შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

ინერტულობიდან კეთილშობილებამდე

როგორ ვევლინებით  ქვეყანას? – დედიშობილა. ეს ლამაზი და ტევადი სიტყვა ზედგამოჭრილია ჩვენი მაშინდელი მდგომარეობის დასახასიათებლად, მაგრამ იგი მარტო ჩვენს გარეგნულ იერ-სახეს როდი აღწერს. რა გვაბადია დაბადებისას? არაფერი – არც სამოსი, არც მეხსიერება, არც ცოდნა… ვტოვებთ ჩვენს თბილ, მზრუნველობით აღსავსე სადგომს და, ცარიელ-ტარიელები, სრულიად უცხო გარემოში ვიწყებთ ცხოვრებას… შემოვდგამთ თუ არა ფეხს ამქვეყნად, დავჭექთ (თუ ვერ მოვახერხეთ, ერთს გემრიელად მოგვცხებენ ხოლმე) და ქვეყნიერებას ვამცნობთ ჩვენს დაბადებას.

მაინც რატომ წამოვიტირებთ ხოლმე დაბადებისთანავე? გული გვწყდება, “დედულეთი” რომ დავტოვეთ? არა. ჩვენი წამოტირება ფილტვების ჰაერით შევსებას ემსახურება. სწორედ იმ წუთიდან იწყება ჩვენი მუდმივი ლტოლვა შევსებისკენ. მივისწრაფით, სტომაქი საკვებით შევივსოთ, მეხსიერება – ინფორმაციით, ინტელექტი – ცოდნით. თავისი სიცოცხლის განმავლობაში ადამიანი უამრავ რამეს ნთქავს, ეს მოთხოვნილება რომ დაიკმაყოფილოს და, რა გასაკვირიც უნდა იყოს, მიღებული ინფორმაციის ოდენობა საგრძნობლად აღემატება სტომაქში გადაშვებული ნახშირწყლების, ცილებისა და ვიტამინებისას.

რატომ მგონია ასე? მოდი, კიდევ ერთხელ გავაპაროთ თვალი ქიმიური ელემენტებისკენ და დავაკვირდეთ, როგორ იქცევიან ისინი. ელემენტების მთავარი საზრუნავიც ხომ შევსებაა – ელექტრონებით შევსება. ყოველი მათგანი მიისწრაფის, გარე სავალენტო შრე შევსებული ჰქონდეს და დილემის წინაშე დგება – ან უნდა გასცეს ელექტრონები, ან, პირიქით, სხვა ელემენტებისგან მიიტაცოს. ელემენტების სწორედ ეს მისწრაფება განაპირობებს მათ აქტიურობს. რაც უფრო მცირე რაოდენობის ელექტრონის გაცემა-მიერთებაა საჭირო, მით უფრო “სხარტია” ელემენტი – სწრაფად იღებს გადაწყვეტილებას და ქიმიურ რეაქციებშიც ადვილად ერთვება. მაგალითად, პირველი ჯგუფის ელემენტებისთვის გარე სავალენტო შრის შესავსებად ენერგეტიკულად მომგებიანია ერთი ელექტრონის გაცემა, მეორე ჯგუფის ელემენტებისთვის – ორი ელექტრონისა. ჰალოგენებისთვის, პირიქით, ერთი ელექტრონის მიერთებაა ხელსაყრელი, ამიტომ ისინი ყველაზე რეაქციისუნარიან (თუმცა კი თვისებებით დიამეტრულად განსხვავებულ) ელემენტებს წარმოადგენენ. შუა პერიოდის ელემენტებს კიდევ უფრო დიდი საზრუნავი აქვთ – მათთვის ელექტრონის გაცემა-მიერთება ხშირად გარეშე ფაქტორებზეა დამოკიდებული. თუ უფრო ძლიერი ელექტროუარყოფითობის მქონე ელემენტს გადაეყარნენ, საკუთარ ელექტრონებს უთმობენ, ხოლო უფრო სუსტს შავ დღეს აყრიან – თვითონვე ართმევენ ელექტრონებს.

მოკლედ, ელექტრონების ეს აღებ-მიცემობაა ელემენტთა სამყაროს მთავარი საზრუნავი.

თუმცა არსებობენ ელემენტები, რომელთაც დამბადებელმა უდრტვინველი ცხოვრება დაანათლა. გარე სავალენტო შრე მათ უკვე შევსებული აქვთ, ამიტომ პერიოდულობის ცხრილის მარჯვენა განაპირა სვეტში განცხრომით არიან მოკალათებულნი. მათთვის უცხოა სხვა ელემენტთა ვნებათაღელვა, ყოველდღიური ფაციფუცი, ელექტრონების საფონდო ბირჟაზე მუდმივი მანიპულაციები, რათა რაც შეიძლება ხელსაყრელ ფასად (ენერგეტიკული თვალსაზრისით) ჩაიგდონ ხელში ელექტრონი და ეზიარონ მისი დეფიციტის შევსების ნეტარებას.

ამ მშვიდ ელემენტებს ნათლიებმა მათი ქცევის შესაბამისი სახელი – ინერტული ელემენტები უწოდეს. მათი საცხოვრისი ქიმიკოსებმა ერთგვარ ნაკრძალად გამოაცხადეს და იშვიათად სტუმრობდნენ, ისიც – უმთავრესად სალექციო კურსის დროს. “ინერტულია, ესე იგი უმოქმედოა!” – აი, ვერდიქტი, რომელიც მათ წლების წინ გამოუტანეს და ელემენტთა საერთო ფერხულიდან გარიყეს.

მაგრამ ქიმიკოსებს შორისაც მოიძებნებიან კირკიტა ადამიანები, რომელთაც ერთი შეხედვით მიუღწეველის მიღწევა სწყურიათ. სწორედ ასეთი აღმოჩნდა ნილ ბარლეტი, რომელმაც 1962 წელს ინერტული აირებისგან ნაერთების მიღება მოახერხა. კიდევ რა არის საინტერესო ამ ისტორიაში? იმ დღიდან ინერტულ აირებს სახელი შეეცვალათ და დღეს მათ უკვე კეთილშობილ აირებს ვუწოდებთ. ლიტერატურულ წყაროებში აქა-იქ შეიძლება შეგხვდეთ ტერმინი “იშვიათი გაზებიც” (კეთილშობილება, ისევე როგორც ჩვენში, აირებს შორისაც იშვიათობაა), მაგრამ მათი საერთაშორისო დასახელება მაინც კეთილშობილი აირებია.

კოლეგებო, გყავთ კლასში ინერტული მოსწავლეები? მაშ, მოდი, ნილ ბარლეტები გავხდეთ და “გავაკეთილშობილოთ” ისინი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი