პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

თამაში შობის წინა დღეებში

სხვა რომელ დროს, თუ არა ზამთარში, შეიძლება, გაგახსენდეს ბიჭი, რომელსაც იხვების ბედი აწუხებს: “ვერ წარმომედგინა, სად უნდა წასულიყვნენ იხვები, როცა ტბას მთლიანი ყინული დაფარავდა!”. სხვა რომელ თვეს, თუ არა დეკემბერში შეიძლება, გაიხსენო სკოლებიდან მრავალგზის გამოგდებული ამერიკელი მოზარდი, რომელიც ახლაც, შობამდე რამდენიმე დღით ადრე გამოცდებში ჩაიჭრა და სანამ მშობლებს ეს ტრაგიკული ამბავი შეუტყვიათ, მცირე გასეირნებას იწყებს რამდენიმედღიან დამოუკიდებლობაში. სწორედ ამ “თამაშზე” გვიამბობს თავადვე მცირე რომანში “თამაში ჭვავის ყანაში”. ეს თამაში კი, ერთდროულად არის “დაჭერობანაც”, დამალობანაც”, ომობანაც” და “ოჯახობანაც”. ერთი სიტყვით, ესეც თავისებური გამოცდაა, რომელსაც “პენსის” მასწავლებლები არ ატარებენ.

ჯერომ სელინჯერმა ამ გამოცდაზე დაწერა და მერე ზუსტად ისე მოიქცა, როგორც ჰოლდენი იქცევა საკუთარ ოცნებაში: ადგა და განმარტოვდა. იმდენად განმარტოვდა, რომ სიცოცხლის ბოლომდე არავის მიუწვდებოდა ხელი მის ცხოვრებაზე, თვით ცნობისმოყვარე ჟურნალისტებსაც კი, რომლებსაც იმსიგრძე ხელები აქვთ, რომ მიუწვდომელი არაფერი რჩებათ. ეს კარგია თუ ცუდი, არ ვიცი, უფრო სწორად, ძალიან კარგადაც ვიცი, მაგრამ დასკვნებისგან თავს შევიკავებ. მე ხომ ვსაუბრობ წიგნზე, რომელშიც მორალისტური ქადაგების მსგავსს ვერაფერს ნახავთ, მიუხედავად იმისა, რომ თავად ფაქტებიდან თავისუფლად შეიძლება, მორალური ღირებულებები ისე ადვილად გამოწურო, როგორც– ბლენდერით გემრიელი წვენი ცოცხალი ფორთოხლიდან.

ჰოლდენი 16 წლის მოზარდია და მას უფრო მეტი ვინმე სძულს, ვიდრე უყვარს. თავისუფლად შეუძლია, ერთ წამში შეიძულოს უხარისხო ჩემოდნის მქონე ადამიანი და სინდისის ქენჯნა სულაც არ იგრძნოს. თუმცა, ნიუ იორკში ის ხვდება გაცრეცილი ჩემოდნების და ჭილის უბრალო ჩანთების მქონე მონაზვნებს და ასევე, ერთ წამში უყვარდება ისინი. ის ხომ 17 წლის მოზარდია, მაშასადამე აქვს უფლება, ვინმე სასწრაფოდ შეიყვაროს თუნდაც იმის გამო, რომ ის ვინმე არც კი ეცდება, გამოიკვლიოს ჰოლდენი კათოლიკეა თუ არა; თუნდაც იმის გამო, რომ მონაზვნის სამოსელი იმ “ვინმეს” თავისუფალ აზროვნებასაც არ აცვია და სიამოვნებით საუბრობს “რომეო და ჯულიეტაზე”, მიუხედავად იმისა, “რამდენი ხვევნა-კოცნაა ამ პიესაში”.
მოზარდის ერთგვარი პროტესტი საზოგადოებისადმი, მისი სიყალბისა და ფსევდო ინტელექტუალობისადმი, მე თუ მკითხავთ, უბრალო ფონია და ეს რომანივით საკითხავი მოთხრობა მაინცდამაინც იმის გამო არ დაწერილა, მხოლოდ გარდატეხის ასაკში ვიკითხოთ და მივხვდეთ, რომ მარტო არ ვართ. ბოლოსდაბოლოს, მარტოობა მხოლოდ გარდატეხის ასაკში არ გვაწუხებს.
რწმენის თავისუფლებაც ისეთი რამეა, ყველას რომ გვაღელვებს, განსაკუთრებით– ლიბერალური ღირებულებების მქონე ადამიანებს, რომლებიც დემოკრატიის განვითარების ერთ– ერთ მნიშვნელოვან ღირებულებად სწორედ რწმენისადმი ტოლერანტულ განწყობას მიიჩნევენ. “შემთხვევით, კათოლიკური ეკლესია ხომ არ იცი, სად იქნება?”–ზედვე ეტყობოდა, რომ განგებ მკითხა, – უნდოდა გამოერკვია, კათოლიკე ვიყავი თუ არა. ნამდვილად. ისე კი არ ჩამომართვათ, თითქოს გამწარებით სდომოდეს ჩემი კათოლიკობა, უბრალოდ, აინტერესებდა. ტენისზე გატაცებით ლაპარაკობდა, მაგრამ მაშინვე შეატყობდით, რომ ჩემი კათოლიკობა კიდევ უფრო დიდ სიამოვნებას მოჰგვრიდა. ჭკუიდან მშლის ხოლმე ასეთი რამე. არ გეგონოთ, თითქოს ამის შემდეგ საუბარი გაგვეწყვიტოს ან რამე – სულაც არა – მაგრამ ისე კარგად ვეღარ ავაწყვეთ. ამიტომაც გამეხარდა, იმ მონაზვნებმა რომ არ მკითხეს, კათოლიკე თუ ხარო. რა თქმა უნდა, საუბარს არ ჩაგვიშლიდა ეგ, მაგრამ მაინც სულ სხვა იქნებოდა….. ასეთი რამე ტკბილ საუბარს ჩაგიშხამებს. ეგ არის და ეგ”– ამბობს ჰოლდენი.

არა, იმას არ ვამბობ, რომ ჰოლდენი ძალიანაც ტოლერანტულია. ხანდახან უფრო პირიქით: ჰომოფობიც კი გახლავთ და “პედერასტები” სძაგს, არც ლესბოსელებს მოიხსენიებს მაინცდამაინც ტკბილად. საქმე ისაა, რომ 17 წლის მოზარდი, თითქმის შეუძლებელია, ერთდროულად იყოს არაჰომოფობქსენოფობრასისტი. ის ხომ, რაც არ უნდა იყოს, ჯერ პატარა ბიჭია, მიუხედავად აყლაყუდობისა და შეჭაღარავებული თმისა.

კეთილი ბიჭია ეს აყლაყუდა ჰოლდენი. ისეთი კეთილია, აზრადაც არ მოუვა, ბინძური ეკლი დაიფრინოს მხოლოდ სიბინძურისა და მუწუკების გამო, სტრედლეიტერს დავალება იმიტომ არ დაუწეროს, რომ იმ გოგოს ხვდება, რომელიც ლამის თავად უყვარს და რომელსაც სტრედლეიტერი არასდროს ჰკითხავს, შაშის თამაშის დროს დამებს უკანა ხაზზე ისევ ამწკრივებს თუ არა. კეთილია ჰოლდენი და მასწავლებელს, ორიანის დაწერა რომ გაუადვილოს, საგამოცდო ნაშრომის ეპილოგად მსგავს ფრაზებს უტოვებს: “ძვირფასო მისტერ სპენსერ! სულ ეგ არის – ეგვპიტელებისა მეტი აღარაფერი ვიცი. თქვენი ლექციები ძალიან საინტერესოა, მაგრამ თვითონ ეგვიპტელებმა ვერ დამაინტერესეს. თქვენ ჩამჭრით თუ არა, ამას უკვე აღარაფერი მნიშვნელობა არა აქვს, რადგან ინგლისურის გარდა, ყველაფერში ჩავიჭერი. თქვენი პატივისმცემელი ჰოლდენ კოლფილდი.”
მას, როგორც ძალიან ახალგაზრდას, უკვირს, მოხუცებს რატომ ანიჭებთ ბედნიერებას თუნდაც ერთის საბნის ყიდვა; მას, როგორც ძალიან ახალგაზრდას, ჰგონია, რომ ისეთი უიღბლოა, მონასტერშიც რომ წავიდეს, იქაურობა სავსე იქნება ყველაზე საშინელი ბერებით; მას, როგორც ძალიან ახალგაზრდას, ხშირად ეცვლება განწყობა და ეს ხშირად შეცვლილი განწყობა დადებითი სულაც არ არის.
აქვე, მოზარდული ამბების გვერდით კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ამბები ხდება და ჰოლდენი ხელოვნებაზე საუბრობს, როგორც– არა მაღალფარდოვან მანჭვა– გრეხაზე, არამედ როგორც ადამიანის სუბსტანციაზე, რომელსაც სულ არ სჭირდება ზედმეტი არტისტიზმი. რაღა თქმა უნდა, ჰოლდენმა არაფერი იცის მეტაფიზიკაზე და საერთოდაც, შემეცნების ყოველგვარი მეთოდი ფეხზე ჰკიდია. მისთვის, უბრალოდ, კარგი წიგნი ისეთია, ავტორთან დარეკვას რომ მოგანდომებს, კარგი ხელოვანი კი ის ხელოვანია, რომელიც არ ქედმაღლობს: “ისე კარგად უკრავს, რომ ზოგჯერ აღარც გსიამოვნებს. ვერ აგიხსნით რატომ, მაგრამ ასეა, ძალიან მიყვარს მისი მოსმენა. მაგრამ ხანდახან ლამის მივვარდე და თავდაყირა ამოვუტრიალო ის ოხერი როიალი. ალბათ იმიტომ, რომ ზოგჯერ მის დაკვრაშივე გრძნობ, როგორ იბზუებს ცხვირს და როგორ ზედაც არ გიყურებს, თუ დიდი ვინმე არა ხარ.”
თუ დიდი ვინმე არ ხარ, შესაძლოა, დაგაინტერესოს გადამფრენი იხვების ბედმა და იმანაც, იმ უცნაურმა “პროფესიამაც”, რომლის მთელი ხიბლი ის არის, ჭვავის ყანაში მოთამაშე ბავშვები, იქვე უფსკრულის არსებობის შესახებ წარმოდგენა რომ არ აქვთ, კლდიდან გადაჩეხვამდე დაიჭირო.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი