შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

მოკლე ტექსტური შეტყობინება ანუ უჩვეულო დავალებები

გიფიქრიათ, რამდენ ტექსტურ შეტყობინებას ვაგზავნით მთელი კვირის განმავლობაში სხვადასხვა მიზეზითა თუ მიზნით? პანდემიის პერიოდში კი ესემესები ჩვენი ურთიერთობის მთავარ ფორმად იქცა.

მოკლე ტექსტური შეტყობინება განსაკუთრებით პოპულარულია ახალგაზრდებში. თანამედროვე თაობა ძალიან სწრაფად ითვისებს ტექნოლოგიურ უნარ-ჩვევებს, რასაც თავისი დადებითი და უარყოფითი შედეგები აქვს. ხშირად მოზარდები კარგავენ დროის შეგრძნებას, მთელი დღე და ხშირად მთელი ღამეც, სმარტფონებში თავჩარგულნი, სწყდებიან რეალობას და შორდებიან სოციუმს, ვირტუალურ სამყაროში შეძენილ „ფრენდებთან“ მიმოწერა ანაცვლებს მეგობრებთან ერთად ეზოში ფეხბურთის თამაშს, დროის მიღმა შემდგარი გულახდილი საუბრები ხშირად ჩატეულა მოკლე ტექსტურ შეტყობინებაში, მოზღვავებული ემოციები კი მარტივ „სმაილებად“ გამოგვიხატავს. თუმცა, ამასთანავე, წამიერად შეგვიძლია გავავრცელოთ ინფორმაცია, მოვიკითხოთ ახლობლები, მივულოცოთ დღესასწაულები, გავაგზავნოთ ფოტოები, შეტყობინებაში ჩავტიოთ ისეთი ამბებიც, რომლებსაც ხმამაღლა არ ან ვერ გამოვთქვამთ. და ასე იქცევა ყველა, განურჩევლად ასაკისა, სქესისა თუ სტატუსისა. სათქმელი ადრესატამდე რომ მივიდეს, თითის ერთი დაწკაპუნებაც კმარა.

მზარდი ტექნოლოგიური ძვრები შეუქცევადი პროცესია, მათ წინააღმდეგ გალაშქრება იგივეა, რაც ქარის წისქვილებთან შერკინება, მაგრამ იქნებ არც არის საჭირო დონკიხოტობა, როდესაც შეგიძლია იყო მერი პოპინსი და ბავშვებთან ერთად იმოგზაურო დროსა და სივრცეში, სადაც საგნებიც სხვა ელფერს იძენს.

მჯერა, რომ გამოსავალი ყოველთვის არსებობს. ეს რწმენა მასწავლებლისთვის იგივეა, რაც კეთილი ჯადოქრისთვის – ჯადოსნური ჯოხი. ამ ჯადოქრობით ჩვეულებრივ გაკვეთილზე საგნებმა შეიძლება ფორმა იცვალოს – ტელეფონი რვეულად იქცეს, ესემესები კი მოსწავლეების დავალებებად.

გახსოვთ, როგორ მოიქცა ჯანი როდარის ერთ-ერთი პერსონაჟი – სინიორ ბიანკი, რათა შვილთან მუდმივი კომუნიკაცია შეენარჩუნებინა?

სამსახურებრივი მოვალეობის გამო ის კვირაში ექვს დღეს გზაში ატარებდა, მისი პატარა გოგონა კი ზღაპრების გარეშე ვერ იძინებდა. ამის გამო მამა ყოველ საღამოს რეკავდა სახლში და გოგონას ტელეფონით უყვებოდა სახალისო ამბებს. ასე შეიქმნა ბავშვების საყვარელი წიგნი – „ტელეფონით მოყოლილი ამბები“.

თანამედროვე ტექნოლოგია, თუ მას ჩვენს მიზანს მოვარგებთ, შეიძლება ახალი თავგადასავლების წყაროდაც კი იქცეს, როგორც ეს სინიორ ბიანკიმ შეძლო.

მოსწავლეების უმეტესობას წერითი დავალების შესრულება ერთულება, რადგან წერა მოითხოვს დროს, ფიქრს, ძალისხმევას და ნაწარმოების გაგება-გააზრებას. როგორ ვაქციოთ სწავლა-სწავლების აუცილებელი რუტინა სახალისო აქტივობად?

ყველამ ვიცით, რომ მოზარდისთვის ტელეფონი მხოლოდ საკომუნიკაციო საშუალება არ არის, ხშირად მას თვითდამკვიდრების მიზნით იყენებენ და თუ რომელიმე მათგანს არ აღმოაჩნდება ამა თუ იმ ბრენდის ტელეფონი, შეიძლება ერთგვარი ბულინგის ქვეშაც მოექცეს. მასწავლებლის თვალს მსგავსი ნიუანსები არ გამოეპარება. გადავწყვიტე, მოზარდების საყვარელი ნივთი საგაკვეთილო მიზნისთვის გამომეყენებინა. ერთ დღეს მოსწავლეებს ვთხოვე, გადმოეცათ ნაწარმოების დედაარსი, ოღონდ მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით.

– ესემესები უნდა ვწეროთ? – იკითხა რამდენიმემ გაოცებით.

– დიახ, ესემესებით მომწერეთ, რას ფიქრობთ ამ ნაწარმოებზე, მის მთავარ პერსონაჟზე. სანამ წერას დავიწყებთ, მანამდე უნდა დავამზადოთ მობილური ტელეფონები – იმ ფორმის და იმ ფირმის, რომელიც გსურთ.

კლასში საოცარი ფუსფუსი ატყდა. ბავშვები ხალისითა და ენთუზიაზმით ამზადებდნენ მობილურებს, სულ მერხებზე ეწყო მათი საოცნებო სხვადასხვა ფორმის, ფერის, დიზაინისა და თაობის „ტელეფონები“. კლასი მზად იყო მომდევნო დავალებისთვის. პირველი ესემესი მე „გავუგზავნე“ – დაფაზე გაჩნდა ჩემი შეტყობინება: „გამარჯობა, ბავშვებო, როგორ ხართ? თუ მიიღებთ ჩემს შეტყობინებას, მომწერეთ, რას ფიქრობთ ამ ნაწარმოებზე“. მოსწავლეებმა უხმოდ წაიკითხეს ჩემი შეტყობინება – ისე, როგორც სინამდვილეში ვკითხულობთ ესემესებს. უხმოდ და ყურადღებით. დავალების შესრულებას მთელი კლასი დიდი ენთუზიაზმით შეუდგა – თითოეულმა მათგანმა საკუთარი ხელით დამზადებულ სმარტფონებში „მომწერა“ ესემესი. მართალია, პასუხები მოკლე და კონკრეტული იყო, მაგრამ გულწრფელი და საინტერესო. მინდა აღვნიშნო, რომ არცერთს არ გახსენებია ნამდვილი მობილური – თითოეულ მათგანს ხომ საკუთარი ხელით შექმნილი ბოლო მოდელის ტელეფონი ეჭირა.

აქტივობა კიდევ უფრო სახალისო აღმოჩნდა წყვილური მუშაობისას. მოსწავლეები ამჯერად თანატოლებს სწერდნენ, კიდევ უფრო ლაღად და თავდაჯერებულად „აგზავნიდნენ“ „ესემესებს“ და ყურადღებით კითხულობდნენ ერთმანეთის შეტყობინებებს. ზოგიერთმა გადაწყვიტა, ემოციები „სმაილებით“ გამოეხატა.

ესემესებით მიმოწერა განსაკუთრებით ნაყოფიერი აღმოჩნდა ისეთი მოსწავლეების გასააქტიურებლად, რომლებსაც აზრის ხმამაღლა გამოთქმა და საკუთარი პოზიციის გამოხატვა ერთულებოდათ.

კლასმა ასეთივე ხალისით გაართვა თავი პერსონაჟებს შორის ესემეს მიმოწერას: წარმოიდგინეთ რას მისწერდა სალამურა ციცინათელების მწყემს ბაიას, რწყილი – განსაცდელში მყოფ ჭიანჭველას, გერდა – ჩრდილოეთში გადაკარგულ კაის და ა.შ. უშრეტი ფანტაზიის წყალობით შეტყობინება შეგვიძლია პატარა უფლისწულსაც დავუტოვოთ, იმ იმედით, რომ ოდესმე წაიკითხავს და თავადაც შეგვეხმიანება უცნობი გალაქტიკიდან.

მოკლე ტექსტური შეტყობინებები შეგვიძლია დისტანციური სწავლების ფორმატსაც მოვარგოთ. მოსწავლეებისთვის გაზიარებულ დაფაზე შეგვიძლია პირველი ესემესი თავად დავწეროთ და რიგრიგობით მივცეთ საუბრის გაგრძელების შესაძლებლობა. ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია, რამდენად ფლობენ კლავიატურას. საჭიროების შემთხვევაში შეგვიძლია დავეხმაროთ.

პანდემიის წყალობით სრულიად უჩვეულო გარემოში მოხვედრილებს ყველაზე მეტად ემოციური ინტელექტის მართვა გაგვიჭირდა. მით უფრო რთული აღმოჩნდა ეს ბავშვებისთვის. პირბადეების მიღმა ემოციების გაზიარების, გაანალიზებისა და კონტროლის დეფიციტი დამოკლეს მახვილივით აღიმართა ჩვენს თავზე. უშრეტი ენერგიის მქონე მოზარდისთვის კი უპირატესი სწორედ ამ უნარ-ჩვევების სწორი ფორმირებაა. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, თუ მათთვის ნაცნობ ნივთებს ახალ ელფერს შევძენთ, თანამედროვე ტექნოლოგიებს კი საგაკვეთილო მიზანს მოვარგებთ, მოსწავლეებს საკუთარი შეხედულებების თავისუფლად გამოხატვის კიდევ ერთ შესაძლებლობას მივცემთ. თუ სინიორ ბიანკოსთვის დრო და მანძილი ვერ იქცა დაბრკოლებად, ჩვენც შეგვიძლია, „ესემესით მოყოლილი ამბები“ ქართულის დავალებებად ვაქციოთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი