ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

გზა შემოქმედებითი კომპლექსური დავალებისკენ -ევრისტიკული სწავლების მოდელირება დიალოგური ფორმით

საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში აქტიურად ინერგება კომპლექსური, შემოქმედებითი ხასიათის დავალებების შესრულება, რამაც კიდევ უფრო გაზარდა საგაკვეთილო პროცესში ტრადიციული პედაგოგიკური მეთოდებისა და მიდგომების ჩართულობის ხარისხი. ეს ბუნებრივია, რადგან კომპლექსური დავალებების ხასიათი და შინაარსი თავად მიუთითებს მოცემული მეთოდებისა და მიდგომების აქტუალობაზე.

შინაარსის მიხედვით, კომპლექსური დავალებები იყოფა:

  • შემეცნებითი, კვლევითი ხასიათის დავალებებად,
  • ლოგიკურ ამოცანებად და
  • დავალებებად, რომლებიც არასტანდარტულ მიდგომებს მოითხოვს.

ცნობილია, რომ სამუშაოს ორგანიზების ხასიათს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს შედეგიანობის თვალსაზრისით. თუ დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ კომპლექსური დავალებები ერთმნიშვნელოვნად შემოქმედებითი ხასიათის დავალებებია. შემოქმედებითი ხასიათის დავალებების ორგანიზებით კი, ერთი მხრივ, ახალ დონეზე ადის მოსწავლის კოგნიტიური და კომუნიკაციური, ინფორმაციის დამოუკიდებლად და შემოქმედებითი გზით გადაწყვეტის უნარები, მეორე მხრივ კი მიმდინარეობს მოსწავლის ცოდნის რეკონსტრუირება და ინფორმაციის ძიების, კვლევის, ანუ ევრისტიკული პროცესები.

ევრისტიკული მეთოდი ცნობილია სოკრატული სწავლების სახელითაც, რომელიც ძირითადად გულისხმობს მოსწავლეების აქტიურად ჩართვას საკუთარი ცოდნის აგებაში კითხვა-პასუხის გზით (მეთოდის სახელწოდება მომდინარეობს ფილოსოფოს სოკრატესგან, რომელიც მოსწავლეებს სწორედ ამ გზით ასწავლიდა ფილოსოფიას).

ევრისტიკული ძიების (ანუ სოკრატული მეთოდის) გამოყენებისას მასწავლებელი:

  • წაახალისებს მოსწავლეთა აზროვნებას და ხელს უწყობს ინტერაქციას;
  • სთხოვს მოსწავლეებს აზროვნებას, რათა ისინი დამოუკიდებლად მივიდნენ პრობლემის გადაწყვეტამდე;
  • სვამს მხოლოდ პრობლემურ (და არა ინფორმაციულ) კითხვებს (მაგ., რას ფიქრობთ ამაზე? რა განმარტებები გვჭირდება ამისთვის?) და არ აწვდის არანაირ ინფორმაციას;
  • პრობლემური კითხვების დასმისას მასწავლებელს მოჰყავს ფაქტები მოსწავლეთა მოსაზრებების საწინააღმდეგოდ, მაგრამ არ აფიქსირებს საკუთარ პოზიციას;
  • ხელს უწყობს იმ პასუხების ეჭვქვეშ დაყენებას, რომლებსაც გვაძლევენ ავტორიტეტები;
  • ამ დროს მოსწავლეები თავისუფლად გამოთქვამენ საკუთარ მოსაზრებებს პრობლემის თაობაზე, თამამად წამოაყენებენ ჰიპოთეზებს და ვერსიებს;
  • აანალიზებენ ერთმანეთის არგუმენტებს;
  • ცდილობენ ფაქტებისა და ცნებების ანალიზს, მასალაში მოცემული ფარული არსის გაგებას;
  • პრობლემური კითხვების დასმით მიმდინარეობს საგნობრივი ცოდნის უნიკალური განხილვა;
  • მოსწავლეები აკავშირებენ სხვადასხვა წყაროდან მიღებულ ცოდნას;
  • გამოაქვთ დასკვნები და ახდენენ შეფასებას საკუთარ არგუმენტაციაზე დაყრდნობით;
  • სხვადასხვა ელემენტისგან ქმნიან ახალ სტრუქტურას და შედეგად იღებენ უნიკალურ შემოქმედებით, საგანმანათლებლო პროდუქტს

და ა. შ.

როგორც ვხედავთ, ევრისტიკული, კვლევა-ძიებითი მეთოდი შემოქმედებითი სწავლების დაკონკრეტებაა და პირიქით – ნებისმიერი შემოქმედებითი ხასიათის დავალება თავის თავშივე მოიცავს ევრისტიკულ მიდგომებს. აქედან გამომდინარე, თუ სასწავლო პროცესში ევრისტიკული ძიების მეთოდებს აქტიურად ჩავრთავთ, კომპლექსურ დავალებებს მოსწავლეები კიდევ უფრო საინტერესოდ გადაწყვეტენ.

მასწავლებლის მიერ მიცემულ ინსტრუქციებში, კომპლექსური დავალებების შესრულების გზებისა და ფორმების აღწერილობებში, აქტიურად ფიგურირებს ჰუმანისტური პედაგოგიკის ისეთი კომპონენტები, როგორიცაა:

  1. კონსტრუქტივიზმი – როდესაც მასწავლებელი მხოლოდ შემოქმედებითი ხასიათის დავალებას იძლევა და მაორიენტირებელ ფუნქციას ასრულებს და
  2. ევრისტიკა – რამდენადაც:

ა) „სისტემური, კომპლექსური მიგნებები“ მეტწილად დამოკიდებულია აღმოჩენებსა და ინოვაციებზე, ადრე შესწავლილი წესებისა და ახალი ფაქტების სინთეზსა და გაგებაზე, ცოდნის უნიკალურობაზე (ხოლო ევრისტიკული ცოდნა ეფუძნება ინდივიდუალურ ემპირიულ წესებს) და

ბ) საზოგადოდ, ევრისტიკული ძიება ორიენტირებულია ამოცანების, პრობლემური საკითხების ორიგინალურ გადაწყვეტაზე. ამიტომაც არის ევრისტიკული ძიებით მიღებული შედეგი შემოქმედებითი პროდუქტი; მით უფრო, რომ შემოქმედებითი აზროვნების პროცესში ადამიანი ხშირად ისეთ რამეს აღმოაჩენს, დაინახავს ან შექმნის, რაც მანამდე არავის მოსვლია აზრად. ეს კი ყველაზე უკეთესად თამაშის პროცესში წარმოჩნდება. კომპლექსური დავალებების შესრულებაში თამაშის ელემენტების აქტიური გამოყენებაც ერთ-ერთი მანიშნებელია მასწავლებლისთვის, რომ მას შეუძლია, „აქტიურად გადართოს“ მოსწავლე „ევრისტიკულ ძიებაზე“ და ამით საინტერესო შემოქმედებითი პროდუქტის მისაღებად მნიშვნელოვანი „სვლა“ გააკეთოს.

მაგრამ დისტანციურმა რეჟიმმა მრავალი გამოწვევის წინაშე დააყენა თანამედროვე სწავლება და კომპლექსური დავალებების შესრულებაში ევრისტიკული მიდგომის გამოყენებამაც თითქოს დაკარგა უწინდელი მნიშვნელობა. თუმცა ეს – მხოლოდ ერთი შეხედვით. სინამდვილეში დისტანციურმა სწავლებამ ტრადიციული მეთოდებისა და მიდგომების უნიკალურობა და ახალ-ახალი შესაძლებლობები გამოავლინა. მათ შორისაა ევრისტიკული ფორმით სწავლებაში გარკვეული ინოვაციების შეტანა. კერძოდ, დისტანციური მუშაობისას (თამაშის ელემენტების გამოყენებასთან ერთად) აშკარად გამოიკვეთა კომუნიკაციის დიალოგური ფორმების უპირატესობა. ამიტომ დისტანციურ გაკვეთილებზე ევრისტიკული და დიალოგური სწავლების ფორმების „შეერთებით“ უნიკალური შემოქმედებითი პროდუქტის მიღების ახალი შესაძლებლობები გაჩნდა.

ამგვარი მუშაობისას დიალოგი ერთგვარი მეთოდოლოგიური პრინციპიცაა და განხორციელების ინსტრუმენტიც. ამავე დროს, ის მოსწავლეთა თვითრეალიზაციასაც უზრუნველყოფს. მთავარია, მასწავლებელმა შეძლოს დისტანციურ გაკვეთილზე ევრისტიკული სწავლების მოდელირება დიალოგის საფუძველზე და თანაც ისე, რომ მაქსიმალურად შეუწყოს ხელი მოსწავლეთა თვითრეალიზაციას და დასახული მიზნის მიღწევას.

როგორ შეიძლება განხორციელდეს ეს?

ევრისტიკული სწავლების მთავარი ელემენტი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, არის შეკითხვა. პედაგოგიური პოზიციიდან, მოსწავლის მიერ დასმული შეკითხვა ის შემოქმედებითი პროდუქტია, რომელშიც ჩანს დიალოგი ცოდნასა და უცოდინრობას შორის, ადამიანსა და გარე სამყაროს შორის, კულტურასა და ცივილიზაციას შორის. და ეს ხორციელდება შეკითხვების სამი მეთოდოლოგიური ჯგუფის გააერთიანებით: „რა?“, „როგორ?“, „რატომ?“ – ანუ დიალოგის წარმოების ძირითადი კომპონენტების შერწყმის გზით. იმავდროულად, ეს კითხვები ის ძირითადი ნიშნულებია, რომელთა გარშემოც აიგება კომპლექსური შემოქმედებითი ხასიათის დავალებები, და ეს ევრისტიკული სწავლების მოდელირებას დიალოგური ფორმით კიდევ უფრო აქტუალურს ხდის.

ევრისტიკული სწავლების სისტემაში დიალოგის კომპონენტების ჩართვით (მიზანი, შინაარსი, ფორმა, მეთოდები, კრიტერიუმები, შეფასება) საშუალებას ვაძლევთ მოსწავლეს, მოახდინოს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება და უფრო შემოქმედებითი გახდეს. ამ მიდგომის გამოყენებისას მოსწავლეები გამოავლენენ:

  • სწრაფვას, ღრმად გაიაზრონ მასალა და გაიღრმაონ ცოდნა (დასვან კითხვები, რითაც ახალ შინაარს შესძენენ ცოდნას, სწავლას);
  • კრეატიულობას (კითხვების დასმის, მტკიცებულებებისა და არგუმენტირების, მეტასაგნობრივი კომპეტენციების გამოყენების, ევრისტიკული ხასიათის დავალებების შესრულების, დიალოგის წარმოების უნარების დემონსტრირება);
  • კოგნიტიურობას (მუშაობისას ისინი შექმნიან საინტერესო შემოქმედებით პროდუქტს, გაიღრმავებენ ცოდნას და ა.შ.).

 

მაგალითი 1. სწავლის ზედა საფეხური. ისტორიის გაკვეთილზე მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეს, მოიგონოს შესაძლო დიალოგი ოპონენტებს შორის თემაზე: „რა არის ისტორია?“ იწყება ევრისტიკული, კვლევა-ძიებითი პროცესი და მოსწავლე ასრულებს დავალებას – წარმოადგენს დიალოგს, სადაც, ერთის აზრით, ისტორია მოვლენათა შემთხვევითი ჯაჭვია, ხოლო მეორის აზრით – კანონზომიერი და აუცილებლობით გამოწვეული მოვლენების შედეგი. მოცემულ კითხვაზე პასუხი ამავე დროს მოიცავს პასუხს კითხვაზე: „როგორ?“ მასწავლებლის თხოვნაზე, მოიყვანოს არგუმენტი, თუ რატომ ფიქრობს ასე (რითაც აქტიურდება დიალოგისთვის აუცილებელი მესამე შეკითხვაც – „რატომ?“), მოსწავლე ახდენს რეფლექსიას, განიხილავს რამდენიმე თვალსაზრისს, აწარმოებს დიალოგს ისტორიული შინაარსის ტექსტებს შორის, ისტორიკოსებს შორის, დიალოგს საკუთარ თავთან და ა.შ. წარმოდგენილი დასკვნებით კი მივიღებთ რეალურ შემოქმედებით პროდუქტს, რასაც ისახავდა კიდეც მიზნად მოცემული აქტივობები.

 

მაგალითი 2. საბაზო საფეხური. თემა – „ქრისტიანობა“. იმის შესამოწმებლად, რამდენად გაიგეს მოსწავლეებმა ქრისტიანობის ისტორიისთვის მნიშვნელოვანი დეტალები, მასწავლებელმა ორ კლასს მისცა შემდეგი ტიპის კომპლექსური დავალება:

გაეცანით ინფორმაციას და ააგეთ ჰიპოთეზა, რომელიც პასუხს გასცემს ტექსტში აღნიშნულ განსხვავებას:

„ერთ-ერთ გორაკზე რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობდა არქეოლოგიური გათხრები. მუშაობის პროცესში გორაკის ძირას გამოიკვეთა ორი ნამოსახლარის ნაშთები: ერთი უნდა ყოფილიყო გაუმაგრებელი დასახლება, მეორე – თავის დროზე კარგად გამაგრებული ციხე-ქალაქი. ორივე დასახლების ფენები ერთმანეთს იყო შერეული. არქეოლოგებმა ციხე-ქალაქის ნანგრევებში იპოვეს ძირითადად ქრისტიანული რწმენისთვის დამახასიათებელი ნიშნები, ხოლო გაუმაგრებელი დასახლების ნანგრევებში – მხოლოდ წარმართული რელიგიის კვალი“.

ერთი კლასის მოსწავლეებმა მეტ-ნაკლებად გადაწყვიტეს ამოცანა, მეორე კლასის მოსწავლეებს კი დავალების შესრულება გაუჭირდათ. ასეთ დროს მასწავლებელი პრობლემის გადასაჭრელად მიმართავს ევრისტიკული დიალოგის ფორმას.

ევრისტიკული დიალოგი, სავარაუდოდ, ასეთ სახეს მიიღებს:

მასწავლებელი: ამოცანაში საუბარია არქეოლოგიურ გათხრებსა და ორი ტიპის დასახლებაზე – გამაგრებულ ციხე-ქალაქსა და გაუმაგრებელ დაბაზე, რომლებიც ერთმანეთშია შეჭრილი. თქვენთვის ცნობილია, რა საქმიანობას ეწევა არქეოლოგი და რა საკითხების გადაჭრა უწევს. აღწერილ შემთხვევაში რა კითხვა გაგიჩნდებოდათ თქვენ როგორც არქეოლოგს?

მოსწავლე: ერთსა და იმავე პერიოდს მიეკუთვნება ეს დასახლებები თუ სხვადასხვას?

მასწავლებელი: ვფიქრობ, საკითხი სწორადაა დასმული. მაგრამ რატომ მაინცდამაინც ეს კითხვა გაგიჩნდათ პირველად? ან რა გვაძლევს მასზე პასუხს?

მოსწავლე: თუ დასახლებები ერთი და იმავე პერიოდისა არ არის, მაშინ პასუხი ნათელია – ჯერ იყო წარმართული ხანის დასახლება, შემდეგ – ქრისტიანული.

მასწავლებელი: მაშინ რატომ იყო სხვადასხვა რელიგიის ნაშთები სხვადასხვა ადგილას? ხომ შეიძლებოდა, ისინი ერთსა და იმავე, ანუ შესაფერის ადგილას ყოფილიყო?

მოსწავლე: ეს ხომ ნათელია: ესე იგი, დასახლება ერთი და იმავე პერიოდისა იყო. რამდენიმე ნაშთი ერთგვარია, ორივე დასახლებაში ერთნაირი, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ერთმანეთს კვეთენ, შეჭრილები არიან ერთმანეთში.

მასწავლებელი: კარგი, დავუშვათ, ისინი ერთი და იმავე პერიოდისაა. რა გამოდის აქედან?

მოსწავლე: ის, რომ ეს იყო ორი ნაწილისგან შემდგარი დასახლება.

მეორე მოსწავლე: და რომ სიმაგრეში ცხოვრობდნენ მეომრები, გაუმაგრებელ დასახლებაში კი – მათ მიერ დამორჩილებული ხალხი, ან უბრალოდ რიგითი მოქალაქეები.

მესამე მოსწავლე: რომ ციხე-ქალაქში ცხოვრობდნენ დიდებულები, გაუმაგრებელ დასახლებაში კი – ღარიბები.

მასწავლებელი: რა არის სიმართლე, რომელი უფრო დასაჯერებელია?

მეოთხე მოსწავლე: ციხესიმაგრეში უნდა ცხოვრობდნენ დამპყრობლები, რომლებიც დამორჩილებული მოსახლეობის თვალში დიდებულები არიან.

მასწავლებელი: კარგი, მაგრამ რისი ბრალი უნდა ყოფილიყო, რომ სხვადასხვა რწმენის კვალი სხვადასხვა ადგილას აღმოჩნდა გაბნეული? რით აიხსნება ეს?

მოსწავლე: რამდენადაც ციხე-ქალაქში აღმოჩნდა ქრისტიანული რელიგიის ნიშნები, ე.ი. მდიდრებს შორის ეს სარწმუნოება უკვე იყო გავრცელებული, ხოლო ღარიბები რჩებოდნენ წარმართებად.

მასწავლებელი: რით აიხსნება ეს?

მოსწავლე: ჩვენ ვიცით, რომ ხალხი ეწინაღმდეგებოდა დიდებულებს და მათ გამოც არ სურდა ახალი რწმენის მიღება, თუმცა დიდებულები უფრო წიგნიერები იყვნენ და მათ შორის ადვილად ვრცელდებოდა ახალი რწმენის ნიშნები.

მასწავლებელი: მაშ, რატომ არის ეს მხოლოდ ჰიპოთეზა?

მოსწავლეები: იმიტომ, რომ როცა გამოითქმის მოსაზრება, უნდა მოიძებნოს დამადასტურებელი ფაქტებიც, ამ შემთხვევაში – ისეთი, რომელიც დაადასტურებს, რომ გორაკზე მცხოვრები ხალხი სარგებლობდა რელიგიური ელემენტებით, რომელთა ნაშთები მართლაც იპოვეს არქეოლოგებმა.

მასწავლებელი: მაშასადამე, რა შეიძლება ითქვას ჰიპოთეზაზე?

მოსწავლეები: ჰიპოთეზა – ეს მხოლოდ ვარაუდია, რომელიც ეფუძნება დასკვნების წყებას, მაგრამ ეს ვარაუდი ჯერ კიდევ ვერ ჩაითვლება მტკიცებულებად“.

მოსწავლეთა პასუხები ის განსაკუთრებული, უნიკალური შემოქმედებითი პროდუქტებია, რომლებიც ევრისტიკული დიალოგის გზით იქნა მიღებული, თანაც ისე, რომ დისტანცია მოსწავლე-მასწავლებელს შორის სრულებით არ ქცეულა ინფორმაციის წვდომისთვის ხელის შემშლელ ფაქტორად.

 

მაგალითი 3: დაწყებითი საფეხური. თემა – „ზმნის ფორმები“. მოსამზადებელი სამუშაოს შემდეგ მასწავლებელმა მოსწავლეებს მიუთითა წინასწარ მომზადებულ სქემაზე და შესთავაზა, განესაზღვრათ გრამატიკული ნიშანი, რომლის მიხედვითაც გაარჩევდნენ ზმნებს შეთავაზებული ორი სვეტიდან.

I ეტაპზე მოსწავლეებს გაუჭირდათ დავალების შესრულება, მაგრამ მერე იპოვეს მათთვის ცნობილი ინფორმაცია (ზმნის ნიშნები) და მის საფუძველზე გამოთქვეს ვარაუდები, თუმცა მალევე მიხვდნენ, რომ წინარე ცოდნა ამ ვითარებაში ნაკლებად გამოადგებოდათ. ერთ-ერთმა განაცხადა, რომ გრამატიკული განსხვავება აქ საერთოდ არ იყო, თუმცა მისი აზრი კლასმა არ გაიზიარა. მეორემ გამოთქვა აზრი რომელიღაც უცნობი ნიშნის „ზედმეტობის“ შესახებ, რომლის განხილვის დროსაც გამოიკვეთა მიზანი – ამ ახალი გრამატიკული ნიშნის პოვნა.

II ეტაპზე მასწავლებელმა მოსწავლეებს ძიება დააწყებინა ორი დაუმთავრებელი წინადადებით: „მე დიდხანს … მარკებს“ და „მე … ყველა მარკა“. მასწავლებელმა მოსწავლეებს შესთავაზა, ჩაესვათ ზმნა შესაფერის ფორმაში.

მათ ადვილად შეასრულეს ეს დავალება, მაგრამ განსხვავების პოვნა ამ ორს შორის ვერ მოახერხეს.

III ეტაპზე მასწავლებელმა სხვა ხერხს მიმართა – მოსწავლეებს შესთავაზა, წაეკითხათ პატარა მოთხრობა: „დედამ სამსახურიდან შვილებს დაურეკა და ჰკითხა, საქმე როგორ არისო? ერთმა უპასუხა, მე ვსწავლობდი გაკვეთილებს, ვასრულებდი დავალებას, ვემზადებოდი კარნახისთვის, ოთახის დალაგებისა და იატაკის დასუფთავებისთვისო; მეორემ – მე ვისწავლე გაკვეთილები, ამოვხსენი ამოცანები, მოვემზადე კარნახისთვის, დავალაგე ოთახი და იატაკიც დავასუფთავეო“.

მოთხრობის წაკითხვის შემდეგ მასწავლებელმა იკითხა: „როგორ ფიქრობთ, რომელ შემთხვევაში შეუძლია დედას, იყოს მშვიდად და რატომ?“

პასუხი: „მოთხრობის იმ ნაწილის გათვალისწინებით, როცა მეორე შვილმა დაასრულა სამუშაო, ადვილია განსხვავების პოვნა იმ სიტყვებს შორის, რომლებიც სინამდვილეში წარმოადგენს პირველ შემთხვევაში მოცემული დაუმთავრებელი მოქმედების აღმნიშვნელ ზმნებს“. ამით მოსწავლეები დაეუფლნენ ცნებების – „ზმნის დასრულებული და დაუსრულებელი ფორმები“ – განმსაზღვრელ აზრს და დიალოგური ფორმით მუშაობისას შექმნეს შემოქმედებითი პროდუქტიც – საკუთარი არგუმენტები, შეკითხვები, პასუხები და შეიძინეს ახალი ცოდნაც (იმისთვის, რომ მიღებული ცოდნა უფრო სრულყოფილი იყოს, მასწავლებელს შეუძლია მოიყვანოს დამატებითი მაგალითები და მეტი თვალსაჩინოებისთვის შესთავაზოს მოსწავლეებს ცხრილის, ტაბულის, სქემის აგება, რასაც დისტანციური მუშაობის რეჟიმში ადვილად დაძლევენ ეკრანის გაზიარების გზით).

 

ევრისტიკული მეთოდის მოდელირება დიალოგის ფორმით ამაღლებს მოსწავლის მოტივაციას დამოუკიდებელი შემოქმედებითი მუშაობისთვის, ხელს უწყობს თვითკონტროლს და უნარების განვითარებას, ცოდნის აქტუალიზაციას. მუშაობისას მოსწავლე და მასწავლებელი თანაბრად ერთვებიან სასწავლო პროცესში და სწორი კომუნიკაციური კავშირის გზით საინტერესო შედეგამდე მიდიან.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი