ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

ომი და მშვიდობა

სათაურმა
ალბათ ლევ ტოლსტოის ცნობილი ნაწარმოები მოგაგონათ… ეს ორი სიტყვა ჩვენს ცნობიერებაში
ისე მჭიდროდ დაუკავშირდა ერთმანეთს, რომ ცალ-ცალკე იშვიათად თუ გამოვიყენებთ. ომის
დროს მშვიდობა გვენატრება, მშვიდობაა და ომს ვერ ვივიწყებთ – უკვე გადატანილს ან მომავალს,
რომელიც შეუძლია, ძლივსძლივობით მოპოვებული მშვიდობა ერთი ხელის მოსმით წარსულის გაუმაძღარ
სტომაქში გადაუძახოს.

ომისა
და მშვიდობის მჭიდრო კავშირი კი, ჩემი აზრით, სულაც არ არის ტოლსტოის დამსახურება;
უბრალოდ, ასეა მოწყობილი ჰომო საპიენსი – მოვლენებსა და საგნებს დიამეტრულად განსხვავებული
მდგომარეობებით აფასებს: “იყო უკუნი და იქმნა ნათელი”…

მინდა,
კიდევ ერთხელ დავუბრუნდე ტოლსტოის რომანს. თავდაპირველად მისი სათაური იყო
Война и мiръ“,
რაც “ომი და საზოგადოებას” ნიშნავდა. ანბანიდან “
i“-ს ამოღების
შემდეგ კი იგი “
Война
и мир
“-ად იქცა. დღევანდელ რუსულ ენაში სიტყვა
мир“-ს
ორი მნიშვნელობა აქვს: “მსოფლიო” და “მშვიდობა”. ჩვენი დიამეტრული
ცნობიერებისთვის მეორე უფრო მისაღები აღმოჩნდა და ასე იქცა “ომი და საზოგადოება”
“ომი და მშვიდობად”. სამწუხაროდ, ასეა – ჩვენთვის “ან ომია, ან მშვიდობა,
სხვა ალტერნატივა არ არსებობს”.

რა
ხდება ამ თვალსაზრისით მოლეკულათა სამყაროში? იქაც იგივე განწყობა სუფევს. უამრავი
მაგალითის მოყვანა შეიძლება. როგორ ვწერთ ბენზოლის მოლეკულას? ნიტროჯგუფს?

თითოეული
ფორმულა ე.წ. რეზონანსული ფორმით გამოისახება, რომელიც სხვადასხვა შესაძლო სტრუქტურას
შორის ზღვრულს წარმოადგენს. დიდი მეცნიერული კირკიტის შემდეგ კი იქნა დადგენილი მათი
რეალური სახე, მაგრამ თითოეულ მათგანზე ფიქრისას თვალი უპირატესად მაინც რომელიმე რეზონანსული
სტრუქტურისკენ გაგვირბის. წერითაც მათ უფრო ხშირად ვწერთ. ქიმიურ რეაქციებში ჯერ კიდევ
დომინირებს ე.წ. კეკულეს ბენზოლი. მიუხედავად იმისა, რომ
IUPAC (საერთაშორისო
კომისია, რომელიც ქიმიისა და ქიმიკოსთა ქცევისა და ეთიკის ნორმებს აწესებს) დიდი ხანია
ბენზოლის “თანამედროვე” ფორმის გამოყენებისკენ მოგვიწოდებს, ჩვენ ორგანულ
ჩვეულებას ვერ ვღალატობთ…

კიდევ
ერთი თვალსაჩინო მაგალითია ციკლოჰექსანის მოლეკულა. ბევრ სახელმძღვანელოში, არასასკოლოშიც
კი, ის წესიერი ექვსკუთხედის სახით გამოისახება. რეალურად კი ციკლოჰექსანის მოლეკულას
არაერთი ფორმა შეესაბამება. ზოგიერთი მათგანი ქვემოთ, დიაგრამაზეა წარმოდგენილი:

 

 

ციკლოჰექსანის
ყველაზე გავრცელებული ფორმები სავარძლისა და ნავის კონფორმერებია. კონფორმერია ქიმიაში
დინამიური იზომერიის სახეა. კონფორმერები, ასე ვთქვათ, მოლეკულის დროებითი შესვენების
მომენტია მუდმივად თავისთავადცვალებად მდგომარეობებს შორის. ამ მდგომარეობაში მოლეკულა
წამიერად ჩერდება, სულს ითქვამს და კვლავ აგრძელებს უფრო მოხერხებული შინაგანი ფორმის
ძიებას.

როგორც
უკვე აღვნიშნე, ყვალაზე ხშირად ციკლოჰექსანის სავარძლის ან ნავის კონფორმერებს ვახსენებთ.
პირველ მათგანში მოლეკულა ყველაზე სტაბილურია – მის ატომებს შორის დაშორება მაქსიმალურია,
შესაბამისად, ისიც მშვიდადაა. მეორე ფორმა კი ენერგეტიკულად უფრო დამუხტულია და მის
ერთგვარ ანტიპოდს წარმოადგენს. ამ ორ ფორმას შორის არსებობს უამრავი სხვა მდგომარეობა,
მაგრამ ისინი, როგორც წესი “არ გვახსოვს”. ჩვენ უკიდურესობები უფრო გვხიბლავს
და გვესმის. ამიტომ მიეცნენ დავიწყებას ცილოჰექსანის ტვისტ, ნახევარტვისტ, ნახევარსავრძლის
(ეს – რასაც მოვიცალეთ და სახელი დავარქვით) და უამრავი სხვა ფორმა, რომელშიც მოლეკულა
უფრო მეტ ხანს ატარებს და რომელზეც არის დამოკიდებული, საით წავა იგი – სავარძლის
(მშვიდი) თუ ნავის (აღგზნებული) კონფორმერისკენ…

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი