შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

ყურადღების ტიპოლოგიური თავისებურებები

 

დღეს პედაგოგთა და მშობელთა უმრავლესობა ბავშვის სწავლაში ჩამორჩენის და დაბალი სასწავლო მოტივაციის ერთ-ერთ გავრცელებულ მიზეზად უყურადღებობას ასახელებს. „ძალიან ნიჭიერია, მაგრამ უყურადღებობა უშლის ხელს, ცოტა მეტად ყურადღებიანი რომ ყოფილიყო, დიდ წარმატებებს მიაღწევდა“.  „სულ რამდენიმე წუთით მაინც თუ გამოიჩენს ყურადღებას, როცა რაიმეს ვუხსნი, ყველაფერს ძალიან ადვილად იგებს და იმახსოვრებს“. ბავშვის დახასიათების დროს ასეთი ფრაზების გამოყენება, როგორც მშობლების, ასევე მასწავლებლების მხრიდან, ნამდვილად არ არის იშვიათი. ვფიქრობ, მკითხველისთვის საინტერესო იქნება უყურადღებობის ცნების იდენტიფიცირება, ასევე უყურადღებობის, როგორც ინდივიდუალური პიროვნული მახასიათებლისა და ყურადღების ტიპოლოგიური თავისებურებების ერთმანეთისაგან გამიჯვნა.

ერთხელ მერვე კლასში მათემატიკის გაკვეთილზე ყოფნის დროს, ერთ-ერთი მოსწავლის  ქცევაში ცოტა უცნაური რამ დავაფიქსირე – იმის გამო, რომ საშინაო დავალება სწორად ჰქონდა შესრულებული, მასწავლებელმა გიო დაფასთან გაიყვანა და სთხოვა, რომ საშინაო დავალებად მიცემული ამოცანა დაფაზე დაეწერა და თანაკლასელებისთვის ეჩვენებინა, როგორ უნდა შეესრულებინათ დავალება. გიომ გატაცებით დაიწყო მუშაობა და ყველაფერს ძალიან კარგად ართმევდა თავს მანამდე, სანამ მასწავლებელმა არ სთხოვა, რომ წერის პარალელურად სიტყვიერადაც გადმოეცა ყველაფერი, რასაც დაფაზე დაწერდა. ასეთმა მითითებამ ბავშვის მოქმედების დეზორგანიზება  გამოიწვია და მან ვეღარ შეძლო მიცემული დავალების წარმატებით დასრულება. „როგორც ჩანს, შენ ამ დავალების შესრულებაში სხვა დაგეხმარა, შეეცადე სხვა დროს დამოუკიდებლად იმუშაო“ – ურჩია მასწავლებელმა გიოს, რომელიც უკმაყოფილო, ცოტა დაბნეული და თავჩაღუნული თავის ადგილს დაუბრუნდა. მოგვიანებით, როცა გიოსთან ინდივიდუალური შეხვედრის დროს შევეცადე გაკვეთილზე ზემოაღნიშნულ სიტუაციაში მისი ქცევის მიზეზი გამერკვია, მან გულისტკივილით აღნიშნა, რომ დავალება ნამდვილად მისი შესრულებული იყო, ამასთან შეასრულა დამოუკიდებლად, ყოველგვარი დახმარების გარეშე – „ვფიქრობ, არც დაფაზე დაწერის დროს გამიჭირდებოდა მისი შესრულება, მაგრამ როგორც კი ლაპარაკი დავიწყე, რომ მასწავლებლის მითითება შემესრულებინა, თითქოს „ტვინი გადამეკეტა“, ვერაფრით ვახერხებდი ერთდროულად წერას და ლაპარაკს. ეს ყველაფერი მოგვიანებით გახდა ჩემთვის ნათელი, იმ წუთას ძალიან დავიბენი და ვერ მივხვდი რა მიშლიდა ხელს“. როგორც გაირკვა, გიო, ისევე როგორც ალბათ ბევრი სხვა ადამიანი, არის ყურადღების კონცენტრირებული ტიპი, რომელსაც ყურადღების მხოლოდ ერთი მიმართულებით წარმართვა შეუძლია. და, პირიქით, არიან ადამიანები, რომლებიც ძალიან ადვილად ახერხებენ ერთდროულად ორი ან რამდენიმე ისეთი მოქმედების შესრულებას, რომელიც ყურადღებას მოითხოვს. ასეთ ტიპს ყურადღების განაწილებულ ტიპს უწოდებენ. მოსწავლეს, ყურადღების ამგვარი ტიპოლოგიური თავისებურებებით ნამდვილად არ გაუჭირდებოდა მასწავლებლის მიერ გიოსთვის მიცემული დავალების შესრულება, თუ, რა თქმა უნდა, საკითხი ეცოდინებოდა.

ყურადღების ზემოაღნიშნული ტიპების გარდა, არსებობენ ასევე ყურადღების  ადვილი და ძნელი გადანაცვლების ტიპის ადამიანები. ყურადღების ძნელი გადანაცვლების ტიპს უჭირს, ან საერთოდ ვერ ახერხებს ყურადღების სწრაფ გადატანას მეორე მიმართულებით. მისი ყურადღება თითქოს მიჯაჭვულია იმ საგანს, რაზედაც იგი უკვე მიმართულია. მას ეძნელება ერთი მოქმედებიდან სხვა მოქმედებაზე გადასვლა. ამ ტიპის ბავშვს სჭირდება გარკვეული დრო, რომ აქტიურად  ჩაერთოს ახალ საგაკვეთილო აქტივობაში, როდესაც მასწავლებელი წინასწარ შემუშავებული გაკვეთილის გეგმის შესაბამისად ცვლის ბავშვებისთვის მიწოდებულ დავალებებს. არსებობენ ყურადღების ადვილი გადანაცვლების ტიპის ადამიანებიც, რომელთათვის არავითარ სიძნელეს არ წარმოადგენს ყურადღების სწრაფი გადატანა სხვა მიმართულებით, ერთი საქმიდან სწრაფი გადასვლა მეორეზე. ამ ტიპის ბავშვები, როგორც წესი, პედაგოგისგან ხშირად იმსახურებენ შექებას, რომ მათი სწრაფი მოქმედება მასწავლებელს დროს არ აკარგვინებს.

სასწავლო პროცესში ბავშვებთან ურთიერთობისას შეიძლება აღმოვაჩინოთ ისეთებიც, რომლებსაც არ შეუძლიათ  დიდი ხნის განმავლობაში ყურადღების ერთი მიმართულებით წარმართვა. იმისათვის, რომ ყურადღება ინტენსიური იყოს, მათთვის აუცილებელია ხშირ-ხშირი გადანაცვლება სხვადასხვა მიმართულებით. ეს შეიძლება აიხსნას ლაბილური ყურადღების ტიპისათვის დამახასიათებელი თავისებურებებით. ამის საპირისპირო ყურადღების ტიპის ადამიანი, რომელიც სტაბილური ყურადღების ტიპის სახელით არის ცნობილი, შესანიშნავად ახერხებს ყურადღების ერთი მიმართულებით ხანგრძლივად წარმართვას. მისთვის ყურადღების ხშირი გადანაცვლების საჭიროება – ყურადღების ინტენსივობისთვის ხელისშემშლელ  ფაქტორს წარმოადგენს.

ბავშვებთან ურთიერთობისას, სასწავლო პროცესში ჩვენ შეიძლება  ყურადღების სხვა ტიპოლოგიური თავისებურებების გამოვლენის მოწმეც აღმოვჩნდეთ. არიან ბავშვები, რომლებიც დავალების უხარისხოდ შესრულებას, ან საერთოდ  შეუსრულებლობას იმით ხსნიან, რომ კლასში ხმაურია, ბავშვები ბევრს ლაპარაკობენ და ხელი ეშლებათ. ასეთი ბავშვი, დიდი ალბათობით, შეიძლება იყოს გადახრადი, ანუ არამყარი ყურადღების ტიპი, რომელსაც არ შეუძლია ხელისშემშლელ გამღიზიანებელთა პირობებში ყურადღების კონცენტრაცია და ინტენსიური ყურადღებით მუშაობა. თუმცა, ისეთებსაც შეიძლება შევხვდეთ, რომელთაც თავისუფლად შეუძლიათ ინტენსიური ყურადღებით მუშაობა ხელისშემშლელ გამღიზიანებელთა (ხმაური, ლაპარაკი და ა.შ.)  მოქმედების პირობებშიც კი. ეს უცხო გამღიზიანებლები სრულიადაც არ უშლიან ხელს ასეთ ბავშვებს მოახდინონ ყურადღების კონცენტრაცია და წარმატებით შეასრულონ სამუშაო. ამით ისინი ამჟღავნებენ ყურადღების მყარი ანუ გადაუხრადი ტიპისთვის დამახასიათებელ ნიშნებს.

ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ, ალბათ ბევრი პედაგოგი განაწყედება და თუ არ იტყვის, გაიფიქრებს მაინც, რომ 30-35 ბავშვიან კლასში, როდესაც მას კონკრეტული საგნის სწავლება უწევს, ადვილი არ იქნება ცალკეული მოსწავლის ტიპოლოგიური თავისებურებების გამოვლენა და შემდეგ ამ ყველაფრის გათვალისწინება მათთან საგაკვეთილო მუშაობის პროცესში. რა თქმა უნდა, ნამდვილად არ იქნება ადვილი, უფრო მეტიც, ზემოაღნიშნული ტიპოლოგიური თავისებურებების ცოდნა არ გვაძლევს იმის სრულ გარანტიას, რომ ჩვენ არასოდეს დავუშვებთ შეცდომას ბავშვის ქცევის ანალიზის, ახსნისა და გაგების პროცესში. თუმცა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ მართალია, შეცდომა ტრაგედია არ არის, მაგრამ ის შეიძლება სერიოზულ პრობლემად გვექცეს, თუ ჩვენთვის მიუღებელი ქცევის გამო მთელ პასუხისმგებლობას ბავშვებს დავაკისრებთ და მათ მარცხს, წარუმატებლობას მათივე უყურადღებობით ავხსნით. ყოველივე აღნიშნული ნამდვილად არ იქნება გამართლებული თუნდაც იმიტომ, რომ ყურადღების ტიპოლოგიური თავისებურებების გათვალისწინების შემთხვევაში ჩვენ შევძლებთ ნებისმიერ ბავშვს შევუქმნათ პირობები მიცემული დავალების ყურადღების მაქსიმალური ინტენსივობით შესასრულებლად.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი