პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

მიხაელ ენდეს დაუსრულებელი ამბავი

ძალიან კარგი გერმანელი მწერლის მიხაელ ენდეს „დაუსრულებელი ამბავი“ ქართულად „დიოგენემ“ გამოსცა. ჩემთვის ეს გამოცემა იდეალურია, ისეთი, რაღაცნაირად ოცნების და ნამდვილი „წიგნური“. წითელი ნაჭრის გარეკანი აქვს, რომელზეც სიმბოლოები და ორნამენტებია ამოტვიფრული, გარედან კი – ქაღალდის გარსაცმი, აი, ისეთი, როგორიც სერიოზულ წიგნებს აქვთ ხოლმე, ყდა რომ არ დაუზიანდეთ. ეს გარსაცმი ცისფერია და მასაც ულამაზესი ნახატი ამშვენებს.

გადაწყვეტილება, ბავშვებისთვის ეს წიგნი წამეკითხა, მხოლოდ მასში მოთხრობილი ამბის ჯადოსნურობის გამო არ მიმიღია – შესახედავადაც ისეთი მომხიბვლელია, ვიფიქრე, რომ ბავშვებს აუცილებლად მოეწონებოდათ. მთავარი კი ის არის, რომ ტექსტი მყარ, ხარისხიან ფურცლებზე არა შავი, არამედ ფერადი შრიფტით არის დაბეჭდილი. წიგნში ერთმანეთის პარალელურად ორი ამბავია მოთხრობილი, ანუ წიგნში კიდევ ერთი წიგნია. როგორც ჩემმა მოსწავლეებმა თქვეს: „წიგნში – წიგნი, როგორც სარკეში – სარკე“. ჰოდა, ეს ორი ამბავია დაბეჭდილი სხვადასხვა ფერის შრიფტით, ასე რომ, მკითხველი ადვილად ხვდება, სად მთავრდება ერთი და იწყება მეორე.

პატარა მკითხველები საბავშო წიგნებიდან ნელ-ნელა მოზარდების ლიტერატურაზე გადადიან. ეს პროცესი ძალიან მოსწონთ, თავი დიდებად და მაგრებად მიაჩნიათ. „დაუსრულებელი ამბავი“ შესანიშნავია სწორედ ამ ეტაპისთვის. ის არ არის მეტისმეტად ბავშვური, არ აქვს ბევრი ილუსტრაცია, მაგრამ არც მეტისმეტად დიდური და მოსაწყენია. აქ ისეთ ნიუანსებს აღმოაჩენთ, რომ თვითონვე გაოცდებით, თუნდაც ძალიან დახვეწილ ილუსტრაციებში.

სანამ ბავშვებს გავაცნობდი, წიგნი შევფუთე და დიდი ბაფთა გავუკეთე. პარალელურად იქიდან ამოღებული ფრაგმენტები ბარათებზე დავბეჭდე, სწორედ იმ ფერით, რა ფერითაც წიგნშია. იმდენი ბარათი მოვამზადე, რამდენიც ბავშვია კლასში. ინტერნეტში მოვიძიე და ამოვბეჭდე წიგნის ილუსტრაციები, რომლებიც სხვადასხვა მხატვრის მიერაა შესრულებული (აქვე ჩავაგდებ ბმულსაც:

https://www.deviantart.com/slayer730/favourites/60199110/the-neverending-story ). თითოუელი ბავშვისთვის თაბახის ფურცლებით ავკინძე ალბომები და გარეკანზე ეს ილუსტრაციები დავუწებე.

მოკლედ, შევდივარ მეოთხე კლასში, შემაქვს ეს მორთულ-მოკაზმული წიგნი და ბავშვებს ვაჩვენებ. ბანტი დიდია, ოქროსფერი, ბრჭყვიალებს და ციმციმებს. მათაც აუბრჭყვიალდათ თვალები. აქვთ ერთი ამბავი, აინტერესებთ, რა არის, ვისია. ჯერ შორიდან ვაჩვენებ და ვეკითხები, რა ჰგონიათ. მერე ვუმხელ, რომ წიგნია, თანაც ჯადოსნური და ცოტა სახიფათოც, იმიტომ რომ შესაძლოა, კითხვისას უცებ ყველანი შიგნით აღმოვჩნდეთ. ო, ეს უკვე მოსწონთ, იცინიან, ჟრიამულობენ, თითქოს არ სჯერათ, ეგ როგორო, მაგრამ თვალებზე ეტყობათ, რომ აინტერესებთ, ძალიან აინტერესებთ.

ვეკითხები, ხომ არ უნდათ, ხელი შეახონ ან დაყნოსონ. რასაკვირველია, უნდათ, ძალიან უნდათ. წრეზე ვსხდებით და ბავშვები სათითაოდ ეხებიან წიგნს, ყნოსავენ, ქაღალდს აცლიან, აკვირდებიან, საკუთარ ემოციებს გამოხატავენ. ვარაუდობენ, რაზე შეიძლება იყოს ასეთი წიგნი. თვალებს ვახუჭვინებ და ხელს ფრთხილად ვადებინებ გარეკანზე ამოტვიფრულ ორნამენტებზე. თითებით შეიგრძნობენ მათ მოხაზულობას, სიღრმეს. ამბობენ, რომ რაღაც ჯადოსნურია, რომ ჩვეულებრივი წიგნისგან გამოირჩევა, რომ სხვანაირია. მერე ყნოსავენ. ისევ გამოთქვამენ ვარაუდს: როგორ წიგნს ექნება ასეთი სუნი? ისეთს, სადაც ბევრი თავგადასავალია, სადაც გმირები არსებობენ. ახლა უკვე გარეკანის ილუსტრაციის მიხედვით მსჯელობენ შინაარსზე.

აჟიოტაჟი ცოტა რომ ცხრება, ბარათებს ვურიგებ და ვთხოვ, წაიკითხონ. ბარათებზე მაქსიმუმ ორი წინადადებაა დაბეჭდილი, ოღონდ ყველაზე საინტერესო და სახასიათო, აი, მაგალითად, ის, თეთრი დრაკონი ზანზალაკების წკარუნით რომ გამოჩნდება ცისფერ ცაზე, ან ის, ლოდკბეჩია დიდ ლოდებს რომ მიირთმევს, ან მაჯლაჯუნა რომ მაჯლაჯუნობს და ბასტიანი წიგნის კითხვისას ცახცახებს.

ერთი სული აქვთ, კითხვა დავიწყო. მე განგებ ვაჭიანურებ, რომ ინტერესი ისე გაუმძაფრდეთ, წაკითხულიდან სიტყვაც არ გამორჩეთ.

ვურიგებ ალბომემს და ვეუბნები, რომ ეს მათი პირადი ალბომებია და მხოლოდ ამ წიგნის კითხვის დროს გამოიყენებენ. შეუძლიათ, შიგ ჩაწერონ უცხო სიტყვები, სიტყვები, რომლებიც მოეწონებათ, ჩახატონ ილუსტრაციები ან ნებისმიერი რამ, რისი ხატვაც კითხვის დროს მოუნდებათ. უხარიათ, ძალიან უხარიათ.

…და ვიწყებ კითხვას.

იწყება ბასტიანის თავგადასავალიც. ეს პატარა ბიჭია, რომელსაც დედა არ ჰყავს, მამას მისთვის არ სცალია, სკოლაში კი უფროსკლასელები ჩაგრავენ. ბასტიანს დიდას არც გაკვეთილები მოსწონს, ურჩევნია, მეცადინეობის ნაცვლად წიგნი იკითხოს. აი, კითხვა კი ძალიან უყვარს. ამ ჩვენს ჯადოსნურ ამბავსაც ბასტიანი კითხულობს და უცებ თვითონვე იქცევა ამ საოცარი ამბის გმირად.

შინაარს დაწვრილებით არ მოგიყვებით, ჯობია, თავად წაიკითხოთ. მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ეს წიგნი სიკეთეზეა, უკიდეგანო, უსაზღვრო სიკეთეზე, სიყვარულზეა, მეგობრობაზე, თავგანწირვაზე, შეუპოვრობაზე. იმაზე, რომ შესაძლოა, ერთხელ, როდესაც ცხოვრება მეტისმეტად მოსაწყენი და მკაცრი მოგვეჩვენება, ჯადოსნური წიგნი ჩაგვივარდეს ხელში, ისეთი წიგნი, აქამდე რომ არ შეგვხვედრია, არ გვინახავს და არ შევხებივართ; გადავშალოთ ეს წიგნი, დავიწყოთ კითხვა და ირგვლივ ყველამ და ყველაფერმა აზრი დაკარგოს, ჩვენი დარდები გაფერმკრთალდეს, ერთფეროვნება – გამრავალფეროვნდეს. ჭამა-სმაც კი დაგვავიწყდეს. ბასტიანივით ჩავიკეტოთ ბნელ სარდაფში და, პირდაპირი მნიშვნელობით, თავით გადავეშვათ წიგნის სამყაროში, ვებრძოლოთ სიბნელედ ქცეულ არაფერს, რომელიც ფანტაზიის სამყაროს განადგურებას, არაფრად ქცევას უქადის, ვიფრინოთ იღბლის დრაკონებთან ერთად, ბოლოს კი, ჩვენივე თავგანწირვით, პატარა დედოფალს სახელი დავარქვათ, სახელი, რომელიც ჩვენთვის ძალიან, ძალიან ძვირფასია, და ამით სამყარო ვიხსნათ.

სწორედ ასეთი წიგნია „დაუსრულებელი ამბავი“. არასდროს დამავიწყდება ბავშვების გახშირებული სუნთქვა, ინტერესად ქცეული სახეები, კითხვის პროცესში გაკეთებული ჩანახატები და ჩანაწერები.

დასასრულს რომ მივუახლოვდით, გადავწყვიტე, ამავე წიგნის მიხედვით გადაღებული ფილმი მეჩვენებინა. მერე მითხრეს, რომ ეს იყო საუკეთესო დღე მათ ცხოვრებაში. იატაკზე მოვკალათდით და ყურება დავიწყეთ. აქვე ვიტყვი, რომ ფილმი საკმაოდ ძველია, კომპიუტერული ეფექტების გარეშეა გადაღებული და ეს ჯადოსნური არსებებიც ხელით შექმნილი გაცოცხლებული თოჯინები არიან (https://net.adjara.com/Movie/main?id=10982). მიუხედავად ამისა, ერთი ამოსუნთქვით ვუყურეთ. ადგილ-ადგილ ვაპაუზებდით და წიგნს ვადარებდით. ზოგიერთი პერსონაჟი შეცვლილია, ზოგიერთი ადგილი – გამოტოვებული, ზოგიერთი – პირიქით, დამატებული. ამ ყველაფერზე ისე საინტერესოდ მსჯელობდნენ, რომ ერთი დიდი ამბავი იყო მათი მოსმენა.

ჩვენ კი დავასრულეთ „დაუსრულებელი ამბის“ კითხვა, მაგრამ ეს ისეთი ამბავია, ბოლო არ აქვს და არც არასდროს დასრულდება. ეს ამბავი გრძელდება ბავშვების გულებში, გონებაში. ზოგმა საკუთარი დასასრული შემოგვთავაზა, ზოგმა სიუჟეტური ხაზი შეცვალა, ზოგს ახალი ფილმის იდეა დაებადა. აი, ჯერ არც ჩემთვის დასრულებულა და ამ ამბავზე წერას ვაგრძელებ.

არც ამ სტატიას დავასრულებ, ესეც დაუსრულებელი ამბავი იყოს, იქნებ მერე ვინმემ გააგრძელოს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი