ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

იაპონური გაკვეთილები

გარეთ გაზაფხულივით მშვიდი შემოდგომაა.

მოსწავლეებს ჩემს საყვარელ ლექსებს ვუკითხავ,

მათ გაბრწყინებულ თვალებს ვხედავ.

მეც მშვიდად ვარ.

 

ეს ლექსი შარშან დავწერე, გაკვეთილზე, სანამ ჩემი მოსწავლეებიც წერდნენ ჰაიკუსა თუ ტანკას და ჩემს თავს პირობა მივეცი, რომ ყოველ წელს, ყოველ კლასთან, ყოველ მიზეზგარეშე ჩავატარებდი ამ გაკვეთილს – გაკვეთილს იაპონურ პოეზიაზე – და იქამდე ვისაუბრებდი ჰაიკუს ყოვლისმომცველ ხიბლზე, სანამ, იაპონელების მსგავსად, უბრალო დეტალებშიც არ შეძლებდნენ მშვენიერების დანახვას, მერე კი ამ აღმოჩენით გამოწვეული სიხარულის სხვისთვის გაზიარებას. ჩემთვის იაპონური პოეზია სწორედ ესაა – უბრალო საგნებში ნაპოვნი მშვენიერება და რამდენიმე ტაეპად გამოთქმული დიდი ხნის ფიქრი.

ჰაიკუ იაპონური ლირიკული პოეზიის ტრადიციული ჟანრია, ძლიერი სიმბოლური დატვირთვის მქონე სამტაეპიანი ლექსი, რომლის პირველი და მესამე ტაეპები ხუთმარცვლიანია, ხოლო მეორე – შვიდმარცვლიანი. თუმცა დროთა განმავლობაში, განსაკუთრებით – მას შემდეგ, რაც ეს ჟანრი მთელ მსოფლიოში შეიყვარეს, ჰაიკუს კანონიკური ფორმა დაირღვა და მისგან მხოლოდ სამტაეპედი შენარჩუნდა, მოგვიანებით კი ჰაიკუს გვერდით საპატიო ადგილი დაიკავა ტანკამ – ხუტთაეპედმა, რომელსაც იგივე მიზანი ჰქონდა: ადამიანისა და ბუნების ურთიერთობის, ავტორის განწყობის, შთაბეჭდილებების მოულოდნელობის ეფექტით გამოხატვა. ერთგან წავიკითხე, რომ ჰაიკუს მიზანია, აზროვნების სურვილი აღუძრას მკითხველს – ეს ამ ჟანრის ყველაზე ზუსტი განმატებაა. მხოლოდ ავტორის მინიშნებებსა და დაკვირვებებს მივყავართ მთავარი სათქმელისკენ, რომელმაც ჩვენში ემოცია უნდა გააღვიძოს და ჩაგვაფიქროს: ნუთუ, ეს შესაძლებელია? რას გულისხმობს პოეტი? მეც ასე მემართება? რა ლამაზი ფრაზაა, ეს ვიღაცის სევდაა, ეს ჩემი ფიქრია…

ამიტომაც ვთავაზობ მოზარდებს ლექსებს, რომლებიც, მართალია, მათ შინაგან სამყაროს ააფორიაქებს, მაგრამ აზროვნებისკენაც უბიძგებს, მე კი უამრავი კითხვის დასმის საშუალებას მომცემს.

აი, აქ მეხმარებიან იაპონელები. მაგალითად, მაცუო ბაშო – მეჩვიდმეტე საუკუნის პოეტი, რომელმაც ადრეულ ასაკშივე მიატოვა დიდებული ოჯახი და პოეზიის სიყვარულის გამო პოეზიის მასწავლებლობა გადაწყვიტა:

 

მეგობარს

მოდი, მეწვიე,

შეეხიდე ჩემს მარტოობას.

ფოთლები უკვე შეაწყდა ტოტებს.

 

წელიწადის რომელ დროზე მიგვანიშნებს ავტორი? რას ელოდება ის მეგობრისგან? შენ რას ელოდები შენი მეგობრისგან? გყავს ადამიანი, რომელსაც ამ სიტყვებს ეტყოდი?

 

* * *

გაზაფხულიც,

ალუბლებიც ალიონზე,

მე კი თავს ვერ ვხსნი ლექსების გუდას.

 

როგორ ფიქრობ, რას აღწერს ავტორი? როგორი მხატვრული სახეა შენთვის „ალუბლები ალიონზე“? რას გულისხმობს პოეტი ბოლო ფრაზაში? შესაძლოა თუ არა, ყველაფერი გვქონდეს ბედნიერებისთვის, მაგრამ მაინც ვერ ვგრძნობდეთ ბედნიერებას?

* * *

ფუძის ფერდობზე

ლოკოკინა მიცოცავს ნელა,

მაღლა, სულ მაღლა – მწვერვალებამდე.

 

რას ნიშნავს შენთვის ლოკოკინას სიმაღლისკენ სწრაფვა? ის ხომ ასეთი პატარა და უმწეოა, როგორ ფიქრობ, მიაღწევს მწვერვალს? ვინ ვართ ჩვენ, თუ არა ლოკოკინები?

 

განსაკუთრებული ინტერესით კითხულობენ ქართველი პოეტის ირაკლი კაკაბაძის ტანკებს, რომლებიც ავტორმა იაკი კაბეს ფსევდონიმით გამოსცა. მისი ლექსები ისეთი ხელშესახებია, ისეთი ახლობელი და იმავდროულად იაპონური ხიბლის მატარებელი:

 

* * *

როგორ ურცხვად გატყუებდი,

ყოველ ღამე,

ძვირფასო დედა –

ვითომ მეძინა,

რომ მიკოცნიდი შუბლსა და თვალებს…

 

ამ ლექსის წაკითხვის შემდეგ თვალს მარიდებენ ან რვეულებში ჩარგავენ ხოლმე თავს.

 

* * *

ძალიან ხშირად ამ აღმართზე ავყავარ შვილებს,

იხსენებენ თავის ბავშვობას ძველი სახლის წინ,

რომელიც მე გავუყიდე…

 

სინამდვილეში რას განიცდის ლირიკული გმირი? რა დგას სიტყვა „გავუყიდეს“ უკან?

 

მას შემდეგ, რაც კლასში იაპონური პოეზიის სურნელი დატრიალდება, ყველაზე დიდი მოულოდნელობებისთვისაც იყავით მზად, ისევე როგორც მე, როცა ჩემს ლექსს ვწერდი, ისინი კი სანაცვლოდ ასეთ ლექსებს მიბრუნებდნენ:

 

* * *

ყვითელი ფოთოლი რომ წყდება ხეს

და ეხება მიწას.

აი, ეს არის, რაც მე მიყვარს.

 

* * *

გარეთ წვიმს. ვუსმენ.

სხვა არაფერი მინდა,

მხოლოდ მისი ვერცხლის წვეთი შემეხოს კანზე.

 

* * *

მოღრუბლულა.

მოწყენილ ჩემს თავს მეხუთე სართულიდან აკვირდება

ნაცნობსახიანი გოგო.

 

* * *

ზამთრის სუნი მცემს,

ახლოვდება შობა,

ბედნიერი ვარ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი