პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

შვილების საკითხავი წიგნები და გემრიელი კერძების მენიუ

“იყო და არა იყო რა, იყო ერთი დიდი, ძალიან დიდი ოჯახი: დედა, მამა და მათი რვა შვილი. ბავშვებს ერქვათ: მარენი, მარტინი, მარტა, მადსი, მონა, მილი, მინა და წრიპა მორტენი…” – ალბათ ყველას გახსოვთ ნორვეგიელი მწერლის ანე-კატარინე ვესტლის შესანიშნავი წიგნის – “დედა, მამა, რვა ბავშვი და საბარგო მანქანა” – დასაწყისი. ეს ჩემი უსაყვარლესი საბავშვო წიგნია, ახლახან საჩუქრადაც მივიღე მისი ილუსტრატორის, ჩემი და ჩემი შვილის საყვარელი მხატვრის, ნინო ჩაკვეტაძისგან.

ეს ისე, გამახსენდა და გითხარით, ისე კი, როდესაც საბავშვო ლიტერატურაზე ვფიქრობ, პირველ რიგში, შიში მიპყრობს – ისე ველოდები დღეს, როცა ჩემი შვილი გაიზრდება და ჩემი საყვარელი წიგნების მისთვის გაზიარებას შევძლებ, და ამ დროს, თავში კითხვა ჩამირაკუნებს ხოლმე: “და რომ არ წაიკითხოს? ხომ შეიძლება, არ უყვარდეს და არ წაიკითხოს?..”

ამაზე პასუხს ირმა იანტბელიძე გამცემს – ექვსი შვილის დედა, ფილოლოგი, ნეოგრეცისტი, ჟურნალ “გემრიელის” რედაქტორი და ღვინის კლუბის გაზეთ “მარანის” პასუხისმგებელი რედაქტორი, შესანიშნავი კულინარი და საუკეთესო მაგალითი მრავალშვილიანი დედისა, რომელიც ახერხებს, შვილებს წიგნები და კერძები ისე შესთავაზოს, რომ უარს არავინ ეუბნება და, რაც მთავარია, მათ სახლში ისეთი მყუდროება და ხალისია, როგორიც ვესტლის წიგნის პერსონაჟების ციცქნა ოთახში.

მე მას ერთადერთი კითხვა დავუსვი: როგორ უმზადებს შვილებს საკითხავი წიგნებისა და გემრიელი კერძების მენიუს?

– წიგნების არჩევა რთულ საქმედ არ მეჩვენება. ყველაზე რთული აქ ალბათ ფინანსური საკითხია, რადგან საბავშვო წიგნები საკმაოდ ძვირი ღირს და როცა ექვს ბავშვს უნდა უყიდო, უკვე გვარიანი თანხა გამოდის. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ასაკის მიხედვით ვურჩევ წიგნებს. დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ნახატებს. რაც უნდა კარგი ტექსტი იყოს, თუ ილუსტრაციები არ მომეწონა, არ ვიყიდი. ქართული საბავშვო წიგნების გაფორმება კი იშვიათად მომწონებია. ამის გამო ძალიან მწყდება გული და მიკვირს, რატომ არ არის ეს სფერო ჩვენში აქტუალური – საბავშვო წიგნებზე ხომ დიდი მოთხოვნაა.

ჩემი შვილების საყვარელი სერიაა “ტოპოტიპი” – პატარა თაგუნიას ამბები, რომელიც სხვადასხვა სიტუაციაში ხვდება და გამოსავალს პოულობს. ვფიქრობ, ეს სერია ძალიან კარგი ფსიქოლოგის დაწერილია. ამას დაუმატეთ შესანიშნავი ნახატები და მორჩა – წიგნი უკვე ძილისწინა, აუცილებელ ნივთად იქცევა.

ძილის წინ კითხვა ძალიან უყვართ ჩემებს, ეს კი ცხრა წლის ხარებას დამსახურებაა. ხარება უმთავრესად სამეცნიერო ლიტერატურით არის გატაცებული, ყველაზე მეტად ენციკლოპედიების კითხვა უყვარს, მერე კი თავის ცოდნას მონდომებით გვიზიარებს: “დედა, გაიგე, თურმე ჩვენი გალაქტიკა… თურმე მიკროტალღური ღუმელი… იცოდი, რომ ფიტოფაგი დინოზავრები…” – და ასე, უსასრულოდ. ხარებას წაბაძვით დაიწყეს უმცროსებმა, ანდრიამ და კრავაიმ, ძილის წინ წიგნების თვალიერება, მერე ანდრიამ კითხვაც ისწავლა და ახლა უკვე ხან ერთი უკითხავს დაიკოს ზღაპარს, ხან – მეორე.

ხარება ისე გაიტაცა ინფორმაციულმა წიგნებმა, რომ მხატვრულ ლიტერატურას გულგრილად უყურებდა, მაგრამ, როგორც იქნა, მისი მოსაწონი წიგნიც ვიპოვეთ – ბრაზილიელი მწერლის, მონტეირუ ლობატუს “ყვითელი კოდალას ორდენი”. ეს დაჩის საყვარელი წიგნი ყოფილა ბავშვობაში, ჰოდა, მოუყვა, როგორი ინტერესით კითხულობდა, როგორ გაუხარდა, როცა ამ წიგნის ახალი გამოცემა ნახა და მაშინვე წამოუღო ხარებას. არ ვიცი, ამან გაჭრა თუ რა იყო – უცებ წაიკითხა ეს წიგნი ხარებამ, თან შიგადაშიგ ისე ხარხარებდა…

თათა ჯოან როულინგის “ჰარი პოტერმა” დააინტერესა. ამ სერიის პირველი სამი ტომი გვაჩუქეს და სამივე დიდი სიამოვნებით წავიკითხე ამ ზაფხულს. გამიტაცა მწერლის უკიდეგანო ფანტაზიამ და ამიტომაც ვურჩიე თათას, სცადე, იქნებ მოგეწონოს, ჩახლართული ზღაპარია-მეთქი… ახლა უკვე მეხუთე ტომს ამთავრებს.

ნიკას ადრე ძლივს წავაკითხე “ტომ სოიერის თავგადასავალი”. მეუბნება, “ჰეკლბერი ფინიც” წაკითხული მაქვსო, მაგრამ არ მჯერა. ვინაიდან რეჟისორობა ხიბლავს, მინდოდა, საინტერესო, ოღონდ თანამედროვეობასაც რომ პასუხობდეს, ისეთი წიგნი შემერჩია მისთვის. ასეთი აღმოჩნდა სუზან კოლინზის “შიმშილის თამაშები”. მე თვითონ ეს წიგნი ისე წავიკითხე, ძილისთვისაც არ მემეტებოდა დრო, სიზმრადაც კი ქეთნის ევერდინს ვხედავდი. ნიკას ვუთხარი, რამდენიმე გვერდი წაიკითხე და თუ არ დაგაინტერესა, თავი დაანებე-მეთქი… მსოფლიო ბესტსელერმა ჩემი იმედი გაამართლა. მერე მეორე ბესტსელერს მივადექი – სტიგ ლარსონის დეტექტივს “გოგონა დრაკონის ტატუთი”. მე ხომ წავიკითხე, დაჩიმ წაიკითხა, ჩემმა ძმებმა წაიკითხეს, მერე მეორე ტომი ვიყიდე, ისიც წრეში დატრიალდა და ნიკას ჯერიც დადგა. არ არსებობს, თანამედროვე თინეიჯერი ლიზბეთ სალანდერის ტიპაჟით არ დაინტერესდეს. წიგნს ისიც მატებს ღირსებას, რომ ავტორი ჟურნალისტი იყო, ამიტომ მოვლენებს სხვანაირი სიმძაფრით აღწერს… მოკლედ, ნელ-ნელა ნიკაც ჩავითრიეთ მკითხველთა სექტაში და იმედი მაქვს, კიდევ ბევრ საინტერესო წიგნს წაიკითხავს.

ახალი წელი ახლოვდება და უკვე დავიწყეთ იმაზე ფიქრი, რა წიგნები შევურჩიოთ ბავშვებს საჩუქრად.

გადავდივარ მეორე სფეროზე – კვებაზე. პირველი წესი, რომელსაც არასოდეს ვარღვევ – ბავშვებს საჭმელს არ ვაძალებ. არასოდეს მიდევნია მათთვის კოვზით. რაც კოვზის ხელში დაჭერა შეძლეს, თავად ჭამენ იმდენს, რამდენიც უნდათ. არც დასვრილი ტანსაცმელი მაღელვებს და არც დანაგვიანებული იატაკი – ტანსაცმელი გაირეცხება, იატაკი მოიწმინდება, ბავშვი კი დამოუკიდებლობას მიეჩვევა.

რა თქმა უნდა, გვაქვს ფავორიტი კერძი. ესაა მაკარონი, რომელსაც ხარება ასხამს მაწონს, თათა ახეხავს ყველს, ანდრიას ტყემლით უყვარს, კრავაის კი – კეტჩუპით. წვნიანს, წიწიბურას, შემწვარ კარტოფილს ყველა სიამოვნებით გეახლებათ. უყვართ შვრიის ფაფაც, ოღონდ ამას ორნაირს ვაკეთებ – ტკბილს და ყველიანს. ორივეს თავისი დამფასებელი ჰყავს.

მართალი გითხრა, არ მჯერა, როცა ჩივიან, ჩემი შვილი არაფერს ჭამსო. ხომ შეუძლებელია, ადამიანმა მშიერმა გაძლოს. ესე იგი, ბავშვი რაღაცას მაინც ჭამს, ოღონდ ცოტას, რაც იქნებ სავსებით საკმარისი იყოს მისთვის, მაგრამ მზრუნველ დედას (ან ბებიას) ეცოტავება და აცხადებს, რომ ბავშვი მშიერია. თუ ბავშვს კერძი არ მოსწონს, არ უყვარს, ძალით როგორ ვაჭმევ?! წარმოიდგინე, რომ დაგიჭირონ და ძალით გაჭამონ ის, რაც არ გიყვარს! ბავშვი მშობლების საკუთრება ხომ არ არის, – პირველ რიგში, პიროვნებაა და მასაც აქვს უფლებები… ამიტომ ვცდილობ, ის გავაკეთო, რასაც სიამოვნებით შეჭამენ. ხშირად მეუბნებიან, რომ ბედმა გამიღიმა – ჩემი შვილები ხილსაც ჭამენ, წვნიანებსაც, ფაფებსაც და რძის ნაწარმსაც. იქნებ მართლაც გამიღიმა ბედმა, მაგრამ… რძეს რომ ვუსხამდი, სულ ვეუბნებოდი ბავშვებს: ნახეთ, რა თეთრია, თუ დალევთ, ასეთი ქათქათა კბილები გექნებათ-მეთქი. ხარებას ავუხსენი, რომ რძე კალციუმს შეიცავს, კალციუმი კი ამაგრებს ჩვენს კბილებსა და ძვლებს; თუ მაგარი ძვლები გვექნება, ყველაზე სწრაფად ვირბენთ, არ დავიღლებით და ასე… შეიძლება, სადილის კეთებისას ბავშვი საქმეში ჩააბა – ხახვის მოტანა, პამიდვრის გარეცხვა და სხვა წვრილმანი საქმე დაავალო, თან აყურებინო, როგორ იშუშება ბოსტნეული, როგორ იხარშება კარტოფილი… პატარები ხელში ამყავდა და ქვაბში ვახედებდი – ნახეთ, ჩვენი სუპი როგორ თუხთუხებს-მეთქი. თუ არ შეჭამეს ან დატოვეს, არც ამით დაშავდება რამე, ცოტა ხნის შემდეგ წიწიბურას მოვუხარშავ – უცებ კეთდება, სასარგებლოა, თან მოვუყვები, რომ რკინას შეიცავს და რკინასავით კუნთები ექნებათ… პიურეს გავუკეთებ რძითა და კარაქით… ჭვიშტარს გამოვუცხობ – მარტივია და გემრიელი… საერთოდ, რამდენიმე კერძის ერთად კეთება მიყვარს – როცა ოთხივე კამფორა ანთია, არჩევანი დიდია და ვიცი, რომ მშიერი არავინ დარჩება.

ცალკე საკითხია ნამცხვრის გამოცხობა. ამ საქმეში ყველაა ჩართული. საგულდაგულოდ იბანენ ხელებს, რომ მომეხმარონ. ვოცნებობ დიდ და ნათელ სამზარეულოსა და სასადილო ოთახზე, სადაც ყველა კარგად დავეტევით…

ნამცხვარს თითქმის ყოველ საღამოს ვაცხობთ – დილით, სკოლაში წასვლამდე, აუცილებლად უნდა ისაუზმონ, საუზმე კი ისეთი უნდა იყოს, რომ უარი ვერ თქვან. სანამ ნამცხვრის ცხობას დავიწყებთ, ჯერ, რასაკვირველია, რეცეპტი უნდა შევარჩიოთ. ძალიან გვიყვარს ახალი ნამცხვრის დატესტვა – გადავშლით კულინარიულ წიგნს ან ჟურნალს და ფოტოების მიხედვით ვარჩევთ “საკბილოს”. მითითებულზე ორჯერ მეტ ინგრედიენტს ვიღებ, რომ ნამცხვარი ყველასთვის სამყოფი იყოს. ამას ხარება ანგარიშობს, თან სასწორზე წონის შაქარსა თუ ფქვილს. “200 გრამი შაქარი” – ესე იგი, გვინდა 400! “450 გრამი ფქვილი” – ესე იგი, 900! აქ 180 გრადუსი წერია და 360-ზე ვაცხობთ?” ამაზე ყველა იცინის… გარშემო ფქვილი ყრია, მიქსერი ღმუის, თათა კვერცხს ამატებს თასში… მიქსერის ჯოხებისა და ჯამის გალოკვა პატარების – ანდრიასა და კრავაის პრივილეგიაა. მართალია, ნახევარი კრემი სახეზე უსვიათ, მაგრამ, სამაგიეროდ, კიდევ უფრო ტკბილები და ბედნიერები არიან. მერე შევდგამთ ჩვენს ნამცხვარს გაზქურაში, ხარება ინიშნავს დროს, გამოთვლის, როდის უნდა შევამოწმოთ… კიდევ კარგი, ღუმელს ნათურა აქვს – აანთებენ ხოლმე და ჭყივიან: “დედა, ნახე, რამხელა გახდა! როგორ ამოფუშფუშდა! რა კარგი სუნია!” მზა ნამცხვარი ოდნავ შეგრილდება თუ არა, ვჭრი და ყველა თავის აზრს გამოთქვამს. ზოგი ნამცხვარი ერთხელ ცხვება, ზოგზე კი გადავირევით ხოლმე და ვაცხობთ და ვაცხობთ.

ჩემს შვილებს ნამცხვარში ქიშმიში, ჩირი, ცუკატი და ასეთი რამეები არ მოსწონთ, მხოლოდ ნიგოზს და შოკოლადის წვეთებს არ აპროტესტებენ, ამიტომ პასკას ორნაირს ვაცხობ – ჩირითა და ქიშმიშით და მათ გარეშე. როცა საფუვრიან ცომს ვზელ, ცომის ნაჭრებს ყველას ვაძლევ – აბრტყელებენ, ფორმას აძლევენ, რაღაცას ძერწავენ და ჩემი ნამცხვრის გვერდით აცხობენ კიდეც. საღამოს მამიკოს აჩვენებენ – აი, ჩემი გაკეთებული ნამცხვარიო და უხარიათ.
ძალიან გვიყვარს ცხობის გარეშე მოსამზადებელი დესერტებიც, განსაკუთრებით კი ტირამისუ. ყავაში სავოიარდს აუცილებლად თვითონ აბანავებენ და მერე მჭიდროდ აწყობენ ფორმაში. მე ვუყვები ტირამისუს ისტორიას – სადაური დესერტია, რას ნიშნავს მისი სახელწოდება, რისგან კეთდება. ვასინჯებ მასკარპონეს – ნაღების უნაზეს ყველს, სავოიარდის ნამცხვარს, რომელსაც მეორენაირად ladyfingers (ქალის თითები) ჰქვია, ვუყვები კაკაოზე, რომ ეს სინამდვილეში მცენარის კურკებია… მოკლედ, ეს შემეცნებითი პროცესია. ტირამისუს მთელი ღამით მაცივარში ვდგამთ და დიდი სიამოვნებით ვიწყებთ დილას ამ უნაზესი ნუგბარით…
ხომ ხედავთ, სასადილო ოთახსა და ბიბლიოთეკას შორის მანძილი უფრო მოკლეა, ვიდრე გეგონათ, მით უმეტეს, თუ გზა კარლსონის საყვარელ შებრაწულ გუფთებსა და ფუნთუშებზე, პეპის მაჭკატებზე, ანდა სულაც ჰექტორ მალოს უსახლკარო ბიჭის სანატრელ წვნიანზე გადის.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი