პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

მოლეკულები, რომლებმაც სამყარო შეცვალეს (მეორე ნაწილი)

სუბალპური ზონიდან დაშვებისას გაივლი მდელოს, სადაც სარტყელ და სარტყელ გხვდება უთვალავი ულამაზესი ყვავილი. ერთ-ერთი დაშვებისას მეგობრებმა გადავწყვიტეთ, თითო სახეობის თითო ეგზემპლარი მოგვეწყვიტა. ჩვენი გადაწყვეტილება არცთუ ადვილი შესასრულებელი აღმოჩნდა – სანამ ტყის პირს მივაღწევდით (სადაც მდელო მთავრდება), იმხელა თაიგულები მოგვიგროვდა, ორი ხელით ძლივსღა გვეჭირა… რომ ეთხოვათ, ვინმესთვის მისართმევად აქედან ოცი ყვავილი ამოარჩიეთო, ადვილი წარმოსადგენია, რა რთული ამოცანის წინაშე დავდგებოდით. ვეებერთელა თაიგულიდან, რომელშიც ერთიმეორეზე უკეთესი ყვავილებია თავმოყრილი, ოცის ამორჩევა არ არის ადვილი. რამდენი რამ უნდა გაითვალისწინო: რით სჯობია ერთი მეორეს; შენ კი მოგწონს, მაგრამ ის ხომ სხვისთვის მისართმევად გინდა – მას მოეწონება?.. გიჭირავს ხელში ყვავილების ეს უზარმაზარი კონა და დასცქერი მსაჯულის მზერით… განსჯა ერთ-ერთი ყველაზე რთული საქმეა. რთულიც და საპასუხისმგებლოც. მასწავლებლობაც ამიტომ არის მძიმე პროფესია. სწავლება შედარებით ადვილია; შეფასებაა ყველაზე რთული და საპასუხისმგებლო საქმე.

სიტყვა გამიგრძელდა და, როგორც შეგპირდით, წინა ბლოგში დაწყებულ თემაზე გავაგრძელებ საუბარს.

ჩემი პროფესიული კარიერის განმავლობაში უამრავ მოლეკულას შევხვედრივარ, მრავალი მათგანი მომითავსებია “საყვარელი მოლეკულების ქისაში”, მაგრამ როცა ამ ქისიდან ოცის ამორჩევა განვიზრახე, არჩევანის გაკეთება ძალიან გამიჭირდა – იმავე მიზეზით, რომელმაც თაიგულიდან ოცი ყვავილის ამორჩევაში შემიშალა ხელი. აქ კიდევ უფრო რთულ სიტუაციაში აღმოვჩნდი; როცა გინდა, ყვავილი მიართვა ვინმეს, ის ერთია და მისი გემოვნებაც დაახლოებით იცი, მაგრამ როცა საჩუქარს მთელ საზოგადოებას უძღვნი, ერთიათად მეტ პასუხისმგებლობას გრძნობ და ქისიდან ყოველი მოლეკულის ამოღებისას ხელები გიკანკალებს…

ჩემი რჩეული მოლეკულების პირველ ათეულს უკვე იცნობთ. ახლა მინდა, მომდევნო ათეული შემოგთავაზოთ.

მეთერთმეტე ადგილზე ამიაკი მოვათავსე. მას შემდეგ, რაც ამიაკის მიღების მარტივ ხერხს მიაგნეს, ქიმიურ ტექნოლოგიას საშუალება მიეცა, დაემზადებინა იაფი და ეფექტური აზოტოვანი სასუქები. შესაძლოა, დღეს ბევრს აშინებდეს “ნიტრატიანი პროდუქტი”, მაგრამ დედამიწაზე მოსახლეობის ზრდა და სავარგულების ფართობის შემცირება-გამოფიტვა სასუქის გამოყენებას გვაიძულებს. ნუ დავივიწყებთ, რომ როდესაც მოწეული ჭირნახული (ეს სიტყვა “მოსავლის” საუცხოო სინონიმია) სახლში მიგვაქვს, ამით ელემენტთა ბუნებრივ ცირკულაციას უხეშად ვარღვევთ და ნიადაგის გამოფიტვას ვუწყობთ ხელს. ამიაკს მრავალ სხვა დარგშიც იყენებენ. სადღეისოდ მისი წლიური წარმოება 100 მილიონ ტონას აღემატება.

მეთორმეტე ადგილი მორფინს უნდა მივაკუთვნოთ. იგი ერთ-ერთი პირველი ძლიერი ტკივილგამაყუჩებელია, რომელიც 1804 წელს გამოყო გერმანელმა მეცნიერმა ფრიდრიხ სერტიუნერმა. მას შემდეგ ტკივილგამაყუჩებელთა ჯგუფის არაერთი პრეპარატი იქნა აღმოჩენილი და მიღებული, მაგრამ ტერმინალური პაციენტების ერთ-ერთ მთავარ “მეოხად” დღემდე მორფინი რჩება.

მეცამეტე ადგილზე, მინდა, რკინა დავასახელო. ჩვენ გარშემო არსებული მეტალის კონსტრუქციებისა თუ მასალების 90% რკინას შეიცავს. იგი ერთ-ერთი “უძველესი” მეტალია (აღმოჩენილია 3500 წლის წინ), რომელმაც სახე უცვალა ადამიანის ყოფას. მისი წყალობით ადამიანს მიწაზე შრომა გაუადვილდა, მიეცა ქვისა და კლდის დამუშავების, საცხოვრისის გაუმჯობესების, პირამიდებისა და ტაძრების აშენების, უფრო ეფექტური სანადირო იარაღების შექმნის საშუალება… თუმცა რკინამ ადამიანი უფრო აგრესიულიც გახადა. მისი მეოხებით უამრავი სისხლი დაიღვარა… ადამიანის გონმა აღმოაჩინა რკინა და… არაერთი ადამიანის გონმა დაამთავრა სიცოცხლე გილიოტინაზე.

მეთოთხმეტე ადგილს ეთანოლს მივაკუთვნებ. უმრავლესობა მას ღვინის სპირტის სახელით იცნობს. ეს ერთადერთი ქიმიური ნაერთია, რომელსაც მითოლოგიაში ღმერთებიც კი ჰყავს – დიოგენე და ბახუსი. სხვადასხვა ადგილას, დამზადების სხვადასხვა მეთოდით (უფრო “ქიმიურად” რომ ვთქვათ, ტექნოლოგიით) მიღებულ ღვინოს სხვადასხვა გემო, არომატი, ფერი აქვს, მაგრამ ადამიანზე ყველა ერთნაირ ზემოქმედებას ახდენს. თუ თავი გიბრუით, მხედველობა გაორებული გაქვთ ან კარგ გუნებაზე ხართ და ირგვლივ ყველაფერი მშვენიერი გეჩვენებათ, ეს ნიშნავს, რომ თქვენს სისხლში ეთანოლის მოლეკულები მოხვედრილა და ტვინში გავლისას მის უჯრედებს “უღიტინებს”.

მეთხუთმეტე ადგილზე გოგირდმჟავაა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ გოგირდმჟავას წარმოების რაოდენობა ქვეყნის ეკონომიური განვითარების ინდიკატორია. მას ხშირად „ქიმიკატების მეფესაც” უწოდებენ. ძნელია პროდუქციის დასახელება, რომლის წარმოებაშიც გოგირდმჟავას უშუალოდ ან ირიბად არ იყენებდნენ. გოგირდმჟავა მერვე საუკუნეში აღმოაჩინეს, მაგრამ საწარმოო მასშტაბი 1746 წლიდან შეიძინა. სადღეისოდ მისი წარმოება წელიწადში 193 მილიონ ტონას აღემატება.

მეთექვსმეტე ადგილზე მოვათავსე მედიკამენტი პროგესტინი. იგი ერთ-ერთი პირველი სინთეზური ჰორმონია (1951 წ.), რომელიც ადამიანის მიერ იქნა სინთეზირებული. ამ ჰორმონმა საგრძნობლად შეცვალა ადამიანის ყოფა, იხსნა ქალი მრავალი მტკივნეული თუ არასასურველი მომენტისგან, მაგრამ, როგორც ამბობენ, მედალს ორი მხარე აქვს – ამ პრეპარატის ბუმის დროს, 1965-1995 წლებში, შობადობა 4.9-დან 2.8-მდე შემცირდა.

ჩემი მოლეკულების სიაში მეჩვიდმეტე ადგილი მინდა ნახშირბადის დიოქსიდს დავუთმო. დღეს მის ხსნებაზე ბევრს, განსაკუთრებით – ეკოლოგებს, შიში იპყრობს და გლობალური დათბობა ახსენდება, მაგრამ ნახშირბადის დიოქსიდის როლი სამყაროში გაცილებით დიდია და ეს „წვრილმანი” ნაკლი მის დიდებას ვერაფერს აკლებს. ნახშირბადის დიოქსიდისადმი დიდი პატივისცემა „გაზიანი” სასმელების დამსახურება არ გეგონოთ; მას უზარმაზარი გამოყენება აქვს ინდუსტრიასა და ტექნიკაში, როგორც ერთ-ერთ ყველაზე იაფ ნედლეულს, მაგრამ მთავარი ის არის, რომ იგი ძირითადი ნედლეულია ფოტოსინთეზით ჩვენი მაცოცხლებელი ჟანგბადის „საწარმოებლად”.

ადამიანი მუდამ ფერადოვნებისკენ ისწრაფოდა. იყო დრო, როცა ფერადი (შეღებილი) ტანსაცმელი ადამიანის იერარქიულ მდგომარეობაზეც კი მიუთითებდა. მისწრაფებამ, მასაც ჰქონოდა ფერადი ტანსაცმელი, გამოქვაბულისა თუ ტაძრის კედლები ფერადი საღებავებით მოეხატა, ადამიანი ანილინის აღმოჩენამდე მიიყვანა. მერე კი მისი გამოყენების იაფი მეთოდის მიგნებამ (ზინინი, გრისი) უზარმაზარი ნახტომი გააკეთებინა ქიმიურ ინდუსტრიას. სწორედ საღებრებისა და ტექნოლოგიის დამსახურებაა, რომ ფარმაცევტულმა ქიმიამ, კვების ქიმიამ თუ ქიმიის სხვა ქვედარგებმა განვითარების ამ დონეს მიაღწიეს, ამიტომ რჩეულთა რიგში ანილინი, ამაყად თავაწეული, მეთვრამეტე წევრად დგას.

იყო დრო, როცა ატმოსფეროში ჟანგბადი არ არსებობდა. მაშინ კაცობრიობაც სხვანაირი იყო – „უჟანგბადო”. მაშინ ვერავის ეტყოდნენ, ღრმად ისუნთქეო. გაჩნდა დედამიწაზე ჟანგბადი და გაჩნდა სიცოცხლეც იმ ფორმით, რასაც ჩვენ „სიცოცხლეს” ვეძახით. ამიტომ, ეჭვგარეშეა, რჩეულთა სიაში ჟანგბადიც უნდა შედიოდეს.

გახსოვთ ქართული ხალხური ლექსი? – „საწყალი ბერი ქედანი ბოლოში მაიგდიანო…” ეს პაწაწინა მოლეკულა, რომელსაც წყლის სახელით მოვისხენებთ, ჩვენი სიის ბოლოში მოხვდა, მაგრამ ეს სრულიადაც არ აკნინებს მის მნიშვნელობას. წყალი, ისევე როგორც ჟანგბადი, სიცოცხლის ელექსირია. მისი მნიშვნელობა რელიგიურ რიტუალებშიც კი ჩანს. გარდა ამისა, წყალი არის ყველაზე იაფი (რომელსაც სპეციალურად მიღება არ სჭირდება) ნედლეული თუ მასალა ინდუსტრიაში. წყლის გარეშე ვერც ერთი ინდუსტრია ვერ იმუშავებს. ის არის უნიკალური გამხნელი და სითბოს კარგი ტრანსპორტიორი – ამ ერთი ციცქნა მოლეკულას, ჭიანჭველასი არ იყოს, იმაზე მეტი სითბოს გადატანა შეუძლია, ვიდრე მასზე გაცილებით დიდ მოლეკულებს…
დასასრულ, მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ ეს ჩამონათვალი ჩემს ხედვას ეფუძნება. უნდა ვაღიარო, მისი შედგენა ძალიან გამიჭირდა, თუმცა ყოველნაირად ვეცადე, მიუკერძოებელი ვყოფილიყავი…

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი