ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ბოლო ზარი შინდისში

მახსოვს ტყვიისფერი ცა. ჰაერი _ გაჭიმული ატლასი _ ჩრდილების ამრეკლი. ამ ჩრდილებში გვირილები და მიხაკები ჩავაწყვეთ. კიდევ, ვარდები. 17 საფლავი მოირთო ტყვიისფერი ცის ქვეშ.

შიდა ქართლში, გორის რაიონის სოფელ შინდისში, რკინიგზის ძველ სადგურთან ახლა გმირთა მემორიალი და მათი სულების სახელზე აგებული ტაძარი დგას. იმ დღეს, რომელზეც ვყვები, მხოლოდ მემორიალი დაგვხვდა, ჯერ ტაძარი არც იყო აგებული და მემორიალიც _ საფლავის ქვებისა და იმ ტრაგიკული დღისგან „სახსოვრად“ შემორჩენილი ნივთებისგან შედგებოდა. თითოეული ნივთი თავისი ისტორიის ჟანგით ყვებოდა ამბავს დიდ გმირობასა და ღირსებაზე და ჩვენ ვეხებოდით მათ, ვხედავდით უკვდავების ამ სევდიან ილუსტრაციას.

2008 წლის აგვისტოს ომიდან მხოლოდ ორი წელი იყო გასული. მაისი იდგა და იმ დღეს სკოლებში ბოლო ზარი დაირეკა. თბილისიდან სხვადასხვა სკოლის მეთორმეტეკლასელების თავაწყვეტილი ჟრიამულიც გამოვიყოლეთ _ დაქროდნენ ქუჩებში თეთრ-პერანგაჭრელებულები, აჟივჟივებულები, აჭყვიტინებდნენ ფერად საყვირებს _ თითქოს მომავალს აძლევდნენ სიგნალს, გაბმულად და თავაწყვეტით, და მომავალიც გამოდიოდა შიშის ბურუსიდან (რადგან მასზე ყოველთვის მოქმედებს ასეთი შეძახილები!)… იმ დღეს, მხოლოდ ერთ სკოლაში „ჩატარდა“ ყველაზე განსხვავებული, უცნაური ბოლო ზარი, როგორსაც ალბათ მანამდე ვერც ის მოსწავლეები წარმოიდგენდნენ და როგორის წარმოდგენა ახლაც გაუჭირდება ყველას, ვისთვისაც ეს დღე მხოლოდ მხიარულებასთან, დროსტარებასთან, ლხენა-ყიჟინასთან ასოცირდება.

154-ე სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, მანანა კიკნაძემ, 2010 წლის 15 მაისს თავის მეთორმეტეკლასელებს ერთ ავტობუსში მოუყარა თავი. ავტობუსი შინდისისკენ დაიძრა.

შინდისის ბრძოლის შესახებ, დაწვრილებით, მე პირადად სწორედ იმ დღეს შევიტყვე. მერგო პატივი, ჩემს მეგობარ პოეტებთან _ მარიამ წიკლაურთან და მარიამ ხუცურაულთან ერთად ამ ბოლო ზარის მონაწილე ვყოფილიყავი. 2008 წლის 11 აგვისტოს, როცა უკვე დასრულებული იყო საომარი მოქმედებები და გამოცხადებული იყო ე.წ. „კორიდორი“, სენაკის მეორე ბრიგადის საშტაბო ასეული რუსული არმიის ჩასაფრებაში მოყვა. უთანასწორო ბრძოლაში დაიღუპა 17 ქართველი მებრძოლი. 5 მეომრის გადარჩენა ადგილობრივმა შინდისელებმა შეძლეს.

ამ ისტორიას ბევრი გმირი ჰყავს _ ჯარისკაცებიც და ადგილობრივებიც. ლეგენდად ჰყვებიან ამბავს იმაზე, თუ როგორ გაუმკლავდა 22 მეომარი 500-კაციან რუსულ არმიას, როგორ ებრძოდნენ ავტომატების ამარა დარჩენილი ქართველები ტანკებით და ბეტეერებით აღჭურვილ მტერს… რამდენიმე დაჭრილმა სადგურთან მდებარე შენობის ნანგრევს შეაფარა თავი და მათაც გარდაუვალი სიკვდილი ელოდათ, რომ არა ერთ-ერთი ჯარისკაცის _ ალეკო ონიანის თავდადება: მუხლებში სასიკვდილოდ დაჭრილი ნათლულის, რომან ზოიძის თავი ედო ალეკოს, თანამებრძოლებს გასძახა თურმე _ მტერს ცოცხალი არცერთი არ ჩავბარდებითო, მერე „მამაო ჩვენო“-ს ლოცვა დაიწყო და ყუმბარას თავი წააცალა… მტრის თვალწინ აიფეთქა ალეკო ონიანმა თავი. ომის დაუწერელი კანონის თანახმად კი, როცა ერთ-ერთი მხრიდან ვინმე ასეთ თავგანწირვაზე მიდის, მეორე მხარე დროებით წყვეტს შეტაკებას, რადგან მსგავსი ქმედების განმეორების დიდი რისკია…

ასე მისცა ქართველმა ჯარისკაცმა დრო შინდისელ მოსახლეობას, დაჭრილები სამშვიდობოს გაეყვანათ.

როცა 11 აგვისტოს ერთ-ერთ გმირს _ შინდისელ ბადრი (ახმეტა) ხუციშვილს ეკითხებიან, არ გეშინოდა, იმ სასაკლაოდან მეომრები რომ გამოგყავდაო? ახმეტა (ამ სახელით იცნობს მას დღეს მთელი საქართველო) გაკვირვებით პასუხობს: იმ დროს ვერც შიშს ვგრძნობდი და ვერც ვერაფერს, მხოლოდ იმას ვაკეთებდი, რასაც გული მკარნახობდაო. გულის კარნახით, რამდენიმე თანასოფლელის დახმარებით, გაარიდა ცეცხლწაკიდებულ ბრძოლის ველს 5 დაჭრილი. მეომრები შინდისელებმა მალულად და სიცოცხლის რისკის ფასად შეიფარეს, მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ, საპატრიარქოდან წარგზავნილი სასულიერო პირების დახმარებით გახდა შესაძლებელი დაჭრილების თბილისში გადმოყვანა.

სასულიერო პირების ძალისხმევითვე დაუბრუნეს ოჯახებს იმ მეომართა ცხედრებისგან დარჩენილი ფერფლი და ძვლები, რომლებიც 11 აგვისტოს ბრძოლაში ჩაწვნენ. ერთი შინდისელი ყვებოდა: შაოსანი ქალი იდგა სადგურზე, დამწვარ მანქანასთან, დიდხანს იდგა და ტიროდა, მერე გამოაღო კარი და მუჭით გამოჰქონდა ფერფლი, ჩანთაში იყრიდა და ამბობდა _ ეს ჩემი შვილია, ეს ჩემი შვილიაო…

ახმეტა ხუციშვილი პროფესიით ელექტრიკოსია. ომამდეც და მერეც თავის საქმეს ერთგულად ემსახურება. ერთგულება მისი პიროვნული ბეჭედია. მან დაჭრილ მეომრებსაც უერთგულა და გარდაცვლილებსაც. ყველა ბოლო გზამდე გააცილა _ ამ სოფელშიც და მიღმა სოფელშიც. აგვისტოს იმ ტრაგიკული დღეების ბუქი რომ გადაიწმინდა, თავის სამუშაო ადგილას, დენის გადაჭრილი მილებისგან ჯვარი შეკრა და ბრძოლის ველზე დაამაგრა. ეს პირველი ნიშანი იყო. ახმეტამ მოაგროვა ასევე იმ დღის ნივთიერი ანაბეჭდები _ დაცხრილული „ბათინკები“, ჩაჩქანები, ტყვიები… ასე შეიქმნა შინდისის მემორიალი, რომელიც ყოველწლიურად უფრო მეტად თვალსაჩინოვდება. სულ მალე კი, თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, იქ შინდისის ბრძოლის ამსახველი მუზეუმიც გაჩნდება.

17 გარდაცვლილ ჯარისკაცს შორის ერთს, 22 წლის მიხეილ დვალიშვილს, ჯიბეში ლექსი უპოვეს. ამ ლექსმა შინდისის ისტორიას ახალი ფერი მისცა, ახალ ძალად გახმაურდა. ის იყო საბაბი, პირველწყარო რეჟისორის _ ედმონდ მინაშვილისთვის, რათა შინდისის ბრძოლის ამბავს გულდაგულ მიჰყოლოდა და ის მთელი საქართველოსთვის გაეცნო. ედმონდმა ახმეტა აღმოაჩინა, ახმეტამ და დანარჩენმა შინდისელებმა ყველაფერი უამბეს, _ ასე გაჩნდა, თავდაპირველად, დოკუმენტური, მერე კი მხატვრული ფილმის იდეა. ცოტა ხნის წინ ფილმ „შინდისის“ სატელევიზიო პრემიერაც შედგა. ამ ფილმმა არაერთი საერთაშორისო პრიზი მოიპოვა და დღეს შინდისის გმირების შესახებ საქართველოს გარეთაც იციან…

2010 წლის 15 მაისის „ბოლო ზარს“ ედმონდიც ესწრებოდა. მისი დიდი დამსახურებაა, რომ ჩვენი უახლესი წარსულის ამ ამბავმა მთელი ქვეყანა აალაპარაკა და ჩვენი თვალი და გული შინდისისკენ მიაპყრო.

„ტრადიციული ბანკეტისა და „ბოლო ზარის“ მიღმა, ქართველ ახალგაზრდას ცხოვრების გზაზე გასასვლელად სხვა „ხიდიც“ სჭირდება. სამშობლოს სიყვარული გმირების უკვდავყოფით უნდა იწყებოდეს“ _ ეს იყო მანანა მასწავლებლის ჩანაფიქრის იდეაც და მიზანიც.

გაკვეთილი უჩვეულოც იყო და „ჩვეულებრივიც“ _ ყველაფერი სიის ამოკითხვით დაიწყო. სიაში 17 ჯარისკაცის გვარ-სახელი მოხვდა. პასუხი _ „ვარ!“ _ მათ მაგივრად, 154-ე სკოლის მოსწავლეებმა გასცეს.

ოდნავ მოშორებით, ჯერკიდევ ნაომარი მიწის მტვერში ჩაკარგული ლიანდაგები კი მისდევდნენ გზას, რომელიც სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის გადო განგებამ.

მას შემდეგ ხშირად მიფიქრია მაგ დღეზე. რა იყო ეს? მასწავლებლის აქცია-პერფორმანსი? ცხოვრების გაკვეთილი? ალქიმია?.. მანანა კიკნაძემ ამ აქტით რაღაც უმნიშვნელოვანესი ჩაიდინა _ დიდი გამბედაობის, შესაძლოა რისკის ფასადაც, მოსწავლეებს „ბოლო ზარის ხიბლი“ გამოსტაცა და სულ სხვა, ყველაზე მტკივნეული მხრიდან შეახედა ცხოვრებას; იმ ზღვართან მიიყვანა, სადაც დიდი შეკითხვები და დიდი პასუხების მოლოდინია ხოლმე; სადაც იოლი არაფერია, თუმცა ეს შიშიც _ ცხოვრების, მომავლის შიში _ იმ გმირულად დაღუპული მეომრების სისხლის ფასადაა გამოსყიდული.

მას შემდეგ სულ მინდა, ამ „გაკვეთილზე“ ან დავწერო რამე, ან ვინმეს ვუამბო, მაგრამ ესაც რთულია, ძალიან რთული, რადგან მკითხველშიც და მსმენელშიც თავდაპირველი ემოციის დასაბადებლად, სიტყვასთან ერთად, კიდევ რაღაც აქტია საჭირო. რაღაც ქმედება, მოძრაობა, რომელშიც აი ის გმირობა და ღირსებაა არეკლილი, შინდისის ისტორიის შინაარსი, იმ ბოლო გაკვეთილის შინაარსი…

მე ველოდები ამ ძალას ჩემში. ის ბიჭები, შინდისელები, თავიანთი საქციელით, მუდმივად გვაიძულებენ _ ეს ძალა ყველამ ჩვენს თავში ვიპოვოთ. სხვაგვარად სიცოცხლე სადღაც, ლიანდაგებს შუა ჩაიხერგება.

სხვაგვარად, ფასს დაკარგავს სიცოცხლე.

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი