პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

პანდემიური გაკვეთილები

პანდემიამ, იძულებითმა კარჩაკეტილობამ ცოტათი ყველა გაგვაზარმაცა. რაც არ უნდა ვიძახოთ, რომ „ცოცხალი“ ურთიერთობები მოგვენატრა, უკვე ჩვევაშიც კი გადაგვივიდა სახლში ყოფნა, სწორედ იმ სახლში, რომელიც თვეებია აღარაა ჩვენი პირადი სივრცე, არამედ სამუშაო ადგილიცაა და საკლასო ოთახიც. ბევრი ზრდასრულის მსგავსად, პასიურობის ჭია ბავშვებსაც შეეპარა, განსაკუთრებით მოზარდებს, რომლებიც ასაკის თავისებურებების გამო, ისედაც არ გამოირჩევიან  სწავლისადმი მხურვალე სიყვარულით, საშინაო დავალებების უბადლო შესრულებითა და მასწავლებლებთან მეგობრული ურთიერთობით. როგორ გავუმკლავდეთ პანდემიურ სიზარმაცეს? ეს პრაქტიკულ რეკომენდაციები ყველას წაადგება:

ვიდრე სიზარმაცის არსს ჩავწვდებოდეთ, დავფიქრდეთ, რატომ უყურებს უფროსი თაობა ასეთი სიამოვნებით მძაფრსიუჟეტიან ფილმებს? ალბათ იმიტომ, რომ ადრენალინის მიღება სურს.  ასეთი ფილმების ყურება ერთგვარი გამოცდილებაა, უსაფრთხო გარემოში მყოფმა, სახლში, დივანზე წამოწოლილმა თავი სახიფათო სიტუაციაში იგრძნო.

როდესაც კომპიუტერში „ჩამონტაჟებული“ მოზარდები ვერ წყდებიან ანიმეებსა ან ხმაურიან თამაშებს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი ზარმაცობენ. ეკრანზე სიუჟეტის ან საინტერესო თამაშის ყურებისას ისინი აღმოაჩენენ ახალ ემოციებს, გრძნობებს, თანაუგრძნობენ პერსონაჟებს, საკუთარ თავს მათში ხედავენ  და ივითარებენ ემოციურ ინტელექტს. მოზარდებისთვის აუცილებელია დასვენება და ძალების აღდგენა (თანაც, ანიმაციების ავტორებმა დიდი ხანია ისწავლეს, როგორ უნდა შექმნან გასართობი ვიზუალი ისე, რომ საგანმანათლებლო ღირებულებაც ჰქონდეს).

ბიოლოგები სიზარმაცეს ნეიტრალურად განმარტავენ და სასიცოცხლო ენერგიის შენარჩუნების პრინციპის გადაჭარბებით რეალიზაციას უწოდებენ. ანთროპოლოგი ისტორიკოსები კი სიზარმაცეს მეცნიერული და ტექნოლოგიური პროგრესის ერთ-ერთ მიზეზად თვლიან. ფსიქოლოგები ამბობენ, რომ სიზარმაცე სიმპტომია და არსებობს მისი რამდენიმე სახეობა სხვადასხვა მიზეზიდან გამომდინარე: არასაკმარისი მოტივაცია, ადამიანის ფსიქიფიზიოლოგიური თავისებურებები, ბანალური დაღლილობა.

მშობლები ხშირად უჩივიან შვილების სიზარმაცეს, რომ მათ არ სურთ სწავლა და საშინაო დავალების შესრულება, ეზარებათ სახლში ვარჯიში, არც წიგნებს კითხულობენ, არც საშინაო საქმეებში ეხმარებიან. თუმცა, ბევრი მშობელი არ ცდილობს სიღრმისეულად ჩასწვდეს სიტუაციას. მათ მიაჩნიათ, რომ ცუდი სწავლისა და დაულაგებელი ოთახის მთავარი მიზეზი მხოლოდ სიზარმაცეა და სხვა არაფერი. და ავიწყდებათ, რომ სინამდვილეში ბავშვები და მოზარდები ბუნებით აქტიური და ცნობისმოყვარენი არიან. ამიტომაა აუცილებელი სიზარმაცის მიზეზებში ჩაღრმავება.

სიზარმაცესთან გამკლავებაში იგივე წესი მოქმედებს, როგორც ნებისმიერი დაავადების წინააღმდეგ ბრძოლაში: იმისათვის, რომ აირჩიო სწორი მკურნალობა, დიაგნოზი უნდა დასვა. არსებობს სიზარმაცის ამოცნობის ორი წესი:

  1. სანამ სიზარმაცეს გაებრძოლებით, გაითვალისწინეთ ბავშვის ასაკი. ასე, მაგალითად, თუ 7-დან 12 წლამდე ასაკის მოზარდს სწავლა ეზარება, ეს შეიძლება გამოწვეული იყოს სწავლის ჩვევის ბანალური არარსებობით ან გონებაგაფანტულობით. 12-დან 16 წლამდე ასაკში კი სიზარმაცეს ყველაზე ხშირად აქვს ფსიქოლოგიური მიზეზი: თავდაუჯერებლობა, მოტივაციის ნაკლებობა.
  2. ესაუბრეთ მოზარდს. ჰკითხეთ, რატომ აჭიანურებს ან უარს ამბობს რაიმეზე. დიდი ყურადღება მიაქციეთ მის სიტყვებს და მსჯელობას, აჩვენეთ, რომ ნამდვილად გაინტერესებთ მისი ცხოვრება.

არ არსებობს სიზარმაცის სამკურნალო აბი, რომელიც შეიძლება „დაენიშნოს“ ბავშვს. მოზარდში სიზარმაცესთან ბრძოლა განსაკუთრებით დიდ დროს მოითხოვს, ასე რომ, ნუ მოელით სწრაფ შედეგს.

ბავშვებში სიზარმაცის ძირითადი მიზეზი დაღლილობაა, რადგან თანამედროვე მოსწავლეს მთელი დღე გაწერილი აქვს – ონლაინგაკვეთილები, ვარჯიში, მეგობრებთან საუბარი და ა.შ. თანაც, ეს ყველაფერი კარჩაკეტილ სივრცეში. რაც მეტი ასაკისაა მოსწავლე, მით უფრო მკაცრია მისი გრაფიკი, რამაც შეიძლება დაღალოს და სიზარმაცის მიზეზად იქცეს. თუ ხედავთ, რომ მოზარდი თავს არიდებს დამატებითი დავალებების მიღებას, დაფიქრდით, ძალიან ხომ არ გადაიტვირთა?

ბავშვის განრიგში, რამდენი წლისაც არ უნდა იყოს ის და რა მრავალფეროვანიც არ უნდა იყოს მისი ინტერესები, დასვენების დრო უნდა იყოს. მაშინაც კი, თუ მოზარდი უბრალოდ დივანზე წევს, არ უნდა გაიკიცხოს, მას არ უნდა გავაგდებინოთ კომპიუტერი და დავაძალოთ წიგნის კითხვა.

როგორ უნდა გავუმკლავდეთ სიზარმაცეს, რომელიც გადატვირთვითაა გამოწვეული? დაკვირდით ბავშვის ცხოვრების განრიგს რამდენიმე დღის განმავლობაში. აქვს კი მას საკმარისი დრო დასვენებისთვის?..

დაეხმარეთ ძილისა და კვების რეჟიმის დარეგულირებაში. სათანადო განვითარებისათვის, 8-13 წლის ბავშვს სჭირდება მინიმუმ ცხრასაათიანი ძილი, ხოლო 14-18 წლისას – რვასაათიანი. ასევე მნიშვნელოვანია გარეთ სეირნობა (დღეში მინიმუმ ერთი საათი). თუ ეს პირობები არ არის დაკმაყოფილებული, ბავშვის სხეულს შეუძლია რეაგირება სიზარმაცისა და აპათიის სახით მოახდინოს.

დაეხმარეთ თქვენს თინეიჯერებს დღის ორგანიზებაში. ასწავლეთ დღიურის წარმოება, დავალებების ჩამონათვალის შედგენა და პრიორიტეტების განსაზღვრა. უფროსი ასაკის მოზარდებში შესაძლებელია დროის მენეჯმენტის უფრო რთული ინსტრუმენტების გამოყენება – სტრატეგიული დაგეგმვა, დროის დათვლის და ეფექტურობის გაზრდის აპლიკაციების ჩამოტვირთვა.

ნუ შეურაცხყოფთ და დასცინით ბავშვს. თუ თქვენ მას მუდმივად მოიხსენიებთ, როგორც უქნარას,  ის მოირგებს კიდეც ამ როლს. შესთავაზეთ, ივარჯიშოს. ვარჯიში გვეხმარება საკუთარი თავის დაძლევაში, შედეგისკენ სწრაფვაში.

დაეხმარეთ ჩვევების შექმნაში. რეგულარულად რაღაცის კეთება აწრთობს ნებისყოფას. დაიწყეთ მცირე, მარტივი ჩვევებით, მაგალითად, დილით ხუთწუთიანი ვარჯიში, კონტრასტული შხაპი, ოთახის ყოველკვირეული გაწმენდა. სიზარმაცის წინააღმდეგ ბრძოლაში მთავარია არა ხანგრძლივობა, არამედ რეგულარულობა.

გაითვალისწინეთ ბავშვის ინდივიდუალური მახასიათებლები. მაგალითად, ქოლერიკი მოზარდისთვის რთულია საკირკიტო საქმის შესრულება, „ბუ“ ბავშვისთვის კი ახალი მასალის დილაობით სწავლა. შეეცადეთ მომართოთ მოზარდის ბიორიტმები და ტემპერამენტი მისსავე  სასიკეთოდ.

შეადგინეთ ზარმაცი მოზარდისთვის ნებისყოფის განვითარების პერსონალური გეგმა, ოღონდ ისე, რომ ამ პროცესში ისიც ჩაერთოს. არც დროის მენეჯმენტი და არც ყველაზე სწორი რეჟიმი არ დაეხმარება ადამიანს, თუ მას არ მოსწონს ის, რასაც აკეთებს. მოტივაცია არის ადამიანის წარმატების გასაღები ნებისმიერ საქმეში. ამიტომ დაეხმარეთ მოზარდს ფოკუსირება მოახდინოს იმაზე, რაც მას აინტერესებს. გულახდილად ისაუბრეთ და ყურადღებით მოუსმინეთ და შემდეგ გაითვალისწინეთ, როგორ უნდა შეუსაბამოთ თქვენი ბავშვის განათლება მის ინტერესებს.

თუ მოზარდი სწავლაში ძალიან ზარმაცობს, აუხსენით ყოვლისმომცველი განათლების მნიშვნელობა. მინიმუმ საბაზო დონეზე მაინც მან მათემატიკაც უნდა იცოდეს და ლიტერატურაშიც ერკვეოდეს. თინეიჯერები ზოგჯერ განათლებას ზედმეტი ბუკვალურობით აფასებენ: „თუ მე გადავწყვიტე, რომ მუსიკას გავყვე, რაღაში მჭირდება განტოლებების ამოხსნა?“ მნიშვნელოვანია ავუხსნათ იმ საგნის მნიშვნელობა და სარგებელი, რომელიც არ უყვარს. იმისათვის, რომ ეს არგუმენტირებულად გამოგვივიდეს, შესაძლოა წინასწარ მომზადებული იუთუბვიდეოების შეშველება.

მოიყვანეთ სწორი მაგალითები. ეს მეთოდი კარგად მუშაობს ზარმაც თინეიჯერებში, რომლებსაც თანატოლებთან ურთიერთობის ან პრობლემური სასიყვარულო ურთიერთობების გამო, სწავლის მოტივაცია საერთოდ დაკარგული აქვთ.

თინეიჯერებს უყვართ წარმატების ისტორიები და აღფრთოვანებული არიან იმ ადამიანებით, რომლებმაც ბევრს მიაღწიეს თავიანთ სფეროში. მაგალითად, ინჟინერიის გენია ილონ მასკი, მიუხედავად დატვირთული გრაფიკისა, მუდმივად უთმობს დროს თვითგანათლებას. პოპულარულმა მსახიობმა ემა უოტსონმა სამსახიობო კარიერა იმის გამო შეწყვიტა, რომ უნივერსიტეტი დაემთავრებინა. მილიარდერი რიჩარდ ბრანსონი კი ყოველდღიურად წიგნების კითხვას საკუთარ თავში დაბანდებულ საუკეთესო ინვესტიციას უწოდებს. პოპულარული ადამიანების ბიოგრაფიით აჩვენეთ მოზარდებს, რომ ცოდნისა და თვითგანვითარების სიყვარული წარმატების შეუცვლელი თანამგზავრია.

ზოგჯერ მოზარდის სიზარმაცის უკან წარუმატებლობის შიშია ჩაბუდებული. ბავშვს ეშინია წაგების, ვერგამკლავების, ურჩევნია უბრალოდ არაფერი აკეთოს. ის „ქვიშაში თავის ჩარგვით“ ემალება სამყაროს გამოწვევებს და წლების განმავლობაში სულ უფრო მეტ პრობლემებს იმატებს.

მიიღეთ დახმარება მათგან, ვინც თქვენი შვილისთვის ავტორიტეტია. თუ 10-12 წლის სკოლის მოსწავლესთვის ავტორიტეტი მშობლები არიან, 13-16 წლის მოზარდზე უფრო დიდ გავლენას უფროსი და-ძმა ახდენს. ისინი მათთვის მისაბაძი ადამიანები ხდებიან. მათი მხარდაჭერა, შექება ხელს შეუწყობს მოზარდის თვითშეფასების ამაღლებას, მოეხმარება სიზარმაცესთან გამკლავებაში.

მხარი დაუჭირეთ თქვენს შვილს. მშობლების ყურადღება შეუცვლელია. რაც არ უნდა დაკავებული იყოთ, გამონახეთ რამდენიმე საათი თქვენს შვილთან ურთიერთობისთვის, გულწრფელად დაინტერესდით მისი წარმატებით და ყურადღებით მოუსმინეთ მის ამბებს.

მოუყევით მარცხის სარგებელზე. კაცობრიობის გამოცდილებაში, წარმატებას აღწევს არა ის, ვინც ყველაზე ნაკლებ შეცდომას უშვებს, არამედ ის, ვისაც შეცდომების არ ეშინია.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი