პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

ყველაზე ძლიერი ქართული NGO

რაც მეტს ვკითხულობ და ვუკვირდები, მით უფრო ცხადი
ხდება, რომ წარსულიდან ყველაზე ახლობელი ჩვენთვის მაინც მეცხრამეტე საუკუნეა. ეს
ბევრი რამით შეიძლება აიხსნას, განსაკუთრებით კი მაგიური სახელებით.

ერთ-ერთი ასეთი სახელია “წერა-კითხვის
გამავრცელებელი საზოგადოება” – საქართველოს ისტორიაში ყველაზე ძლიერი
არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელსაც თავიდანვე მასშტაბური მიზნები ჰქონდა.

როგორც წესი, არასამთავრობო ორგანიზაციებს
კონკრეტული სამოქმედო გეგმა აქვთ დასახული, ამოცანაც განსაზღვრული აქვთ, სამიზნე
ჯგუფიც, მოსალოდნელი შედეგებიცა და ბიუჯეტიც. 1879 წლის 15 მაისს თბილისის
გუბერნიის საადგილმამულო ბანკის შენობაში დაარსებულ საზოგადოებას კი, მიუხედავად
იმისა, რომ ყველაფერი გათვლილ-გაანგარიშებული ჰქონდა, მაინც მოუხდა
გაუთვალისწინებელი, მეტიც – რევოლუციური ნაბიჯების გადადგმა. წესდებაში, რომელიც
დასამტკიცებლად მეფისნაცვლის მთავარმმართველობის უფროსს სტაროსელსკის წარედგინა,
დამფუძნებლები თავს იზღვევდნენ: “თუმცა ჩვენი საზოგადოება იწოდება
წერა-კითხვის გამავრცელებლად, მაგრამ დიდი შეცდომა იქნებოდა გვეფიქრა, ვითომ მის
დამაარსებლებს სახეში ჰქონებოდეთ მხოლოდ წერა-კითხვის სწავლებაო”, ჩვენი
გულითადი სურვილია სკოლის როგორც კულტურის კერის შექმნა, კულტურა კი ქვეყნის
სულიერ და ნივთიერ განვითარებას გულისხმობსო.

არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი
ნებისმიერი პროექტის ბიუჯეტში ერთი აუცილებელი პუნქტია: “გაუთვალისწინებელი
ხარჯები”. იმ დროს, მეცხრამეტე საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში, ქართულ
კულტურასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში იმდენმა გაუთვალისწინებელმა პრობლემამ მოიყარა თავი, რომ საზოგადოების მესვეურებმა
ბუნებრივად დაუკავშირეს ერთმანეთს გიმნაზიებისა და სახალხო სკოლების გახსნა და
სათავადაზნაურო ბანკის დაფუძნება, ქართული ენის სახელმძღვანელოს
შედგენა-გავრცელება და მეცენატობის ინსტიტუტის გაძლიერება, სტამბის დაარსება,
ყოველდღიური გაზეთების გამოცემა და
ფოლკლორული მასალების, ხალხური
სიმღერების შეკრება.

სხვათა შორის, “წერა-კითხვის გამავრცელებელი
საზოგადოების” მიმართულებათა განსაზღვრას პოლემიკის გარეშე არ ჩაუვლია.
თავადი გრიგოლ ორბელიანი და აზნაური დიმიტრი ყიფიანი ერთ მნიშვნელოვან საკითხზე
გამოედავნენ ერთმანეთს. ორბელიანი ამტკიცებდა, რომ საზოგადოების ძირითადი ზრუნვის
საგანი ქართველები უნდა ყოფილიყვნენ, ყიფიანს კი მიაჩნდა, რომ ანგარიში
საქართველოში მცხოვრები სომხებისთვისაც უნდა გაეწიათ. კამათში გრიგოლ ორბელიანის
ავტორიტეტმა გადაწონა და საზოგადოების სახელს წინ კიდევ ორი სიტყვა დაემატა:
“ქართველთა შორის”.

 

დროთა განმავლობაში არ დარჩენილა ქვეყნის მასშტაბით
არც ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომლის გადაჭრაშიც საზოგადოებას მონაწილეობა არ
მიეღოს, რაც, თავისთავად ცხადია, ოფიციალურ სამთავრობო წრეებში გაღიზიანებას
იწვევდა. იმპერიული პოლიტიკა მიზანმიმართულად ცდილობდა სახელი გაეტეხა,
ერთმანეთისთვის გადაემტერებინა “წერა-კითხვის გამავრცელებელი
საზოგადოების” წევრები, ხელი შეეშალა მათი გეგმებისთვის ან, უკიდურეს
შემთხვევაში, ფიზიკურად გაენადგურებინა ისინი.

მეცხრამეტე საუკუნე იმითაც არის შინაური და
ახლობელი, რომ სააშკარაოზე გამოიტანა ქართული საზოგადოების ყველა ნაკლი და
მანკიერი მხარე. იმ დროს დაწყებული სასიკეთო რეფორმები საბჭოთა წყობილების
დამყარებამ და სამოცდაათწლიანმა მონობამ შეაყოვნა, რის შედეგადაც დასახიჩრებული და
მორალურად მოშლილი სახელმწიფო ინსტიტუტები მივიღეთ.

ფასადები შეიცვალა, ქუჩებსა და გამზირებს სხვა
სახელები ჰქვიათ, ტანისამოსიც გამოვიცვალეთ, მაგრამ დღესაც, როგორც მეცხრამეტე
საუკუნის 80-იან წლებში, აქტუალურია სულიერი და ფიზიკური გადარჩენის პრობლემა,
საშუალო და უმაღლესი განათლების მიღების პრობლემა, ეთნიკურ და რელიგიურ
უმცირესობებთან კომუნიკაციის პრობლემა, უანგარო მეცენატობისა და ნივთიერად
ხელმოკლე ადამიანების თანადგომის პრობლემა, თაობათა შორის ხელოვნურად შექმნილი
პრობლემები (მაშინ, როცა ენის საკითხებზე მკვეთრად დაპირისპირებული “მამათა”
და “შვილთა” ბანაკი საგანგებოდ მორიგდა, რომ საზოგადოებას ყველასთვის
გასაგები და მისაღები სახელი რქმეოდა), დამოუკიდებელი და სახელმწიფოებრივად
მოაზროვნე პრესის პრობლემა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პრობლემა… ანუ ის
პრობლემები, რომელთა მოგვარებაც მიზნად დაისახა “წერა-კითხვის
გამავრცელებელმა საზოგადოებამ” –   ყველა დროის ყველაზე ძლიერმა
NGO-მ საქართველოში. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი