შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

მობილური ტელეფონები და საკლასო ოთახში მიმდინარე სასწავლო პროცესი

„მობილურ ტელეფონებს ჩვენი ცხოვრების შიდა სამყაროში მივყავართ, მაშინ, როცა კინოფილმები გვაძლევენ შანსს გავექცეთ ცხოვრებას. ამიტომაც, ეს ორნი, მოპაექრე ძალებს წარმოადგენენ“.

სტივენ სპილბერგი

(Read more at https://www.brainyquote.com/topics/phones-quotes)

სულ უფრო მეტი სკოლა ამონტაჟებს ან აუმჯობესებს სასკოლო WiFi -ქსელებს. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ უამრავი ისეთი ადგილია, სადაც ინტერნეტი არ არსებობს, გაზრდილი წვდომა ინტერნეტზე ბავშვებს საშუალებას აძლევს, ჰქონდეთ უამრავი ახალი სასწავლო შესაძლებლობა, რომლებიც ყოველწლიურად სულ უმჯობესდება.

სასწავლო პროცესის პროექტირებისადმი „ჯერ პედაგოგიკა და შემდეგ ტექნოლოგიები“ მიდგომით, განმანათლებლებს შეუძლიათ, გააძლიერონ და უფრო სრულყოფილი გახადონ გაკვეთილები, დღეს არსებული, თითქმის უსაზღვრო ტექნოლოგიური საშუალებებით. ისეთი ვებსაიტები, როგორებიცაა Common Sense Education და edshelf, აადვილებენ, შეარჩიოთ სწორი გზა, მართებული საინსტრუქციო სტრატეგიისათვის.

თუმცა, თუ ხელთ გვაქვს კარგად შედგენილი შეფასების მექანიზმი, მაშინ ყველაზე ბუნებრივი იქნება, საკუთრივ მოსწავლემ შეარჩიოს მისთვის საუკეთესო საშუალება ამოცანის გადასაწყვეტად.

მიუხედავად იმისა, რომ მობილური ტელეფონების ფასებმა დაიწიეს, მაინც რჩება ახალი ტელეფონის ყიდვის სიძვირის საკითხი.

ზემოთ თქმულის გათვალისწინებით მსურს, მოგიყვეთ ერთი საინტერესო და პრაქტიკული იდეის შესახებ, რომელსაც ველსის ელემენტარულ სკოლაში (Wells Elementary School, მეინის შტატი, აშშ) საკონსულტაციო ვიზიტის დროს გავეცანი.

სკოლის ადმინისტრაციულ გუნდთან ერთად, გაცნობითი ფეხმავალი ტურის დროს შევამჩნიე, რომ სკოლამდელი კლასების რამდენიმე მოსწავლე, მასწავლებლის, ქ-ნ დებორა უექერლის  კლასიდან, ჩართულნი იყვნენ შერეული ტიპის სასწავლო აქტივობებში, სმარტფონების გამოყენებით (სმარტფონი – მობილური ტელეფონის თანამედროვე ტიპი, რომელსაც მექანიკურის ნაცვლად, ვირტუალური კლავიატურა, უფრო მაღალი ხარისხის ფოტოკამერა და ბევრი ახალი ფუნქცია აქვს, GSM-მობილურ ტელეფონთან შედარებით, ლ.ა.).

მე, როგორც BYOT კამპუსის პროგრამის (BYOT- Bring Your Own Technology/თან იქონიე შენი საკუთარი ტექნოლოგია, ინგლ.) ყოფილ კურსდამთავრებულს, არ გამკვირვებია ის, რომ ბავშვები სასწავლო პროცესის ზოგ ეტაპზე სახლიდან მოტანილ ტექნიკურ საშუალებებს იყენებდნენ.

თუმცა ქ-ნ დებორას მაინც შევეკითხე, მართლა სახლიდან მოტანილ ტელეფონებს/ტაბლეტებს იყენებდნენ თუ არა ბავშვები სასწავლად ან ამოცანების გადასაჭრელად.

მასწვლებელმა გაიცინა და მითხრა, რომ ეს ასე არ არის, რადგან ბავშვები ჯერ კიდევ სკოლამდელი, მოსამზადებელი კლასის მოსწავლეები იყვნენ.

დავინტერესდი. აღმოჩნდა, რომ აქ საქმე სხვაგვარად იყო ორგანიზებული.

 

ამის შემდეგ, ქ-ნმა დებორამ მიჩვენა კალათა, რომელშიც ხუთიოდე ტელეფონი ეწყო.

შემდეგ ამიხსნა, რომ რამდენიმე წლის წინ მან სთხოვა წინასასკოლო კლასის მოსწავლეების მშობლებსა და მეგობრებს, სკოლისთვის ეჩუქებინათ მოძველებული სმარტფონები, მათი კლასში გამოყენებისათვის, მათი სატელეფონო კომპანიებში ჩაბარების, ნაღდი ფულის ან პროგრამული გაუმჯობესების სანაცვლოდ.

რა დიდებული იდეაა!

დღეს, ქ-ნ დებორას კლასში უკვე რამდენიმე უსაფრთხო ინტერნეტზე მიერთებული სმარტფონი აქვს, რომლებსაც იყენებს ინდივიდუალური თუ შერეული სწავლებისათვის. ბევრი სასწავლო აქტივობისათვის, მნიშვნელობა არ აქვს საკუთრივ მოწყობილობას (ტელეფონს). მთავარია, გქონდეს საშუალება, რომელიც გამოდგება სხვადასხვა სასწავლო თუ ინტერაქტიულ ვებსაიტზე წვდომისათვის.

იდეა იმდენად მომეწონა, რომ გადავწყვიტე, ჩემი წვლილიც შემეტანა ამ საქმეში და სკოლისთვის, ჩემი მეუღლის მოძველებული სმარტფონი მეჩუქებინა, რომლის საპროგრამო გაუმჯობესაბასაც ახლო მომავალში ვაპირებდით.

ქ-ნ დებორას მსგავსი ნოვატორები ყოველთვის ეძებენ (და პოულობენ) გზებს, რომლითაც შეძლებენ სასწავლო გამოცდილების გაუმჯობესებასა და გამდიდრებას. სწორედ ასეთი საშუალებებით, ბევრად უფრო ადვილი ხდება სასკოლო ოთახში იმ ახალი მეთოდების დანერგვა და გამოყენება, რომლებიც პედაგოგიურ პროცესს ბავშვებისთვის მრავალფეროვანს ხდის. გარდა ამისა, ასეთი ინიციატივები საშუალებას იძლევა, პროცესი ხელმისაწვდომი გახადოთ იმ მოსწავლეებისთვისაც, ვისაც არ აქვს  ასეთი ტელეფონების ქონის შესაძლებლობა.

ბოლოს, იმას ვიტყვი, რომ მნიშვნელოვანია, ვეძებოთ გზები, მოსწავლეთა სხვადასხვა ციფრულ სასწავლო რესურსზე წვდომისა და ბავშვებს შორის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად.

მასალა მოამზადა და თარგმნა ლევან ალფაიძემ

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი