ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

შე-კითხვა და ლიტერატურა

ლიტერატურა არის შეკითხვა ცხოვრებასთან – ასე მარტივად და გასაგებად შეიძლება ავხსნათ მხატვრული ლიტერატურის ბუნება. ასე შეიძლება ვუპასუხოთ შეკითხვას, რა არის ლიტერატურა. ამასთან, ლიტერატურა არის პასუხები ამ შეკითხვებზე.

გერმანელი რომანტიკოსი, ნოვალისი (ფრიდრიხ ფონ ჰარდენბერგი) (1772-1801) აღნიშნავს, რომ „ჭეშმარიტი მკითხველი ავტორის გამგრძელებელი უნდა იყოს“.  რა იგულისხმება კარგ, ჭეშმარიტ მკითხველში? საფიქრებელია, რომ აქ ქართული მოქმედების სახელი, „კითხვა“, რომელიც ქართული ენისათვის დამახასიათებელი თავისებურების გამო, ზმნისწინის დართვით იცვლის მნიშვნელობას, გვეხმარება ამ საინტერესო საკითხის ამოხსნაში. კითხვა არის წაკითხვაც და შეკითხვაც. მკითხველი კი წამკითხველი და შემკითხველია. ლიტერატურული ნაწარმოების წაკითხვა და შეკითხვების დასმა ერთმანეთს გულისხმობს.

ლიტერატურული ნაწარმოების შესახებ შეკითხვებიც და პასუხებიც მრავალფეროვანი და მრავალმხრივია.

სრულიად დასაშვებია, რომ ერთ შეკითხვას მრავალი პასუხი ჰქონდეს და ყოველი მათგანი იყოს სწორი, ან, არცერთი პასუხი ბოლომდე არ და ვერ ამოწურავდეს საკითხს. რა გამოლევს შეკითხვებს და რა გამოლევს მათზე პასუხებს: სხვადასხვა მხრიდან, სხვადასხვა მიმართებით, სხვადასხვა შუქზე დანახული პრობლემების პასუხებს რა გამოლევს?

ვფიქრობ, ყველაზე მთავარი მაინც შეკითხვებია.

შეკითხვით იწყება ცხოვრების შეცნობაც, ლიტერატურული ნაწარმოების შეცნობაც.

მხატვრული ტექსტი, როგორც შეკითხვა, შეიძლება ასე წავიკითხოთ კიდეც.

ჩემთვის სწორედ ერთ-ერთი შეკითხვაა დავით კლდიაშვილის მოთხრობა „სამანიშვილის დედინაცვალი“.

რა ემართება პლატონს? რატომ იცვლება პლატონი? რა არის პლატონის ასეთი ცვლილების, ასეთი დეგრადაციის მიზეზი? რა მიზანი აქვს ავტორს?

დავით კლდიაშვილის „სამანიშვილის დედინაცვალი“ მოგვითხრობს პლატონის გარდასახვაზე. ერთ დროს მშვიდი, პატიოსანი, მშრომელი პლატონი გაშმაგებულ, დაუნდობელ და სასტიკ შურისმაძიებლად გვევლინება.

მოთხრობის დასაწყისში პლატონი მადლიერი და კმაყოფილია. სამანიშვილების ოჯახურ იდილიას ასე აღგვიწერს ავტორი: „პლატონი, თუმცა ტრაბახობად მიაჩნდა მოხუცებული მამის ასეთი სიტყვა, მაინც არას ეუბნებოდა საწინააღმდეგოს და მხოლოდ პირჯვრის გამოსახვით იტყოდა ხოლმე:

– ამაზედაც გმადლობ, უფალო! ამაზედაც გმადლობ, უფალო!
ამ წამოძახილით პლატონი თავის გულითად მადლობას უცხადებდა ზეციერ მამას, რომ შემცილებელი არავინ გაუჩინა მას ღარიბ ლუკმაში. თავის ცოტაზედაც კმაყოფილი, ამ თავის მცირედითაც ბედნიერი, იგი გულმოდგინებით ურტყამდა თოხს მიწას და ოჯახში სრული კმაყოფილება სუფევდა“.

მოჩვენებითი იდილია პლატონს მადლობას მრავალგზის ამეორებინებს და ბედნიერების შეგრძნებას განუმტკიცებს. ამასთან, პლატონი შეყუჟულია, მოფარებულია იმ საზღვარს, რომლისაც ძალიან ეშინია. თითქოს დაძაბული ელოდება ცვლილებას და მასთან დაკავშირებულ კითხვებს არც კი სვამს, დროის მდინარებას ასე დაძაბული მოთმინებით მიჰყვება, თუმცა ეს სიმშვიდე, ცხოვრებით კმაყოფილება და ბედნიერება დროებითია და სამანიშვილების ოჯახური სიმყუდროვეც მალე ინგრევა.

დავით კლდიაშვილი ნაწარმოების დასაწყისშივე სვამს შეკითხვებს, რომლებსაც ტექსტის აღქმისა და გააზრებისათვის გასაღების ფუნქცია აქვს: „რა შესაშურებელი უნდა ყოფილიყო ასე ცოტაზე დამყარებული კმაყოფილება და ბედნიერება?! რა სახარბიელო უნდა ყოფილიყო კაცის მოუთხოვნელობით მოპოვებული გულის სიმშვიდე?! მაგრამ ბედნიერება, რაგვარიც უნდა იყოს, ვის შერჩენია ბოლომდის, რომ სამანიშვილისას ფეხი მოედგა მჭიდროდ? ან კი რა საფიქრებელი იყო, რომ ასე ცოტათი შემოტყუებული ბედნიერება ისევ ცოტა მიზეზითვე ხელიდან არ გამოეცლებოდათ, სუსტ საფუძველზე დამყარებული კმაყოფილება არ მოესპობოდათ!..“.

თუ ავტორისეულ შეკითხვებს გავაერთიანებთ და დავაჯგუფებთ, ვნახავთ, რომ შეკითხვები ეხება თხზულების სიუჟეტურ და ზოგადსაკაცობრიო კონტექსტებს და წარმოადგენს ნაწარმოების მიკრო- და მაკროსამყაროების ჩვენებისა და აღქმის შესაძლებლობებს:

  1. არის თუ არა ბედნიერება „მოუთხოვნელობით მოპოვებული გულის სიმშვიდე“?
  2. არის თუ არა ბედნიერება მარადიული?

რასაკვირველია, ამ შეკითხვებს ავტორი უპასუხოდ არ ტოვებს. ჩვენ ვხედავთ, როგორ გარდაისახება პლატონი, როგორია მისი გეგმა და სტრატეგია, როგორ ცდილობს, საკუთარ ბედნიერებაში არ გაუჩნდეს გამზიარებელი, როგორ ეთამაშება ბედისწერა, როგორ ერევა ბრაზი და როგორ იპყრობს განრისხება.

დავით კლდიაშვილის „სამანიშვილის დედინაცვალი“ სწორედ ამ ორ შეკითხვაზე პასუხის გაცემაა. პირველი შეკითხვა სამანიშვილების ოჯახის ტრაგედიას მიემართება  და თხზულების სიუჟეტის შემდგომ განვითარებას განაპირობებს, მიგვანიშნებს, რომ მოჩვენებითი ბედნიერება ილუზორულია და დიდხანს არ გრძელდება. შეკავებული სურვილები იმედგაცრუების ტრაგიკულ გრძნობებს იწვევს და ადამიანის სულს სრულად ძარცვავს.  მეორე შეკითხვა კი ნაწარმოების ზოგადსაკაცობრიო პერსპექტივებს გვაჩვენებს. ბედნიერება არ არის მარადიული. წუთისოფლის კანონზომიერების მიხედვით, მას აუცილებლად ცვლის უბედურება.

ლიტერატურულ ნაწარმოებებში დასმული შეკითხვები ჩვენი შეკითხვებით შეგვიძლია შევავსოთ და განვავრცოთ. ლიტერატურა არის შეკითხვა ცხოვრებასთან. შეკითხვა ბევრია და მასზე პასუხიც ბევრი იქნება.

ვფიქრობ, მთავარი შეკითხვის დასმა, შეკითხვის ფორმულირებაა.

ლიტერატურული ნაწარმოების გააზრება სწორედ შეკითხვების დასმით  არის შესაძლებელი. შეკითხვების დასმაც ერთგვარი ხელოვნებაა.

ხშირად, აუდიტორიასა თუ საკლასო ოთახში სტუდენტებს თუ მოსწავლეებს შეკითხვები არ აქვთ. შეკითხვების დასმა აუცილებელია. თუ სტუდენტი, მოსწავლე არ დასვამს შეკითხვებს, ლექტორს, მასწავლებელს შეუძლია მისცეს მაგალითი, დასვას შეკითხვები. მნიშვნელოვანია, მასწავლებელმა განმარტოს – რა შეკითხვა დაისმის, რა არის მთავარი, ძირითადი, ან მისი ნაწილი, დეტალი, რომელიც მთავართან ორგანულად არის დაკავშირებული; როგორ ვიპოვოთ შეკითხვებით ნაწარმოების საკვანძო საკითხები და მისი შემადგენელი ნაწილები. შეკითხვა კი პასუხებს გვაპოვნინებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი