პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

ინსტრუქციის როლი საშინაო დავალების შესრულებისას

მგონია, რომ საშინაო დავალების არსი გასაგებად ავხსენი, მაგრამ მაინც მეკითხებიან: „მასწავლებელო, რა გვაქვს საშინაო დავალებად?“ როცა ეს კითხვა გაისმის, ფიქრს ვიწყებ: რას ვერ ვამბობ კარგად? ამ პატარ-პატარა ამბებმა, კითხვებმა, თვითჩაღრმავებამ შემდეგ დასკვნამდე მიმიყვანა: დაწყებით საფეხურზე ძალიან დიდი ყურადღება უნდა დავუთმოთ ინსტრუქციის სწავლებას. ამგვარად თავიდან ავიცილებთ გაურკვევლობას საშინაო დავალების ირგვლივ და სწავლა-სწავლების პროცესიც გახალისდება. საშინაო დავალების წარმატება კი სწორედ მკაფიო ინსტრუქციაზეა დამოკიდებული.

 

რა არის ინსტრუქცია?

უცხო სიტყვათა ლექსიკონში „ინსტრუქცია“ ამგვარადაა განმარტებული: instructio ლათინური სიტყვაა და ნიშნავს სახელმძღვანელო მითითებებს.

საბაზო საფეხურის ცნებათა მატრიცაში ერთ-ერთ სამიზნე ცნებად გვხვდება ჟანრები, რომელთა ჩამონათვალში ინსტრუქციაც არის გატანილი და მკაფიოდ არის განმარტებული ინსტრუქციის მიზანი, აგებულება და მისთვის შესაფერისი ენა.

ინსტრუქცია ბავშვებს ეხმარება კონსტრუქტორის აწყობაში, თამაშის წესების გარკვევაში, სასწავლო პროცესში კი ყველა საგნის დავალება სწორედ რომ ინსტრუქციას მოიცავს.

ცნებათა მატრიციდან დავიმოწმებ ინსტრუქციის შესახებ დატანილ ინფორმაციას:

მიზანი:

  • იმის სწავლება/ჩვენება, როგორ უნდა გავაკეთოთ რაღაც, რა კონკრეტული ქმედებებია საჭირო მიზნის მისაღწევად.

 

აგებულება, სტრუქტურა

  • აქვს სათაური;
  • დაწერილია მოქმედებათა თანამიმდევრობის დაცვით;
  • ზოგჯერ ტექსტი დაყოფილია ნაწილებად (მოქმედებათა თანამიმდევრობის მიხედვით).

 

ენა

  • გამოყენებულია მოკლე წინადადებები;
  • გამოყენებულია ბრძანებითის ფორმები (აუცილებლად შესასრულებელი);
  • ზოგჯერ გამოყენებულია სიტყვები: თავიდან, ჯერ…, მერე…, ბოლოს…

 

ინსტრუქცია სასწავლო პროცესში

საკუთარ გამოცდილებაზე დაკვირვებით გაგიზიარებთ, როგორ დავუკავშიროთ სასწავლო პროცესს ინსტრუქციის სწავლება.

დისტანციური გაკვეთილების დროს თუ საკლასო ოთახში საშინაო დავალების ინსტრუქციას ბავშვებთან ერთად ვადგენ ხოლმე. ვიწყებ ხმამაღლა ფიქრს და ვაფიქსირებ წერილობით.

პირველი ნაბიჯი საშინაო დავალების ინსტრუქციისთვის სათაურის მოფიქრებაა. ის უნდა იყოს ადვილად შესასრულებელი და საინტერესო, მაგალითად: მისწერე წერილი ბებოს ან ბაბუს; ალაპარაკე ბექობის არწივი; შექმენი კომიქსი.

მეორე ნაბიჯად მოქმედებათა თანმიმდევრობის დაწერა უნდა შევთავაზოთ. აზრის ჩამოყალიბებას ვიწყებთ ზმნით და ვცდილობთ, რომ წინადადებები იყოს მოკლე.

მესამე ნაბიჯი – კიდევ ერთხელ ვკითხულობთ ინსტრუქციას, საჭიროებისამებრ ვასწორებთ და ვსვამთ კითხვას გაუგებარი საკითხების შესახებ.

საშინაო დავალების ინსტრუქციის შედგენისას ვითვალისწინებთ მოსწავლეთა ასაკს, მათ შესაძლებლობებს, შესწავლილ მეთოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში საშინაო დავალება კვლავ აქილევსის ქუსლად იქცევა.

 

დააკვირდით პრაქტიკას

საკუთარი გამოცდილებისთვის თვალის მიდევნება და შეცდომების დროული აღმოჩენა დაგვეხმარება იმაში, რომ სასწავლო პროცესი სახალისო და შედეგიანი იყოს, მაგალითად ერთ პატარა ამბავს მოვიყვან.

მეორეკლასელებთან ერთად დიდი გულმოდგინებით მოვიფიქრე ინსტრუქციის ნაბიჯები. ინსტრუქცია საშინაო რვეულებშიც ჩაინიშნეს:

 

ინსტრუქცია

შექმენი კომიქსი:

  1. მოიფიქრე, რომელ სათამაშოს აჩუქებდი გივის;
  2. დაწერე ორი წინადადება;
  3. დახატე შენი თავი და გივი;
  4. პირველ წინადადებაში შესთავაზე გივის შენი სათამაშო;
  5. მეორე წინადადებაში მოიფიქრე, რას გიპასუხებდა გივი;
  6. წაიკითხე ხმამაღლა შენი დაწერილი წინადადებები.

 

ჩემმა მეორეკლასელმა შვილმა დავალების შესრულების შემდეგ გაკვირვებულმა აღნიშნა, რამდენი წინადადება იყო ინსტრუქციაში და რა პატარა დავალება გამოვიდაო. ამ გულწრფელმა შენიშვნამ დამაფიქრა და მას შემდეგ ინსტრუქციას კიდევ უფრო დიდი სიფრთხილით ვადგენ. მიუხედავად ვრცელი ნაბიჯებისა, ბავშვებმა კომიქსის შექმნას არაჩვეულებრივად გაართვეს თავი.

როგორც ვიცით, კომპლექსური დავალება მკაფიოდ გაწერილი ინსტრუქციისგან შედგება. გიზიარებთ რამდენიმე ინსტრუქციას, რომლებიც კომპლექსური დავალებების აკინძვაში დაგეხმარებათ. მთავარია, საგაკვეთილო მასალას, მოსწავლეთა განვითარების ეტაპს მოვარგოთ და ჩვენეული ინდივიდუალიზმით გავამრავალფეროვნოთ.

 

II კლასი:

ინსტრუქცია:

მისწერე წერილი ბებოს ან ბაბუს:

  1. მიესალმე;
  2. მოიკითხე;
  3. უამბე შენ შესახებ;
  4. უთხარი, როგორ გიყვარს;
  5. უსურვე ჯანმრთელობა;
  6. დაემშვიდობე.

 

  • წერილი საშინაო დავალების რვეულში დაწერე დამოუკიდებლად;
  • მერე წაიკითხე ხმამაღლა;
  • შეასწორე;
  • თავიდან გადაწერე.

 

IV კლასი:

პირველ პირში ალაპარაკე ფშა.

  • გამოიყენე სიტყვები ტექსტიდან;
  • გადმოეცი ფშის განცდები;
  • წაიკითხე დაწერილი ტექსტი ხმამაღლა და შეასწორე;
  • დახატე ილუსტრაცია.

 

VI კლასს შემაჯამებელ სამუშაოდ წერილის დაწერა შევთავაზე. მირზა გელოვანის ლექსი „ცხრაკარა“ საპროგრამო მასალაშია შეტანილი. პარალელურად გავაცანი მირზას მშობლებისადმი მიწერილი წერილი. პოეტი დედ-მამას თქვენობით მიმართავდა. მისი გავლენით ბავშვებმაც თქვენობითი ფორმა გამოიყენეს, რამაც ხიბლი შემატა ნაწერს.

 

ინსტრუქცია

მისწერე წერილი მშობლებს:

  • გამოიყენე მიმართვის თქვენობითი ფორმა (1 ქულა);
  • I აბზაცი – გაახსენე მშობლებს ტკბილი მოგონება თქვენი ერთობლივი ცხოვრებიდან და აღწერე (2 ქულა);
  • II აბზაცი – გაიხსენე შენი მშობლების საუკეთესო თვისებები, რომლებიც ძალიან მოგწონს (2 ქულა);
  • III აბზაცი – გაუზიარე შენი ფიქრები, დარდი და სიხარული (2 ქულა);
  • IV აბზაცი – ურჩიე მათ ერთი მოთხრობა განვლილი მასალიდან და დაასაბუთე, რატომ უნდა წაიკითხონ (2 ქულა);
  • დაემშვიდობე (1 ქულა).

 

გთავაზობთ კიდევ ერთი კომპლექსური დავალების ინსტრუქციას.

 

ინსტრუქცია:

წარმოიდგინე, რომ ჭიჭო და ელგუჯა სელფის იღებენ.

  • შეარჩიე ერთი ეპიზოდი და შეეცადე, დახატო ჭიჭოს და ელგუჯას ერთობლივი სელფი.

ეს შეიძლება იყოს ტყეში წასვლამდე, ან ურმით მგზავრობისას, ან შინ დაბრუნების შემდეგ, აგიზგიზებულ ღუმელთან რომ ვახშმობენ დედასთან ერთად.

  • საშინაო დავალების რვეულში ჩახატე სელფი;
  • აღწერე, რა დროს არის გადაღებული და ახსენი, რატომ შეარჩიე ეს ეპიზოდი.

 

მოსწავლეების გამოკითხვის შედეგად გაირკვა, რომ ინსტრუქცია მათ ეხმარება, ინტერესით შეასრულონ საშინაო დავალებები. აღნიშნეს, მუშაობის პროცესიც სახალისო ხდება და დაგროვილი ცოდნის გამოყენებაში გვეხმარებაო.

ერთ-ერთ გაკვეთილზე კი შევთავაზე, თავად მოეფიქრებინათ ინსტრუქცია. შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა. ვფიქრობ, ბავშვების მიერ მოფიქრებული ინსტრუქცია თქვენთვისაც საინტერესო იქნება.

 

  1. ამოიწერე ლექს „ცხრაკარადან“ ეპითეტები და შედარებები:
  • კიდევ ერთხელ კარგად წაიკითხე ლექსი;
  • დააკვირდი თითოეულ სტრიქონს;
  • თუ ვერ გაიგებ, ეს სიტყვა ეპითეტია თუ არა, დაუსვი კითხვა „როგორი?“.

 

  1. მისწერე წერილი შენთვის ჯადოსნურ ადამიანს:
  • დაწერე ადრესატი და ადრესანტი;
  • დაწერე მიმართვა;
  • პირველ აბზაცში უთხარი, რატომ არის ის შენთვის ჯადოსნური;
  • მეორე აბზაცში დაუსვი კითხვები მისი ცხოვრების შესახებ;
  • მესამე აბზაცში უთხარი, რაში გინდა დაემსგავსო მას;
  • მეოთხე აბზაცში მიიწვიე სადმე (შენთან სახლში, გასართობ ადგილას…).

 

ეს მეექვსეკლასელი დეას მიერ მოფიქრებული ინსტრუქციაა. საინტერესოა, თქვენთვის ვინ არის ჯადოსნური ადამიანი? წერილის მიწერის სურვილი ხომ არ გაგიჩნდათ? მე დავფიქრდი და თავადაც ვაპირებ წერილის დაწერას. ვფიქრობ, შეცვლილი როლები მათ მოტივაციას აუმაღლებს და უფრო მეტი გულისყურით მოეკიდებიან ქართულის დავალებებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი