პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

ზომიერად პირადული პოსტი

ზამთარი ერთი
დიდი დღესასწაულია. არამხოლოდ შობა-ახალი წლის გამო – შობა-ახალი წელი ხომ ტროპიკებშიც
დგება, მიუხედავად მათი სრულიად არატროპიკული ხასიათისა. ტროპიკულ ქვეყნებში მაინცდამაინც
ვერც ბუხრის საჭიროებას ხედავენ, ჰოდა, აბა, რომელი საკვამურიდან ჩამოძვრეს სანტა კლაუსი?!
მაგრამ ახალი წელი ყველგან უნდა დადგეს და სანტასაც მეტი რა გზა აქვს – მარხილსა და
ირმებს სადღაც ლაპლანდიაში ტოვებს და ტროპიკებს სრულიად არასანტურად გამოწყობილი, საცურაო
ტრუსებითა და სერფინგის დაფით სტუმრობს.

ცხელი ქვეყნების
მკვიდრებს ბედმა უმტყუნა – მათთვის ზამთარი დღესასწაული ვერ იქნება, რადგან სუსხი ვერასოდეს
აიძულებთ სახლში, ღუმელთან მოკალათებას და წიგნების კითხვას მაშინ, როცა გარეთ ცოცხალი
თუ არაცოცხალი ინგრედიენტებისგან ვეება ნაყინი მზადდება.

სიმყუდროვის მაძიებლისთვის
მისი პოვნა ყველაზე ადვილი მაინც ზამთარშია. სწორედ ამგვარი სიმყუდროვე მინდოდა საახალწლო
საჩუქრად ძმისშვილისთვის და სულაც არ ვაპირებდი, ის სანტასთვის დამებრალებინა, – ბოლოს
და ბოლოს, ამ კეთილ პაპას ისედაც ურიცხვი დაბრალებული საჩუქარი ჰქონდა მოსატანი. თანაც
საყვარელ ძმისშვილს აუცილებლად საყვარელმა მამიდამ უნდა აჩუქოს ლინდგრენის ახალი ქართული
გამოცემა აურზაურა ბავშვების შესახებ, მერე კი პირველმა თვითონვე წაიკითხოს ეს წიგნი
და თვალდახუჭულმა იოცნებოს, როგორ გამოტენიდა დაწყებითი კლასების სასწავლო პროგრამას
ასტრიდ ლინდგრენით. რა თქმა უნდა, პროგრამა სულაც არ არის შემწვარი ბადრიჯანი, რომლის
ნიგვზიანი მასით გამოტენა კარგი დიასახლისის მისიაა და არც ლინდგრენი ჰგავს ნიგვზიან
შიგთავსს, მაგრამ ზოგჯერ მამიდები ძალიან ქარაფშუტულად ფიქრობენ და აზრადაც არ მოსდით,
რომ შესაძლოა, მათმა ძმისშვილებმა ერთ მშვენიერ დღეს ზურგზე პროპელერის მიმაგრება სცადონ
ან, ლოტას მსგავსად, მარტო გადავიდნენ საცხოვრებლად.

 

“ლოტა აურზაურის
ქუჩიდან” ძალიან აურზაურიანი წიგნია. აუცილებელი არ არის, აურზაური ცუდად მთავრდებოდეს;
ლინდგრენის აურზაური კეთილი აურზაურია, მისი ამტეხი ბავშვები კი არასოდეს ისჯებიან
მკაცრად, რადგან ჰყავთ მშობლები, რომლებიც ბავშვობაში ალბათ ასეთსავე კეთილ აურზაურს
ისე მარტივად წამოიწყებდნენ ხოლმე, როგორც შეიძლება წამოიწყო ორნოტიანი სიმღერა. ამ
მშობლებს თავიანთი საყვარელი შვილები: იუნასი – დიდი აურზაურა, მია-მარია – პატარა
აურზაურა და ლოტა – პაწაწინა მჩხავანა, – ყოველ კვირას ქალაქგარეთ, პიკნიკზე მიჰყავთ
და თუ იუნასი შემთხვევით ტბაში ჩავარდა, დასასჯელად მუხლებით აგურის ნაფხვენზე არავინ
დააყენებს. ეგ კი არა, თუ შინ დაბრუნებულ მამას ბავშვების ხმაური არ შემოესმა, აუცილებლად
შეშფოთდება: “აღარ გაბედოთ ჩემი ასე შეშინება! ხმაური და აურზაური მანამდე უნდა
მესმოდეს, სანამ სახლში შემოვდგამ ფეხს, თორემ გული გამისკდება!”

ბედნიერი ბავშვობა
ვისთვის ულტრათანამედროვე, მოდერნიზებული სათამაშოების გორებია, ვისთვის კი – ერთი
შელახული ნაჭრის ღორი, რომელსაც რატომღაც დრუნჩა ჰქვია. ლოტაც, საყვარელი სათამაშოს
სახელი რომ გაამართლოს, ცხოველის ახალ სახეობას, “ღორდათვას” იგონებს და
ჯიუტად ამტკიცებს, რომ მისი ღორდათვა საფრთხობელა კი არა, მსოფლიოში ყველაზე კარგი
ღორდათვაა.

ლოტა, საერთოდაც,
ძალიან ჯიუტია. მას შეუძლია, უარი განაცხადოს ფუმფულა ჯემპრის ჩაცმაზე და ეს სავსებით
საკმარის მიზეზად მიიჩნიოს მარტო საცხოვრებლად. მას შეუძლია, უარი განაცხადოს ხველის
საწინააღმდეგო წამლის მიღებაზე, თუმცა ლოტას მარტო წამლის დალევა კი არა, საღამოობით
დასაძინებლად წასვლაც არ უყვარს, “მაგრამ ეგ მეც არ მიყვარს. საერთოდაც, ვფიქრობ,
რომ დედა ძალიან უცნაურად იქცევა: საღამოს, როცა საერთოდ, აი, საერთოდ არ გვეძინება,
დასაძინებლად გვერეკება, დილაობით კი, როცა თვალების გახელაც კი გვეზარება, დაიჩემებს,
ადექითო”.

რას გაუგებ მშობლებს,
რომლებიც ხანდახან ყველაფერს “უკუღმა” აკეთებენ, შენ კი, სრულიად ბავშვს,
მაგრამ საკუთარ წარმოსახვაში უკვე სოლიდურ, ზომიერად ფერხორციან მამაკაცს/ქალს, ერთადერთი
მისია გაკისრია: “დავატრიალოთ წაღმა უფროსების უცნაურობანი”.

ეს ბავშვები ისეთები
არიან, როგორიც, ძალიან მინდოდა, ბავშვობაში თავად ვყოფილიყავი: ხეზე მწვანე ფანჩატური
მქონოდა და სადილის შემდეგ მორჩენილი მაჭკატები ხის ტოტზევე ფოთლებივით ჩამომეკიდა,
მემღერა მამის ნასწავლები სიმღერა “ფოთლები რა წყნარად შრიალებს”, მერე კი,
მოშივებულს, ეს “ფოთლები” ბეკეკასავით ჩამეხრამუნებინა.

ეს ბავშვები ისევე
უსინდისოდ ატყუებენ ღმერთს საშობაოდ, როგორც მე ვატყუებდი ოდესღაც: “ძვირფასო
ღმერთო, გემუდარები, ახლავე მოვიდეს თოვლი! იფიქრე იმ საწყალ ყვავილებზე, ახლა მიწაში
რომ სძინავთ და თბილ საფარს ნატრობენ… ცოტა ვიცუღლუტე. ღმერთს არ ვუთხარი, რომ თოვლი
სინამდვილეში ჩემი ციგის გამო მინდა”.

ამ ბავშვებს ზუსტად
ისეთი შობა აქვთ, როგორის დადგომასაც მთელი ბავშვობა ვნატრობდი, მაგრამ ჩემ ახლომახლო
არც კარლმანის საკონდიტრო იყო და მეცხრე ბლოკიც წამდაუწუმ გვახსენებდა, რომ ბნელი ოთხმოცდაათიანების
შვილებისთვის შობა მსოფლიოში ყველაზე არაშვედური რამაა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი