პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

კომპიუტერის ნატეხები

ამასწინ ერთ ძალიან, ძალიან შეჭირვებულ ოჯახს კომპიუტერი ჩავუტანე. მრავალშვილიანს. როგორც არის ხოლმე – წამიერი სიხარულის ჩასუნთქვა, რომ რაღაც კარგი გააკეთე, რომ მათი თვალებიდან წამოცდენილი ბედნიერება მთელი კვირა გეყოფა და სხვა მსგავსი თავისმოსატყუებელი ფიქრი. ჰოდა, პატარა ბიჭმა, კომპიუტერი გულზე მიიკრა და ასე იდგა გაშეშებული. ამ დროს იქვე, მეზობელი ეზოდან მეორე ბიჭი გადმოვიდა, ოდნავ მოზრდილი, მიუახლოვდა და უთხრა: მომიტეხე. კომპიუტერზე უთხრა. როგორც ხაჭაპურზე და შოკოლადზე ვეუბნებით ხოლმე. პატარამ თავი დახარა და ხელი კიდევ უფრო მოუჭირა ნაჩუქარ ნივთს.

მეორემ, მეზობელმა, მე შემხედა და მე კიდევ ერთხელ მივხვდი, რაც ვიცოდი და ვიყრუებდი, რომ სადაც მივალ და ვინმეს ხელს , გავუწვდით, ღობეს მიღმა იქნება სხვა, მეორე ბავშვი და იმ ღობის მიღმა ისევ იქნება სხვა – მესამე. და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ჩვენ ამ ერთ მუჭა ხალხს, ვისაც, რაღაც გამართლებით, საბანი ბოლომდე გვწვდება, ამ საბანს თვალებზეც ვიფარებთ და გვავიწყდება, რომ არსებობს სოფლები და სოფლებში სახლები და სახლებში ბავშვები და ამ ბავშვებს არ აქვთ მთლიანი ოცნებები, ერთმანეთისთვის მოტეხილი სიხარულებით ცხოვრობენ და ხან ეს სიხარული ვერ ტყდება, იმ კოპიუტერივით და სათამაშოსავით და ჯინსის შარვალივით და სულაც ცარიელია მათი სურვილების უჯრა.

 

ჩემი გზაც ეს არის, რომ ვივარჯიშო და თვალს ეს საბანი მოვაშორო, რომ თქვენც მოგაშოროთ ჩაბრუნებული მზერისგან ეს საბანი. რომ შევძლოთ და ამ ბავშვებს კომპიუტერები მოვუტეხოთ. თან ისე მოვუტეხოთ, რომ ყველას მთლიანი შეხვდეს.

 

მითხრეს, ასეთი კამპანიაა  ,,მე ვქმნი მომავალს’’ და თუ ვინმეს რამე მცდელობა აქვს, წერს თავის ამ მცდელობაზე და ეგებ შემოუერთდეო. თავიდან უარი ვუთხარი – ან საკუთარ თავზე როგორ დავწერო ან რა ამ საფეხურზე მდგარი კაცი ვარ-მეთქი. განა მგონია, რომ ყველაზე უარესი გამოვდექი, არც მთლად ეგრე ვიყრი ნაცარს თავზე. რაც ძალა მაქვს, მცდელობას არ ვაკლებ – ღამეს და დღეს ვასწორებ, ყველა წუთი ან შრომას ნიშნავს ან შრომაზე ფიქრს, მაგრამ მაინც ძნელია ხანგრძლივ ტექსტად ამაზე ლაყბობა. ძნელი და უხერხული. ასე გამზარდეს და დღემდე ეს სიმორცხვე თანმდევს, ერთი შეხედვით, თითქოს დიდად საჯარო და სად აღარ მოდებულ კაცს.

კიდევ ეგ, რომ მართლა სადაც გაიხედავ, იქ გეჩხირებათ ჩემი კეპი და კიდევ მევე დაგიმატოთ-მეთქი და – არა. მერე ვიფიქრე. ვიფიქრე, რომ რახან კამპანიაა, თანაც უნივერსიტეტის, ბარემ გამოვიყენებ და სხვებზე დავწერ. ჰოდა, მგონია მომავალს ასეთი ბავშვები ქმნიან – ჩვენსას და საკუთარსაც. ბავშვები, რომელთაც ოცნება სურთ, სიხარული სურთ, სწავლა სურთ. უბრალოდ უნდა დავინახოთ და ადგილი გავუმზადოთ ამ მომავლისთვის.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი