ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვის განვითარების ასაკობრივ-ფსიქოლოგიური  თავისებურებები

ვფიქრობ, დღეს ყველა თანხმდება, რომ ბავშვის ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინება აუცილებელია, როგორც სასწავლო პროცესში, ასევე სახელმძღვანელოების, სასწავლო გეგმების შედგენისას და, ზოგადად, ნებისმიერ სიტუაციაში ბავშვთან ურთიერთობისას. არცთუ იშვიათია შემთხვევები, როდესაც უფროსი – მასწავლებელი ან მშობელი რაღაცას უხსნის ბავშვს, ის ვერ იგებს, დაბნეულობა აღებეჭდება სახეზე, უფროსი კი ბრაზობს და  გაოცებას ვერ მალავს: „რა უნდა ამის გაგებას, ეს ხომ ასეთი მარტივია?!“.

 

ჩვენთვის შეიძლება ეს მართლაც ადვილად აღსაქმელი და გასაგები იყოს, მაგრამ ბავშვის აღქმა, აზროვნება, ყურადღება და სხვა ფსიქიკური პროცესები ხომ სრულიად განსხვავდება ზრდასრული ადამიანის ფსიქიკური პროცესებისგან. სწორედ ამიტომ, თუ გვინდა გავუგოთ ბავშვს და ავხსნათ მისი ქცევა, აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, თუ რა ასაკობრივ-ფსიქოლოგიური თავისებურებებით ხასიათდება ბავშვი, რომელთანაც ჩვენ გვაქვს ურთიერთობა. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ სასკოლო პერიოდში ბავშვთან ურთიერთობისას აღმოცენებული პრობლემების დაძლევის ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებას ბავშვის ასაკობრივ-ფსიქოლოგიური თავისებურებების გათვალისწინება წარმოადგენს. ეს განსაკუთრებით საჭიროა დაწყებით სასკოლო პერიოდში, ვინაიდან ამ დროს ჩამოყალიბებული განწყობა-დამოკიდებულებები სკოლისა და სასწავლო პროცესის მიმართ ბავშვს მთელი სასკოლო პერიოდის განმავლობაში მიჰყვება. ძალიან ხშირად პედაგოგების მცდელობა, მოახდინონ კორექცია საშუალო და უფროსი სასკოლო ასაკის ბავშვის დამოკიდებულებაში სწავლის მიმართ, უშედეგოდ მთავრდება. ამასთან ერთად, დაწყებითი კლასების მასწავლებელი, ბავშვის ასაკობრივ-ფსიქოლოგიური თავისებურებებიდან გამომდინარე, აღსაზრდელზე ზემოქმედების უდიდესი შესაძლებლობების მატარებელია. თუმცა, ამ შესაძლებლობების რეალიზება მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ პედაგოგი ბავშვთან ურთიერთობისას გაითვალისწინებს მის განვითარებაში მომხდარ ცვლილებებს. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ სასწავლო პროცესში აღმოცენებული პრობლემების დასაძლევად კარგად უნდა ვერკვეოდეთ და ვითვალისწინებდეთ არა მხოლოდ ინტელექტუალურ, არამედ ფიზიკურ და პიროვნულ განვითარებაში დაფიქსირებულ ცვლილებებს:

ფიზიკური, ანუ ბიოლოგიური განვითარება

  • ამ პერიოდში მიმდინარეობს ბავშვის ორგანიზმის ინტენსიური ბიოლოგიური ზრდა-განვითარება;
  • მატულობს ნერვული პროცესების აქტივობა – აგზნება ჭარბობს შეკავებას, რის გამოც ბავშვი ხასიათდება მომატებული ემოციური აგზნებადობითა და მოუსვენრობით;
  • მსხვილი კუნთების განვითარება უსწრებს წვრილი კუნთების განვითარებას, რის გამოც ბავშვს უჭირს ნატიფი, დახვეწილი მოძრაობების შესრულება, რომელთა განხორციელებაც სიზუსტეს მოითხოვს. თუ ამ გარემოებას გავითვალისწინებთ, გასაგები გახდება, რატომ უძნელდება უმცროსკლასელს წერითი სამუშაოების შესრულება, რატომ არ შეუძლია სწრაფად და დიდხანს წერა. ამიტომ, უნდა ვერიდოთ უმცროსი ასაკის მოსწავლეთა წერითი სამუშაოებით გადატვირთვას და მით უმეტეს ცუდად შესრულებული დავალების ხელმეორედ შესრულების მოთხოვნისაგან თავი უნდა შევიკავოთ, რადგანაც გამომდინარე იქიდან, რომ ბავშვს ხელი სწრაფად ეღლება, შესრულებული დავალების გადაწერა გაუმჯობესების ნაცვლად, პირიქით – აუარესებს შედეგებს.
  • ზრდის პროცესი არათანაბრად მიმდინარეობს – გული არ იზრდება სხეულის პროპორციულად, ამიტომ, ბავშვს არ შეუძლია დიდხანს იყოს დაკავებული დაძაბული ფიზიკური აქტივობით.

კოგნიტური, შემეცნებითი პროცესების განვითარება

  • აღქმა – უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვის აღქმა არასაკმარისად დანაწევრებულია, ამიტომ ის ხშირად ურევს მსგავსი მოხაზულობის ასოებსა და ციფრებს; ვერ ცნობს ფიგურას, თუ მას სივრცეში მდებარეობას შევუცვლით. ბავშვი აღიქვამს საგნის მთლიან გამოსახულებას და ვერ ხედავს მის ელემენტებს. საგანში ამჩნევს არა მთავარს, მნიშვნელოვანს, არამედ საგნის თვალშისაცემ თვისებებს (ფერი, ფორმა, ზომა). ყოველივე აღნიშნული აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, როდესაც პატარებს რაიმე სასწავლო მასალას ვაწვდით აღსაქმელად;
  • ყურადღება – უმცროსი სასკოლო ასაკისთვის დამახასიათებელია სუსტად განვითარებული ნებისმიერი ყურადღება. ბავშვს უჭირს ყურადღების მართვა; სამაგიეროდ, კარგად აქვს განვითარებული უნებლიე ყურადღება – ყველაფერი ახალი, მოულოდნელი, საინტერესო, ნათელი იქცევს ბავშვის ყურადღებას. მან შეიძლება არ შეაჩეროს ყურადღება არსებით დეტალებზე სასწავლო მასალაში და პირიქით, ყურადღება გაამახვილოს არაარსებითზე, რადგანაც სწორედ მათ მიიქციეს მისი ყურადღება. ამ ასაკში ბავშვის ყურადღებას აკლია ასევე სიმტკიცე – ყურადღების ხანგრძლივი წარმართვა ერთი და იმავე მიმართულებით, ერთსა და იმავე ობიექტზე;
  • მეხსიერება – უმცროს სასკოლო ასაკში მეხსიერება ატარებს უნებლიე ხასიათს – ბავშვს ჯერ კიდევ კარგად არა აქვს განვითარებული დასამახსოვრებელი მასალის გააზრების უნარი. მეხსიერების წამყვანი ფორმებია ემოციური და თვალსაჩინო-ხატოვანი მეხსიერება. ბავშვები უფრო ადვილად და კარგად იმახსოვრებენ თვალშისაცემ, ნათელ და საინტერესო მასალას, რომელმაც მათზე ემოციური ზეგავლენა მოახდინა; ასევე კონკრეტულ საგნებს, მოვლენებს, სახეებს, ვიდრე განმარტებას, აღწერას, ახსნას;
  • აზროვნება – უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვის აზროვნება თვალსაჩინო-ხატოვანია. მას უჭირს სიტყვიერად გამოთქმული აზრის გაგება, თუ ამ აზრს თვალსაჩინო საყრდენი არ გააჩნია. ამიტომ, ამ პერიოდში სწავლება ეფექტურია მაშინ, როცა აზროვნება ეფუძნება თვალსაჩინო ხატებს. უმცროსკლასელებს უჭირთ საგნებსა და მოვლენებს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დამყარება, ამიტომ სწავლების პროცესში მივაჩვიოთ ისინი საგანთა, მოვლენათა სისტემატურ ანალიზსა და სინთეზს, გავუცნობიეროთ მათ მოვლენათა შორის შინაგანი კავშირი და დავეხმაროთ, რომ განასხვაონ ისინი გარეგნული კავშირისაგან;
  • მეტყველება – უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვის მეტყველების განვითარება მჭიდროდაა დაკავშირებული აზროვნების განვითარებასთან. მარტივი წინადადებებიდან ის გადადის რთული თანწყობილი და ქვეწყობილი წინადადებების გამოყენებაზე, წინადადებების ფორმულირებისას იყენებს კავშირებს – „იმიტომ“, „რომ“, „თუ“, „იმისთვის“ და ა.შ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ამ ასაკში ბავშვებს ზეპირი მეტყველება უკეთესად აქვთ განვითარებული, ვიდრე წერითი. წერის დროს ისინი, როგორც წესი, მოკლე წინადადებებს იყენებენ, მაშინ, როდესაც ზეპირი მეტყველებისას სათქმელს ბევრად უფრო გრძელი წინადადებებით გადმოსცემენ.

სოციალური, ანუ პიროვნული განვითარება

უმცროს სასკოლო პერიოდში ბავშვის სასწავლო წარმატებები დამოკიდებულია არა მხოლოდ ფიზიკური და ინტელექტუალური განვითარების გარკვეულ დონეზე, არამედ იმაზეც, თუ როგორია მისი სოციალური, პიროვნული განვითარების დონე. თუ ბავშვი პიროვნულად, სოციალურად მზად არის სასკოლო სწავლისათვის, მას უნდა შეეძლოს, სასწავლო სიტუაციაში თავის თავზე აიღოს მოსწავლის სოციალური როლი, დაექვემდებაროს სკოლის წესებს, მიიღოს და განახორციელოს სკოლიდან მომდინარე ამოცანები. მომწიფებული უნდა იყოს იმ სოციალურ ურთიერთობებში ჩართვისათვის, რომელიც გაკვეთილის მიმდინარეობის პროცესში მყარდება. ამასთან, უნდა შეეძლოს ანგარიში გაუწიოს ჯგუფის ინტერესებს და გაითვალისწინოს ჯგუფში მიღებული წესები. პიროვნული განვითარებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს ნებისყოფის განვითარებას. თუ სკოლამდელ პერიოდში ბავშვი მიჩვეული იყო საკუთარი თავისადმი კონტროლის გაწევის გარეშე მოძრაობას, ლაპარაკს, გრძნობათა გამოვლენას, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე გამოხატავდა თავის სურვილებსა და მისწრაფებებს, სასკოლო გარემო მას ავალდებულებს კონტროლი გაუწიოს ყველა თავის მოქმედებას, თავი შეიკავოს ზედმეტი მოძრაობისა და უადგილო სიტყვიერი რეაქციებისაგან, შეასრულოს უფროსების მოთხოვნები   და დავალებები მაშინაც კი, როცა ამის სურვილი არა აქვს. ყოველივე აღნიშნული ნებისყოფის განვითარების გარკვეულ დონეს საჭიროებს. ამდენად, კარგი ფიზიკური და ინტელექტუალური განვითარების პირობებშიც კი, თუ ბავშვი პიროვნულად, სოციალურად არ არის საკმარისად განვითარებული, ის სერიოზული პრობლემებისა და სირთულეების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე უმცროს სასკოლო ასაკში სასწავლო პროცესის წარმატებულად და ეფექტიანად წარმართვის უზრუნველსაყოფად გავითვალისწინოთ ამ ასაკისთვის დამახასიათებელი ასაკობრივ-ფსიქოლოგიური თავისებურებები და ნუ მოვთხოვთ ბავშვს იმაზე მეტს, რაც მას თავისი ასაკიდან გამომდინარე შეუძლია და თუ რომელიმე ასპექტით ამა თუ იმ მიზეზის გამო ჩამორჩება განვითარებაში და ისე ვერ ასრულებს დავალებებს, როგორც ჩვენ ვისურვებდით, საყვედურების და გაკიცხვის ნაცვლად დავეხმაროთ  და ხელი შევუწყოთ მის შემდგომ განვითარებას.

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი