ირანული კერძის რეცეპტი

დიდი გურმანი არასოდეს ვყოფილვარ. ვერც ირანული კერძის – “ქათამი ქლიავით” – რეცეპტს ჩაგაწერინებთ, მეუღლის გულის მოსაგებად რომ მოამზადოთ, იმ ფილმის გმირივით, რამდენიმე კვირის წინ ბათუმის საავტორო კინოს ფესტივალზე რომ ვნახე. ფილმი მელოდრამაა, სასიყვარულო ისტორიით, სევდიანი ფინალით, HAPPY END-ის გარეშე. საერთოდ, რა საჭიროა ეს ბედნიერი დასასრული? ცხოვრება ხომ ზღაპარი არ არის, სადაც კეთილმა აუცილებლად უნდა სძლიოს ბოროტს, უფლისწულმა ჯადოქრის მიერ დატყვევებული მზეთუნახავი იხსნას, გააჩინონ შვილები და ბედნიერად იცხოვრონ? რეჟისორი, რომლის ფილმზეც მსურს გესაუბროთ, ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნავს: “სიყვარულის ისტორია მხოლოდ მაშინ გვამახსოვრდება, როდესაც ამბავს ბედნიერი დასასრული არ აქვს. რომეოს და ჯულიეტას ასეთი ტრაგედია რომ არ გადახდენოდათ, ეცხოვრათ მშვიდად, ჰყოლოდათ შვილები და თუნდაც სიცოცხლის ბოლომდე ჰყვარებოდათ ერთმანეთი, შექსპირი არასოდეს დაწერდა მათი სიყვარულის შესახებ”.

მაყურებელს (მკითხველს) ტრაგედიები უკეთ ამახსოვრდებაო, ამბობს მარიან სატრაპი და თავის რომანში “ქათამი ქლიავით” უდავოდ დასამახსოვრებელ სიყვარულის ამბავს მოგვითხრობს.

რომანი 2004 წელს დაისტამბა და, ავტორის სხვა ნამუშევრების დარად, მალევე მოიპოვა პოპულარობა. მისი ეკრანიზაცია ავტორმა 2011 წელს ვენსან პარონოსთან ერთად განახორციელა და კინოკრიტიკოსთა მოწონება დაიმსახურა. ფილმმა მრავალი ჯილდო მიიღო, მათ შორის – ბათუმის საავტორო კინოს მეშვიდე საერთაშორისო კინოფესტივალისაც: ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ოქროს ცხენთევზა მსახიობ გოლშიფტეჰ ფარაჰანის გადაეცა.
ფილმში (რომანში) მოთხრობილი ამბავი 1958 წელს ხდება. ნასარ ალი ხანი, მსოფლიოში სახელგანთქმული მუსიკოსი, თეირანში ბრუნდება. ჰყავს გარიგებით შერთული მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი. უყვარს ქალი, რომელიც შორეულ წარსულში დარჩა. მისთვის ცხოვრების ერთადერთი აზრი მუსიკაა. შვებას მხოლოდ ვიოლინოზე დაკვრაში პოვებს, რადგან მიაჩნია, რომ ვიოლინოში მისი სიყვარული ცოცხლობს. მისთვის ინსტრუმენტი ცხოვრების გასაღებია, რომელიც მისი სიყვარულის ყველა ამბავს ინახავს და მის მოგონებებში აცოცხლებს. საყვარელი ვიოლინოს გარეშე ცხოვრება ნასარ ალი ხანისთვის სიკვდილს უდრის. ის ხელოვანია, მისთვის ყოველდღიური რუტინა აუტანელი სასჯელია. ის ვერასოდეს იქნება მზრუნველი მამა და მოსიყვარულე მეუღლე.
განსაკუთრებით შთამბეჭდავია ფილმის ვიზუალური მხარე – განსაკუთრებული, მარიან სატრაპისთვის დამახასიათებელი ანიმაციური ჩანართები და ჩრდილ-ნათელი, ფერებით, რომლებიც მაყურებელზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს. ფინალის გულწრფელი ემოციების გარეშე განცდა კი შეუძლებელია.
მარიან სატრაპი ირანული წარმოშობის ფრანგი რომანისტი, ილუსტრატორი, ანიმაციური ფილმების რეჟისორი და საბავშვო ფილმების ავტორია. 1983 წელს, თოთხმეტი წლისა, იგი მშობლებთან ერთად გამოექცა ირანში არსებულ რეჟიმს და ავსტრიის დედაქალაქში დასახლდა. ვენაში იგი ფრანგულ გიმნაზიაში სწავლობდა. მძიმე ავადმყოფობის შემდეგ ირანში დაბრუნდა და სწავლა აზადის ისლამურ უნივერსიტეტში გააგრძელა.
მოგვიანებით მარიან სატრაპი წერს ავტობიოგრაფიულ რომანს “პერსეპოლისი”, რომელშიც ირანის ისლამური რევოლუციის, მისი მიზეზებისა და შედეგების შესახებ რიგითი ირანელი გოგონას ცხოვრების მაგალითზე მოგვითხრობს. მოგვიანებით რომანის მიხედვით მულტიპლიკაციურ ფილმსაც იღებს, რომელიც “ოსკარზე” იყო ნომინირებული და ავტორს განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა. თუმცა თავად მარიან სატრაპის სამშობლოში, ირანში, “პერსეპოლისს” არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. მრავალ ისლამურ ქვეყანაში ის დღემდე აკრძალულია.
ვერ ვიტყვი, რომ “ქათამი ქლიავით” ვიზუალური თვალსაზრისით თუ თხრობის მანერით “პერსეპოლისისგან” რადიკალურად განსხვავდება, მაგრამ ეს სრულიად სხვა ისტორიაა, რომლის სანახავად, გირჩევთ, დრო აუცილებლად გამონახოთ. წინ ნამდვილად დიდი სიამოვნება გელით. თან იქნებ ქლიავით მომზადებული ქათმის რეცეპტიც გაგვეგო, რომელიც, როგორც ფილმიდან ჩანს, საყვარელი ადამიანის გულისკენ მიმავალი უმოკლესი გზა უნდა იყოს…

კომენტარები

comments