პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

შერიგებისთვის

სულ ცოტა ხნის წინ უამრავმა ხალხმა ნახა სოციალურ ქსელში გავრცელებული ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის კადრები – ერთმანეთის პირისპირ მდგარი სამშობლოს ორი დამცველი: იარაღმომარჯვებული ახალგაზრდა მამაკაცი და მამულსა და მოყვასს მკერდით გადაფარებული გოგონა.

 

ამ კადრებმა ზოგს სუნთქვა გაუჩერა, ზოგს ძარღვებში სისხლი გაუყინა, ზოგს “სიტყვა ტყვიასავით ათიანში ასროლინა”, ზოგის “სიმამაცეს თავი შეარცხვენინა”… ჩვენთვის ეს კადრები კიდევ უფრო მძიმე იყო, რადგან ასეთ სურათს ეკრანზე კი არა, ცხადში ვუყურებდით არცთუ ისე დიდი ხნის წინ.

 

დღეს ალექსანდრე მაკედონელის გენიალობას ბევრი აღიარებს. მისი ნიჭიერების შესახებ მრავლად ჰყვებიან ლეგენდებსა თუ ისტორიებს. ზოგიერთი 21-ე საუკუნეში მის მიბაძვასაც კი ცდილობს… მაგრამ მრავალომგადახდილი და ცხოვრებით მოღლილი ალექსანდრე დიდის საფლავზე დატოვებულ ავტორეზიუმეს (“ეს მიწა ეყო იმას, ვისაც მთელი დედამიწა არ ჰკმაროდა”) ყურს არ ვუგდებთ, არად მიგვაჩნია.

ვინ იცის, რამდენი ჰექტარი ხეტყე შეეწირა იმ ქაღალდის დამზადებას, საერთაშორისო ორგანიზაციებმა ომების შეწყვეტის, კონფლიქტების მოგვარებისა თუ დაპირისპირებული მხარეების დაზავების თაობაზე დეკლარაციები რომ ბეჭდეს. მაინც იღვრება სისხლი მსოფლიოს არაერთ წერტილში, როგორც საუკუნეების წინათ, და ისევე ნადგურდება ხეტყე…

სამწუხაროდ, ასეთია ჩვენი ცხოვრება – ომი ყველას გვაშინებს, მაგრამ უომრად ცხოვრებაც ვერ მოგვიხერხებია. საკმარისია, დედამიწის რომელიმე წერტილში რაიმე შელაპარაკება მოხდეს, რომ დიდი ქვეყნები თუ მათი კოალიციები, იარაღმომარჯვებულები, უმალვე იქ გაჩნდებიან. ძალა ძალის წინააღმდეგ… სხვა, უფრო ეფექტური საშუალება ჯერ ვერ მოიფიქრა სამყაროს ყველაზე გონიერმა არსებამ – ადამიანმა.

როგორ იქცევიან ასეთ სიტუაციებში მოლეკულები?

მაღაზიაში ალბათ არაერთხელ შეგიმჩნევიათ ადამიანი კონსერვის ქილით ხელში, საგულდაგულოდ რომ ჩაჰირკიტებს მის იარლიყს. რას ეძებს? – შემადგენლობას, გამოყენებულ კონსერვანტებსა და ინჰიბიტორებს. შესაძლოა, ბევრს ეს სიტყვები არც კი გაუგონია; მათთვის ეს ნივთიერებები Eსიმბოლოთი და მისი თანმხლები ციფრებით გამოიხატება. მათი აღმოჩენა გვზარავს, არჩევანს გვირთულებს, თავსატეხს გვმატებს. საერთოდ, რა საჭიროა მათი გამოყენება?

კონსერვანტებს კვების მრეწველობაში იგივე როლი აკისრიათ, რაც მშვიდობისმყოფელებს – კონფლიქტის ზონაში. რამდენიმე ათეული მოაზროვნე ერთ დიდ ოთახში რომ შევკრიბოთ რაიმე თემაზე სასაუბროდ, აუცილებლად გამოერევა ვინმე, რადიკალურად განწყობილი, ვინც, თუ მისი ამბიცია დროზე არ დავაკმაყოფილეთ ან მოვთოკეთ, შეხვედრას სულ სხვა მიმართულებით წაიყვანს.

იგივე ხდება კონსერვსა თუ სხვა პროდუქტებშიც. ერთ სისტემაში ჩაკეტილ მოლეკულებში, რომლებიც განუწყვეტლივ ბორგავენ და ერთმანეთს ეხეთქებიან, ადვილი შესაძლებელია გაჩნდეს რადიკალური თვისებების მქონე ნაწილაკი. აქვე უნდა შევნიშნო ერთი რამ: მოლეკულა, რომელიც რადიკალის თვისებებს იძენს, მოლეკულად აღარ აღიქმება; მას უკვე სხვა სახელი – რადიკალი ჰქვია.

როგორ გარდაიქმნება მოლეკულა რადიკალად? ეს ერთ-ერთი წინა შეხვედრისას ქლორის მოლეკულის მაგალითზე უკვე გიჩვენეთ, ამიტომ რეაქციებით ამჯერად თავს აღარ შეგაწყენთ. ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ თუ რადიკალის თავნებობა დროზე არ აილაგმა, პროცესი უმართავი გახდება. ერთ რადიკალს შეუძლია, უამრავი სხვა რადიკალი წარმოშვას და თვალის დახამხამებაში მოლეკულებს შორის ისეთი “ცემა-ტყეპა” გაიმართება, რომ ყოველგვარი გარეგანი ჩარევა უკვე უშედეგო იქნება. ამიტომ ისეთი პროდუქტის დამზადებისას, რომელშიც ერთმანეთისკენ მწყრალად მომზირალი ან ერთმანეთის უზომოდ მოყვარული (ზღვარგადასული სიყვარული ხშირად მოლეკულებსაც უბნევს თავგზას და ათას სისულეს ჩაადენინებს) მოლეკულები არიან თავმოყრილი, წინასწარ შეგვყავს ინჰიბიტორები, რომლებიც მთელ სისტემაში იწყებენ პატრულირებას, რადიკალის წარმოქმნისთანავე მკერდს აგებებენ მის მოზღვავებულ ენერგიას და მას ისევ მოლეკულის იერსახეს უბრუნებენ, თუმცა, სამწუხაროდ, ამ პროცესს თავად ხშირად ეწირებიან. რაც უფრო კარგად “შეიარაღებულ” და “გაწვრთნილ” ინჰიბიტორებს გამოვიყენებთ, მით უფრო მეტხანს ექნება პროდუქტს პირვანდელი სახე. აქ სიტყვა “უვნებელს” განგებ ავარიდე თავი. იარაღმომარჯვებული მშვიდობისმყოფელი ყოველთვის უვნებელია? მისი “უვნებლობაც” და “მავნებლობაც” ფარდობითია, ხოლო საით გადაიხრება სასწორის პინა, თავად ინჰიბიტორისა და მისი გამგზავნის (ტექნოლოგის) გონიერებასა და მიზნებზეა დამოკიდებული.

ამიტომ არსებობს ინჰიბიტორები, რომელთა გამოყენებაც რისკს ამცირებს – მათ გარეშე უფრო დიდი ზიანი მოგვადგებოდა; არიან ისეთებიც, რომელთაც ცისფრად გადაღებილი წითელი ჩაფხუტები ახურავთ…

კიდევ ერთი: ქიმიკოს-ტექნოლოგები მკაცრად ვიცავთ წესს – იქ, სადაც მოლეკულების ვნებათა ამოდუღება ან გარეშე ფაქტორების (მაგალითად, ჰაერის ჟანგბადის) მომაკვდინებელ-დამანგრეველი მოქმედებაა მოსალოდნელი, წინასწარ ვამატებთ ინჰიბიტორებს. მერე ამაო იქნება. როგორც, მაგალითად, 2008 წელს…

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი