შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

მოლეკულები, რომლებმაც სამყარო შეცვალეს

სამყარო დასაბამიდან გამუდმებით იცვლება. იცვლება გარემო, ლანდშაფტი, ატმოსფერო, რელიეფი, იბადება და იღუპება ცივილიზაციები… მოკლედ, იცვლება ყველაფერი ჩვენ გარშემო და ვიცვლებით ჩვენც. რა იწვევს ამ ცვლილებებს? რა ძალა ატრიალებს მუდმივი ცვალებადობის ღერძს? ცხადია, ამ დაუსრულებელ ორომტრიალში ბუნება ხშირად არაფერს გვეკითხება, მაგრამ დროდადრო იბადებიან ადამიანები, რომელთაც შესწევთ უნარი, სამყაროს გაქანებას უფრო მეტი ბიძგი მისცენ ან მის დინებას გეზი უცვალონ. მაინც ვინ არიან ისინი? მცდარია აზრი, თითქოს ეს მხოლოდ პოლიტიკოსებსა და მეომრებს _ მეფეებს, იმპერატორებს, დიქტატორებს, მხედართმთავრებს – ხელეწიფებოდეთ; კაცობრიობის ისტორიაში მრავალი უფრო დიდი რევოლუციური ნახტომი სხვა პროფესიის ადამიანებს ეკუთვნით. მათ შორის, ცხადია, ქიმიკოსებიც არიან.

მინდა, დღეს პირველი ათეული გაგაცნოთ. მეორეს მომდევნო ბლოგში განვიხილავ. ამთავითვე ვიტყვი, რომ მოყვანილი ნუსხა მავანს შესაძლოა საკამათო მოეჩვენოს. გარდა ამისა, ზოგიერთი, ასევე ფრიად მნიშვნელოვანი ნაერთი ამ ჩამონათვალში ვერ მოხვდა. მაგრამ მუდმივი ცვალებადობის კანონი ამ სიასაც ეხება – გავა დრო და მრავალი მათგანი ადგილს სხვას დაუთმობს.
დღევანდელი გადასახედიდან კი ეს ათეული ასე გამოიყურება:
1. პენიცილინი
 
პენიცილინი 1928 წელს აღმოაჩინა ბრიტანელმა მიკრობიოლოგმა ალექსანდრ ფლემინგმა, რომელმაც შეამჩნია, რომ პენიცილინიან პეტრის ჯამში ბაქტერიები აღარ მრავლდებოდნენ. ფლემინგს აზრადაც არ მოსვლია, რა საჩუქარი უძღვნა კაცობრიობას, რომელმაც მისი ფასი გაცილებით გვიან, 1940-იან წლებში გაიგო და ხელი მიჰყო პირველი ანტიბიოტიკის წარმოებას, რომელმაც 200 მილიონზე მეტი ადამიანი გადაარჩინა სიკვდილს.
2. ნატრიუმის ქლორიდი – NaCl
ამ უბრალო თეთრმა მლაშე ფხვნილმა, რომელიც ნებისმიერ სამზარეულოში შეგვიძლია მოვიძიოთ, საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე ცივილიზაციას. 4000 წლის წინ მას უკვე იყენებდნენ საკვების კონსერვირებისთვის. ნატრიუმის ქლორიდი, რომელსაც ყოფაში, უბრალოდ, სუფრის მარილს ვუწოდებთ, განუყრელი თანამგზავრი იყო აბრეშუმის გზაზე მიმავალი ვაჭრებისა თუ ალყაშემორტყმულ ციხესიმაგრეებში გამაგრებული მეომრებისთვის. გარდა ამისა, ნატრიუმის ქლორიდი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნედლეულია სხვა ძვირფასი ნაერთების, მათ შორის – ნატრიუმის ტუტეს, სოდის, ქლორის, საპნის, ქაღალდის დასამზადებლად. მის მნიშვნელობაზე ისიც მეტყველებს, რომ წელიწადში დაახლოებით 240 მილიონი ტონა იწარმოება.
3. კალიუმის ნიტრატი – KNO3
ადამიანი გაჩენის დღიდან იბრძვის. მიუხედავად იმისა, რომ დედამიწა უკვე საკმარისად არის გაპოხილი ბრძოლაში დაღუპულთა სისხლით, ჰომო საპიენსმა კი გონებრივი განვითარების საკმაოდ დიდი გზა განვლო, ბრძოლის ჟინი მაინც ვერ მოიკლა. კალიუმის ნიტრატი ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია დენთისა, რომლის წყალობითაც ომებმა სახე იცვალა – კომბლებისა და ხმლების ნაცვლად ჯარი ცეცხლსასროლი იარაღით აღიჭურვა. ამჟამად მსოფლიო შეიარაღებაში 500 მილიონზე მეტი ცეცხლსასროლი იარაღია, რომლებითაც დღეში საშუალოდ 1000 კაცი იღუპება. დენთის ფორმულა მე-8 საუკუნეში აღმოაჩინეს. თავდაპირველად მისგან უმთავრესად მაშხალებს ამზადებდნენ, მე-13 საუკუნიდან კი იგი „აგრესიული” გახდა.

4. ასპირინი

 ალბათ გაგიგონიათ – გაციებულ ადამიანს ხშირად ურჩევენ ჟოლოს ან კომშისმურაბიან ჩაის. ეს იმიტომ, რომ ერთიცა და მეორეც დიდი რაოდენობით ასპირინს შეიცავს. სახალხო მედიცინა ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვის მეხუთე საუკუნეში იცნობდა მის სამკურნალო ეფექტს. ასპირინს წლების განმავლობაში სიცხის დამწევად იყენებდნენ, მოგვიანებით კი აღმოჩნდა, რომ ასეთივე წარმატებით შეიძლებოდა მისი გამოყენება ართრიტის სამკურნალოდ, გულის შეტევის პრევენციისთვის და სხვა. სინთეზურად ასპირინი 1897 წელს მიიღო გერმანელმა ქიმიკოსმა ფელიქს ჰოფმანმა. ის იყო ერთ-ერთი პირველი სინთეზური მედიკამენტი, რომლის მიღებამ ქიმიის განვითარებას დიდად შეუწყო ხელი. სადღეისოდ წელიწადში ასპირინის 100 მილიონზე მეტი აბი იწარმოება.

5. ნატრიუმის სტეარატი

როგორ წარმოგიდგენიათ დღეს ჩვენი ყოფა საპნის გარეშე? რამდენიმე საუკუნის წინ კაცობრიობა არ იცნობდა ნატრიუმის სტეარატს – საპნის პროტოტიპს. დღეს მას უცვლელი ადგილი უკავია პირადი ჰიგიენის საშუალებებს შორის, მიუხედავად იმისა, რომ სამომხმარებლო ბაზარზე “თხევადი საპნები” გამოჩნდა. ამ უკანასკნელებს, წესით, საპნები არ უნდა ერქვათ, რადგან ქიმიური შედგენილობით მათთან საერთო არაფერი აქვთ.
საპნებმა, შეიძლება ითქვას, დაასწრო მედიკამენტებს და უამრავი ხალხი იხსნა ინფექციური დაავადებებისგან. UNCF-ის მონაცემების მიხედვით, ყოველწლიურად 1.4 მილიონი ბავშვის გადარჩენა ხელის საპნის დამსახურებაა.
საპნებს, გარდა პირადი ჰიგიენისა, ფართოდ იყენებენ ინდუსტრიაშიც – ჭაბურღილების გასაკეთებლად, ფლოტაციური მეთოდით ნედლეულის გასამდიდრებლად და ა.შ.
6. სილიციუმი – Si
დედამიწაზე გავრცელებულ ელემენტებს შორის სილიციუმს პირველი ადგილი უკავია. იყო დრო, როდესაც იგი უხვად მოიპოვებოდა, – ეს გახლდათ დედამიწის ქერქის ფორმირების დასაწყისში, – მაგრამ ჟანგბადის აგრესიული ბუნების გამო მთლიანად ოქსიდად გარდაიქმნა და დღეს მისი მიღება სინთეზურად გვიწევს. ბევრმა იქნებ არც კი იცის – რომ არა ქვიშა, რომელზეც, ცურვით დაღლილები, მზის აბაზანების მისაღებად ვნებივრობთ, დღეს არ გვექნებოდა თანამედროვე მიკროპროცესორებზე აგებული ციფრული ტექნიკა. ამ უკანასკნელს კი 1954 წელს დაედო დასაბამი, როდესაც სილიციუმიანი ნახევარგამტარული ტრანზისტორი დამზადდა. პირველივე წელს ამ ტექნოლოგიამ 160-მილიონიანი მოგება მოიტანა.
დღეს სილიციუმს იყენებენ მზის ბატარეების, ჰიდროფობური მასალების, ფეთქებადი ნაერთებისა და სამედიცინო იმპლანტანტების ტექნოლოგიაშიც.
7. იზოპრენი და კაუჩუკი
ბუნებრივ კაუჩუკს წლების განმავლობაში ბუნებრივი წარმოშობის ლატექსისგან აწარმოებდნენ. ინდუსტრიაში მისი დანერგვა დაკავშირებულია ჩარლზ გუდიარის სახელთან, რომელმაც მისგან მედეგი, მაგრამ ელასტიკური მასალის დამზადება მოახერხა. ამ აღმოჩენამ უდიდესი გავლენა მოახდინა ავტო- და, საზოგადოდ, სატრანსპორტო ინდუსტრიის განვითარებაზე. ლატექსის მოპოვების ტემპი და რესურსები საგრძნობლად ჩამოუვარდებოდა მოთხოვნას. ქიმიკოსებმა გამოსავალი იპოვეს და სინთეზურად ჯერ იზოპრენი მიიღეს, მერე კი, მის ბაზაზე – ბუნებრივი კაუჩუკი. იზოპრენი სინთეზურად 1931 წელს მიიღო ელმერ ბოლტონმა. ამჟამად წელიწადში 21 მილიონი ტონა რეზინი იწამოება, რომელსაც ინდუსტრიის პრაქტიკულად ყველა დარგი იყენებს.
8. სილიციუმის დიოქსიდი
სილიციუმი ტოპათეულში მეორედ მოხვდა, ამჯერად – ოქსიდის სახით. ჩვენს წელთაღრიცხვამდე 5000 წლით ადრე კაცობრიობა უკვე იყენებდა მას მინის წარმოებაში. არქეოლოგები ამის არაერთ ნივთმტკიცებას პოულობენ. მინაც, რეზინის მსგავსად, ინდუსტრიის უამრავ დარგში გამოიყენება და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მასალაა.
9.პოლიეთილენი – -CH2=CH2-
პოლიეთილენი პირველი სინთეზური პოლიმერია. პოლიმერი, რომელსაც ბუნებრივი ანალოგი არ მოეძებნება. ის შემთხვევით აღმოაჩინეს, სადღეისოდ კი ერთ-ერთი მსხვილტონაჟიან წარმოებათაგანია. მისი აღმოჩენის შესახებ რამდენიმე ხნის წინ დაწვრილებით გესაუბრეთ, ამიტომ აქ სიტყვას აღარ გავაგრძელებ. დავძენ მხოლოდ იმას, რომ პოლიეთილენმა ბევრი ბუნებრივი პროდუქტი განადგურებას გადაარჩინა. რამდენიმე ათეული წლის წინ მას 60 მილიონ ტონაზე მეტს აწარმოებდნენ, რადგან არსებულ პოლიმერებს შორის ყველაზე მდგრადი იყო, მაგრამ სწორედ ეს მდგრადობა იქცა იმის მიზეზად, რომ კაცობრიობა მასზე ნელ-ნელა უარს ამბობს და მისი წარმოებაც დღითი დღე მცირდება.
10. DDT
 
DDT, ე.წ. დუსტი, 1950-იან წლებში იქნა აღმოჩენილი და ათ წელიწადში ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში მუსრი გაავლო მალარიას, რითაც 25 მილიონზე მეტი ადამიანი სიკვდილს გადაარჩინა. იგი ძალიან ჰგავს გამარჯვებულ გენერალს, რომელმაც სიცოცხლე გადასახლებაში დაასრულა. DDT მეტად მდგრადი ნაერთია, გრუნტში მოხვედრისას არ იშლება და აბინძურებს მას, ამიტომ დღეს მისი გამოყენება კანონით ისჯება.
ასე გამოიყურება პირველი ათეული მოლეკულებისა, რომლებმაც შეცვალეს ჩვენი ყოფა და თავის დროზე უდიდესი სამსახური გაგვიწიეს. დღეს მათი უმეტესობა „დამსახურებულ” პენსიაზეა, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს უფლება, მათ დამსახურებას პატივი არ მივაგოთ…
მომდევნო კვირას ამავე თემით დაგიბრუნდებით და კიდევ 10 მოლეკულას წარვადგენ „დიდების კვარცხლბეკზე”.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი