ მოვლენის მნიშვნელობა, სირთულე და, თქვენ წარმოიდგინეთ, საჭიროებაც კი იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ მას მეცნიერთა მთელი ამქარი შეება – ფიზიოლოგები, ექიმები, ფსიქოლოგები, ფსიქიატრები და… ქიმიკოსები.

ჩემმა კოლეგებმა ცრემლის ქიმია შეისწავლეს და ერთ მეტად მნიშვნელოვან რამეს მიაკვლიეს: თურმე ცრემლი სხვადასხვანაირია. სადღეისოდ მის სამ სახესხვაობას არჩევენ: ძირითადს (ბაზალურს), თვალის გარსის ქიმიურ-მექანიკური გაღიზიანებით გამოწვეულს და ემოციური გაღიზიანებით მოგვრილს.
თვალებში ცრემლი მაშინაც კი გვიდგას, როცა არც ხახვი “გვაბრაზებს” და არც “უცხო მოყმე ვინმე”. ამ დროს ისინი ბაზალური ცრემლებით არის სველი. ბაზალური ცრემლის დანიშნულება თვალის ლორწოვანი გარსის მტვრის ნაწილაკებისგან დაცვაა. იგი საპოხი საშუალებაც არის – აადვილებს თვალების ხამხამს და ამცირებს ხახუნს, იცავს ინფექციებისგან და სხვა. მოკლედ, სამყაროს ასე მკაფიოდ, შავი ლაქების გარეშე რომ ვხედავთ, მისი დამსახურებაა.
ცხადია, ამდენი ფუნქცია ერთდროულად რომ შეასრულოს, ცრემლს ქიმიური ნივთიერებების მთელი არმია სჭირდება. დღეისთვის ბაზალური ცრემლიდან გამოყოფილია წყალი, მუკოპროტეინები (მუცინები), ლიპიდები, ლიზოსიმები, ლაქტოფერინი, ლიპოკალინი, იმუნოგლობულინები, გლუკოზა, შარდოვანა, ნატრიუმისა და კალიუმის ქლორიდები. საცრემლე ჯირკვლები დღე-ღამეში 0.75-დან 1.1 გრამამდე ბაზალურ ცრემლს გამოიმუშავებს და ეს თვალის უსაფრთხოებისთვის საკმარისია “მშვიდობიანობის ჟამს”, მაგრამ თუ მის მეტად მგრძნობიარე გარსს გარეშე საფრთხე დაემუქრა, მტვრის ნაწილაკი იქნება ეს თუ აგრესიული ნაერთი (მაგალითად, ხახვის ფცქვნისას გამოყოფილი ეთერზეთები), ცრემლის გამომუშავება მთელი სიმძლავრით დაიწყება, ჩვენი შინაგანი ლაბორატორია უმალ მოახდენს რეაგირებას და მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავა. ამ ცრემლს, რომელსაც რეფლექსური ჰქვია, თითქმის იგივე შედგენილობა აქვს, თუმცა მისი რაოდენობა იმდენად აღემატება თვალის უპის თავისუფალ მოცულობას, რომ მასში აღარ ეტევა და ლოყებზე გადმოიღვრება. არც ეს არის შემთხვევითი – რეფლექსურ ცრემლს ხომ თვალის ამობანა აკისრია.
ცრემლის მესამე სახეობა, ემოციური ცრემლი, ქიმიური შედგენილობით ისევე განსხვავდება რეფლექსურისგან, როგორც თვალნატკენი ადამიანი – გულნატკენისგან. ემოციურ ცრემლებში უფრო მეტია პროტეინული ჰორმონები: პროლაქტინი, ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონი და ლეიცინი ენკეფალინი. ეს უკანასკნელი ბუნებრივი ტკივილგამაყუჩებელია.
რატომ იცვლება ცრემლის შედგენილობა ემოციური ფონის ცვლილებისას? როგორც თვალში ჩავარდნილ ქვიშის ნაწილაკს უნდა ამორეცხვა, ისე იმ ნივთიერებებსაც, რომლებიც ადამიანის ემოციურ ფონს ამძაფრებს. ემოციური სტრესის დროს სისხლში ხვდება ნაერთების მთელი წყება, რომელთა გავლენითაც ვყვირით, ხელ-ფეხი გვიკანკალებს, სუნთქვა გვიხშირდება და სხვა ნორმალური ყოფისათვის მიუღებელი რამ გვემართება. ორგანიზმში ასეთი ნაერთების დაგროვება ემოციური ფონის უფრო მეტად აწევას, უფრო მეტ სტრესს გამოიწვევს. მეორე მხრივ, ეს ჰორმონები და პროტეინები ტოქსიკური ნაერთებია და კრიტიკულ დონემდე მომატებისას წამლავს ორგანიზმს, რასაც, ადვილი შესაძლებელია, მეორეული დაზიანება, მაგალითად, იმუნური სისტემის დაქვეითება მოჰყვეს.
ამ ყველაფერს ცრემლით ვიცილებთ თავიდან. ცრემლი ორგანიზმიდან “გამორეცხავს” საშიშ პროტეინებს. ამიტომ ცრემლიანი ტირილი სჯობია უცრემლოს… გულში ჩახვეული ვარამი გარეთ გზას ცრემლის ბილიკით მიიკვლევს.
მომიტევე, მკითხველო, თუ ამ სადღესასწაულო დღეებში ცოტა “ცრემლიანი” ბლოგი გამომივიდა…
“ამირან ჩამოტიროდა,
ცხენ-ოხრის ჩამოგდებული.
წინ დედა გამეეგება, –
რადა ხარ ატირებული.
განა ღმერთი ვარ, დედაო,
სულ ვიყო გაცინებული…”
თქვენ კი… ბაზალურცრემლიან წელს გისურვებთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი