პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

ვენდოთ..? არ ვენდოთ..?

ძნელად თუ მოიძებნება ამქვეყნად ადამიანი, თავისი იდეების ხორცშესხმაზე რომ არ ოცნებობდეს. სპორტსმენის ოცნება ჩემპიონობა და ოლიმპიური მედალია, მასწავლებლისა – მოსწავლის კარგ მოქალაქედ აღზრდა, მოსწავლისა და სტუდენტისა – გამოცდის ჩაბარება და წარმატებით დასაქმება. ადამიანი ერთია და უამრავი კარგი იდეა შეიძლება ჰქონდეს; დღე ერთია და ვინ მოთვლის, რამდენი აზრი გაიელვებს ჩვენს ინფორმაციით გაჯერებულ გონებაში…

ოცნებობენ ქიმიკოსებიც, მაგრამ, როგორ ფიქრობთ, რაზე? ნობელის პრემიაზე? არა, ბატონებო. ნობელის პრემია რჩეულთა ხვედრია, რჩეულნი კი უფრო მნიშვნელოვანი “საქმეებით” არიან დაკავებულნი, ვიდრე შვედეთის სამეფო აკადემიაში წითელ ხალიჩად გარდაქმნილ ნიტროგლიცერინზე (დინამიტზე) გავლაა.

მაშ, რაზე ოცნებობენ ჩემი კოლეგები? – თავიანთი იდეების პროდუქტი თაროზე იხილონ! დიახ, ყოველი პრაქტიკოსი ქიმიკოსის მიზანია, მისმა იდეამ წარმატებით გაიაროს გზა გონებიდან ფურცლამდე, ფურცლიდან კოლბამდე, კოლბიდან საწარმომდე, საწარმოდან მომხმარებლის აბგამდე.

მოდი, რომელიმე, თუნდაც ყველაზე იაფფასიანი მედიკამენტი ავიღოთ და მის ბიოგრაფიას თვალი გადავავლოთ.

მისი სინთეზის იდეა რომელიღაც ქიმიკოსის გონებაში ჩაისახა, შემდეგ, სავარაუდოდ, ფურცელზე დაიწერა მისი სტრუქტურა და მოისინჯა არაერთი მეთოდი კოლბაში მის მისაღებად. შემდეგ გამოიწერეს ნედლეული, რომლის ბაზაზეც სინთეზი უნდა განხორციელებულიყო, ჩატვირთეს კოლბაში და დღეების, ან იქნებ კვირებისა და თვეების განმავლობაში ათუხთუხეს, და აი, დადგა ნანატრი წუთი, რეაქცია დამთავრდა და ხელში ახალი ნივთიერება გვიჭირავს. ის ცუდად გამოიყურება, ამდენი ხნის ნათუხთუხებს, ნატანჯი სახე აქვს, მინარევებიც ტკიპასავით ჰყავს მიკრული. ასეთი სახით მას სხვას ვერ წარვუდგენთ, ამიტომ ვიწყებთ ფიქრს მის გასუფთავებაზე, რაც შესაძლოა უფრო ძნელიც კი აღმოჩნდეს, ვიდრე მიღება. ახალმიღებული მოლეკულები ბავშვებით არიან, ყველას როდი უყვარს დაბანა… მაგრამ, აი, დავბანეთ, დავვარცხნეთ, გავასუფთავეთ და ახლა უკვე შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ მივიღეთ ახალი ნივთიერება.

მაგრამ, როგორ გგონიათ, დაგვიჯერებენ? საამისოდ ფარატინა ფურცელია საჭირო, რომელსაც ნივთიერების პასპორტი ეწოდება. პასპორტის ასაღებად ჩვენი დაბანილ-დავარცხნილი და გამოპრანჭული ნაერთი ანალიტიკოსებთან მიგვაქვს. მათ უნდა შეამოწმონ იგი და დაასკვნან, ნამდვილად ისაა, რასაც ველოდით თუ გვიმტყუნა ბედმა და ქიმიკოსის ალღომ. ჰოდა, ახალშობილს დიდხანს დაატარებენ კაბინეტიდან კაბინეტში, აპარატიდან აპარატში, სანამ საბოლოო განაჩენს არ გამოუტანენ.

აი, პასპორტიც ავიღეთ. ჩვენი ნაერთი მოლეკულათა საზოგადოების სრულფასოვანი წევრია. ახლა უკვე შეგვიძლია, მის შესახებ მთელ ქვეყანას ვამცნოთ. ამიტომ მოლეკულის შემქმნელები სამეცნიერო ნაშრომის გამოქვეყნებაზე იწყებენ ფიქრს. ისიც იწერება და წარედგინება რომელიმე გამომცემლობას ან საპატენტო ბიუროს. ეს უკანასკნელნი კი პირველ რიგში ნივთიერების პასპორტს ითხოვენ…

ეს ეტაპიც გადავლახეთ და რამდენიმე თვის ლოდინის შემდეგ უკვე მთელმა მსოფლიომ იცის მის შესახებ…

მაგრამ განა ეს ის არის, რასაც მისგან ველოდით? ცხადია, არა. ჩვენ გვინდოდა, ის თაროზე, ლამაზეტიკეტიან ფლაკონში მოთავსებული გვეხილა და არა ბიბლიოთეკის საცავის თაროზე რომელიმე სამეცნიერო ჟურნალის სახით. მაგრამ მანამდე ჯერ კიდევ გრძელი გზა გვაქვს გასავლელი. მედიკოსებს არ ესმით ქიმიკოსების. მათ არ აინტერესებთ ჩვენი მრავალტანჯული და ქიმიკოსთა შორის უკვე აღიარებული ნაერთი. არც იმ სერტიფიკატს ცნობენ, რომელიც მან უკვე მიიღო. ამიტომ მივმართავთ ბიოქიმიკოსებს – ელჩებს, რომელთაც მედიატორის როლი უნდა შესარულონ ჩვენსა (ქიმიკოსებს) და მედიკოსებს შორის. ჩვენი ნაერთიც ხელახლა იწყებს მოგზაურობას კაბინეტიდან კაბინეტში, სინჯარიდან სინჯარაში, მიკროსკოპიდან მიკროსკოპში, მას აუღელვებლად, დიდი მონდომებით, სკურპულოზურად ცდიან. ჩვენ კი ლოდინის მეტი არაფერი დაგვრჩენია… ასე გადის რამდენიმე წელი. ბოლოს და ბოლოს, ვიღებთ ვერდიქტს, შეიძლება თუ არა მისი მედიკამენტად გამოყენება. თუ პასუხი დადებითია, გახარებულები, ახალი სერტიფიკატით ხელში გავრბივართ ექიმებთან, დიდხანს ვუხსნით მათ ჩვენი მიღწევის არსს, ისინიც ერთხანს მოთმინებით გვისმენენ, მერე კი უმრავლესობა მდუმარედ გვაქცევს ზურგს და მიდის. მაგრამ თუ ძალიან მოვინდომეთ, მაინც ვიპოვით ცნობისმოყვარე და კრეატიულ მედიკოსს, რომელიც გვართმევს სერტიფიკატს, დიდხანს ატრიალებს ხელში და ბოლოს მის გამოცდაზე თანხმდება, ჩვენ კი მოსაცდელში კიდევ დიდხანს ველით პასუხს.

დასასრული ყველაფერს აქვს, მათ შორის – ლოდინსაც. როგორც იქნა, გამოჩნდა პირბადეაფარებული, თეთრ ხალათში გამოწყობილი ექიმი ახალი სერტიფიკატით ხელში. ჩვენი მოლეკულა, რომელიც მანამდე ერთი უბრალო ნაერთი იყო, შეიძლება წამლად იქცეს. მაგრამ მანამდე კიდევ ბევრი ბარიერი აქვს გადასალახი. სასწრაფოდ უნდა მოიძებნოს ინვესტორი, რომელიც მის საქარხნო მასშტაბით წარმოებას მოჰკიდებს ხელს. გაგვიმართლა და ვიპოვეთ? ახლა იმას უნდა ველოდოთ, როდის შეისწავლიან მისი მარკეტოლოგები ბაზარს, როდის დანერგავენ მისი ტექნოლოგები ტექნოლოგიას, შესაბამისად გადააწყობენ მისი ინჟინრები ქარხანას და მისი ბუღალტრები თეორიულ მოგებას დაითვლიან.

მაგრამ ყველაფერი ამით არ მთავრდება. მედიკამენტის თაროზე თავმომწონედ შემოსკუპება მაინც საზოგადოებაზეა დამოკიდებული. მიიღებს იგი? – მაშინ წარმოებას მიეცემა სტიმული (კვლავწარმოების სახსრები) და ახალი მედიკამენტი დიდი ხნით დაიმკვიდრებს ადგილს, თუ არა – ეტიკეტი გაუხუნდება და თავჩაღუნული გაშორდება თვისტომთ.

აი, ასეთია ერთი ჩვეულებრივი მედიკამენტის ბიოგრაფია. იდეადყოფნიდან აფთიაქის თაროზე მოხვედრამდე მას 16 წელი მაინც სჭირდება, ესეც – საუკეთესო შემთხვევაში! მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერების არაერთი დარგი საკმაოდ მაღალ დონეზეა განვითარებული და მოლეკულათა დიზაინი და კონსტრუირება უკვე კარგად ხელგვეწიფება, ჯერ ვერ მივაკვლიეთ კორელაციას მოლეკულის სტრუქტურასა და დაავადების განკურნებას შორის, არ ვიცით, რომელი დაავადებისათვის როგორი მოლეკულა უნდა “ავაშენოთ”. ამიტომ ყოველი ათი ათასი მოლეკულიდან მხოლოდ ერთი ხვდება აფთიაქის თაროზე. ქიმიკოსები ვერ ვიყურებით ადამიანის ორგანიზმში, ქიმიის ახალი დარგი, სამედიცინო ქიმია კი ჯერ ახალფეხადგმული ბავშვივითაა – ხელის ცეცებით სწავლობს ყველაფერს თავის გარშემო, ვერც იმას გვაგებინებს რიგიანად, რა უნდა. გაიზრდება, მხარში ამოგვიდგება და შრომა გაგვიადვილდება…

მედიკამენტის ბიოგრაფიის გაცნობისას შესაძლოა გაგიჩნდათ განცდა, რომ ეს ყველაფერი ზედმეტი ბიუროკრატიის ბრალია. ალბათ არც უამისობაა, მაგრამ ძნელია ანდო შვილის ჯანმრთელობა (რომ არაფერი ვთქვათ სიცოცხლეზე) ნაერთს, რომელსაც მედიკამენტის სერტიფიკატი არ გააჩნია. ცხადია, სერტიფიკატის ქონა არ ნიშნავს, რომ ყველა წამალი ერთანაირად ეფექტურია – მათ შორის არის განსხვავება, მაგრამ მათ აქვთ საერთოც – ყველა მათგანი სანდოა. ამიტომ, ბუნებრივია, როცა ბავშვს წამოახველებს, ვეძებთ კარგ (ლიცენზირებულ) კლინიკას, მერე – კარგ (სერტიფიცირებულ) ექიმს, ბოლოს კი – კარგ (სერტიფიცირებულ) მედიკამენტს.

როგორ ვირჩევთ სკოლას… მასწავლებელს.. წიგნს..?

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი