ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

თავგანწირვის შესახებ

როდესაც თანამდებობათა გასანაწილებლად, სამართლიანი თუ უსამართლო ამბიციის, საქმის სიყვარულის, ერთგულებისა თუ ღალატის, დაღლისა თუ მობეზრების გამო, თვითდამკვიდრებისთვის თუ საზოგადოებაში ადგილის საპოვნელად გამართულ ბრძოლებს ვადევნებ თვალს, მუდამ ერთი ადამიანი მახსენდება.
თუმცა ცოტა შორიდან მოვყვები…
ალბათ ახალს არაფერს ვიტყვი, თუ ჩემი თაობის ბავშვების ცივ და ნაცრისფერ ყოფას გავიხსენებ. არაფერი ხდებოდა საინტერესო, ციოდა, ბავშვებს გაკვეთილებზე შიმშილისგან გული მისდიოდათ, გარეუბნის უსახო კორპუსებს შორის დავდიოდით ჩვენ – ომის შვილები.
მეც ასეთივე ჩვეულებრივი ბავშვი ვიყავი, ქვრივი დედის გაზრდილი, კვირაში ხუთი დღე – სკოლაში, ორი საღამო – მუსიკალურში, სპეციალობის რუს მასწავლებელთან, ერთი შუადღე – გუნდი და სოლფეჯიო, დანარჩენი საღამოები – შინ, წიგნებთან… ჰო, სულელურ ლექსებსაც ვწერდი.
მერე ერთ დღეს ჩემმა ქართულის მასწავლებელმა მითხრა, მოსწავლეთა სასახლეში შემოქმედ ბავშვთა სტუდია აქვთ და იქნებ მისულიყავიო.
ჰოდა, ავიღე ეს ჩემი 9 აპრილზე, ცრემლებსა და ახალ წელზე დაწერილი ლექსები და წავედი. რიცხვი არ მახსოვს, მაგრამ დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ იმ დღემ ჩემი მსოფლმხედველობა და ცხოვრების გეზი შეცვალა.
ეს იყო მეოთხეკლასელი ბავშვის ყველაზე დიდი მოგზაურობა მეტროთი – ახმეტელის თეატრი-თავისუფლების მოედანი. მარტო წავედი. არ მახსოვს, რატომ არ ვუთხარი დედას. ალბათ, იმ სათავგადასავლო წიგნების გავლენით, მაშინ რომ ვკითხულობდი.
პირველი სასწაული თვითონ სასახლე იყო – ისეთი ნათება ნაცრისფერი გარემოს ფონზე, რომ უემოციოდ ახლაც ვერ ვიხსენებ იმ განცდას.
მაღალჭერიანი ფოიე, მარმარილოს კიბეები, ოქროსჩარჩოიანი სარკეები და შემოქმედ მოსწავლეთა კაბინეტი.
ჩემს მასწავლებელს მიხეილ გოგუაძე ერქვა. ფიზიკოსს, ფილოსოფოსსა და პოეტს, ისე უყვარდა საქმე, რომელსაც აკეთებდა, თავისი როლი ბავშვების – თავისი მოსწავლეების – ცხოვრებაში, ფაქტობრივად, შიშველ ენთუზიაზმსა და მიზერულ ხელფასზე მუშაობდა. შინიდან ფეხით დადიოდა სასახლეში. სამაგიეროდ, ახალ ავტორებს, ახალ ნაწარმოებებს, ახალ თუ ძველ წიგნებს გვაცნობდა, დაუნანებლად გვიზიარებდა თავის დროს, ცოდნას და ჭეშმარიტების სიყვარულს.
თანდათან მივხვდი, რომ ლექსების წერა არც ისე ადვილია, როგორც მეგონა. მივხვდი იმასაც, რა დიდი პასუხისმგებლობაა ეს და რომ ამ პროცესს კითხვა უფრო სჭირდება, ვიდრე მოქნილი კალამი. გავიგე, რომ იმის ცოდნას, რა უნდა წაიკითხო და რა – არა, ასევე სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, რადგან ყველაზე ძვირფასს – დროს გიზოგავს. მერე შევამჩნიე, რომ ყველა ჩემი ლექსი გაზაფხულსა და სიყვარულზე მეტისმეტად ჰგავდა ცნობილი ქართველი პოეტების ლექსებს, ოღონდ, რასაკვირველია, მათი ცუდი ვარიანტი იყო. მერე საგულდაგულოდ დავმალე ყველა ჩემი ლექსი და გადავწყვიტე, სანამ ძალიან ბევრს არ წავიკითხავდი, არაფერიც არ დამეწერა.
ბევრი დრო გავიდა, სანამ ისევ დავიწყე წერა და როდესაც ჩემი ძვირფასი მასწავლებლისგან ჩემი ნაწერების დადებითი შეფასება მოვისმინე, ბედნიერებისგან რა მექნა, არ ვიცოდი. მეტიც, ლექსების თანაკლასელებისთვის წაკითხვაც კი გავბედე.
მერე მოსწავლეთა კონფერენციებზე ვკითხულობდი ლექსებს. მახსოვს მაისი – როცა ეს კონფერენციები იმართებოდა; მთელი საქართველოდან ჩამოდიოდნენ “წერას ატანილი” ბავშვები, ეს იყო მთელი საქართველოსკენ – ჩემთვის უცნობი საქართველოსკენ, ანუ მის თბილისგარე ნაწილისკენ – გაჭრილი ფანჯარა… მათი სახელები და გვარები დღესაც მახსოვს.
ამასობაში გავიზარდე. სკოლის მერეც ხშირად დავდიოდი სასახლეში, მიმქონდა ლექსები, ვიღებდი ყველაზე კეთილ და საჭირო კრიტიკას, რომელიც მზრდიდა და მაძლიერებდა და არა პირიქით, როგორც სხვა შემთხვევებში ხდება ხოლმე. მთავარი ის არის, რომ ამ ხნის განმავლობაში ჩემი მასწავლებლის ფინანსური მდგომარეობა არ შეცვლილა, მაგრამ ის მაინც ერთგულად დადიოდა სასახლეში, სადაც მესამე სართულზე, შემოქმედ ბავშვთა კაბინეტში, ბევრი გაუღვივებელი და დაულაგებელი ნიჭი ელოდა.

დღესაც, როცა მორიგი წიგნის კითხვისას იოლად ვამჩნევ ზუსტ, ოსტატურ ფრაზას ან, პირიქით, ისეთ წინადადებებს, რომლებითაც ავტორმა, უბრალოდ, პასუხისმგებლობისგან თავი დაიძვრინა, როცა ერთმანეთისგან ვასხვავებ კარგსა და ცუდ ლექსს, მოკლედ, როცა კარგ წიგნებს პირველი გვერდის წაკითხვისთანავე ვცნობ, – კიდევ ერთხელ ვუგზავნი დიდ მადლიერებას ჩემს მასწავლებელს, რომელმაც ტექსტების მიმართ სწორი დამოკიდებულება გამომიმუშავა.

ჰოდა, როდესაც თანამდებობათა გასანაწილებლად, სამართლიანი თუ უსამართლო ამბიციის, საქმის სიყვარულის, ერთგულებისა თუ ღალატის, დაღლისა თუ მობეზრების გამო, თვითდამკვიდრებისთვის თუ საზოგადოებაში ადგილის საპოვნელად გამართულ ბრძოლებს ვადევნებ თვალს, სულ ერთი ადამიანი მახსენდება – მიხეილ გოგუაძე, პოეტი და მასწავლებელი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი