პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

„არავინ ურტყამს მკვდარ ძაღლს”

ერთხელ მოხდა ისე, რომ ჩემმა მოსწავლემ კლასის წინაშე აღიარა, რომ სკოლაში გამუდმებით დამცირებისა და შეურაცხყოფის მსხვერპლია.

ბიჭი ძალიან გონიერია, შესანიშნავად აღზრდილი, თავაზიანი და სრულიად უკონფლიქტო და მაინც, შევატყვე, რომ ჩემთან გაკვეთილზეც რაღაცნაირად ათვალწუნებული და გარიყული ჰყავდათ ბავშვებს. განსაკუთრებით აღიზიანებდათ, რომ მას 13 წლის ასაკში ერთნაირად შეეძლო თავის ელაპარაკა მეორე მსოფლიო ომზეც და ნარუტოზეც (მასაში კიშიმოტოს მანგაზე, ანუ იაპონურ ანიმაციაზე), მოცარტზეც და ემინემზეც, კულინარიაზეც და მისი ასაკისთვის შეუფერებელ წიგნებზეც, რომელიც უკვე წაკითხული ჰქონდა.

ეს გაღიზიანება ფარული, მაგრამ ჩემთვის საკმაოდ შესამჩნევი იყო და რაკი ყოველთვის ვცდილობ, მოსწავლეებს ვასწავლო საკუთარი პრობლემების თავად მოგვარების გზა, ხელოვნურად, შეგონებებითა და გარეგნული ჩარევების გარეშე ვცდილობდი, დავხმარებოდი ბავშვს პრობლემის მოგვარებაში, პრობლემის, რომელიც მას ძალიან, ძალიან აწუხებდა.

მაგრამ ყველამ ვიცით, რომ ძალით ვერასოდეს შეაყვარებ ჯგუფს ინდივიდს, რომელსაც ხშირად უმნიშვნელო მიზეზის გამო მოიძულებენ ხოლმე. ასეთ დროს მხოლოდ შემთხვევა თუ იქნება ის კლდის ნატეხი, რომელზეც პრობლემა შუშის ნაკეთობასავით უნდა დაიმსხვრეს. თანაც, რაღაცნაირად ვამჩნევდი, რომ ჩემი გონიერი მოსწავლის ხასიათშიც იყო რაღაც უცნაური ზადი თუ პრობლემა, რომელსაც ის ვერაფრისდიდებით უმკლავდებოდა და საკუთარ თავსაც თრგუნავდა და გარშემომყოფებსაც აღიზიანებდა.

და აი, ერთ გაკვეთილზე მომეცა მიზეზი, რომ ფრთხილად, მაგრამ მაინც, მოსწავლეებთან გამეშალა ჯგუფისა და ინდივიდის ღია თუ ფარული დაპირისპირების საკითხი.

სწორედ იმ დილით, სამსახურისკენ მიმავალს Quora-მ დღის ფრაზა ამომიგდო. ფრაზა, რომელიც ამერიკელ ფსიქოლოგს დეილ კარნეგის ეკუთვნოდა „არავინ ურტყამს მკვდარ ძაღლს!“

„არავინ ურტყამს მკვდარ ძაღლს!“.

რა გენიალური მიგნებაა, ვფიქრობდი ის ოციოდე წუთი, სანამ სამსახურამდე მივედი, სანამ გავხსენი ჩემი განუყრელი ჟურნალი – Laptop და სანამ პირველ მოსწავლეს არ მივესალმე.

„არავინ ურტყამს მკვდარ ძაღლს!“.

შური, სხვისი უპირატესობის განცდა, საკუთარი ნაკლოვანებების დანახვა და ადამიანური ბუნება, რომ გვეცოდებოდეს დაჩაგრული, მაგრამ ვერ ავიტანოთ ჩვენზე უკეთესი, აი, რა იდგა ამ გენიალური გამოთქმის უკან.

განა სხვა რამ მიზეზი ჰქონდათ ქართველებს ილია ჭავჭავაძის სიკვდილს რომ ელოდნენ დღენიადაგ (შესანიშნავად აქვს ეს საკითხი განხილული როსტომ ჩხეიძეს) ან ამერიკელებს, ქუჩაში მიმავალ ჯორჯ ვაშინგტონს რომ ხმამაღლა აგინებდნენ, აფურთხებდნენ და გაიძვერასა და ქურდს ეძახდნენ? ან დიდ ბრიტანელ საზღვაო აკადემიის მოსწავლეებს, საკუთარი პრინცი ჩარლზი რომ ეცემათ სკოლაში, რომ მერე სატრაბახოდ ჰქონოდათ „მეფე მყავს ნაცემი ბავშვობაში, მეფეო“.

ადამიანის ბუნება ხომ ასეა მოწყობილი, ხშირად, თვითგანვითარების ნაცვლად ობიექტს ამოვირჩევთ ხოლმე, ვისაც ვლანძღავთ, განვიკითხავთ, განვიხილავთ, განვაქიქებთ და ვესვრით ტალახს ისეც კი, რომ მასთან გადაკვეთის წერტილიც კი არასოდეს გვქონია (ეს ამბავი გამოცდილი აქვთ, ე.წ. Public Figure-ებს (ცნობილ ადამიანებს).

დუაიტ იორკი, იელის უნივერსიტეტის პრეზიდენტი თავის დროზე პრეზიდენტობის კანდიდატ ტომას ჯეფერსონზე საჯაროდ წერდა: „თუ ამ კაცს ავირჩევთ, ჩვენი ცოლები გახდებიან მეძავები, ბავშვები ქურდები და ყაჩაღები, ეკონომიკა ჩამოიქცევა და ქვეყანა აღარ იქნება, რადგან ლიბერალიზმი წალეკავს ამერიკას“.

ელონ მასკის დედა იხსენებდა პერიოდს, როცა მისი შვილი საჯარო სკოლაში წასვლის წინ ცხარე ცრემლებით ტიროდა, რადგან სამხრეთ აფრიკაში, სადაც ის სწავლობდა, „მახინჯი იხვის ჭუჭული იყო“. კლასში ყველაზე პატარა ელონს მასწავლებლები „სულელ, მეოცნებე ბავშვს“ ეძახდნენ; არასტანდარტულად ფიქრისა და აზროვნებისთვის სკოლელები ათასგვარ განსაცდელს უწყობდნენ ბიჭს, რომელიც ამტკიცებდა, ერთ დღესაც მარსზე უნდა გავფრინდეო (ალბათ მარსზე გაფრენა მისთვის ასე საშიშ გარემოსგან მოწყვეტის სურვილი იყო). ემინემს, რომლის სახელიც ალბათ ყველა ადამიანს გაუგია დედამიწაზე, სკოლის საპირფარეშოში იატაკზე აგორავებდნენ უფროსკლასელი ბიჭები, რადგან ის „ზანგებივით“ ბედავდა სიმღერას.

ახლა ეს ხალხი ერთსაც და მეორესაც ტაშს უკრავს. მასკი მართლაც გაფრინდა მარსზე, ემინემი კი ყველა აფროამერიკელ რეპერზე ცნობილი მომღერალია დღემდე.

ადამიანური ბუნება ასეთია – სადაც თავისზე უკეთესს ნახავს, იქ უჭირს ტაშის დაკვრა. თუმცა ტაში მაინც გარდაუვალია სიმართლისა და შრომის წინაშე და ამის ნათელი მაგალითი ამერიკელი არქტიკის მკვლევარი რობერტ პირია, პირველმა რომ დადგა ფეხი დედამიწის უკიდურეს ჩრდილოეთ ნაწილზე. მართალია, ამ ფეხის რვა თითი ყინვამ და გზამ შეიწირა, მაგრამ სხვა მეცნიერები და მკვლევრები, კაბინეტებში რომ ცუდ გათბობაზე წუწუნებდნენ და ცხვირი არ გაუყვიათ შენობებიდან, მთელი ცხოვრება ამუნათებდნენ ამ საოცარ მკვლევარსა და ადამიანს, რომ მთელი მისი „მოგზაურობა“ ერთი დიდი ბლეფი იყო და სანამ მსოფლიოს ეგონა ჩრდილოეთ პოლუსისკენ ციგურებით მიმავალი რობერტი სიკვდილს ებრძვისო, შემოწირულობებსა და სახელმწიფოს ფულს ჰავაის კუნძულებზე მზეს მიფიცხებული ხარჯავსო (რამდენიმე ათეული წლის შემდეგ, არქტიკის კვლევამ დაადასტურა, რომ პირი ნამდვილად პირველი ადამიანია, ვინც ამ ნაწილში თეთრ დათვებთან იმოგზაურა).

ალბათ რობერტ პირის რომ კოლეგებივით რომელიმე კაბინეტში ემთქნარებინა და მხოლოდ ვარაუდები გამოეთქვა, რა შეიძლება იყოს დედამიწის უკიდურეს ჩრდილოეთში, რვა თითსაც შეინარჩუნებდა და არავინ დაუწყებდა ლანძღვა გინებასა და განქიქებას.

ჩემი გაკვეთილი დეილ კარნეგის ამ მართლაც მაგარი სიტყვებით დავიწყე: „არავინ ურტყამს მკვდარ ძაღლს“, იცით რატომ?“

და მერე ბევრი, ძალიან ბევრი ვილაპარაკე ჩემზე, მათზე, სხვებზე, ამ წერილის მკითხველებზეც. ვეცადე ვყოფილიყავი გულწრფელი და გაკვეთილი რომ დამთავრდა, ჩემმა გონიერმა მოსწავლემ მადლობა გადამიხადა. სწორედ მაშინ თქვა ის, რაც თქვა, რომ სკოლაში, სადაც ის სწავლობდა, ათვალწუნებული ჰყავდათ ბავშვებს და მასწავლებლებსაც.

არც კი ვიცი, რა გაგრძელება ექნება ამ და სხვა ბავშვების ურთიერთობას მომავალში. ხასიათის რაღაც ნაწილი იმ ბიჭსაც მოსაგვარებელი აქვს (დაბალი თვითშეფასება), ჯგუფი და საზოგადოება ასე უცბად არ იცვლება, მაგრამ მაინც, ვფიქრობ, რომ იმ ერთ, ორსაათიან გაკვეთილზე კლდის ნატეხზე ერთი პატარა მინის ჭურჭელი მაინც დაიმსხვრა, რადგან მართლაც, არასოდეს, არასოდეს „არავინ ურტყამს მკვდარ ძაღლს!“ და თუ ამ წერილს რომელიმე გულგატეხილი მოსწავლე ან მასწავლებელი კითხულობს, ეს გენიალური გამოთქმაც დაიხსომოს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი