ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

გაჯეტების თაობა

ნატა 15 წლისაა და კითხვა არ უყვარს. ყოველ შემთხვევაში, ასე ეგონათ მის მშობლებს მანამდეც და მას შემდეგაც, რაც გოგონას პლანშეტური კომპიუტერი აჩუქეს. ნატას ხელში წიგნი მეც იშვიათად შემიმჩნევია. სამაგიეროდ, ახალი გაჯეტის მეშვეობით ჰელენა გომესის ცხოვრების უმნიშვნელო დეტალებიც კი შეისწავლა, თუმცა “ტომ სოიერის თავგადასავალიც” არ წაუკითხავს (მისი მშობლების დასკვნას ვენდე).

წლევანდელი ზაფხული ჩემთვის უკიდურესად დამქანცველი აღმოჩნდა. რაკი სტრესულ რუტინას დღემდე ყველაზე უკეთ მულტფილმების ყურება და მოზარდების ლიტერატურის კითხვა მავიწყებს, ხოლო შინ ტელევიზორს მულტფილმებისთვის არასოდეს სცალია, გადავწყვიტე, ფენტეზიში მემოგზაურა და “ნიუ-იორკ თაიმსის” ბესტსელერს, სიუზან კოლინზის “მშიერ თამაშებს” ჩავუჯექი. მეორე გვერდიდანვე მივხვდი, რომ ის, რასაც ვკითხულობდი, სრულიად არ ჰგავდა პოტერისეულ ჯადოსნურ ეგზოტიკას. სიუჟეტური ქარგა უჩვეულოა, ხოლო ავტორი – საოცრად კარგი მთხრობელი, მაგრამ, მერწმუნეთ, აქ არც ლამაზი სიყვარულის ამბავია აღწერილი, არც რაინდების საგმირო საქმეები. სიუჟეტს არ მოვყვები, მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ რომანი დისტოპიური ჟანრისაა (დიახ, ეს სწორედ ჯორჯ ორუელის “1984”-ისა და რეი ბრედბერის “ფარენჰეიტი 451”-ის ჟანრია). ის ბავშვების მიერ მოყვარული მშობლების დაკარგვის, ბავშვების ექსპლოატაციის, მედიის როლისა და სიკვდილის შესახებ მოგვითხობს, თანაც უბრალოდ სიკვდილისა კი არა, არამედ იმის შესახებ, როგორ იქცა ბავშვების სიკვდილი სანახაობად. შემზარავია, არა? იქნებ ეს თემები თინეიჯერებისთვის შეუფერებლად მიიჩნიოთ, მაგრამ ეს სწორედ ის წიგნია, რომელსაც 2008 წლიდან დღემდე პირველი ადგილი უკავია მსოფლიოს მოზარდების საყვარელი წიგნების ნუსხაში.

სწორედ ამიტომ გამიკვირდა, როცა ნატამ (იმ ნატამ, კითხვა რომ არ უყვარს!), იმის გაგებისას, რას ვკითხულობდი, აღფრთოვანება ვერ დაფარა. ჩავეკითხე და დიდხანს ვისაუბრეთ “მშიერ თამაშებზე”.

ვისაუბრეთ იმაზე, რა უსამართლოდაა დოვლათი განაწილებული მსოფლიოში, რადგან ზოგი ლუკმაპურისთვის იბრძვის, ზოგმა კი არ იცის, თავი რით შეიქციოს; რა საშინელებაა, რომ მესამე მსოფლიოს ქვეყნებში ბავშვები შიმშილით იხოცებიან, მაშინ როცა ზოგიერთ სახელმწიფოში ზედმეტ საჭმელს უბრალოდ ყრიან; განვიხილეთ, როგორ მანიპულირებს ზრდასრული, გონიერი ადამიანებით მედია, როგორ გვიყალიბებს და გვინერგავს თავისთვის ხელსაყრელ ღირებულებებს; როგორ გვიმონებენ ჩვენი ცხოვრების თანამდევი გაჯეტების ეკრანები, გვალაპარაკებენ, გვაპოსტინებენ: “აუუუ, თმას ვიღებავდი, ეს რომ ვნახე. რა შემზარავი იყო! კინაღამ გული წამივიდა!” ვისაუბრეთ იმაზეც, რა სასტიკები ვართ, როგორ არაფერს ნიშნავს ჩვენთვის ადამიანის სიცოცხლე. და თუ წიგნის დასაწყისში ავტორზე ბრაზობ – ასეთი საშინელება რამ მოაფიქრა და დააწერინაო, რამდენიმე ათეული გვერდის შემდეგ საკუთარ თავს იმ ფიქრში იჭერ, ოღონდ მთავარი გმირი გადარჩეს და სხვას ყველას გზაც იქით ჰქონიაო.

და კიდევ ერთხელ მივხვდი, როგორ გაიზარდნენ ბავშვები. მათ აღარ იზიდავთ აღარც ზღაპრები ფერიებზე, აღარც ინდიელებით დასახლებული ველური დასავლეთი და აღარც საიდუმლო კუნძულზე დაფლული განძის გამოცანები; მათ უფრო საშინელ, სასტიკ ამბებზე უწევთ ფიქრი. მათი ინტერესები გაცილებით ახლოსაა რეალობასთან, ვიდრე ჩვენი იყო. ისინი ხშირად უკეთ ხვდებიან და ხსნიან იმ მოვლენებს, რომლებიც ჩვენ გარშემო ხდება.

როცა ნატას ვკითხე, როდის ან სად წაიკითხა ეს წიგნი, თავის პლანშეტურ კომპიუტერს გადახედა, თან ამიხსნა, რა მარტივი და მოხერხებული იყო მისთვის სასურველი წიგნის/რესურსის/ინფორმაციის მოპოვება, როგორ ეცნობოდა პარალელურად იმ თემებს, რომლებიც რომანში ნახსენებია, მაგრამ სიღრმისეულად არ არის განხილული.

ასე რომ, ვიდრე ჩვენი მოსწავლეების უწიგნურობასა და მხოლოდ კომპიუტერით გატაცებაზე დავიწყებდეთ წუწუნს, კარგად დავფიქრდეთ, რამდენად წიგნიერები, უფრო სწორად, “ნაკითხები” ვართ ჩვენ, მასწავლებლები; რა წიგნი წავიკითხეთ ბოლოს? რა ვიცით იმ პრობლემების შესახებ, რომლებსაც ჩვენი მოსწავლეები 10-15 წლის შემდეგ უნდა შეეჭიდონ იმისთვის, რომ ჩვენ უზრუნველი და მშვიდი სიბერე გვქონდეს?
ერთი რამ ცხადია – ნატა ჩემზე უკეთესი მკითხველია!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი