ორშაბათი, ნოემბერი 28, 2022
28 ნოემბერი, ორშაბათი, 2022

გაკვეთილი ოკუპაციის შესახებ

ჩემი მოსწავლეობის დროს ყოველთვის აღვნიშნავდით ხოლმე ოკუპაციის დღეს. ვატარებდით კონფერენციებს, კონფერენციებისთვის ვამუშავებდით სპეციალურ მოხსენებებს, უმარტივეს პროგრამებში ვამონტაჟებდით ვიდეო რგოლებს. ყველაზე მეტად პოსტერების დამზადება მომწონდა, რადგან ჩვენი ხელით გვიწევდა მათზე დასატანი რუკების შედგენა. ჩვენი რუკები დახუნძლული იყო ფერადი ისრებით, რომლებიც მატარებლებისა და გემების, დევნილებისა და სამხედროების გადაადგილებაზე მიანიშნებდნენ. წესისამებრ, ოკუპაციის დღეს სკოლაში ტელევიზიაც მოდიოდა და დაწვრილებით აშუქებდა სხვადასხვა კლასში გამართულ ღონისძიებებს.

ტრადიციული სასწავლო პროცესის მიღმა განსახორციელებელი საქმიანობა ყველას გვახალისებდა. უბრალოდ, ხანდახან განსაკუთრებული სევდა შეგვიპყრობდა, რადგან ყოველ წელს ერთი და იმავე პათოსით გვიწევდა მოსწავლეთა თავყრილობების ორგანიზება. ყოველწიურად გვიმეორებდნენ, რომ პირველი რესპუბლიკის მთავრობა გაიქცა და „ილიას მკვლელებმა“ ქვეყანა მიატოვეს. ყოველწლიურად შეძრწუნებული გამომეტყველებითა და გამყინავი ხმით გვიკითხავდნენ კოლაუ ნადრაძის ცნობილ ლექსს, რომელიც არა მხოლოდ მთავრობის, არამედ ხალხის სიმხდალეზე, უიმედობასა და დუმილზე მოგვითხრობს. მაშინ ჩემთვის სამოქალაქო განათლების მასწავლებელს არ უთქვამს, რომ „ცისფერყანწელის“ ლირიკა და რეალობა რამდენადმე განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან.

ორ კვირაში რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის ასი წლისთავი შესრულდება. აქედან გამომდინარე, მინდა შეგახსენოთ რამდენიმე დეტალი, რომელიც შეიძლება გამოგადგეთ მოსწავლეებისთვის საუკუნის წინ განვითარებული მოვლენების უფრო ზუსტად და ობიექტურად წარმოჩენის საქმეში.

1921 წლისთვის საქართველო რუსეთის წინაშე მარტო, ერთი ერთზე აღმოჩნდა.  ოკუპაციის დაწყების მომენტისთვის ბოლშევიკები აკონტროლებდნენ აზერბაიჯანსაც და სომხეთსაც. ჩრდილოეთ კავკასიიდან თითქმის სრულად იყვნენ განდავნილნი რუსეთის სამოქალაქო ომში მონაწილე ანტიკომუნისტური ძალები. არც სამხრეთ დასავლეთის მიმართულებით, თურქეთის მხარეს გვყავდნენ პარტნიორები, რომლებიც ჩვენი რესპუბლიკის განადგურებით ხელის მოთბობაზე იტყოდნენ უარს. რეგიონიდან უკვე გასული იყო ბრიტანეთის ჯარები, ევროპულ მთავრობებში ჯერ უპირატესობა მოპოვებული არ ჰქონდათ საქართველოს გულშემატკივარ მემარცხენე პოლიტიკოსებს. მაშასადამე, თებერვლისთვის რესპუბლიკას ახლომახლო არცერთი ძლიერი მოკავშირე არ ეგულებოდა და თან ყველა სიკეთესთან ერთად ალყაში იყო მოქცეული.

1921 წლის თებერვალ-მარტში წარმოებული ომი რესპუბლიკისთვის პირველი სამხედრო-შეიარაღებული დაპირისპირება არ ყოფილა. 1918 წლიდან  მოყოლებული დამოუკიდებელი საქართველოს მოქალაქეების იარაღი არ გაუგდიათ ხელიდან და განუწყვეტლად ცდილობდნენ ქვეყნის დაცვას შავი ზღვის ნაპირებზე გამაგრებული „თეთრგვარდიელებისგან“, სამხრეთიდან შემოჭრილი თურქებისგან, ცხინვალში აჯანყებული ბოლშევიკებისგან, გვქონდა ომი სომხეთთანაც. სამხედრო სიმამაცე და თავგანირვა არც სახალხო გვარდიის წევრებს და არც ქართველ ჯარისკაცებს არ აკლდათ, საქართველო მხოლოდ ასამდე იუნკერის იმედად არ ყოფილა მიტოვებული.

ასი წლის წინ ჩვენს ქვეყანას მხოლოდ სამხრეთ-აღმოსავლეთიდან არ დასხმიან თავს. ბოლშევიკებმა ქვეყანას ყველა მიმართულებიდან შემოუტიეს. რუსები შემოვიდნენ აფხაზეთიდანაც, რაჭიდანაც, კახეთიდანაც. მიუხედავად მოკავშირის არყოლისა, ომებით დაქანცულმა ქართულმა სახელმწიფომ სამი კვირა იბრძოლა. გენერალ გიორგი კვინიტაძის მიერ თბილისის დატოვების გადაწყვეტილების მიღების შემდეგ (გადაწყვეტილება მიიღო სამხედრო ხელმძღვანელობამ და არა პოლიტიკურმა ხელისუფლებამ, ნოე ჟორდანია არსად არ გაქცეულა, იგი დაემორჩილა კანონსა და მთავარსარდალს) ჩვენი თანამოქალაქეები რუსებს წინააღმდეგობას უწევდნენ მთელ საქართველოში, განსაკუთრებით სასტიკი იყო ბრძოლა სურამთან და ქუთაისთან, რომელიც საბოლოოდ მხოლოდ ათ მარტს დაეცა. საქართველოს პირველ რესპუბლიკას უბრძოლველად, დალისა და ქსნის ხეობების მსგავსად, ერთი გოჯი მიწაც კი არ დაუთმია.

საქართველოს მთავრობის შემადგენლობიდან პირველ ეტაპზე მხოლოდ რამდენიმე ათეული ადამიანი წავიდა ემიგრაციაში. მთავრობის რიგი წარმომადგენლები, მათ შორის პრემიერ ჟორდანიას მოადგილე გრიგოლ ლორთქიფანიძე თავისი სამ შვილთან ერთად  კრეისერიდან ჩამოვიდა, რათა ბათუმი დაეცვა სამხრეთიდან დაწყებული მორიგი შემოტევისგან. სტამბოლისკენ მიმავალთ გადაწყვეტილება დამოუკიდებლად არ მიუღიათ. მთავრობას ემიგრაციაში წასვლა დამფუძნებელმა კრებამ დაავალა, რათა ქვეყნის წარმომადგენლებს დასავლეთში გაეგრძელებინათ ბრძოლა ოკუპაციის წინააღმდეგ და რუსებისთვის არ მიეცათ ქვეყნის დაპყრობის, რესპუბლიკის დამხობის ლეგიტიმაციის საშუალება. სამწუხაროდ, ბევრს ავიწყდება, რომ ქვეყანა არ დაუტოვებია დაახლოებით ას პარლამენტარს, პოლიტიკური კლასის წარმომადგენელთა უმნიშვნელოვანეს ნაწილს. მათი უმრავლესობა ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლასა და რესპრესიებს შეეწირნენ. 1924 წლის აჯანყებამდე თბილისშიც და სხვა ქალაქებშიც ინტენსიურად იმართებოდა ანტისაოკუპაციო დემონსტრაციები და აქციები, რომელთაც ასევე სისხლში ახშობდნენ.

ქვეყანა 1921 წლის თებერვალში არ დადუმებულა, ჩვენ ვცდილობდით წინააღმდეგობის გაწევას, ჩვენ ვიბრძოდით, მაგრამ მეოცე საუკუნის დასაწყისში ბედისწერამ გადარჩენის შანსი მაინც არ დაგვიტოვა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ორი გაფრენა

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი