ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

თანატოლთა ჯგუფის გავლენა მოზარდის სასწავლო მოტივაციაზე

ერთხელ უნებლიეთ შევესწარი ორი ქალბატონის საინტერესო დიალოგს.

„წარმოგიდგენია?! რაც ჩემს თავს ხდება, ნამდვილი სასწაულია. ალბათ იცი, რომ რამდენიმე თვის წინ ბინა შევიცვალეთ, გადავედით უბანში, რომელიც ძალიან შორსაა იმ სკოლიდან, სადაც ჩემი ნინიკო სწავლობდა. გადაწყვეტილი მქონდა, ბინის შეცვლასთან ერთად ბავშვისთვის სკოლაც შემეცვალა, მაგრამ მან სასტიკი წინააღმდეგობა გამიწია – არსად არ გადავალ, მე ჩემს სკოლაში, ჩემს თანაკლასელებთან ერთად ყოფნა მინდაო. ვერ ვხვდებოდი, რატომ მეწინააღმდეგებოდა – სწავლით თავს არ იწუხებდა, ყველა პედაგოგი ემდურებოდა, თანაკლასელებთან მეგობრული ურთიერთობითაც არ გამოირჩეოდა… მიუხედავად ამისა, დავყევი. ვიფიქრე, მერვე კლასშია, რთული ასაკი აქვს, თავს რამე არ აუტეხოს-მეთქი. მაგრამ, ჰოი, საოცრებავ, გარკვეული ხნის შემდეგ თავად შემომთავაზა, თუ ასე ძალიან გინდა, სკოლა შემიცვალო, თანახმა ვარ, გადამიყვანე, სადაც გინდაო. რა თქმა უნდა, ძალიან გამახარა ნინიკოს გადაწყვეტილებამ, მივაკითხე ჩვენს სახლთან ახლოს მდებარე სკოლის დირექციას და სასწრაფოდ მოვაგვარე ბავშვის გადაყვანის საკითხი, რომ უცებ ისევ არ გადაეფიქრებინა. და აი, მას შემდეგ, რაც ახალ სკოლაში დაიწყო სიარული, ვეღარ ვცნობ – ადრე თუ საყვედურებით ვავსებდი და ვეხვეწებოდი, წიგნი აეღო ხელში, ახლა სულ სახელმძღვანელოებშია თავჩარგული. ხანდახან, მის გადაღლილ სახეს რომ ვუყურებ, ვეხვეწები, წიგნი გვერდზე გადადოს და სხვა საქმეს მოჰკიდოს ხელი. მასწავლებლებიც ემადლიერებიან. როგორც ჩანს, ეს სკოლა უკეთესია“, – ამბობდა ერთი.

მეორე ქალბატონი ყურადღებით უსმენდა მეგობარს. „ვერაფერს ვიტყვი, არ ვიცი, რამ იმოქმედა შენს შვილზე, მაგრამ ჩემი ბიჭი პარალელურ კლასში გადაყვანამ შეცვალა სასიკეთოდ. ნინისგან განსხვავებით, ნიკუშა თავად მეხვეწებოდა, სხვა კლასში გადამიყვანეო. სკოლის გამოცვლაზე არ მე მიფიქრია და და არც მას. შენ წარმოიდგინე, პედაგოგებიც კი არ შეცვლია, რადგან ორივე პარალელურ კლასში ერთი და იგივე მასწავლებლები შედიან. როგორც ჩანს, რაღაც სხვაშია საქმე“.

„არ ვიცი, ნამდვილად არ ვიცი, რა ხდება, რას გაუგებ ამ მოზარდებს“, – ჩაილაპარაკა ნინის დედამ. ამასობაში გაჩერებასაც მივადექით და საგონებელში ჩაცვენილი მშობლები ავტობუსიდან ჩავიდნენ.

მართლაცდა, რაშია საქმე, რატომ შეცვალა ასე ბავშვის ქცევა ერთ შემთხვევაში – სკოლის, მეორე შემთხვევაში კი კლასის გამოცვლამ? რატომ აქვს ასეთი ძლიერი გავლენა თანატოლთა ჯგუფს მოზარდის ქცევასა თუ პიროვნულ განვითარებაზე?

ვფიქრობ, ბევრი პედაგოგი დამეთანხმება, რომ ერთ სკოლაშიც კი ერთი და იმავე ასაკის მოზარდებით დაკომპლექტებული პარალელური კლასები შესაძლოა ისე განსხვავდებოდეს ერთმანეთისაგან, რომ პედაგოგებს მათთან სრულიად განსხვავებული მიდგომების, სასწავლო სტრატეგიების, კლასის მართვის, ორგანიზებისა და სწავლების განსხვავებული ფორმების გამოყენება უწევდეთ. ასე რომ, მოზარდთან ურთიერთობისას პედაგოგმა არა მხოლოდ მისი, არამედ იმ ჯგუფის თავისებურებებიც უნდა გაითვალისწინოს, რომელშიც მოზარდს უწევს ყოფნა.

იმაზე საუბრისას, რა გავლენას ახდენს მოზარდის სასწავლო მოტივაციასა და ქცევაზე ჯგუფი, პირველ რიგში, იმაზე უნდა დავფიქრდეთ, როგორი ღირებულებებია დამკვიდრებული ამ ჯგუფში, როგორია მისი ინტერესები, შეხედულებები, განწყობა-დამოკიდებულებები. ძნელი წარმოსადგენია, მოზარდი მაღალი სასწავლო მოტივაციით გამოირჩეოდეს, თუ მის კლასში ცოდნა და განათლება პრესტიჟულად არ მიიჩნევა. ამ შემთხვევაში კარგად სწავლამ შესაძლოა თანაკლასელების ირონიული დამოკიდებულებაც კი გამოიწვიოს. ამიტომ ბავშვს ურჩევნია, ჩუმად იყოს, ითამაშოს სწავლის მიმართ გულგრილი მოსწავლის როლი, თავი შეიკავოს მასწავლებლის კითხვებზე პასუხის გაცემისგან, უარი თქვას შესრულებული დავალების წრდგენაზე. ასეთი მოსწავლისთვის მაღალ აკადემიურ მოსწრებაზე ფასეული თანაკლასელების კეთილგანწყობის შენარჩუნებაა. მაშინაც კი, როცა ასეთ კლასში სწავლით დაინტერესებული რამდენიმე მოზარდია, მათ ძალიან უჭირთ უფროსების დაუხმარებლად თანაკლასელების განწყობა-დამოკიდებულებებზე ზემოქმედება, თუ კლასში ფორმალური ლიდერის პოზიცია უკავია ისეთ მოსწავლეს, რომელსაც არც გონებრივი უნარები აქვს უკეთ სწავლისთვის და არც სურვილი, რადგან მან უკვე იპოვა უმარტივესი გზა თანატოლთა შორის თავის დასამკვიდრებლად – უფროსებისადმი დაუმორჩილებლობა და „მაგარი ბიჭის“ ნიღბის მორგება.

გარდატეხის ასაკში, როდესაც დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა და უფროსებისათვის წინააღმდეგობის გაწევის სურვილი მეტ-ნაკლები ხარისხით თითქმის ყველა მოზარდში იჩენს თავს და „მეამბოხე“ თანატოლები ლამის გმირებად ჰყავთ წარმოსახული, ადვილი არ იქნება მათ განწყობა-დამოკიდებულებებზე გავლენის მოხდენა. არადა, ამის გაკეთება, ცოდნის გადაცემასთან ერთად, პედაგოგიური საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად უნდა ითვლებოდეს, თუნდაც იმიტომ, რომ, თანამედროვე მიდგომების მიხედვით, სწავლა-სწავლების მიზანი, განურჩევლად იმისა, რა ასაკის ადამიანს ვასწავლით, სამი რამაა: ცოდნა, უნარები და განწყობა-დამოკიდებულებები. ყველაზე რთული კი ამ სამიდან სწორედ განწყობა-დამოკიდებულებების ჩამოყალიბებაა. ამდენად, სასურველია, ბავშვში მათ ფორმირებაზე ზრუნვა ადრეული ასაკიდანვე დავიწყოთ, იმ პერიოდიდან, როცა მასზე ზემოქმედების უფრო მეტი ბერკეტი გვაქვს და არც ასაკობრივი სირთულეები გვიშლის ხელს.

კარგი იქნება, თუ ამ მიმართულებით მუშაობას არ ექნება მენტორული, ჭკუისდამრიგებლური საუბრების სახე და ის ბუნებრივად ჩაიქსოვება სასწავლო პროცესში. მით უმეტეს, პედაგოგებისათვის შეთავაზებული სასწავლო სტრატეგიებისა და სწავლების ფორმების მრავალფეროვნება ამის შესანიშნავ შესაძლებლობას იძლევა.

დაბოლოს, არ შეიძლება არ ითქვას, რომ მოზარდის პიროვნების, მისი ფასეულობებისა და განწყობა-დამოკიდებულებების ჩამოყალიბების პროცესი მხოლოდ ოჯახსა და სკოლაზე არ არის დამოკიდებული. თუ ცოდნა, განათლება, კულტურა, ხელოვნება ქვეყნის განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებად არ იქცა, აღმზრდელებს გაუჭირდებათ ღირსეული თაობის – ისეთი თაობის აღზრდა, რომელიც მომავალში ქვეყნის გაძლიერებაზე იზრუნებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი