ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ერთი ძველი “პერფორმანსის” შესახებ

ადამიანებს სულ სხვადასხვა მიზეზით ეძინათ და ყველაზე ბუნებრივი მიზეზი – ძილის საშუალებით ორგანიზმის სასიცოცხლო ძალების რეგენერაცია – ამ მიზეზებიდან ყველაზე უმნიშვნელო და ხანმოკლე გახლდათ, ისევე, როგორც 10%-იანი “სეილები” ტანსაცმლის ყველაზე ძვირიან მაღაზიებში.

ეძინათ, რადგან ვერ ცვლიდნენ რეჟიმს.
ეძინათ, რადგან ეშინოდათ და ვერ ცვლიდნენ რეჟიმს.
ეძინათ, რადგან მოქალაქეობრივი შეგნების ნაკლებობა იწვევდა ადრენალინის სიმცირის მსგავს ეფექტს, უადრენალინოდ კი წინააღმდეგობის გაწევა ძნელია. მით უმეტეს, რომ პატრიოტიზმიც ხშირად თავისებური ადრენალინია.
ეძინათ, რადგან სიფხიზლისას გააქტიურებული მხედველობა, ისევე, როგორც ნარკოზიდან გამოსული ავადმყოფი, საგნებისა და მოვლენებისადმი ზემგრძნობიარე გახლდათ.
სწორედ ამ დროს დგება ხოლმე ხელოვანთათვის აქტიური პერიოდი. “ერის გაზრდილი” და ცის მიერ დიდად საპასუხისმგებლო “თანამდებობაზე” დანიშნული “ზეადამიანების” მოვალეობა ხომ სწორედ სოციალური და დიდაქტიკური ტექსტების წერა და ხალხის გამოღვიძებაა. ყოველ შემთხვევაში, ასე ამბობდნენ ჩვენი “მამები”.
მაგრამ მამათა და შვილთა მუდმივი ქიშპის ამბავი გაგეგონებათ და ჩვენ, შვილებმა, ვთქვით: სასაცილოა საუბარი ზეადამიანების შესახებ. ისინი ჭამენ, სვამენ და ტუალეტშიც დადიან. არც ღმერთი იწუხებს თავს, რათა მიწაზე ადამიანების სახით მოავლინოს საკუთარი ამალა და “დანიშნოს” პოეტებად, პროზაიკოსებად, მხატვრებად და რეჟისორებად.
ასე რომ, “ხორცშესხმული ანგელოზების” გაფეტიშებას თანდათან თავი ვანებეთ და ტუალეტში მოსიარულე ხელოვანებისა ვიწამეთ.
საბჭოელ ქალს ხომ სქესობრივი აქტის შემდეგ ტუალეტში ჩაკეტილს უნდა ეტირა (იხ. ცოლის ქცევის საბჭოური კოდექსის თეზები), თანაც – ჩუმად; საბჭოური პერიოდის მანიფესტებიც ხმადაბალი გახლდათ. და რადგან ჩურჩულით სათქმელი მანიფესტი ვერასოდეს იმანიფესტებს, მცდელობები ისეთივე უნაყოფო რჩებოდა, როგორიც ბავშვის სიყრმისდროინდელი “პოეტური” გაფართხალება.
ხელოვანს ისევ მთავარი გამღვიძებლის მისია ეკისრა.
“თანდათან ვივსები ჟინით”, “წამით მაინც გამოვაფხიზლებ მათ მოდუნებულ ვნებას”, – “ალავერდობის” გმირის მონოლოგი იმდენად ტიპობრივია საბჭოთა სამოციანელებისთვის, რომ ამ მოკლემეტრაჟიანი ფილმის ავტორებად შეიძლება მოვიაზროთ არამარტო რევაზ ინანიშვილი, რომელმაც “ალავერდობის” სცენარი დაწერა, არამარტო მხატვარი გოგი ოჩიაური და კომპოზიტორი ფელიქს ღლონტი, ქართული ავანგარდული მუსიკის ერთ-ერთი პიონერი, არამარტო მთავარი როლის შემსრულებელი გეიდარ ფალავანდიშვილი, სილამაზისა და ვაჟკაცობის იმდროინდელი ეტალონი… ასეთ მონოლოგს სხვადასხვა ფორმით – ლექსი იქნებოდა ეს, ფილმი თუ სახვითი ხელოვნების ნიმუშების გამოფენა, რომელსაც ერთხელ ხრუშჩოვის ხელისუფლების ბულდოზერმა გადაუარა – იმხანად ყველა ხელოვანი წარმოთქვამდა. მაგრამ გიორგი შენგელაიამ ქართულ კინოში სხვებს დაასწრო. “მისი გურამი დროებით ურღვევს კომფორტს დეგრადირებულ ბრბოს” – ეს ამონარიდია ერთი საინტერესო წერილიდან და მართლაც ასეა – მეამბოხე რეჟისორები “ალავერდობის” მსგავს ფილმებს იღებდნენ, მეამბოხე მწერლები კი “ალავერდობის” მსგავს ტექსტებს წერდნენ.
გურამ რჩეულიშვილის ნონკონფორმისტი გმირი (ისევე, როგორც შენგელაიას გურამი) 20-იანი წლების ქართული ავანგარდის პირმშოა, ავანგარდისა, რომელმაც თავის დროზე ქართველი დადაისტები შვა (რომელთა შესახებაც წინა წერილში გესაუბრეთ). ტექსტის სიმძაფრე დოკუმენტური თხრობის დამსახურებაცაა, რაც რჩეულიშვილის სავიზიტო ბარათი გახლავთ. ამ სავიზიტო ბარათის დიზაინი მას არც სარეკლამო აგენტთან ერთად შეურჩევია და არც მერე, უკვე დამზადებული, მიუჩეჩებია ვინმესთვის; ოთხი წლის განმავლობაში ტექსტებზე მთელი მონდომებით მუშაობდა და მისთვის “სიტყვა თვითმიზანი ან ბრჭყვიალა სამკაული კი არ იყო, არამედ მასალა მთავარი მიზნის მისაღწევად” (მანანა რჩეულიშვილი). მთავარი მიზანი ვისთვის მსოფლიო მასშტაბით სიკვდილიანობის შემცირებაა, ვისთვის – იმდენი კარტოფილის მოყვანა, მძიმე ზამთარი რომ გადაატანინოს, ვისთვის – ისეთი წიგნის დაწერა, ნობელის პრემიისთვის რომ იბრძოლოს, ვისთვის კი – მახინჯი ტრადიციის წინააღმდეგ გაბრძოლება, თუნდაც პერფორმანსის საშუალებით, და მასის გამოფხიზლება.
“ალავერდობის” მთავარი გმირი პერფორმერია, რომელიც ჯვარცმულის პოზით გადმოგვყურებს გუმბათიდან. ეს პოზა, ისევე როგორც საუკუნეების წინათ, არც ახლა აღმოჩნდა “წარმატებული”: გოლგოთაზე ადამიანთა ცოდვები იესომ ისე გამოისყიდა, რომ ამ ადამიანების უმეტესობას არასდროს უწამია მისი და ახლა გუმბათზე გადმომდგარი მთავარი გმირი მასისთვის ერთი უცნაური, გაურკვეველი სურვილებისა და მიზნების მქონე ტიპია. წარმოდგენა დასრულებულია.
წარმოდგენა დასრულებულია, რადგან საკურთხევლის ქვეშ დაყრილი შეწირული მამლები და ცხვრის სისხლიანი თავ-ფეხი ვერც ღმერთამდე და ვერც თავისუფლებამდე ვერასოდეს მიგვიყვანს (ღმერთი და თავისუფლება კი საპირისპირო ცნებები არ გახლავთ; ამაზე – მერე, რომელიმე მომავალ პოსტში). ამას ვერანაირი პერფორმერი ვერ უშველის. მაქსიმუმ, საუკეთესო პერფორმერმა, დრომ, და მისმა მაგიამ მიგვიყვანოს იმ თავისუფლებამდე, რომლის დროსაც ძილი მხოლოდ ფიზიკური ძალების აღმდგენი მოვლენაა.
საინტერესოა დამახინჯებულ ტრადიციებთან დაპირისპირების რჩეულიშვილისეული ვერსია: არტისტული არენა Vშ მსხვერპლი.
თუ ბაპტისტური ეკლესიის მხიარული გარემო ჰიპ-ჰოპს იტანს და ეს მისთვის ძალზე ორგანულიცაა, რატომაც არა, იმხიარულონ ალავერდის (მართლმადიდებლური ეკლესიის) დღეობაზე შეკრებილმა ადამიანებმაც. მართლაც – რატომაც არა! მაგრამ როცა საქმე მსხვერპლშეწირვამდე მიდის (უკანასკნელი მსხვერპლი იესო გახლდათ) და ინერციით, უფიქრელად გადადგმული ნაბიჯები საკურთხევლამდე მიმავალ გზაზე სისხლიან კვალს ტოვებს, გულგრილობა გამორიცხულია.
გულგრილობა მაშინაც გამორიცხულია, როცა ოცდაექვსი წლის ბიჭი შავი ზღვის ტალღებში ასრულებს სიცოცხლეს (ახლახან, 23 აგვისტოს, მისი გარდაცვალებიდან ზუსტად 52 წელი გავიდა) და მაშინაც, როცა ამდენი წლის შემდეგ ისევ ტრადიციების მიმდევარი ქვეყანა გვქვია და, რა თქმა უნდა, ამით ვამაყობთ. არადა, ჩვენი ტრადიცია ხშირად ტკბილი ძილია საცივიანი თეფშის ფსკერზე.
სალომე შენგელიძე

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი