შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლეთა შემოქმედებითი აზროვნება

სტატიის დაწერამდე ყოველთვის ბევრს ვფიქრობ, ვიხსენებ თემატიკასთან დაკავშირებულ სხვადასხვა ცხოვრებისეულ გამოცდილებას, საუკეთესო პრაქტიკის მაგალითს, უცნაურ და ორიგინალურ მიგნებას…

რატომღაც ბევრჯერ შემახსენა თავი იაპონური აღზრდისა და სწავლების სისტემამ და რამდენიმე ძალიან საინტერესო ამბავმა:

„…რაც უნდა ეკეთებინა დედას, რა სამუშაოც უნდა ჰქონოდა შესასრულებელი, შვილი სხეულზე ჰყავდა ნაჭრით აკრული და თან დაუსრულებლად ელაპარაკებოდა, უყვებოდა, რასაც აკეთებდა. ამით ბავშვი გამუდმებით ჩართული იყო ყველა პროცესში, გამუდმებით ვითარდებოდა და ხშირად ისეც ხდებოდა, რომ პატარა პირველი ნაბიჯის გადადგმამდე, ანუ სიარულის დაწყებამდე ლაპარაკს სწავლობდა“.

 

„ბავშვებს ლამის ჩვილობის ასაკიდან ასწავლიან, ყური მიუგდონ გრძნობებსა და შეგრძნებებს – საკუთარს თუ სხვისას. თქვენ წარმოიდგინეთ, უსულო საგნებისასაც კი. თუ ბავშვი სათამაშოს გატეხს, დედა კი არ დასჯის ან უსაყვედურებს, უბრალოდ ეტყვის: „შენ ახლა მას ატკინე“.

 

„იაპონური სკოლების კედლები ნაცრისფრადაა შეღებილი. ეს იმისთვის, რომ მოსწავლეებმა მერე თავად მიახატონ პეპლები, ყვავილები თუ სხვა რამ, რაც მათ განწყობას შეუქმნის და ცხოვრების რიტმს განუსაზღვრავს“.

 

ერთხელ კიდევ დამაფიქრა იმ ფაქტებმა, რომ  სწორედ ამგვარი დამოკიდებულებითაა შესაძლებელი მოსწავლეებში შემოქმედებითი აზროვნების ჩამოყალიბება. ყველაფერი ძალიან მარტივია და არ საჭიროებს  განსაკუთრებული სტრატეგიების ფლობას. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ბავშვს მშობლისგან და მასწავლებლისგან სჭირდება, ეს არის მხარდაჭერა და თავისუფლება, სივრცე, სადაც ისინი თავისუფლად აზროვნების უფლებას მოიპოვებენ.

ცხადია, გამახსენდა საუკეთესო მაგალითები ქართული სასკოლო ცხოვრებიდან:

  • ულამაზესი საკლასო ოთახები, რომლის გამშვენებაში მოსწავლეებმა მშობლებთან ერთად მიიღეს მონაწილეობა;
  • მასწავლებლები, რომელთაც მშობლებთან ერთად უამრავი აქტივობა განახორციელეს მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განსავითარებლად;
  • მშობლები, რომლებიც შვილების ეთიკური და მორალური ღირებულებების განვითარებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ.

 

მაგრამ ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია…

არსებობს მოსაზრება, რომლის მიხედვითაც შემოქმედებითობა თანდაყოლილი უნარია და შემოქმედებით აზროვნებას უკავშირებენ ხოლმე ხელოვნების დარგში მოღვაწე ადამიანებს, მაგრამ გამოკვლევები გვიჩვენებს, რომ ყველა ადამიანი მეტ-ნაკლებად შემოქმედებითი უნარის მატარებელია და სწავლების პროცესში შემოქმედებითი გარემოს შექმნა ხელს უწყობს მოსწავლეებში ამ უნარების განვითარებას.

 

რა უშლის ხელს მოსწავლის შემოქმედებითი აზროვნების უნარების განვითარებას?

სამწუხაროდ, არსებობს მაგალითები, როცა მშობელი და მასწავლებელი ცდილობს, ბავშვი „დააპროგრამოს“, წესები განუსაზღვროს და ამ გზით  წარმატებას მიაღწევინოს. რეალურად,  შედეგი სრულიად სხვაგვარია. მოსწავლე, რომელსაც არ მიეცა თავისუფლად აზროვნების, იდეების გენერირებისა და მისი განხორციელების საშუალება, ვერასდროს იფიქრებს, როგორ გახდეს ნოვატორი. სამწუხაროდ, არცთუ იშვიათად, უკვე ზრადსრულობის ასაკშიც, შვილები იმდენად არიან მშობლებზე მიჯაჭვული და დამოკიდებული, ისევ მათგან ელოდებიან „დაპროგრამებული“ ცხოვრებისეული წესების მიღებას.

ბავშვს, რომელსაც უკრძალავენ საყვარელ საქმიანობას, შემოქმედებითი აზროვნება ვერ განუვითარდება. სანაცვლოდ კი სთავაზობენ მისთვის მოსაწყენ, ნაკლებად საინტერესო საქმეს, რადგან მშობელს სურს, შვილმა პოპულარობა მოიპოვოს ამ სფეროში, გახდეს ცნობილი, წარმოაჩინოს ნიჭი.

ფსიქოლოგმა,  ბენჯამინ ბლუმმა შეისწავლა  მსოფლიო კლასის მუსიკოსების, მეცნიერების, სპორტსმენების, მსახიობების ცხოვრების ადრეული წლები. მისი კვლევის დასკვნაში ნათქვამია, რომ „გენიოსების მშობლებს არასოდეს უოცნებიათ, რომ მათი შვილები სუპერვარსკვლავები გამხდარიყვნენ, განსაკუთრებული მოლოდინი არ ჰქონიათ შვილებისგან. ისინი მხოლოდ ცდილობდნენ, რომ მოტივაცია შეექმნათ მათთვის და სხვადასხვა წამოწყებაში მხარი დაეჭირათ“.

არასწორია მასწავლებლის დამოკიდებულება, როდესაც ის ცდილობს, მზა იდეები მიაწოდოს მოსწავლეს, დააზეპირებინოს მნიშვნელოვანი წესები და შესაბამისად, მაღალი ქულით შეაფასოს ცოდნა. ბავშვი, რომელსაც არ მიეცა საშუალება, გამოეხატა საკუთარი დამოკიდებულება ამ საკითხისადმი, ან სხვა რაკურსით წარმოეჩინა იგი, ვერასდროს განივითარებს შემოქმედებითი აზროვნების უნარებს.

არადა, რამდენ რამეს ცვლის თუნდაც ერთი მარტივი შეკითხვის დასმა:

  • შენ როგორ ფიქრობ?

რომელსაც თავისთავად მოჰყვება მრავალი შეკითხვა – რატომ ფიქრობს ასე? როგორ წარმოუდგენია თვითონ? იქნებ აქვს საინტერესო იდეა, რომლის განხორციელებაც არ არის რთული? იქნებ მეგობრებთან ერთად შეუძლია დაგეგმოს პრაქტიკული აქტივობები საკითხის უკეთ გააზრებისა და შესწავლის მიზნით? და ასე შემდეგ.

რა შეიძლება გააკეთოს მშობელმა და მასწავლებელმა მოზარდის შემოქმედებითი უნარის განვითარებისთვის?

ძნელია ერთი ან რამდენიმე „რეცეპტის“ შემუშავება. მაგრამ ძალიან მარტივია, შევთავაზოთ ბავშვს ნებისმიერი რამის ახალი გზით კეთება. რეალურად, ეს არის აღმოჩენებით სწავლება, პროცესი, რომელიც გამოირჩევა:

  • იდეების სიმრავლით, მრავალფეროვნებით (მოქნილობა, საკითხის სხვადასხვა კუთხით დანახვა);
  • სიახლით (ორიგინალობით);
  • გარდაქმნის უნარით (ძველი იდეების საფუძველზე ახლის შექმნა).

მახსენდება ერთი ძალიან საინტერესო პროექტი: „ნარჩენების მეორე სიცოცხლე“, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებმა პლასტმასისა და მუყაოსგან უამრავი საინტერესო და საჭირო ნივთი შექმნეს გამოუსადეგარი და გადასაყრელად გამზადებული საგნებისგან. ამ პროცესში განსაკუთრებული როლი ჰქონდა მშობელთა ჩართულობას, რადგან ისინი თავად დარწმუნდენენ, როგორი შემოქმედებითი და ორიგინალური იდეები აქვთ მათ შვილებს.

მნიშვნელოვანია, მოვუხსნათ ბავშვს შემოქმედებითობის გამოვლენის ხელისშემშლელი შინაგანი წინააღმდეგობები. მოსწავლეებს ხშირად ეშინიათ, რომ საკუთარი აზრის გამოთქმის დროს შეცდომას დაუშვებენ და მასწავლებლისგან შენიშვნას დაიმსახურებენ. ამიტომ ისინი თავს იკავებენ აზრის გამოთქმისაგან.

აუცილებლად უნდა დავეხმაროთ მათ, რომ დარწმუნდნენ საკუთარ შემოქმედებით ძალებში და მივცეთ:

  • პრობლემის გადაჭრის ახალი, ორიგინალური გზების ძიებისა და რამდენიმე პასუხის პოვნის საშუალება, რადგან პასუხი წინასწარ არ არის განსაზღვრული და არ არსებობს მხოლოდ ერთი სწორი პასუხი;
  • პრობლემის გადაჭრის რამდენიმე გზის განხილვის საშუალება;
  • გადაწყვეტილების გაუმჯობესების შესაძლებლობა.

 

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მოზარდს უნდა ვასწავლოთ, რომ ნებისმიერ ადამიანს აქვს პიროვნული გამოხატვის თავისუფლება და შეიძლება მისმა ერთმა  იდეამ სამყარო შეცვალოს.

 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი – სააზროვნო უნარების განვითარების ეფექტიანი სტრატეგიები.

https://dediko.ge – როგორ გავზარდოთ კრეატიული შვილი ამბიციური რობოტის ნაცვლად.

https://sputnik-georgia.com/society/20170119/234585557/aRzrdis-iaponuri-metodi.html -პარადოქსული, მაგრამ ეფექტური: აღზრდის იაპონური მეთოდი.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი