ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

დამოუკიდებელი მომავლისთვის შესამზადებლად

რებეკა დერლეინი სკოლაში მუშაობის 17-წლიანი გამოცდილების მქონე მასწავლებელი და პედაგოგიკის დოქტორია. მისი მოსწავლეები გამოირჩევიან საუკეთესო შედეგით. ასევე, რებეკა პოპულარული წიგნის – „მოზარდი სახლში: როცა არ იცი, რა უნდა თქვა და როგორ მოიქცე“ – ავტორიცაა, რომელშიც ის მარტივად მოგვითხრობს, როგორ უნდა მოვამზადოთ ბავშვები ზრდასრულობისთვის, სად გავავლოთ ზღვარი ჩვენს მზრუნველობასა და ტოტალურ კონტროლს შორის. გთავაზობთ რამდენიმე ამონარიდს წიგნიდან, სადაც რებეკა დერლეინი ამასთან დაკავშირებით საკუთარ ცხოვრებისეულ მაგალითებს მშობლებს უზიარებს.

 

„მშობლები, რომლებიც ყველაფრის ფულს იხდიან

მე ისეთ სკოლებში მიმუშავია, სადაც მშობლებს მსოფლიოში არსებული ნებისმიერი გადასახადის გადახდა შეეძლოთ. ისინი არ იყვნენ საშუალო ან მაღალი კლასის შეძლებული ადამიანები, რომლებიც შვილებს უბრალოდ ანებივრებდნენ. არამედ იყვნენ მულტიმილიონერები, საკუთარი თვითმფრინავებითა და ხუთ-ხუთი სახლით.

ჩემი მოსწავლე – კრისტალი სწორედ ასეთი ოჯახიდან გახლდათ. მშობლები ყურადღებით ადევნებდნენ თვალს, რომ მათ შვილს თმის ძირები ექვს კვირაში ერთხელ შეეღება, ფრჩხილები კი ყოველ მეათე დღეს მოეწესრიგებინა. გოგონა ძვირადღირებული კოსმეტიკით სარგებლობდა, ეცვა ძვირადღირებული ტანსაცმელი. არდადეგებზე კრისტალი ეგზოტიკურ ქვეყნებში მიემგზავრებოდა და არც კი იცოდა, რას ნიშნავდა ეკონომკლასით ფრენა. კრისტალი ჯერ 16 წლისაც არ იყო, რომ ახალთახალი BNW ერგო – ის კართან უზარმაზარ ბაფთაშებმული ელოდა.

მანქანა, რომლის ღირებულება $ 60,000 იყო და რომლითაც გოგონამ ავტომობილის მართვა პირველად ისწავლა, ორ კვირაში დაემტვრა. თქვენ იკითხავთ: რა გააკეთეს ამის შემდეგ მისმა მშობლებმა? როგორ თუ, რა გააკეთეს?.. უყიდეს მეორე BMW! როცა სკოლელებმა კრისტალს დასცინეს გამოუცდელი მძღოლობისა და სასწრაფოდ ნაყიდი ახალი მანქანის გამო, მან არხეინად უპასუხა, რომ მეორე ავტომობილის ფერი უფრო მეტად მოსწონდა და ამიტომ, რაც მოხდა, ყველაფერი უკეთესობისკენ მოხდა.

ცხადია, კრისტალს მცირედი ძალისხმევაც არ დაუხარჯავს ავტოს შესაძენად. ამიტომ ის არც კი დარდობდა მისი დამტვრევის გამო. პირველ რიგში, მან არაფერი გააკეთა საიმისოდ, რომ მანქანის შესაძენად ფული ეშოვა და რადგან მანქანა მისთვის, ერთ-ერთი, ჩვეულებრივი ძვირადღირებულ საჩუქარი იყო, რომლებსაც ხშირად ჩუქნიდნენ, ეს მომენტი დიდად არ დაუფასებია. მეორეც, მანქანას რომ ამტვრევდა, შედეგის არ შეშინებია. დედ-მამა ყოველთვის მზად იყვნენ კრისტალის პრობლემების მოსაგვარებლად და ახლაც მოუგვარეს. არც ის იყო მნიშვნელოვანი, რის გამო მოხდა ავარია: მამამისის დაზღვევა მაინც აანაზღაურებდა ზარალს და, საერთოდ, მშობლები ძალიანაც ბედნიერი იყვნენ ქალიშვილის გადარჩენით. მესამე – კრისტალმა იცოდა, რომ ეს დაუდევრობა მას არანაირად არ დააზარალებდა.

კრისტალს სხვა მანქანა მანამდე აჩუქეს, სანამ მან უხერხულობა იგრძნო. მისი „პრობლემა“ უსწრაფესად მოგვარდა. მოკლედ, კრისტალი არ აფასებდა მანქანას, არ იყო პასუხისმგებელი მასზე და არც შედეგების ეშინოდა. ამის მიუხედავად, გარანტიას გაძლევთ, რომ მშობლები ამაყობდნენ თვიანთი ქალიშვილის მხარდაჭერით, იმითაც, რომ ის მდიდრული ცხოვრებით უზრუნველყვეს.

გასაკვირი არ არის, რომ კრისტალს არასდროს უმუშავია და არც საშინაო საქმეები ჰქონია. მას იშვიათად საყვედურობდნენ აკადემიური წარუმატებლობის გამო. თუ სწავლის პრობლემა ჰქონდა, მაშინვე ჩნდებოდნენ რეპეტიტორები. არ ვიცი, რა მოუვიდა სკოლის დამთავრების შემდეგ. ალბათ თვითონაც მიხვდებით, რაც უნდა დამმართნოდა მოზარდს, რომელსაც არ აუხსნეს რომ: ყველა გადაწყვეტილებას აქვს შედეგი და ზოგჯერ ეს შედეგი ტკივილიანია.

თქვენ შეიძლება არ იყოთ ისეთივე მდიდარი და დამთმობი, როგორებიც კრისტალის მშობლები იყვნენ, მაგრამ დაუსვით საკუთარ თავს რამდენიმე კითხვა. უსრულებთ თუ არა შვილებს ყველა ახირებას ისე, რომ არ სთხოვთ თვითონაც რაიმე აკეთოს  პრივილეგიებისა და სიამოვნების მოსაპოვებლად? აძლევთ თუ არა ნებას იფიქრონ, რომ კოლეჯის დამთავრების ან სამუშაოს მიღების შემდეგ, ისინი კვლავ ისეთივე ცხოვრებით იცხოვრებენ, როგორც ადრე? ეყოფათ კი საკმარისი პასუხისმგებლობა და საღი აზრი, რომ შეძლონ საკუთარი თავის უზრუნველყოფა? ესმით კი, რომ ყოველთვის არ ექნებათ ყველაფრის შეძენის შესაძლებლობა? არიან თუ არა მადლიერი იმისთვის, რასაც აძლევდით, აფასებენ ამას?

გახსოვდეთ, აუცილებელი არაა იყოთ მდიდარი, რომ შვილები ზედმეტად გაანებივროთ.  თუ მათ არ ასწავლეთ მადლიერება და საქმისადმი სწორი დამოკიდებულება, ისინი მაინც ზედმეტად განებივრდებიან.

 

მშობლები, რომლებიც მოზარდებს ბავშვებივით ექცევიან

მშობლებს შეუძლიათ ამ დამოკიდებულების სხვადასხვა გზით გამოხატვა. მათ, როგორც წესი, სურთ, გამოავლინონ თავიანთი სიყვარული ბავშვებისადმი მათთვის სასიამოვნო საქმის კეთებით. არ ვამბობ, რომ ეს ცუდია, მაგრამ მნიშვნელოვანია, გვესმოდეს, რომ ბავშვისთვის ყველაფრის შესრულება ნამდვილად არ გამოხატავს სიყვარულს. ეს სიტუაცია ზიანს აყენებს და თვითშეფასებას უდაბლებს მას. უფროსი სკოლა ოთხ წელიწადს გაძლევთ იმისათვის, რომ თანდათან გაათავისუფლოთ და მოხსნათ თქვენი კონტროლი ბავშვებზე, მასვე გადაულოცოთ პასუხისმგებლობა საკუთარ სიცოცხლეზე. თქვენ ყოველთვის გექნებათ შესაძლებლობა, გამოავლინოთ სიყვარული, მაგრამ ბავშვისთვის ყველა სურვილის შესრულება არ არის შესაფერისი გზა და არ უნდა იქნას ბოროტად გამოყენებული.

ანდრეს უყვარდა მშობლები, განსაკუთრებით დედა, რომელიც ყურადღებით აკონტროლებდა მის ყველა ნაბიჯს. დედა ყოველდღე ატანდა სკოლაში სადილს,  ურეცხავდა ტანსაცმელს, ულაგებდა ოთახსა და საწოლს, ვიდრე ანდრე სწავლობდა. დედა თვითონვე უწყობდა სასკოლო წიგნებს ჩანთაში, აწარმოებდა მის დღიურსა და ყველა ჩასაბარებელი ნაშრომის ვადა ზეპირად ახსოვდა.

 

მშობლებს ანდრე დაჰყავდა კინოში, ფიგურულ სრიალზე, მეგობრებთან, მოკლედ, ყველგან, სადაც კი მოისურვებდა. მშობლების გეგმები ანდრეს გრაფიკზე იყო მორგებული, თუმცა მშობლებს ეს აწყობდათ, ანდრესაც, რასაკვირველია.

აი, ერთადერთი, რაც ბიჭს არ აწყობდა, ის იყო, რომ მშობლები ბავშვივით ეპყრობოდნენ  ცხოვრების ყველა სფეროში. ისე ელაპარაკებოდნენ, თითქოს დიდი დრო სჭირდებოდა ყოველი წვრილმანის განსამარტად. არ აინტერესებდათ მისი აზრი, უბრალოდ, მიუთითებდნენ, რა მიმართულებით უნდა ეფიქრა, რომ ოჯახის დიდი ხნის ტრადიციები დაცული ყოფილიყო. მათ ყოველთვის უნდა სცოდნოდათ, სად და ვისთან ერთად იყო ანდრე და საათში ერთხელ მაინც ურეკავდნენ. ანდრეს მშობლებთან დარეკვა უწევდა ყოველ ჯერზე, როდესაც სადმე მიდიოდა და როდესაც იქედან ბრუნდებოდა. თუ სკოლაში პრობლემები შეექმნებოდა, მშობლები მაშინვე ერეოდნენ საქმეში, მანამდე, სანამ ანდრე თავად შეეცდებოდა სიტუაციის მოგვარებას. ამით მშობლები სრულად თრგუნავდნენ მოზარდს: ზოგჯერ მასზე ზრუნვის გამო ან იმის გამო, რომ ყოველთვის თვითონ წყვეტდნენ ყველაფერს. ისინი ანდრეს ადრეული ბავშვობიდანვე მართავდნენ და მართვის სადავეებს არც მერე უშვებდნენ ხელიდან.

მყავდნენ მოსწავლეები, რომლებიც დღის განმავლობაში მშობლებს რამდენჯერმე უკავშირდებოდნენ. რისთვის? აზრზე არა ვარ, მაგრამ წარმოიდგინეთ სურათი: შუა გაკვეთილზე რეკავს ტელეფონი. მივდივარ მოსწავლესთან, რომ ის ჩამოვართვა და ვის სახელს ვხედავ ეკრანზე? „დედა“. ვერასოდეს ვხვდებოდი, რატომ უნდა ურეკავდე ბავშვს გაკვეთილზე? შემხვედრია დედები, რომლებიც მზად იყვნენ, ყველაფერი მიეტოვებინათ და სკოლაში შვილისთვის სადილი მიეტანათ. მინახავს მშობლები, რომლებიც  სკოლიდან გამოსულ ბავშვებს ხვდებოდნენ, მანამდე კი მანქანაში ერთი საათი უცდიდნენ, მაშინ, როცა მათი თოთხმეტი წლის მოზარდი სკოლის ავტობუსით სახლამდე ათიოდე წუთში მივიდოდა. ზემზრუნველობის დონე ზოგჯერ საოცარ სიმაღლეებს აღწევს და ბავშვები მას ძალიან მტკივნეულად აღიქვამენ.

ბავშვების უყვართ, როდესაც მათზე ზრუნავენ, როდესაც მშობლები არ არიან მათ მიმართ გულგრილი, მაგრამ სძულთ პატარებივით რომ ეპყრობიან. მოუმზადეთ შვილებს საყვარელი კერძი, ჩაწერეთ ისინი ავტომობილის მართვის კურსებზე, მხარდაჭერა გამოუცხადეთ მათ საახლობლოს – დაე, თქვენი სახლი ღია იყოს მათი მეგობრებისთვის.

მაგრამ, გთხოვთ, ნუ დაჰფოფინებთ ჩვილებივით. ამით აზიანებთ, ართმევთ შესაძლებლობას, გაიზარდონ და თავად მიიღონ გადაწყვეტილებები.

 

მშობლები, რომლებიც ბავშვებს მომავლისთვის არ ამზადებენ 

…გირჩევთ, ხშირად ისაუბროთ იმაზე, როგორ ეხმარებით შვილებს დამოუკიდებელი მომავლისთვის შემზადებაში. დადგება დრო, როდესაც თქვენ აღარ იქნებით მათ გვერდით, რათა დაეხმაროთ და მიმართულება მისცეთ.

მე გამოვკითხე ასზე მეტი ჩემი მოსწავლე, ახლანდელი და ყოფილი. მათ ერთი კითხვა დავუსვი: რომელ სფეროში ვერ გრძნობენ თავს დამოუკიდებლად? ყველაზე გავრცელებული პასუხი „ფინანსები“ იყო. იცოდით, რომ სკოლის მოსწავლეების უმეტესობამ არ იცის ჩეკის გამოწერა? მშობლები მათ საბანკო ანგარიშებს უხსნიან, მაგრამ  ბავშვები, როგორც წესი, ვერაფერს გეტყვიან ამ ანგარიშებზე. მათ არ იციან, რა თანხა აქვთ ანგარიშზე, არ იციან რაიმე გადასახადი თუ არსებობს ანგარიშების მომსახურებაზე, არ ეკითხებიან პროცენტი თუ ემატება. თინეიჯერების უმეტესობას არ აქვს საკუთარი საკრედიტო ბარათი და ეს ჩემთვის გასაგებია: მშობლებს ხომ ძალიან ეშინიათ, რომ ბავშვები ძვირადღირებულ ნივთებს შეიძენენ, ვალებს დაიდებენ. ეს შეშფოთების რეალური მიზეზია, მაგრამ ამის გადაჭრა შედარებით მარტივია: სანამ ბავშვს საკრედიტო ბარათს მისცემთ, ასწავლეთ ყველაფერი, რაც მომავალში დასჭირდება. შეარჩიეთ მისთვის დაბალი საკრედიტო ლიმიტის მქონე ბარათი.

არსებობს საკრედიტო ბარათები, რომლებიც შექმნილია სპეციალურად სკოლის მოსწავლეებისთვის, მათ აქვთ დაბალი საკრედიტო ლიმიტი, დამატებითი დაცვა ჰაკერებისგან და ხელსაყრელი პირობები დამწყებთათვის, რომლებიც ვალის დროულად გადახდას ივიწყებენ. აუხსენით ბავშვებს, როგორ და როდის გამოიყენონ ეს ბარათი. ამას ისე მიუდექით, როგორც სასწავლო დავალებას – ანუ ყველა სიტყვა უნდა იყოს უკიდურესად მკაფიო.

… კოლეჯში შესვლის შემდეგ, ახალგაზრდების უმეტესობა ონლაინ უკვეთს სახელმძღვანელოებს. მათ უნდა იცოდნენ, როგორ გამოიყენონ საკრედიტო ბარათები პასუხისმგებლობით და როგორ ამოიცნონ სანდო საიტები და გამყიდველები. ზოგადად კი ბავშვებს უნდა ასწავლოთ, როგორ უნდა მართონ ფული. ეს ნიშნავს, რომ უნდა შეინახონ ჩეკები, საკრედიტო და სადებეტო ბარათები უსაფრთხო ადგილას და სხვ.

…აუცილებელია ბავშვებთან ერთად განიხილოთ, საიდან მოდის და სად მიდის ფული. ასე  თქვენი შვილები, დამოუკიდებელი ცხოვრებისას ფინანსურ საკითხებში კომპეტენტური გახდებიან.

თუ ჯერ კიდევ არ გისაუბრიათ ბავშვებთან ფინანსებზე, რაც შეიძლება მალე ესაუბრეთ. დავუშვათ, თქვენი შვილები უკვე  მუშაობენ, დაარწმუნეთ, რომ ყოველი ხელფასიდან გარკვეული თანხა დაზოგონ, მინიმუმ ხუთი დოლარი. რაც შეიძლება ადრე და დამაჯერებლად აუხსენით, რომ ეს აუცილებელია. ჩვენს ოჯახს ყოველთვის ჰქონდა წესი: ფული უნდა დაიხარჯოს პასუხისმგებლობით. ამასთან, ბავშვს ყოველთვის შეეძლო ნაჩუქარი თანხის დახარჯვა, როგორც მოესურვებოდა – თუ მჩუქებელი ნაჩუქარი ფულის კონკრეტულ მიზანს არ მიუთითებდა.

თქვენს შვილებს, უფროსი თაობის მსგავსად, ფულადი საჩუქრებით სარგებლობის უფლება უნდა ჰქონდეთ, ამიტომ დროდადრო აჩუქეთ ფული. მთავარია, მოზარდებს ფინანსურ საკითხებში ისე მოექცეთ, როგორც უფროსებს. დაე, მოგისმინონ და ისარგებლონ თქვენი გამოცდილებით. მუდმივად შეახსენეთ, რამდენად მნიშვნელოვანია ფულის სწორად ხარჯვა, მაგრამ არ ჩამოართვათ შესაძლებლობა, ისარგებლონ მოულოდნელი, იღბლიანი საჩუქრით. ასწავლეთ, რომ ფული აუცილებლობაა, თუმცა მას სიხარულის მოტანაც შეუძლია. მათ უნდა გაიგონ, რომ ფულით ჯერ უნდა დაიკმაყოფილონ აუცილებელი საჭიროებები, შემდეგ გადადონ გარკვეული თანხა მომავლისთვის და მხოლოდ ამის მერე დახარჯონ საკუთარი კაპრიზების გამო. წარმოიდგინეთ, რამდენად უკეთესი ეკონომიკა გვექნებოდა, ყველა მშობელს რომ ეს შვილისათვის დროულად ესწავლა.

აქ ბონუსს წარმოადგენს ის, რომ როდესაც თინეიჯერებს ანდობთ გარკვეულ ფინანსურ პასუხისმგებლობასა და თავისუფლებას, ისინი აფასებენ თქვენს რწმენას მისი შესაძლებლობებისადმი და ცდილობენ უფროსებივით მოიქცნენ“.

 

მოამზადა ირმა კახურაშვილმ

 

გამოყენებული ლიტერატურა

https://www.forbes.ru/forbes-woman/384857-tri-tipa-roditeley-kotorye-meshayut-svoim-detyam-povzroslet

https://www.scribd.com/book/375130808/Teenagers-101-What-a-Top-Teacher-Wishes-You-Knew-About-Helping-Your-Kid-Succeed

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი