ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ბიძურა

ვენაცვლე ამ ჩემს ფშავის ხევსა. აქ თავს სულ სხვაგვარად ვგრძნობ, უფრო ამაყი ვარ. სხვაგან კი რას აღარ გვეძახიან: ბურდღუნაო, ბაჯბაჯაო, დრუნჩაო… ვითომ გვეფერებიან; ვერა ხვდებიან, რომ გვწყინს. დაგვცინიან და როგორ არ მოგვივიდეს გული?! აი, ფშავში კი დაფასებული სახელი გვაქვს. აქ ბიძურას სახელით გვიცნობენ. მახარებს, რომ კაცნი თავის სწორფერად მიგვიჩნევენ, ამიტომაც მოგვაქვივნეს ეს სახელი.

დიახ, ჩვენ სხვა ნადირთ არ ვგავართ. ნუ გვიწყენთ კაცნი – თქვენ უფრო ჩამოგგავართ. ორ ფეხზე ატოტება ჩვენც შეგვიძლია. ჩვენც თქვენსავით დინჯნი და მოზომილნი ვართ. მერე რა, რომ არც ძალას ვუჩივით და ბრჭყალ-კლანჭიც გვიჭრის – მეტწილად მაინც თქვენსავით ბალახითა და კენკრით ვიკვებებით. ვერავინ გვეტყვის, ტურა-მგელივით პირსისხლიანები ხართო. ათასში ერთხელ თუ გავკრავთ კბილს ჩიჩიას. კაცნი უფრო ხშირად სჭამთ ხორცს, ვიდრე ჩვენ. თქვენივე გაზრდილ, ნალოლიავებ ბატკანს ისე გამოსჭრით ყელს, თვალს არ დაახამხამებთ. ჩვენია და რასაც გვინდა იმას ვუქამთო, რომ დაგიჩემებიათ, ტყეში ნადირ-ფრინველს რომ დაერევით ხოლმე თოფ-იარაღით, ისინიც თქვენი გაზრდილნი არიან?

ჰოდა, რა დიდი ბედენაა, თუ ჩვენც ხანდახან გეახლებით სადმე გზაზე გადაყრილ საქონელს. ასე მოუგონია გამჩენს. ამოდენა სხეულს ცილებიც სჭირდება, მარტო მცენარეებითა და მათი ნახშირწყლებით ვერ ვიარსებებთ.

ჩვენ მშვიდი არსებები ვართ. ყოველ ღონეს ვხმარობთ, რომ სხვას ზედმეტად არ ვავნოთ. ამიტომაც არის, რომ გვიან შემოდგომაზე, როცა ფოთოლი სრულად ჩამოვა ხეებიდან და ჩვენი სარჩო გამოილევა, გაზაფხულამდე ძილს ვეძლევით. განა სიზარმაცით ვჩადით ამას – სხვისი შეწუხება არ გვინდა.

არც მოძალადენი ვართ, ჩვენს დანახვაზე რომ გარბიხართ ან, უფრო უარესი, აიღებთ და ტყვიას გვკრავთ ხოლმე. არც ჩვენ გვინდა თქვენთან შეხვედრა, რადგან, ღმერთმა იცის, რა მოგივათ თავში. ამიტომ, თუ საშუალება გვაქვს, ისე გავიძურწებით, წკირსაც არ გავტეხთ. მაგრამ თუ გასაქცევი აღარ დაგვიტოვეს, მეტი რა გზა გვაქვს – ძალი ძალის წინ გამოვცადოთ.

ამასწინებზე ბინდაურთელმა ტორიამ ჟოლიანში რომ ქალი მიბეგვა, სულ არ იყო მისი ბრალი. ის ჟოლიანი მდელო ტორიას კარ-მიდამოა და რა ქნას, არ დაიცვას?! თქვენს ეზო-ბოსტანში ვინმე რომ შემოიჭრას და თქვენს ჭირნახულს კრეფა დაუწყოს, გაგიხარდებათ?! ისეთ ამბავს დააწევთ, გაჩენის დღეს აწყევლინებთ, შეიძლება, ტყვიაც არ დაიშუროთ. ტორიას ტყვია კი არა, კბილიც არ გაუკრავს იმ საცოდავისთვის. მხოლოდ დატორა. ესეც იმად, რომ ის ქალი მძინარეს შევარდნია და დაფეთებულს რიგიანად ვერ გაურჩევია, თოფი ეჭირა ხელში თუ კეტი. ჰოდა, მოგეხსენებათ, ამ დროს მორევა დასწრებაზეა და კიდეც მოხდა მოსახდენი. მერე მთელი წელი დარდობდა უბედური ტორია, მაინც ზედმეტი მომივიდა, თან ქალი ყოფილაო…

როგორც თქვენებში, ისე ჩვენებშიც მოიძებნებიან ავზნიანები, ტყესა და სოფელს ერთნაირად რომ აწიოკებენ და სახელს უტეხენ მთელს ჩვენს მოდგმას, მაგრამ მათზე ლაპარაკი არ მინდა.

თუმცა ერთი დათვის ამბავი დღემდის არ მაძლევს მოსვენებას. ორი მთის გადაღმელ, ჩარგლელ ლუკას მოუყოლია საქვეყნოდ. წიგნშიც კი დაუწერიათ. ყოფილა ერთი გაიძვერა, ფლიდი, ხარბი დათვი და რაღაც ეშმაკობით ბატონად დამჯდარა ტყეში. მეფის სადარი გამხდარა. ტურა-მგლები ნაზირ-ვეზირებად დაუსვამს. ტყის ბინადარნი მისი შიშით ცახცახებდნენ, სურსათ-სანოვაგეს არ აკლებდნენ მის გაუმაძღარ კუჭს და ჭორ-მართალს – მის ყურსა და გულს. ჰოდა, იმანაც შეიფერა დიდკაცობა, ფეხი ფეხზე გადაიდო თავის ბუნაგში და მიეცა ნეტარ ცხოვრებას. ერთხელ მისალოცად მისული ვირიც კი შემოეჭამა, თან ისე, რომ ვირი სანამ სულს დალევდა, ფიქრობდა, სიყვარულით მეხვევაო… ბოლოს ისე გაუვიდა თავს ამ გაქსუებულ დათვს, რომ ტყის ბინადარნი შეწუხდნენ და ბუნაგიდან მისი გამოდევნა გადაწყვიტეს. მაგრამ არ იკითხავთ, ვინ მოინდომა მისი მეფობის დამხობა? ღორებმა. ამ ამბავში ყველაზე მეტად ეს მაბრაზებს. ისე როგორ უნდა წახდე დათვი, რომ ღორების საკბილო გახდე?!

ეს ამბავი რომ მოვისმინე, ძალიან ჩამივარდა გულში. ზღაპარს უფრო ჰგავდა, მაგრამ მაინც ავდექ, ვანხევიდან მოყოლებული, ჩარგლის, გომეწრის, ხომის, უბისთავის, მაღალმისელურისა თუ ახადი-მათურის თავები სულ ფეხით შემოვიარე და ყველა უხუცეს ბიძურას ვკითხე, ამისთანა ამბავი აქ ხომ არ მომხდარა ან მამა-პაპისგან ხომ არ გსმენიათ-მეთქი. არავინ იყო გამგონე…

ის ლუკა ისეთი დიდი და საქვეყნო სახელის კაცი ყოფილა, ტყუილს არ მოიგონებდა და თქვენკენ სადმე ხომ არ მოხდა, ჰა?..

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი