პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

როგორ დავეხმაროთ ბავშვს ბრაზის მართვაში

ბრაზი ერთ-ერთი ის ძირითადი ემოციაა, რომელსაც დროდადრო ყველა ადამიანი განიცდის. საკმაოდ ადრეული ასაკიდან ბავშვები სწავლობენ ბრაზის გამოხატვას ქცევის იმ მოდელის შესაბამისად, რომელსაც  ისინი გარშემო მყოფ უფროსებში ხედავენ. აღმზრდელები, როგორც წესი, ბრაზს არასასურველ ემოციად მიიჩნევენ და თვლიან, რომ ის ბავშვში უნდა დაითრგუნოს, რათა მომავალში მისი ხასიათის თვისებად არ ჩამოყალიბდეს. მაგრამ, თუ ჩვენ ჩავაგონებთ მოზარდს, რომ ბრაზი რაღაც ძალიან ცუდი და სახიფათოა, ამით ვუბიძგებთ მას ჩაახშოს საკუთარ თავში მისი ადამიანური ბუნების ძალიან ჩვეულებრივი ნაწილი. ასეთ დროს ბავშვები ცდილობენ, ან იგნორირება გაუკეთონ და არ მიაქციონ ყურადღება ბრაზს ან გამოხატონ ის რაიმე არაპირდაპირი გზით (ძალადობა, შეურაცხყოფა, აგრესია), რაც კარგს არაფერს მოგვიტანს – ბავშვები სრულიად მოუმზადებლები იქნებიან იმისათვის, რომ ზრდასრულობაში სწორად გამოხატონ ბრაზი. რა თქმა უნდა, აღნიშნული ემოცია, განსაკუთრებით ბავშვებში, რომლებსაც უჭირთ საკუთარი ქცევისა და ემოციების მართვა, არასასურველია და შეიძლება სახიფათოც კი აღმოჩნდეს, მაგრამ აუცილებელია იმის აღნიშვნაც, რომ, მიუხედავად ყველაფრისა, ბრაზი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჩვენს ცხოვრებაში – ის საშუალებას გვაძლევს,  აუცილებლობის შემთხვევაში, დავიცვათ საკუთარი კეთილდღეობა და თავად ჩვენი თავი. მთავარია, ვისწავლოთ ჩვენი ბრაზის გამოხატვა ჯანსაღი, ცივილიზებული ხერხით და ამის კეთებას უკვე ბავშვობის პერიოდიდან უნდა ვიწყებდეთ. უპირველეს ყოვლისა, უნდა გამოიკვეთოს ის ნიშნები, რომლებიც მიმანიშნებელი იქნება, რომ ბრაზის სამართავად  ბავშვს ჩვენი დახმარება სჭირდება:

  • ძალიან ხშირად ბავშვი უმნიშვნელო მიზეზის გამო გამოდის მდგომარეობიდან, კარგავს თვითკონტროლს, არ შეუძლია გაჩერება გაბრაზების დროს;
  • ბავშვი ვერ ამჩნევს, როგორ მოქმედებს მისი ბრაზი სხვა ადამიანებზე; ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ მას არ აღელვებს გარშემომყოფთა გრძნობები;
  • ხშირად დაუფიქრებლად იქცევა, იყენებს მუქარის აღმნიშვნელ სიტყვებს მეტყველებისას;
  • ბავშვის ნამუშევრებში – ნახატებში და ნაწერებში თავს იჩენს ძალადობის და აგრესიის თემა;
  • ბავშვი ხშირად აცხადებს, რომ მის აგრესიულ ქცევაში სხვები არიან დამნაშავე. ბრაზი დიდი ხნის განმავლობაში მიჰყვება.

თუ ზემოაღნიშნული ნიშნები ფიქსირდება ბავშვთან, არ უნდა დავაყოვნოთ და დავეხმაროთ  მას, ისწავლოს საკუთარი  ემოციების, ამ შემთხვევაში კი ბრაზის მართვა, ვასწავლოთ როგორ წარმართოს ის უსაფრთხო მიმართულებით. ამასთან, გავითვალისწინოთ, რომ ემოციის მართვა, როგორც უკვე აღინიშნა, არ მოიაზრებს მის დათრგუნვას ან უარყოფას. საჭიროა ავუხსნათ ბავშვს, რომ ბრაზი ნორმალური გრძნობაა და ის უნდა გამოვხატოთ, რომ დათრგუნულმა ბრაზმა აფეთქებამდე არ მიგვიყვანოს და არ გაგვხადოს აგრესიული და სასტიკი. ბრაზის მართვა გვეხმარება თავიდან ავიცილოთ ისეთი აფეთქებები, რომლებმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს ბავშვს ან გარშემომყოფ ადამიანებს.

ბრაზის მართვის ჩვევა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც სხვა ცხოვრებისეული ჩვევები, რომლებიც მოზარდს ბევრი პრობლემის დაძლევაში ეხმარება.

 

რეკომენდაციები – როგორ დავეხმაროთ ბავშვს, ისწავლოს ბრაზის მართვა:  

  • გავაკეთოთ პაუზა. ხშირ შემთხვევაში, როცა ბავშვი ბრაზით არის შეპყრობილი, სერიოზული დახმარების გაწევა შეუძლია პაუზას – მოვერიდოთ ასეთ დროს რეაგირებას ბავშვის სიბრაზეზე, ნუ ვეჩხუბებით და ამით კიდევ უფრო ნუ გავაძლიერებთ მის ბრაზს. ნაცვლად იმისა, რომ ვეკამათოთ და ველაპარაკოთ ხმამაღალი ტონით, დაველოდოთ როდის დაამთავრებს ბრაზის გამოვლენას, შემდეგ გავიყვანოთ თავის ოთახში და ძალიან მშვიდად ავუხსნათ, რომ გარკვეული დროის გატარება მას ამ ოთახში მოუწევს იმისათვის, რომ დამშვიდდეს. თუმცა, არიან ბავშვები, რომლებსაც საკუთარი ბრაზი აშინებთ. ასეთ შემთხვევაში არ ღირს მათი ოთახში მარტო დატოვება, ეს უფრო გააძლიერებს მათ ბრაზს. თუ ჩვენ ვამჩნევთ, რომ ამ გრძნობას ბავშვში შიშიც ემატება, დავრჩეთ მის გვერდით. მაგრამ, თუ ბავშვი ავლენს აგრესიას, დაუყონებლივ გავაჩეროთ ის და ვაიძულოთ იჯდეს წყნარად ერთი-ორი წუთი, სანამ არ დამშვიდდება;
  • სუნთქვითი ვარჯიშები და სეირნობა სუფთა ჰაერზე ასევე დაეხმარება ბავშვს მოიკრიბოს აზრები, გრძნობები და მართოს ბრაზი;
  • შევასწავლოთ ბავშვს გრძნობებისა და ემოციების აღმნიშვნელი სიტყვები. როდესაც პატარა ბავშვები ბრაზობენ, ისინი ჩვეულებრივ ყვირიან, ჩხუბობენ, აქეთ-იქით ისვრიან სათამაშოებს, ნივთებს იმიტომ, რომ არ იციან, როგორ გამოხატონ ბრაზი სიტყვებით. ემოციების და გრძნობების აღმნიშვნელი სიტყვების სწავლება შეიძლება დავიწყოთ ისეთი სიტყვებით, როგორიცაა: „ბრაზი“, „ბედნიერება“, „შიში“, „შფოთვა“, „ნერვიულობა“, „გაღიზიანება“, განრისხება“, „აგრესია“ და ა.შ. როგორც კი ბავშვი ამ სიტყვებს ისწავლის, ვასწავლოთ მათი გამოყენება წინადადებებში: „მე ახლა ისე ვბრაზობ შენზე….“, ან „ის მე მაღიზიანებს….“ და ა. შ. დავანახოთ ბავშვს, რომ საკუთარი გრძნობების გამოხატვა ბევრად უკეთესია სიტყვების დახმარებით, ვიდრე ჩხუბით, ნივთების აქეთ-იქით გადაყრით, აგრესიით;
  • ემოციებზე წიგნების წაკითხვა და შემდეგ საუბარი წაკითხულის გარშემო ასევე დაეხმარება ბავშვს უკეთესად გაერკვეს საკუთარ გრძნობებსა და ემოციებში;
  • მივცეთ ბრაზს გარეთ გამოსვლის საშუალება. გაბრაზებული ადამიანი, როგორც წესი, ძალებისა და ენერგიის მოზღვავებას განიცდის. ასეთი ცვლილებები ზრდის აგრესიული ქცევის რისკს. იმისათვის, რომ შევძლოთ მისი თავიდან აცილება, ჩვენი ძალები და ენერგია მივმართოთ უფრო პროდუქტიულზე და სარგებლისმომტან ქცევაზე. სირბილი, ცურვა ან უბრალოდ ფიზიკური ვარჯიში ან ნებისმიერი ფიზიკური დატვირთვა ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ხერხია ბრაზის სამართავად, როგორც ზრდასრულებისთვის, ასევე ბავშვებისთვისაც;
  • თანავუგრძნოთ ბავშვს. თანაგრძნობამ და თანაგანცდამ შეიძლება საოცრება მოახდინოს, როცა საუბარია ბავშვზე, რომელიც ბრაზს განიცდის. ამ დროს მივცეთ მას საშუალება, ილაპარაკოს საკუთარ გრძნობებსა და ემოციებზე, გამოხატოს ბრაზი. ვაღიაროთ მისი ნებისმიერი გრძნობა, იქნება ეს ბრაზი, მრისხანება, გაღიზიანება, თუ რაიმე სხვა. ვუჩვენოთ ბავშვს, რომ ჩვენ ვზრუნავთ მასზე. ხშირად ბავშვი განიცდის უკმაყოფილებას და ბრაზს, როცა იმედგაცრუებულია ან გრძნობს, რომ უგულებელყოფენ ან ღალატობენ მას. ამ დროს გაბრაზება ერთადერთი ხერხია იმისათვის, რომ მას მოუსმინონ, ან აღიქვან სერიოზულად. ცუდი არ იქნება დავფიქრდეთ იმაზეც, თუ ჩვენი როგორი ქცევის შემდეგ დაიწყო ბავშვმა ბრაზის გამოვლენა. როდესაც ის დამშვიდდება, დავჯდეთ მის გვერდით და გულწრფელად ვკითხოთ, რა აწუხებს მას და როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ;
  • ნუ მოვახდენთ ბავშვის ყურადღების კონცენტრირებას შეცდომებზე. მას უნდა ჰქონდეს უფლება დაუშვას შეცდომა; ამის გარეშე შეუძლებელია განვითარება. ნუ მოვაბეზრებთ ბავშვს თავს ჭკუისდამრიგებლური საუბრებით – უბრალოდ გავჩუმდეთ და ამით გამოვავლინოთ მცირეოდენი თანაგრძნობა;
  • შევაქოთ ბავშვი კარგი ქცევის გამო. ნუ დაგვავიწყდება, რომ ბავშვის ქცევა დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ვრეაგირებთ ჩვენ მასზე. ბავშვები ყოველთვის მიისწრაფიან მიიპყრონ მშობლების ყურადღება ნებისმიერი ხერხით და დაიმსახურონ მათი მოწონება, შექება. ამიტომ, როცა პატარა დემონსტრირებას უკეთებს კარგ ქცევას, შევაქოთ ის და დავაფასოთ მისი ძალისხმევა, მაგრამ ნუ გადავაჭარბებთ, ზედმეტად ხშირი ქება შეიძლება ზიანის მომტანი აღმოჩნდეს. ბავშვი მხოლოდ ქების მოლოდინში იქნება და ვერ შეძლებს კრიტიკის და შენიშვნების მიღებას. შექება კარგი ქცევის გამო მნიშვნელოვანია, თუმცა, არანაკლებ მნიშვნელოვანია არასწორ ქცევაზე მითითება და დახმარება მის შესაცვლელად.

დაბოლოს, ნუ დავივიწყებთ, რომ ბავშვისთვის საუკეთესო მასწავლებელი ჩვენი პირადი მაგალითია. ვუჩვენოთ მას, როგორ ვმართოთ ბრაზი და ვაკონტროლოთ ჩვენი ემოციები. თუ ჩვენ, უფროსებს არ შეგვიძლია თავაზიანად, სიყვარულით და აგრესიის გარეშე ურთიერთობა, საეჭვოა, რომ ბავშვებმა შეძლონ და ისწავლონ ეს. თუმცა, იქ, სადაც სურვილი და მონდომებაა, დაუძლეველი პრობლემები არ არსებობს და ემოციების მართვის, ისევე, როგორც ეფექტიანი ურთიერთობის სწავლა ნამდვილად შესაძლებელია.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი