პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

დეიდა, მაჩუქე ცოტა ფული, დღეს ჩემი დაბადების დღეა!

– დეიდა, მაჩუქე ცოტა ფული, დღეს ჩემი დაბადების დღეა!- ნუ მატყუებ.- ახალი წელი ხოა, მაჩუქე ცოტა ფული. 10 წლისაც არ იქნება. დილაა და ქუჩაში – მინუსი. ჯიბეები ამოვიქექე, ხურდა მივეცი. – დეიდა, ყველას რომ ფული ქონდეს, ყველა დღე ახალი წელი იქნება, ხო? ყველა გახარებული იქნება და სულ დღესასწაული იქნება.- არა, დღესასწაულისთვის მარტო ფული არ არის საკმარისი… ვხვდები, რომ არ მიჯერებს. ფეხს ვუჩქარებ, რომ კიდევ არაფერი მკითხოს.ეს გოგონა იმ მრავალრიცხოვან ბოშათაგანია, რომლებსაც ჩვენში უმეტესად “ციგნებს” ეძახიან და რომლებიც საზოგადოების ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მარგინალიზებული და სტერეოტიპებში გახვეული ჯგუფია. სტერეოტიპები, რომლებიც ბოშებისადმი საზოგადოების დამოკიდებულებას განაპირობებს, ერთმნიშვნელოვნად ნეგატიურია: ბოშები ქურდები, მატყუარები, მათხოვრები და კრიმინალები არიან; მათთან სიახლოვე წარმოუდგენელია, მათი უნდა გეშინოდეს და ერიდო.

ბოშათა მარგინალიზაცია არ არის მხოლოდ ჩვენი დროისა და ჩვენი საზოგადოებისთვის დამახასიათებელი მოვლენა, მას დიდი ხნის ისტორია აქვს.

ძნელია გავიხსენოთ დრო, ბოშების ყოფა-ცხოვრება სავსე რომ არ ყოფილიყოს დამცირებით, უფლებათა შელახვით, რეპრესიებით… ძნელია დავასახელოთ სახელმწიფო, სადაც ბოშათა დისკრიმინაცია ისტორიის ამა თუ იმ საფეხურზე კანონმდებლობაშივე არ ყოფილიყოს ჩადებული და ინსტიტუციონალიზებული. უკანასკნელი ქვეყანა, სადაც ბოშათა უუფლებო სტატუსი გაუქმდა, რუმინეთი იყო 1856 წელს.

მრავალსაუკუნოვანი დევნისა და დისკრიმინაციის ისტორია მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში ფაშისტურმა გერმანიამ მისთვის დამახასიათებელი არაადამიანური პედანტიზმითა და სისასტიკით დააგვირგვინა: დაისვა ევროპის ტერიტორიაზე ბოშათა სრული განადგურების საკითხი; ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან და ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიიდან არაადამიანურ პირობებში მორეკილმა ნახევარ მილიონამდე ბოშამ სიცოცხლე საკონცენტრაციო ბანაკებსა და გაზის კამერებში დაასრულა…
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მრავალმა მათგანმა მკვიდრი ცხოვრების წესი აირჩია.
1971 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ბოშათა მსოფლიო კავშირი შეიქმნა, რომელიც ევროპის ბოშური ორგანიზაციების წარმომადგენლებს აერთიანებს. ბოშების საზოგადოება დღესაც პირდაპირი თუ არაპირდაპირი დისკრიმინაციის, დევნისა და იზოლაციის საგანია ევროპის ყველა ქვეყანაში. შეიძლება ითქვას, მათ შორისაა საქართველოც.
ბოშათა ცხოვრების წესი გარშემო მყოფების ნეგატიურმა დამოკიდებულებამ და უსასრულო დევნამ განაპირობა: ისინი უმთავრესად დასახლებული ადგილებიდან მოშორებით, პერიფერიებში მკვიდრდებოდნენ, ფარულად გადაადგილდებოდნენ, თავს არალეგალური საქმიანობით ირჩენდნენ და მძიმე ცხოვრებას ფერადი ტანსაცმლით, მხიარული მუსიკითა და ცოტაოდენი მაგიით იმსუბუქებდნენ. მათ თემში მოხვედრა უცხოსთვის თითქმის შეუძლებელი იყო, რაც უფრო მეტად ამყარებდა მათდამი ეჭვს.
როგორც ყველა კლანურ სისტემაზე დაფუძნებულ, დახურულ და “კანონს მიღმა” არსებულ სოციუმში, კრიმინალს აქაც ღრმად აქვს გადგმული ფესვი. ისე ღრმად, რომ ზოგჯერ ამგვარი წესით ცხოვრება თვითონვე ბუნებრივად მიაჩნიათ, ისევე როგორც საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობას.
სხვადასხვა ცნობით, საქართველოში არსებულ ბოშათა ეთნიკურ კრიმინალურ დაჯგუფებებს ინტენსიური კავშირი აქვთ მოლდავეთისა და რუმინეთის სტრუქტურირებულ და ორგანიზებულ დაჯგუფებებთან. შეიძლება ითქვას, რომ ისინი ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის ნაწილი არიან. ამ პირობებში ბოშათა თემის არც ერთ წევრს არ აქვს თავისუფალი არჩევანი – მას ბარონები განაგებენ და კრიმინალისთვის თავის დაღწევა თითქმის შეუძლებელია. ვითარებას ამძიმებს საზოგადოების კარჩაკეტილობა და ბოშების საზოგადოებაში ინტეგრირებისადმი მიძღვნილი ღონისძიებების უეფექტოობა და ერთჯერადობა.

სწორედ ერთ-ერთი ასეთი ღონისძიების შემდეგ ამეკვიატა ამ ხალხზე ფიქრი.

2012 წლის ბოლოს ქალთა ფონდმა “ბოშა party” გამართა, რომელიც ბოშებთან დაკავშირებული ეჭვებისა და სტერეოტიპების გაქარწყლებას და ბოშათა თემის გაძლიერებას ემსახურებოდა. საქართველოში მცხოვრები ბოშები სტუმრებს სამოვარში მოდუღებული ჩაით გაუმასპინძლდნენ, უმკითხავეს და იცეკვეს კიდეც მათთვის. თუ გამოელაპარაკებოდი, დამტვრეული ქართულით მორცხვად გეტყოდნენ, რომ ქართულად ლაპარაკი უჭირთ, ვინაიდან სკოლაში არასოდეს უვლიათ; უნდათ, მათი შვილები ქართულ სკოლაში დადიოდნენ, ქართულს და ინგლისურს სწავლობდნენ და მათზე უკეთესად ცხოვრობდნენ, მათი ცეკვით მოხიბლულებს კი ვითომ გულგრილად, მაგრამ ამაყად გვპასუხობენ, რომ იმდენივე ხანია ცეკვავენ, რაც არსებობენ. მართლებიც არიან. რეალობაში, სადაც ქალების უმეტესობამ არ იცის წერა-კითხვა, არ აქვს სამუშაო, ოჯახურ ცხოვრებას ძალიან ადრე, 13-14 წლის ასაკში იწყებს, აჩენს მრავალ შვილს და მათ სარჩენად მძიმე ფიზიკური შრომა უწევს, ცეკვა თვითგამოხატვის ფაქტობრივად ერთადერთი საშუალებაა. ცეკვავენ ყოველთვის, როცა კი დროს გამონახავენ და ამ ცეკვით გიყვებიან თავიანთი ცხოვრების ამბავს.

ბოშებიც და მათი გულშემატკივრებიც ერთხმად აღიარებენ, რომ მთავარი პრობლემა მათი საზოგადოებაში არაინტეგრირებულობაა, ვინაიდან მათ უმეტესობას არ გააჩნია პირადობის დამადასტურებელი არანაირი საბუთი, ვერ იღებს თუნდაც ელემენტარულ განათლებას, უჭირს ქართულად ლაპარაკი, არ აქვს სტაბილური სამუშაო და იშვიათად ურთიერთობს სხვა ეთნოსის წარმომადგენლებთან. ეს ყველაფერი მათი თემის უკიდურესად კლანურ სტრუქტურად ჩამოყალიბებას იწვევს.

თვითონ ამბობენ, რომ მათი ცხოვრების წესი კარგა ხნის წინ დაკანონდა – როცა იესო ქრისტეს ჯვარზე აკრავდნენ, ერთმა ბოშამ ერთი ლურსმანი მოიპარა; ამ “კეთილი ქურდობისთვის” ღმერთმა მასა და მის მოდგმას ქურდობის ნება დართო და საუკეთესო საჩუქარი – თავისუფლება უბოძა. ამიტომაც არის, რომ ისინი მიწას კი არ არიან მიჯაჭვულნი, მომთაბარე ცხოვრებას ეწევიან… მაგრამ ამ ლეგენდების მიღმა ადვილი საგრძნობია მათი სურვილი, იყვნენ ისეთივე მოქალაქეები, როგორიც არის ყველა სხვა, შეუზღუდავი უფლებებითა და საშუალებებით.
არცაა გასაკვირი, ვინაიდან საკუთარ წვეულებაზეც კი ბოშა ქალები ისე გამოიყურებოდნენ, როგორც უცხო სანახავი, “ჩვეულებრივი” ხალხის გასართობი, ხელშესახები ეგზოტიკა. ისხდნენ მყუდრო კაფეს ძლივს განათებულ კუთხეებში და მსურველებს მომავლის გაგებაში ეხმარებოდნენ, ცეკვავდნენ და შეკრებილ საზოგადოებას ამხიარულებდნენ. რამდენიმე საათში კი ყველა ჩვენ-ჩვენს ცხოვრებას დავუბრუნდით… ამგვარი საღამოების ეფემერულ სიხარულს, დარწმუნებული ვარ, სიამოვნებით დათმობდნენ საზოგადოებაში უფრო მეტი ინტეგრაციისთვის.
ბოშების შესახებ უფრო ნათელი წარმოდგენის შესაქმნელად გიტოვებთ თანამედროვე ფრანგი რეჟისორის, ბოშური წარმოშობის ტონი გატლიფის დოკუმენტურ ფილმს Latcho drom, რომლის პირველი ნაწილიც, ცოტა არ იყოს, ხელოვნურისა და დადგმულის შთაბეჭდილებას ახდენს, მაგრამ, საერთო ჯამში, საინტერესო სურათია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი