პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

ნახატი-ასოციაციები

ყველამ იცის ალბათ, ვინ იყო პაბლო პიკასო –  ესპანელი მხატვარი და სკულპტორი. მე-20 საუკუნის ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფიგურა, ჟორჟ ბრაკთან ერთად კუბიზმის დამფუძნებელი. იგი იყო მრავალმხრივი შემოქმედი მხატვრობის ჟანრებში. აი, მაგალითად, მას ჰქონდა შემოქმედებაში, ე.წ. „ვარდისფერი პერიოდი” (1905–1906 წწ.) და ამდროინდელ და მომდევნო დროის ნამუშევრებში გადმოცემულია ღატაკთა და მიუსაფართა (ბრმები, მათხოვრები, მაწანწალები) ტრაგიკული მარტოობის განწყობილება, სამყაროსა და ადამიანს შორის ურთიერთობის დაკარგული ჰარმონიის ტრაგიზმი, გვაძლევს რა პორტრეტულ პერსონაჟთა

სოციალურ-ფსიქოლოგიური დახასიათებას („მოხუცი მათხოვარი ბიჭთან ერთად“ 1903; „გოგონა ბურთზე“ 1905). 1907 წლიდან მის შემოქმედებაში უკვე ავანგარდისტული, უკიდურესი ცდებია, თუმცა რეალისტურ ტრადიციებთან შეხამებული, რომლებსაც ის რამდნჯერმე დაუბრუნდა. პაბლო პიკასომ შემდგომ შექმნა ახალი მიმდინარეობა – კუბიზმი, უარყოფდა რა რეალურ სინამდვილეს დანაწევრებული სიბრტყის კომბინაციებით. მომდევნო პერიოდის ნამუშევრებში ჭარბობდა ზღაპრულ-იდილიური განწყობები. მე-2 მსოფლიო ომისდროინდელ ნამუშევრებში, როცა პაბლო დარჩა ფაშისტების მიერ ოკუპირებულ საფრანგეთში და მონაწილეობდა წინააღმდეგობის მოძრაობაში, კარგად ჩანს მისი ჰუმანისტური მსოფლმხედველობა.

პიკასოს საოცარი წინააღმდეგობებით აღსავსე შემოქმედებამ დიდი გავლენა იქონია მე-20 საუკუნის ხელოვნებაზე.

 

ბიჭი და ძაღლი”
როცა „სული ივსება თოვლით და შენ ბერდები”, ხშირად გაგექცევა წარსულისკენ თვალი. „იქ” პატარა ხარ, კრიალაა ცა და სულის გამათბობელია მზე, ყველა ახლობელი შენთანაა, ბევრი სიყვარულია, ზრუნვაც და უზრუნველობაც, უამრავი ოცნება და სულ ცოტა იმედგაცრუება. იქიდან ცხოვრების უდაბნო ისეთი სასტიკი არ ჩანს და ბევრი სიტკბოა… და ასე საზრდოობ წარსულით სიბერეში. თუმცა ხვდები, რომ ეს ოაზისი წინაც შემოგხვდება, სიცოცხლეში ჯერ გაურკვეველი მომავლიდანაც შემოგღიმილებს შენი ბავშვობა…

 

გუსტავ კაიბოტი (1848 – 1894) იყო გენიალური ფრანგი მხატვარი, იმპრესიონისტი და კოლექციონერი, რომელმაც საკუთარი უნიკალური სახვითი ხელოვნების კოლექცია საფრანგეთის მთავრობას სრულიად უსასყიდლოდ უანდერძა. საფრანგეთის ხელისუფლებამ რიგი ამ ნამუშევრებისა დაიწუნა და ისინი აუქციონებზე უზარმაზარ თანხებად გაიყიდა. ასე დაკარგა საფრანგეთმა საკუთარი მთავრობის უგუნური გადაწყვეტილებით თავისი დიდებული ხელოვანი შვილის მიერ შექმნილი სახვითი ხელოვნების ათეულობით უნიკალური ნიმუში.

გუსტავ კაიბოტი ძალიან ენერგიული ნატურა იყო, იალქნიანი ნავების სპორტით გატაცებული. იგი ძალიან მდიდარი იყო და მუდმივად ეხმარებოდა კოლეგა-იმპრესიონისტებს (მრავალი მათგანი იხსნა შიმშილით სიკვდილისგან). „ყველაზე გაბედული ყველა იმპრესიონისტთა შორის” – ასე უწოდა მას ემილ ზოლამ, იმიტომ, რომ იგი კოლეგებისგან ყიდულობდა არა იმ ნახატებს, რომლებიც მოსწონდა, არამედ ისეთებს, რომლებსაც არავინ ყიდულობდა. ყველაფრით უზრუნველყოფილმა მხატვარმა თავისი სიცოცხლის უკანასკნელი 10 წელიწადი, სახვითი ხელოვნების გარდა, მებაღეობას დაუთმო.

,,ეპიზოდი” , ავტოპორტრეტი _
სიბრძნე ხშირად განსწავლულობასთან, ცოდნასთან არ ასოცირდება. მასში მოიაზრება თავისუფლება და ზნეობა ერთად (ანუ არა „ვაკეთებ იმას, რაც მინდა”, არამედ – რაც ღირებულია), პიროვნების ავტონომიურობა და მოვლენათა არსში წვდომით ღვთაებრიობა ანუ სიახლოვე ჭეშმარიტებასთან, „შერთვა ზესთ მწყობრთა წყობისა…”.

 

ვარსკვლავთა ზევით, ვარსკვლავთა ზევით
არისო მხარე სამოთხისგვარი,
თავბრუდამსხმელი, როგორც ოცნება
მომჯადოები – როგორც სიზმარი.
ყველა ჩვენგანი ყოფილა როსმე
იმ საიდუმლო უცხო მხარეში
და ქვეყნად რომ ვართ, იმიტომ ვდნებით
კვალგადაუშლელ სიმწუხარეში.
მაგრამ როგორც კი გადავცილდებით
ხილული ქვეყნის იდუმალობას,
წავა, გაჰქრება ეგ სიმწუხარე
და მოგონების უსახო გრძნობა.
სული კვლავ ჰპოვებს სულთან სიყვარულს
და მეგობრობას ტკბილ ცრემლთა ფრქვევით.
ვარსკვლავთა ზევით არის ეს მხარე,
მოვალთ და მივალთ ვარსკვლავთა ზევით. („მეოთხე მხარე”) –
გალაკტიონიც ეძებდა გზებს ამ უცხო მხარისკენ და მჯერა, იპოვა კიდეც. მანამდე კი მისკენ მიმავალი ბილიკები ნისლითა და ბურუსითაა მოცული, ჩვენი სვლა კი – უცნაური, მტკივნეული სიმარტოვითა და მომქანცველი დაბნეულობით. ვარსკვლავებით მოჭედილი ცა კი ისევ შორია და დიდ საიდუმლოს ინახავს, კანტის არ იყოს…
წუთისოფლის ლამაზი სიმწუხარეა შუასაუკუნეების ჩინელი მხატვრის ამ ნახატზე (Wang Shen)

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი