ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

შეკითხვები – სწავლების და საუბრის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი

შეკითხვები, მათი სწორად ფორმულირება, შერჩევა და გამოყენება სასწავლო პროცესის ეფექტიანად წარმართვის მნიშვნელოვანი წინაპირობა იყო ყოველთვის. თუმცა, შეკითხვების როლი და მნიშვნელობა განსაკუთრებით გაზრდილია დღეს, როდესაც პედაგოგებს ხშირად ვესაუბრებით მოსწავლეზე ორიენტირებულ სწავლებაზე, სწავლებაში კონსტრუქტივისტულ მიდგომებზე, ინტერაქტიური სწავლების უპირატესობაზე, მაღალი დონის სააზროვნო უნარების ჩამოყალიბების აუცილებლობაზე. გარდა ამისა, პედაგოგს ხშირად უწევს საუბარი მოზარდთან, მშობელთან, კოლეგასთან ბავშვთან დაკავშირებული ამა თუ იმ პრობლემის მოსაგვარებლად. გამომდინარე იქიდან, რომ შეკითხვა წარმოადგენს საუბრის ძირითად ელემენტს და თანამოსაუბრისაგან ინფორმაციის მიღების მთავარ საშუალებას, საუბრის ეფექტიანობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული იმაზე, საუბრის პროცესში რამდენად სწორად იქნება შერჩეული, ფორმულირებული და გამოყენებული შეკითხვები.

როგორც წესი, შეკითხვები გვეხმარება ახალი ინფორმაციის მიღებაში ან ჩვენს ხელთ უკვე არსებული ინფორმაციის დაზუსტებაში, ასევე საკუთარი აზრის, შეფასების, პოზიციის დემონსტრირებაში; თანამოსაუბრის ცნობიერებისა და ემოციების მომართვაში. ყოველივე ზემოაღნიშნულის გარდა, უფროსების – პედაგოგებისა და მშობლების მხრიდან შეკითხვების სწორად დასმა მოზარდებში შეკითხვების დასმის უნარის განვითარების კარგ საშუალებას წარმოადგენს. შეკითხვების დასმის უნარი კი, თავის მხრივ, ძალიან სასარგებლო და მნიშვნელოვანი უნარია. გამომდინარე იქიდან, რომ შეკითხვა შემეცნების ინსტრუმენტს წარმოადგენს, ბევრი პედაგოგი  მოსწავლეთა შემეცნებითი აქტივობის დონეს განსაზღვრავს იმის მიხედვით, თუ როგორ და რა შეკითხვებს სვამენ ისინი. დღეს ხშირად შეიძლება მოვისმინოთ საყვედურები მოზარდების მისამართით იმის გამო, რომ მათ უჭირთ შეკითხვების დასმა. მათ მიერ დასმული შეკითხვები, როგორც წესი, ძალიან მარტივია, პრიმიტიულია, ეფუძნება მხოლოდ ფაქტებს, იშვიათად სვამენ კარგად გააზრებულ და ფორმულირებულ შეკითხვებს. ამდენად, მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული უნარის განვითარებას სერიოზული ყურადღება დაეთმოს სწავლების პროცესში. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ადამიანი, რომელსაც აქვს შეკითხვების  დასმის უნარი, უკეთესად ორიენტირებს  გარემომცველ სამყაროში, ვიდრე ის, ვისაც ეს უნარი არ გააჩნია. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ბავშვები ადვილად სწავლობენ დაკვირვებით და უფროსების ქცევის მოდელირებას უპრობლემოდ ახდენენ, პედაგოგებისა და მშობლების მიერ შეკითხვების სწორად გამოყენება ბავშვთან ურთიერთობის პროცესში მათში შეკითხვების დასმის უნარის განვითარების ეფექტიან საშუალებად შეიძლება იქცეს.

როგორ დავსვათ შეკითხვები, რომ ხელი შევუწყოთ, ერთი მხრივ, შემეცნებითი უნარების  და, მეორე მხრივ, შეკითხვების დასმის უნარის განვითარებას ბავშვებში:

  • უპირველეს ყოვლისა, ბავშვისთვის დასმული შეკითხვა უნდა იყოს მოკლე, ნათელი, ცხადი; როდესაც შეკითხვა ერთ წინადადებაშია ჩატეული, მოზარდს ზედმეტ მინიშნებებს არ ვაძლევთ. ამასთან ერთად, მოკლე შეკითხვები ჩვეულებრივ უფრო გასაგებია და პრობლემის არსს უფრო ნათელს ხდის. შეკითხვის ფორმულირებისას შევეცადოთ აზრის კონცენტრირება მოვახდინოთ მოკლე ფრაზაში და დავიწყოთ კითხვითი სიტყვით;
  • შეკითხვების ფორმულირებისა და გამოყენების დროს ვიყოთ თანმიმდევრული. თუ შეკითხვებს ისე ავაგებთ, რომ თანმიმდევრულობა იქნება დაცული, განსახილველი საკითხის არსში გარკვევის კარგ პირობებს შევუქმნით მოზარდებს, რომლებსაც აღნიშნული შეკითხვებით მივმართავთ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დისკუსიის წარმართვის დროს. საწყისმა შეკითხვებმა დისკუსიის მონაწილეებში საკითხის განხილვის სურვილი უნდა აღძრას. შემდეგ ამას უნდა მოჰყვეს ისეთი შეკითხვები, რომლებიც გააღრმავებენ და შეავსებენ ძირითად შეკითხვას. დასკვნითმა შეკითხვებმა კი დისკუსიის შეჯამებაში უნდა გაგვიწიოს დახმარება. იმისათვის, რომ შევძლოთ სადისკუსიო საკითხის ეფექტიანად განხილვა, აუცილებელია წინასწარ მოვამზადოთ ძირითადი კითხვები, ყურადღებით მოვისმინოთ პასუხები და პერიოდულად განვაზოგადოთ გამოთქმული მოსაზრებები;  ყოველივე აღნიშნული საუბრის მონაწილეებს საშუალებას მისცემს, დამოუკიდებლად შეიძინონ ახალი ცოდნა;
  • შევეცადოთ მოვუსმინოთ და გავუგოთ მოზარდებს, როცა მათ შეკითხვებით მივმართავთ. შეკითხვის სწორად ფორმულირების გარდა, მოსმენას დიდი როლი ენიჭება საუბრის ეფექტიანად წარმართვაში. ცნობილია, რომ ადამიანები და განსაკუთრებით მოზარდები ძალიან არიან დამოკიდებული ჯგუფის აზრზე და იშვიათად ეწინააღმდეგებიან მას მაშინაც კი, თუ ის მათ წარმოდგენაში შეუსაბამობაშია საღ აზრთან და მათ პრინციპებთან. ამიტომ, თუ ჩვენ აუდიტორიას მივმართავთ შეკითხვით, გავითვალისწინოთ, რომ მაშინაც კი, თუ უმრავლესობა ერთ აზრს იზიარებს, ეს პასუხი არ უნდა მივიღოთ როგორც ყველაზე სწორი, მზად ვიყოთ ისეთი პასუხის, ისეთი თვალსაზრისის მოსასმენადაც, რომელიც ჯგუფის საერთო აზრისგან სრულიად განსხვავებული იქნება;
  • შეკითხვები ისე ჩამოვაყალიბოთ, რომ არ იყოს შთამაგონებელი, არ მოიცავდეს მზა პასუხს და თავს არ ვახვევდეთ ბავშვს ჩვენს აზრს. ასე მაგ. – „შენ ეს პერსონაჟი არ მოგწონს, შენ ასე არ მოიქცეოდი, ასე არ არის?“ – ამგვარად დასმული შეკითხვა ნამდვილად არ შეუწყობს ხელს ბავშვში დამოუკიდებელი აზროვნების უნარის განვითარებას და არ იქნება მისთვის კარგი მაგალითი, თუ როგორ უნდა დაისვას შეკითხვა;
  • გამოვიყენოთ უფრო მეტად ღია, შემოქმედებითი შეკითხვები, რომლებზეც შეიძლება ბავშვმა პასუხების სხვადასხვა ვარიანტი მოიფიქროს და რომლებიც დიალოგის გაგრძელების სურვილს აღძრავს მასში.

დაბოლოს, შეკითხვების დასმისას არ დავივიწყოთ კეთილგანწყობილი ტონი, ვიყოთ შემწყნარებელი, თუ ბავშვს უჭირს შეკითხვაზე პასუხის გაცემა, ან არასწორ პასუხს იძლევა. ნუ ვაქცევთ ამას ტრაგედიად, ბავშვს აქვს შეცდომის დაშვების უფლება, ის ხომ მოსწავლეა, სწავლობს. მან უნდა იცოდეს, რომ სწავლების პროცესში ის ბევრ სირთულეს შეხვდება და სწორედ იმიტომ სწავლობს, რომ ეს სირთულეები გადალახოს.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი