შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

„ზღაპრის კვალდაკვალ“ 

2012 წელს, სამაგისტრო ნაშრომის დაცვიდან ზუსტად ათ დღეში თავი ჯარში მიკრეს. თბილისის 31-ე საავიაციო ქარხანის ეზოში გამოკეტილი სამხედრო სავალდებულო სამსახურს წელიწადი და ორი თვე გავდიოდი. 2013 წელს ჩემი სამხედრო ბაზა საკონტროლო გამშვები პუნქტის გამოსასვლელიდან დავტოვე. ამას მანამდეც სიამოვნებით გავაკეთებდი, მაგრამ არ მიშვებდნენ. ჯარი ათასგვარი სირთულისა და დეფიციტის ადგილია – მათ შორის ინტელექტუალურის. ხშირად რომელიმე ონავარი სერჟანტი ჯარისკაცს სმენაზე გადასვლის ბრძანებას აძლევს და წარბებშეკრული ეუბნება: „ახლა კითხვას დაგისვამ და თუ პასუხს ძალიან სწრაფად არ გამცემ, მთელი დღე პახაობაში ამოგხდი სულს“. მერე სიგარეტს უკიდებს და შეშინებულ ჯარისკაცს, რომელიც მთელი გონებით სხარტი პასუხის გაცემაზეა ორიენტირებული, მარტივ რამეს ეკითხება: „რომელ წელს მოხდა 2008 წლის ომი?“ „2012 წელს, ბატონო სერჟანტო!“ – პასუხობს ზამბარასავით დაჭიმული ჯარისკაცი.

ჯარში მოყენებული ტრავმების მოსაშუშებლად წლები თუ არა, თვეები მაინც ხდება საჭირო. მე წლები არ დამჭირვებია. ფოთში წამოვედი, ჩემს სახლში და მიუხედავად იმისა, რომ ოთახში წიგნებით სავსე კარადა მედგა, მათკენ არც კი გამიხედავს. სამაგიეროდ ყოველ დილით ზუსტად 5 საათსა და 50 წუთზე ვაჭყეტდი თვალებს და კარგა ხანს ვერ ვხვდებოდი, ნამდვილად საკუთარ ლოგინში ვიწექი, თუ ისევ ყაზარმაში მდგარი რკინის ორსართულიანი საწოლის მეორე სართულზე. მერე კომპიუტერთან ვჯდებოდი და შუადღემდე ვთამაშობდი call of duty-ს. ჯარის დამთავრებიდან სამ თვეში ჩემს ანგარიშზე უამრავი მოკლული ვირტუალური ჯარისკაცი, წარმატებით დახურული ტური და გარღვეული ალყა იყო. სამი თვის თავზე დედაჩემი თავზე წამომადგა და ნახევრად ხუმრობით, სრულიად ჯადოსნური რამ მითხრა: „დროა ჯამაგირის საშოვნელად წახვიდე“. რაღაც მეცნო. თაროსთან დავდექი და ძველ წიგნებში დავიწყე ქექვა. ბოლოს ზღაპრების კრებული აღმოვაჩინე, გადავშალე და მთელი დღე-ღამე გავასწორე მათ კითხვაში. ზღაპრის  მორფოლოგიაში არსებობს ასეთი ცნება: შტამპი და ის სხვადასხვა ზღაპარში მყარი, განმეორებადი სიუჟეტის არსებობას გულისხმობს. ერთ-ერთის მიხედვით, შვილის სახლიდან გასვლისა და მოგზაურობის აქტი, მშობლების მოთხოვნითაა პროვოცირებული და სწორედ ეს ხდება  ნამდვილი თავგადასავლის დაწყების საფუძველი. ასე გახდა ჩემი ახალი თავგადასავლის სულისჩამდგმელი ქალი, რომელიც დღემდე დარწმუნებული ვარ, რომ ზღაპრის გმირია.

დასაქმების საიტებს დავუწყე თვალთვალი, მაგრამ არაფერი ჩანდა. მალე ჩემმა ბავშვობის ძმაკაცმა დამირეკა და მითხრა, რომ ბათუმში მიდიოდა სამუშაოდ და ვერაფრით მოეფიქრებინა, რა ჯანდაბა მოეხერხებინა ერთი ზედმეტი წერაქვისთვის. გავყევი. კაი ხანი ვთხრიდით რაღაც ტრანშეებს. იქ აღებული ფული მალე დამიმთავრდა. რამე ახალი იყო საჭირო, გუდა-ნაბადი ავიკარი, ის ერთადერთი წიგნი, რომლის წაკითხვის ნებისყოფაც უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში მეყო – ქართული ზღაპრების სქელი კრებული – შიგ ჩავდე და თბილისისკენ დავაწექი.

ზუსტად არ ვიცოდი, რა მინდოდა, მაგრამ მზად ვიყავი ნებისმიერი გამოწვევისთვის. ელიავას ბაზრობაზე უნდა დამეწყო სანტექნიკის მაღაზიაში გამყიდველად მუშაობა. მაგრამ საქმე არ აეწყო. მალე კი შემოსავლების სამსახურმა დადო ვაკანსია მებაჟის თანამდებობაზე და ოჯახის უხუცესი წევრის, ბებიაჩემის კატეგორიული მოთხვნით, რომელმაც ამ უწყებაში წამყვან პოზიციაზე მომუშავე ჩვენი ოჯახის ერთ ახლობელთან მიშუამდგომლა, განაცხადი შევიტანე. ახლობელმა სრულიად დესპოტური ბარიერი დამიწესა: „ზოგადი უნარების გამოცდა უნდა ჩააბარო“.

ჩავიჭერი. “გპი”-ს კორპუსიდან გამოსული ფეხით გამოვცდი ზოოპარკს, ამოვიარე ვარაზის ხევი და სტუდენტებით სავსე უნივერსიტეტის ეზოსთან რეტი დამეწია, სკამთან ჩავიკეცე. რატომღაც ზურაბ კიკნაძე და მისი ყვითელყდიანი, დიდი წიგნი დამიდგა თვალწინ: „ფოლკლორის შესავალი“, რომლითაც აქ სწავლის პირველ თუ მეორე კურსზე ვხელმძღვანელობდით – შტამპები, დევები, გველეშაპები. ტელეფონი ამოვიღე და დედაჩემს დავურეკე, ზღაპრის გმირს: „ჩავიჭერი, დე“. და გავუთიშე. ყელში რაღაც ბურთი მაწვებოდა.

ჩემს ისედაც დაბალ თვითშეფასებას გამოცდაში ჩაჭრა ნამდვილად ვერაფრით წაადგა სასიკეთოდ. ფულიც აღარ მქონდა და როცა იმ თვეში დევნილების ყოველთვიური შემწეობაც სრულიად ბუნდოვანი მიზეზის გამო არ დამირიცხეს, საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ჩემი ბედი დაწერილი და ნაწინასწარმეტყველები იყო. როგორღაც კიდევ ერთხელ შევეხეტე დასაქმების ბიუროს საიტზე და ვნახე, რომ საგანმანათლებლო პროგრამა სახელწოდებით: „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“ – კონკურსს დამხმარე მასწავლებლის თანამდებობაზე აცხადებდა. 2 წლით ადრე  აღნიშნული პროგრამის გასაუბრებაზე უკვე წარმატებით ვიყავი ჩაჭრილი. იმედიანად განწყობილი არც ამჯერად ვყოფილვარ, თუმცა განაცხადი მაინც გავაკეთე და ვიდრე გასაუბრების შედეგებისთვის დამირეკავდნენ, ან არ დამირეკავდნენ, ჩემი ზღაპრების კრებულიანად ენგურს მიღმა, უმთვარო ღამით, შეიარაღებული რუსი მესაზღვრეებისგან მალულად გადავიპარე.

ერთი თვე ეფერებოდა ბებია ზოგადი უნარების გამოცდაში ჩაჭრილ თავის სანაქებო შვილიშვილს, რომლის შესაძლებლობებზეც ყოველთვის ზედმეტი წარმოდგენის იყო, შვილიშვილი კი, თხილის კრეფაში თავგადადებული და იმედგადაწურული ეხმარებოდა მანამ, სანამ მოულოდნელად ტელეფონზე არ დაურეკეს: „პროგრამაში აგიყვანეთ“.

კაი ხანს ვუხსნიდი ღვთიურ ძალთა მიმართ მადლიერების გრძნობით აღსავსე ბებიაჩემს, რომ ეს არ იყო დიდი წარმატება. ვცდილობდი ჩამეგონებინა, რომ მუშაობა მოხალისე მასწავლებლის გაურკვეველ თანამდებობაზე მომიწევდა და ეს დიდად არ წაადგებოდა ჩემს პროფესიულ საქმიანობას, მაგრამ ის არ დამცხრალა და იმავე ღამეს შეატყობინა ადგილობრივ სანათესაოს, ენგურზე გადაპარვაში დამხმარებოდნენ. ვიდექი და თვალი უკან მრჩებოდა, იმით დამორცხვებული ვუყურებდი, რომ ეს იოტისოდენა წარმატება ასე უხაროდა ამ ათას ჭირნახულ, მარტოხელა ქალს, თვალებში სიხარულის ნაპერწკლები უელავდა და ჯიუტად თავისას იმეორებდა: „წადი, ბებო, წადი…“.

კიდევ ერთხელ მოვათავსე ჩემი ყდაგამცვდარი კრებული გუდაში და სანამ დავტოვებდი, სურვილი მომეძალა ცხოვრებაში პირველად მისთვის უდიდესი სიმართლე გამემხილა. ნაბიჯი გადავდგი, გულში ჩავიკარი და ჩურჩულით ვუთხარი: „შენც ზღაპრის გმირი ხარ, ბე… მთავარი და ყველაზე მაგარი გმირი…“.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი