პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

როგორ დავძლიოთ სტრესი „თამაშითა“ და მადლიერებით

„ნებისმიერი პრობლემის გადაწყვეტა შესაძლებელია გადავაქციოთ თამაშად“.

Jane McGonigal  წიგნში – „SuperBetter“

 

„- ვინა ხარ? – შეეკითხა პატარა უფლისწული, – სანდომიანი იერი გაქვს…

– მე მელია ვარ, – მიუგო მელიამ.

– მოდი მეთამაშე, – შესთავაზა პატარა უფლისწულმა, – ძალიან უბედური ვარ“.

ეგზიუპერი „პატარა უფლისწული“

 

ჩვენ ძალიან  რთულ  გარემოში გვიწევს ცხოვრება. ყოველი დღე სავსეა სტრესით და სტრესები სულ ნაირ-ნაირია. მსოფლიო პანდემიამ სამყარო გააჩერა და არა მარტო გააჩერა… თითქოს დრო და სივრცეც გამოიცვალა, სისტემა მოიშალა, აირია არა მარტო მონასტერი, არამედ – კოსმოსი და ადამიანი. ჩამოიშალა ბიზნესი, ადამიანებმა დაკარგეს სამსახურები, სტუდენტები გადასახადებს ვეღარ იხდიან… უიმედობა, დეპრესია და მაინც ბრძოლა და არდანებება…

თითქოს ამ პლანეტარულ პრობლემას ადამიანები უფრო ჰუმანურები, ტოლერანტები, ემპათიურები უნდა გაეხადა, მაგრამ თუ სოციალურ ქსელებს გადახედავთ (ქართულ სინამდვილეში), ნახავთ, როგორ ნაღმზე ზის უმრავლესობა. ადამიანები თითქოს ეძებენ, რომ რაღაც არ მოეწონოთ, რომ მერე ამაზე აღშფოთდნენ და მწვავე დისკუსია დაპირისპირებაში, სიძულვილში, აგრესიაში გადაიტანონ… „რჩეული ინტელიგენტები“ ისეთ ლექსიკას უშვებენ პირიდან და კლავიატურიდან, წაკითხვის რომ შეგრცხვება და აქაც რომ ვერ დავიმოწმებ… ეკრანს მიღმა კი სტუდენტები და მოსწავლეები ცდილობენ განათლების მიღებას…

იმ დღეს, როდესაც „ლექციაზე შევედი“ (პატარა ჯგუფში) ორმა სტუდენტმა მომწერა, რომ კოვიდი აქვთ და ვერ შემოვლენ, ცუდად გრძნობენ თავს, ხოლო ორმა შუა ლექცია დატოვა და კოვიდის ტესტის გასაკეთებლად წავიდა… მოსწავლეები და სტუდენტები ხშირად კამერას ვერ რთავენ, რადგან შინ არ აქვთ ცალკე სივრცე, სადაც განმარტოვდებიან, ისმის ოჯახის წევრების ხმებიც, ზოგს ნეტი ეთიშება, ზოგს ტელეფონი უჯდება. ამით იმის თქმა მინდა, რომ ეს ყველაფერი ჩვენზე პირდაპირ და ირიბად მაინც მოქმედებს. ამიტომ ლექციაზე ცოდნის გადაცემასთან ერთად მოტივაციის ამაღლებაზე ზრუნვაც მიწევს… ვიცი, რომ გამომდის და ეს ძალას მაძლევს და ამ ურთიერთობით თავადაც მოტივირებული ვხდები.

ჩემთვის აღმოვაჩინე სტრესის დაძლევის მეთოდი, რომელიც არც უნიკალურია და არც ჩემი გამოგონილი, მაგრამ ბუნებრივად ისე მოხდა, რომ კონფლიქტური სიტუაციიდან რამდენჯერმე მშვიდობით გამოვედი და ამან ისეთი სიამოვნება მომანიჭა, რომ ერთგვარ მეთოდად მექცა.

ჩემი საიდუმლო შემდეგში მდგომარეობს:

ვთქვათ, ჩვენს ცხოვრებაში ყველაზე სერიოზული ამბავი ხდება, რომელსაც მოაქვს სტრესი და უსიამოვნება (არა აქვს მნიშვნელობა, ეს ამბავი პირადია, საზოგადოებრივი თუ პლანეტარული… არის ამბავი, რომელსაც სერიოზულად განვიხილავთ და უფრო და უფრო სიღრმეში შესვლამ შეიძლება ჩაგვძიროს კიდეც.

ამ დროს თქვენი ცნობიერების ეკრანზე გამოდის სიტყვა: SOS და თქვენ ჩერდებით… აცნობიერებთ რა სიტუაციის სიმძიმეს, მოულოდნელად და სწრაფად იღებთ გადაწყვეტილებას: მოდი, ეს ვითომ თამაშია…. ეს თამაშია… უბრალოდ, თამაში… და რა ხდება მაშინ, როდესაც სერიოზული განხილვებიდან თქვენ თამაშის რეჟიმზე გადადიხართ? აი, აქ ხდება ყველაზე მაგიური რამ: სიმძიმე გეხსნებათ, მსუბუქდებით, იღიმით კიდეც… ეს განწყობა იმდენად გადამდებია, რომ ადამიანი, რომელთანაც კონფლიქტში იყავით და შეცვალეთ სიხშირე, მოულოდნელად გადმოდის თქვენს სიხშირეზე… ამ გამოცდილებით თქვენ არა მხოლოდ სტრესის მართვას ისწავლით და ჩვევად აქცევთ, არამედ დიდ სიამოვნებას მიიღებთ იმისგან, რომ შეგიძლიათ, ემოციების მართვა. და ერთი შენიშვნა: თუ ადამიანი არ გიყვარს, ალბათ ამის გაკეთება ძალიან გაგიჭირდებათ, მაგრამ თქვენ მაინც სცადეთ!

სწორედ ამ გამოცდილებებს გაცილებით ვრცლად გვიზიარებს თამაშის დიზაინერი  Jane McGonigal  წიგნში – „SuperBetter“. ის საუბრობს ცხოვრების სირთულეების დროს თამაშის განწყობაზე, როდესაც იქმნება ენერგიის განსაკუთრებული ნაკადი. მისი ეს მეთოდი დაეხმარა ათი ათასობით ადამიანს, დაეძლია შიში, დეპრესია, სტრესი, პრობლემები. ამ მიდგომის მთავარი შემადგენელია: აიღო შენს თავზე დავალება და შეასრულო ის!

გთავაზობთ ერთ ეპიზოდს წიგნიდან.

მადლიერება, რომელიც დაგეხმარებათ, რომ საუკეთესო გახდეთ!

დავალება

თქვენ გინდათ, რომ თქვენი ცხოვრება სიყვარულით აივსოს. იცით, რას თვლიან სწავლულები ამისათვის #1 საიდუმლოდ?

გამოხატეთ გულწრფელი ემოცია, ინტერესი, სიხარული  და ენთუზიაზმი სხვა ადამიანების წარმატებისა და ბედნიერების გამო.

ფორმალური „გილოცავ“ და „ასე გააგრძელე“-ს ნაცვლად თქვენ ირჩევთ პოზიტიურ დიალოგს კარგ ამბებზე.

რა გავაკეთოთ:

სთხოვეთ ადამიანებს, გიამბოთ თავისი ცხოვრების ყველაზე საყვარელი მომენტის შესახებ.

  • თუ სადილობთ ვინმესთან, ჰკითხეთ, ცხოვრებაში ყველაზე საუკეთესო სადილის შესახებ;
  • თუ ნაცნობთან ან მეგობართან სეირნობთ, სთხოვეთ გიამბოთ, სად ყოფილა ცხოვრებაში ყველაზე ლამაზი ადგილას?
  • თუ სტუდენტი ხართ, ჰკითხეთ თქვენს მეგობარს, საუკეთესო კურსის შესახებ, რომელიც სწავლის დროს გაუვლია;
  • ნებისმიერ სიტუაციაში, გართობის მიზნით, შეგიძლიათ სთხოვოთ ადამიანებს, მოგიყვნენ ცხოვრების საინტერესო მომენტები.

გამოავლინეთ ენთუზიაზმი, იყავით ემპათიური და როდესაც თქვენი მოსაუბრე იმავეს გთხოვთ, გაიხსენეთ თქვენი საინტერესო ისტორია და თხრობის დროს დააკვირდით თანამოსაუბრეს, იგრძენით ის ენერგია, რომელსაც განიცდის, როცა თქვენ გისმენთ. გამოხატეთ მადლიერება. მადლიერების განცდა ადამიანებს ბედნიერებას ანიჭებს და ჯანმრთელობაზეც პოზიტიურად მოქმედებს. სტრესის დონე იწევს, უმჯობესდება ძილი, ძლიერდება იმუნური სისტემა.

ყოველთვის, როდესაც თქვენ გამოხატავთ მადლიერებას, ძლიერდება უკვე განცდილი ემოცია. ეს ყველაფერი სასიამოვნოცაა და, ამავე დროს, თქვენ მიერ ნათქვამი ერთი „მადლობა“ ცვლის სამყაროს შეგრძნებას მომდევნო 24 საათის განმავლობაში. ძლიერდება რწმენა, რომ ნებისმიერ შემხვედრთან რაღაც სასიამოვნოს იგრძნობთ, ივსებით ოპტიმიზმით, თანაგრძნობითა და იმედით…

თქვენი ნათქვამი „მადლობა“ მეორე ადამიანსაც კვებავს და აცოცხლებს. როდესაც თქვენ მასში კარგს ხედავთ, ის, დიდი ალბათობით, კიდევ გაიმეორებს ასეთ ქცევას სხვა ადამიანთან. ეს კი ნიშნავს, რომ:

 ყოველ ჯერზე, როდესაც თქვენ მადლიერებას გამოხატავთ სხვა ადამიანის მიმართ, თქვენ მას უკეთესს ხდით! – სწორედ ეს ქმნის ენერგიის ნაკადს, რომელიც სულ უფრო და უფრო ძლიერდება და სამყაროც ამით უკეთესი ხდება.

მოკლედ, ორი რამ, რაც დაგიხსნით სტრესისგან: თამაში და მადლიერება – დანარჩენზე სხვა დროს.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი