ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ჯადობაზობა

წიგნიცაა და წიგნიც. აი, ეს შეგიძლიათ ნებისმიერ ადგილას გადაშალოთ, დამშეულ თვალს სათავისო მიაგებოთ და მერე, სანამ კითხვას შეწყვეტდეთ, ერთი გვარი და ერთი მუსიკალური კომპოზიციის სახელწოდება მაინც დაიმახსოვროთ – რომლებიც ბოლოს ახსენა ავტორმა. ან დასაწყისში – რა მნიშვნელობა აქვს? და მოძებნასა და მოსმენას წინ რაღა უდგას? სიხარულია – მაშინ უფრო, როცა არაერთხელ მოსმენილს, წლების წინ ყურშეჩვეულს გადააწყდებით.

ზურაბ ქარუმიძის „ჯაზის ცხოვრებას“ ვგულისხმობ, ხელის გაწვდენაზე რომ მიდევს, ლურჯი ქაღალდის სახელდახელო სანიშნებით გამოვსებული.

როგორ კარგად მახსოვს ის დრო, ჯაზი რომ უცხო იყო, ძალიან უცხო და შესაფერისი განწყობა, ყურადღების მოკრება, სხვა ყველაფრისგან გათავისუფლება მჭირდებოდა თუნდაც მცირე ხნით მის მოსასმენად. ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ ამ ტყეში შევაბიჯებდი, სასეირნო ადგილებს არ დავჯერდებოდი და სიღრმისაკენ გავწევდი.

ახალი, შეუსწავლელი ვირუსი, შეცვლილი ცხოვრება, გადაკარგული მეგობრები, რომლების ნახვის იმედიც გადამეწურა, წაკითხული წიგნების თავიდან წაკითხვის არცთუ უხიფათო ჩვევა, ჩუმი შეშლილობა, რომელიც ნელ-ნელა მომწონდა კიდეც – ეს ხომ იყო და ერთი ჯგუფი ვიპოვე, კლასიკური ჯაზის მოყვარულების. მხოლოდ 1920-35 წლების მუსიკას უსმენდნენ, ამ დროს შექმნილ-ჩაწერილს. ბიქს ბაიდერბეკი. დიუკ ელინგტონი. ფლეტჩერ ჰენდერსონი. ამიყოლიეს. ავყევი და მივხვდი, რომ კარგად ვარ, რომ სხვა აღარაფრის მოსმენა მინდა და თუ გული საკუნისწინანდელი სიხარულით ფეთქავს, სიცოცხლისკენაც მობრუნებულა.

მერე მეგობრის შვილმა ეს წიგნი მირჩია – ზურაბ ქარუმიძის ეს კარგი წიგნი, რომელიც გამოსაჩენ ადგილას უნდა იდოს მუსიკის მასწავლებლის მაგიდაზე. და, ცხადია, არა მხოლოდ მის მაგიდაზე. კენ ბერნსის დოკუმენტურ სერიალს „ჯაზი“ (2001) კი თვითონ გადავაწყდი – ათ ნაწილად გაყოფილი ფილმია ძველი ფოტოებით, ძვირფასი ჩანაწერებით, თავბრუდამხვევი ისტორიებით.

ჯადობაზობა, ჯადობაზები – სიტყვები, რომლებიც „ჯაზის ცხოვრების“ კითხვისას სულ თავში მიტრიალებდა, ავტორისაგან სწორად, ყურადღებით შერჩეული უნდა იყოს. მაშ, ვინ არიან ეს ადამიანები, შესაძლებლის საზღვრებს რომ არ სცნობენ? მაშ, რა ჰქვია მათ ხელობასა და ხელოვნებას, ფეხქვეშ რომ მიწას გაცლის და სადღაც შორს უწონო ქაღალდივით მიგაფრიალებს? არტ-ტეიტუმზე წერს, ოსტატობის მწვერვალს რომ მიაღწია, ისე უკრავდა, გეგონებოდა, ოთხი ხელი აბიაო. მაილზ დეივისზე კი ნათქვამი აქვს: „ბგერა განუმეორებელი ჰქონდა – მოუხეშავი და იმავდროულად ბუნებრივი, როგორც სუნთქვა, დიახ – მაილზი კი არ უკრავდა, არამედ სუნთქავდა საყვირით“.

ზემოთ მუსიკის მასწავლებელი ვახსენე. მთელ წიგნს თუ არ წაიკითხავს, ჩარლი პარკერის ამბები მაინც გადაიკითხოს – საყურადღებო და ჩასაღრმავებელი. ერთს აქვე ამოვწერ: „ჩარლის მოსიყვარულე დედა ზრდიდა, შვილზე გადაგებული და მისი ახირებების დამყოლი. თერთმეტი წლისას დანაზოგი გროშებით საქსოფონი უყიდა – ეგებ მუსიკამ სწორ გზაზე დააყენოსო. ჩარლიმ ერთხანს კი „ითამაშა“ იმ საქსოფონით, მაგრამ მალე მობეზრდა და მეზობელს ათხოვა, ისე, რომ რამდენიმე წელი არც გახსენებია. სკოლაშიც უვარგისი იყო, კლასიდან კლასში ძლივს გადაჰყავდათ. თუმცა გამოხდა ხანი და ისევ მუსიკის ჟინმა სძლია – ის თავისი განათხოვრებული საქსოფონი დაიბრუნა და დღის უმეტეს ნაწილს თავისებურ მუსიკალურ ეკზერსისებში ატარებდა. ღამღამობით კი კანზას-სიტის ბარებსა და კლუბებში დაყიალობდა“.

ელა ფიცჯერალდი – თვალი რამე შორეულ წერტილს გაუშტერეთ, წამით გაიხსენეთ, რა ქალი იყო, რა მომღერალი და მერე წაიკითხეთ: „ვოკალური დიაპაზონის სიფართოვესთან ერთად იგი დიდებულ ჟანრობრივ დიაპაზონსაც ფლობდა – ბოსა-ნოვასაც და „ბიტლზის“ სიმღერებსაც ისევე გაართვა თავი, როგორც მანამდე სუინგსა და ბიბოპს, სასცენო მანერები კი ერთობ სადა ჰქონდა – ეს გოროზი ქალი ზოგჯერ იდგა და რაღაცნაირად შებოჭილი მღეროდა, როგორც რომ ბაპტისტური საეკლესიო გუნდის სოლისტი, პირველად რომ გამოდის საკვირაო წირვაზე, ან კიდევ – როგორც რომ სკოლის მოწაფე გოგო, თავისზე ლამაზ ბიჭს სიყვარული რომ უნდა გაუმხილოს“.

რა აღარ მოვნიშნე წიგნის კითხვის დროს, მოყოლით კი, აბა, რას მოვყევი… ის ჯობია, თვითონ ნახოთ და ჯაზის ტყეშიც გაბედულად შეაბიჯოთ. ალაგ-ალაგ გაუვალიცაა, სახიფათოდ ჩაბნელებულიც, უცნაური არსებებით დასახლებულიც, მაგრამ რა ხმები ისმის, რა სიცოცხლეა!

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი