შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

Tango Echo Alpha

ამ სამყაროში ორი ყაიდის ხალხია – ჩაით სავსე და ჩაისგან დაცლილი. მართალია, იაპონელებისთვის ეს ამბავი ჩაის სიყვარულზე მეტად ყოფიერების თავისებურებებზე უფრო მიანიშნებს, მაგრამ კაკუძო ოკაკურა „ჩაის წიგნში“ ამაზე ენას ტყუილად არ დაასველებდა. წაკითხვისთანავე მენიშნა, რომ ჩაის დიდ მოყვარულს არც ჩაი მაკლია. მართალია, მთლად ნართაული აღარ გამომივიდა, მაგრამ ჩემი საყვარელი წიგნის ხსენება საშესავლოდ მაინც გამომადგა.

ხანდახან მგონია, მას შემდეგ, რაც ჩემმა დიდმა ბებიამ ქეთლი შემოდგა ცეცხლზე, ჩაიდანი ჩვენს ოჯახში აღარ გაგრილებულა. ხშირად გვითქვამს, რომ ჩაის სიყვარული სწორედ მისგან გამოგვყვა და რადგან ერთმანეთისთვის გულიც სწორედ ჩაის სმისას გადაგვიშლია, ჩვევად შემომრჩა, სულ რომ მდუმარედ დავეწვიო დედას ჩაიზე, ბოლოს მაინც ვეტყვი – აი, ასეთი ამბები.

ძველებს ემახსოვრებათ, 1967 წელს, ერთ ნისლიან დღეს ინდირა განდი თბილისს მეორედ ეწვია. ის კი ცოტას თუ ეცოდინება, რომ აეროპორტში დაშვებამდე, ქალაქის თავზე შემოფრენისას, თვითმფრინავი კინაღამ სატელევიზიო ანძას დაეჯახა. მართალია, ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდა და დამნაშავე მხოლოდ ამინდი აღმოჩნდა, მაგრამ  საპასუხისმგებლო რეისის მიღების შემდეგ დისპეტჩერის თარჯიმანმა სამსახური დატოვა. იმ დროს დედაჩემს ახალი დამთავრებული ჰქონდა „ინიაზი“, უცხო ენათა ინსტიტუტი. ჩემი დიდი პაპა კი აეროპორტში ტექნიკოსად მუშაობდა და შვილიშვილისთვის უთქვამს, თარჯიმნის ადგილი გათავისუფლდა და იქნებ შენც გეცადაო. დედამაც სცადა და არაერთი გამოცდის ჩაბარების შემდეგ 12-წლიანი თავგადასავალიც დაიწყო – ცას და მიწას შორის შუამავლობა. მაშინდელი საავიაციო ლექსიკონი ჩვენს საოჯახო ბიბლიოთეკაში ახლაც ინახება. წიგნს რადიოსატელეფონო ანბანიც ერთვის, სადაც ყველა ასოს კოდური სიტყვა აქვს მინიჭებული. რადგან ავიაციაში შეტყობინება ადრესატამდე შეუცდომლად უნდა მივიდეს, პილოტი და დისპეტჩერი ერთმანეთს, პირობითად, Gandhi-ის ნაცვლად ეტყვიან – Golf Alfa November Delta Hotel India.

გავიდა წლები, დედა უკვე გამოცდილი თარჯიმანი იყო, როდესაც ერთ-ერთი მორიგეობის დროს ინდოეთის ავიახაზების თვითმფრინავი მოფრინდა. ეთერის შემდეგ, საბაჟო პროცედურების გავლისას, ეკიპაჟის წევრები პირადად გაიცნო, დამშვიდობებისას კი ხომალდის მეთაურმა, გვარად სინგჰიმ, ჩაი აჩუქა ყუთზე წარწერით – Golden Tea. როგორც მაშინდელი წესი მოითხოვდა, დედამ ძღვენის შესახებ აეროპორტის განსაკუთრებულ საქმეთა განყოფილებას აცნობა, რადგან ანგარიშის ჩაბარების გარეშე აეროპორტის ტერიტორიას ვერ დატოვებდა. КГБ-ს თანამშრომლებმა ჩაის ყუთი გახსნეს, საგანგებოდ დაათვალიერეს და რახან ბომბი ვერ აღმოაჩინეს, სახლში წაღების ნებაც დართეს. ეს ამბავი მოგვიანებით შევიტყვე. იმ გამორჩეული დღიდან მხოლოდ სამზარეულოში გაშლილი არომატული ჩაი მახსოვს, და კიდევ ჩემი ახალგაზრდა მშობლების აღტაცებული შეძახილები  – აი, ჩაი! აი, ნამდვილი ჩაი! მაშინ უკვე მაგიდაზე ერთი თავით მაღალი ვიყავი და მომეტებული სიხარულის დაფარვაც ვიცოდი, მაგრამ იმ დღის მერე ჩაის ფოთოლი და აღმაფრენა ჩემთვის ერთმანეთს სამუდამოდ დაუკავშირდა. შუქიც კი, რომელიც ჩაის ეფინებოდა, სამზარეულოს სანათიდან კი არა, ციდან გადმოსული მეგონა. იქნებ იმიტომაც, რომ ოქროს ჩაიმ ჩვენამდე მოსაღწევად გრძელი, საჰაერო გზა გამოიარა.

ნამდვილ ჩაისთან ზიარების შემდეგ, ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვალა. ზაფხულის ქვემოიმერული არდადეგები, მაყვლის მურაბის მოდუღებასთან ერთად, ჩაის კრეფასაც გულისხმობდა. პლანტაციაში, როგორც წესი, საღამოს მივდიოდით. მართალია, მზე უკვე გადაწვერილი იყო, მაგრამ ჩალის ქუდებს თავმოსაწონად მაინც დავიხურავდით და რეზინის ჩექმებსაც ამოვიცვამდით. საქმე არჩევაზე იყო: ან საგანგებოდ შეკერილი დიდჯიბეებიანი წინსაფარი უნდა მოგერგო, ან წელზე გრძელი თავშალი შემოგეკრა, ბოლოები სათავეში ჩაგემაგრებინა და კალთის ტომსიკად გექცია. ჩაის პლანტაციებთან მიახლოებისთანავე, უფროსები გადაკრეფილ ბუჩქებს უმალ ამოიცნობდნენ და იმ მწკრივებზე მიგვანიშნებდნენ, სადაც ჯერ კიდევ შერჩენილი იყო ნორჩი ფოთლები. თუ უფროსებისგან განცალკევებით გსურდა ჩაის კრეფა, უხსენებლის დასაფრთხობად სტვენა აუცილებლად უნდა გცოდნოდა. იყვნენ ისეთი გაწაფულებიც, ვისაც სტვენასთან ერთად, სხვა მწკრივში გადასასვლელად ბუჩქზე გადაგორება რომ შეეძლო.

მთავარი პირობა იყო, მხოლოდ ოქროსფერი დუყები – ჩაის ბუჩქის უნაზესი წვეროები –დაგეკრიფა და დაძახებისთანავე ვერცხლისფერ ევკალიპტებთან გაჩენილიყავი. ბოლოს ყველას ნაშრომ-ნაჯაფარი ერთ გოდორში იყრიდა თავს და იმავე გზას ვადგებოდით, რომელსაც პლანტაციამდე მივყავდით. თუკი ქალები ლაპარაკის დროს შეყოვნდებოდნენ, ერთი მათგანი იმარჯვებდა, გოდორში ხელს ჩაყოფდა და ჩახურებულ ჩაის ამოაბრუნებდა. სახლში მისვლისთანავე ძველ გაზეთებს დიდ მაგიდაზე დავფენდით, დაკრეფილ ჩაის გავშლიდით და მთელი სახლი ნესტიანი ფოთლების სურნელით ივსებოდა. რამდენიმე დღეში უსიცოცხლო ფოთლების ახალი ცხოვრება იწყებოდა. მაგიდის ზედაპირზე ხელის გულებით ვსრესდით, ხის დაფებზე წვრილად ვჭრიდით და დაქუცმაცებულ ჩაის ისევ გაზეთებზე ვშლიდით. მართალია, გამოშრობამდე ხელის ხლება აღარ ეკუთვნოდა, მაგრამ ბევრჯერ დამიმარტოხელებია თავი, შავი ნამცეცები მუჭში მომიქცევია, თვალდახუჭულს დამიყნოსავს და კვალის დასაფარად ქაღალდზე ისევ თანაბრად გადამინაწილებია. აგვისტოს ბოლოს ოქროს ფოთლებით სავსე გოდორი ერთ მომცრო ყუთში ჩაეტეოდა და თბილისში დიდი პატივით  წამოვიღებდით.

როდესაც იმერეთში ჩაის პლანტაციები ამოთხარეს, ცხოვრება ქალაქშიც შეიცვალა. ჩემი სახლის წინ ერთი ძველი საჩაიე იყო, სახელად „ლილი“. ვეღარ ვიხსენებ, ღამით ანათებდა თუ არა ტრაფარეტზე გამოსახული ასოები, მაგრამ ჩემს მეხსიერებაში წარწერას ლურჯი შუქი დაჰკრავს. საუკუნის დასაწყისში იქ უკვე აღარავინ შედიოდა. ცხადი იყო, რომ  სულ მალე ძველმოდურ სივრცეს რომელიმე ბანკი, აფთიაქი ან პარფიუმერული მაღაზია დაეპატრონებოდა. მხოლოდ ერთხელ ვნახე – ვიტრინის მხარეს, მრგვალ მაგიდასთან ქალი დამჯდარიყო, ფეხები სკამის ქვეშ ჯვარედინად შეეკეცა, შუშის ჭიქით ჩაის სვამდა და ქუჩას გაჰყურებდა. ქალს თეთრი, არშიებიანი წინსაფარი ეკეთა და ბრტყელძირიანი ფეხსაცმელი ეცვა. არ ვიცი, რა წარმოისახა საჩაიეს ოფიციანტმა სანატრელ სტუმრად გარდასახვისას, მაგრამ ჩაი კი ნამდვილად დალია. რა თქმა უნდა, შემეძლო, მემარჩიელა და ისიც მომეთხრო, თუ რას  ფიქრობდა ის ქალი მაშინ, მაგრამ, როგორც ჩანს, იმ ჩაიში ლიტერატურა არ ერია. ეს იყო კინო,  დაუვიწყარი კინოკადრი, რადგან, ფრანსუა ტრიუფოსი არ იყოს, „ვერავის დაარწმუნებთ, რომ ქალი, რომელმაც ჩვენ თვალწინ დალია ჩაი, მხოლოდ წარმოიდგენს, რომ ჩაი დალია. ქალმა დალია ჩაი, მორჩა და დამთავრდა.“

რუსუდან რუხაძე

P.S. თუ თქვენ მაინც წარმოსახვებში მოგზაურობა და ღრუბლებში ფრენა გირჩევნიათ, სავარძელში მოკალათდით, უსაფრთხოების ღვედი შეიკარით და ბორტგამცილებელს სამი სიტყვა უთხარით: Tango Echo Alpha.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი