შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

როგორ ვასწავლოთ პოეზია

მასწავლებლებს უჩვეულო ზამთარი დაგვიდგა. აქამდე დეკემბერი საკმაოდ დატვირთული იყო: „აკადემიური მოსავლის“ აღება, სკოლის სადღესასწაულო იერზე ზრუნვა, ზამთრული განწყობების შეგროვება… წელს კი ზამთარმა დედულეთში, ძველ ერთგულ ღუმელთან მიმჯდარს მომისწრო და მივხვდი, რომ სადღესასწაულო ფუსფუსი ისევე უხდება ზამთარს, როგორც თოვლი და სიცივე – სითბოზე ოცნებას.

არაერთხელ მომიყოლია, როგორ მიყვარს განწყობების შეგროვება. ლიტერატურაში ემოციებს რა გამოლევს?! ყველა ამბავს, ყველა პერსონაჟს თავისი ფერი და შეგრძნება მოაქვს, ყველა სეზონი საკუთარ ამინდს და თავგადასავალს ყვება. აი, ამ „ტალღის“ დაჭერას ვცდილობ მოსწავლეებთან ერთად – მთავარი სათქმელის შეგრძნებათა ენაზე ამოკითხვას.

პოეზია ემოციებისა და განწყობების მრავალფეროვნებით გამოირჩევა. მეტიც: ის ერთგვარი ქამელეონია – პოეტურ ტექსტს ყოველი მკითხველი საკუთარი განწყობის თარგზე ჭრის და ყველასგან განსხვავებულად აღიქვამს. სამწუხაროდ, მოსწავლეთა უმრავლესობას ხელოვნების ეს დარგი დიდად არ ხიბლავს. შესაძლოა იმიტომ, რომ მას არასწორად ვასწავლით თუ ვუკითხავთ. ხშირად ხდება ასე – რომელიმე პატივსაცემი კრიტიკოსი ლექსს სახე-სიმბოლოებად და უნივერსალურ სათქმელებად დაშლის, შემდეგ მის მოსაზრებას ყველა აიტაცებს და ბავშვებსაც იმას ვასწავლით, რაც ერთმა მცოდნე, პატივსაცემმა, მაგრამ მაინც ერთმა ადამიანმა კითხვის მომენტში არსებული გამოცდილებისა და გარემო ფაქტორებზე დამოკიდებული განწყობის თარგზე მოჭრა.

თავადაც არაერთხელ წავწყდომივარ სირთულეს. დიდხანს ვიტანჯებოდი ე.წ. პროგრამული ლექსებისა თუ მათთან დაკავშირებული კრიტიკული წერილებიდან ამონარიდების ზუთხვით. არადა, სკოლისა და უნივერსიტეტისგან დამოუკიდებლად სიამოვნებით ვეცნობოდი ევროპულ თუ აღმოსავლურ პოეზიას და თანამედროვე ქართულ ლიტერატურულ პროცესში მცირე დოზით თავადაც გახლდით ჩართული. რამდენიმე წლის წინ, საგნის კომპეტენციის დასადასტურებელ გამოცდაზე, ოთარ ჭილაძის ერთ-ერთი ლექსის განწყობა უნდა გამეშიფრა. მეც ჩემებურად წავიკითხე და ვიმსჯელე, მაგრამ ეს გულიანი ფიქრ-მსჯელობა არადამაკმაყოფილებლად ჩამითვალეს – ამა  და ამ კრიტიკულ წერილს თუ ჩახედავ, სხვანაირადაა საქმეო. ქულას კი არ ვდარდობდი, ლექსის განწყობა რომ ისევ „დაპატენტებული“ აღმოჩნდა, ამან შემაშფოთა. რა თქმა უნდა, კრიტიკისა და ანალიზის წინააღმდეგი არ ვარ (პროფესიით ლიტერატორს, მხატვრულთან ერთად არაერთი პუბლიცისტური ნაწარმოებიც დამიწერია), მაგრამ იქნებ მომავალ თაობას მაინც მივცეთ საშუალება, ხელოვნება საკუთარი ემოციების სპექტრით აღიქვან?!

პოეზიის მიმართ მოსწავლეთა უარყოფითი განწყობის შეცვლა არაერთხელ მიცდია. დღეს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ექსპერიმენტს გაგიზიარებთ.

იმ დღეს პირველი თოვლი მოვიდა. საოცრად ბარდნიდა და უჩვეულო სიჩუმე იდგა. ბევრი აღარ მიფიქრია და ერთ-ერთი ქარიზმატული ცისფერყანწელის არქივიდან სუსხიანი განწყობებით სავსე ტრიოლეტი ამოვაცოცე. პირველი გამოწვევა სათაურშივე დაგვხვდა. მოვიმარჯვეთ განმარტებითი ლექსიკონი და შევიქმენით „სანტიმენტალური“ მოლოდინი. სანამ ლექსს ემოციებად დავშლიდით, ახალ სალექსო ფორმას გავეცანით და მისი მუსიკის უკეთ აღსაქმელად ზამთრის განწყობით გაჟღენთილი ლექსი „ავაწყვეთ“ (მოსწავლეებს რამდენიმე რითმა და იდეა შევაშველე და მართლაც ლეგოსავით ავაწყვეთ – სტრიქონ-სტრიქონ, რითმებზე მისადაგებით).

სანამ გაფრინდაშვილის ტრიოლეტს წავიკითხავდით, მოსწავლეებმა პირადი გამოცდილებიდან გაიხსენეს გულის ამაჩუყებელი ისტორიები და „სენტიმენტალური ამბების სკივრიც“ შეივსო. წიგნი გადავშალეთ და ლექსი ჯერ  – ჩუმად, მერე ხმამაღლა წავიკითხეთ, ყველამ – ჩვენ-ჩვენი ემოციით და ინტონაციით. მოგვიანებით მოსწავლეებს ლექსში „შენახული“ განწყობის მსგავსი კომპოზიციის მოძიება ვთხოვე. მათ მიერ შერჩეული მუსიკალური ორეულების მოსმენისა და ბგერა-განწყობათა შედარების გაკვეთილმაც ძალიან საინტერესოდ ჩაიარა. ასე დავიწყე, შორიდან, შემოვლითი გზით… თუმცა დრო ტყუილად არ დამიკარგავს. უკვე მზად იყვნენ ლექსის „ნეგატივის“ გასამჟღავნებლად.

 

კადრი პირველი: სპლინი, ზამთარი, ბეღურა

მოწყენილი ადამიანი და ნაზი ბეღურა – ფაქიზი, მოსაფრთხილებელი არსებები, ნამცეცი ყურადღება რომ ჰყოფნით და ხანდახან ისიც ენატრებათ… ხომ აგიჩუყდათ გული?! გამოგიტყდებით, ჩვენც  კაი გვარიანად შეგვაცია.

 

კადრი მეორე: შემოდგომის ვერსალი

ფოტომოგზაურობა მოვიწყვეთ და ვერსალის შემოგარენში „გავისეირნეთ“. ცოტა რამ მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ამ ძეგლზეც მოვუყევი, ცოტაც „ძველი დიდების ანარეკლზე“ ვთქვით… „ფრანგული განწყობაც“ დავიჭირეთ.

 

კადრი მესამე: „შენს სილამაზეს ჩემი ტრფობა ესაფეხურა“

ამ ულამაზეს მეტაფორაზე დიდხანს ვიმსჯელეთ. მოსწავლეებს „სიყვარულის საფეხურების“ ჩანახატების გაკეთება ვთხოვე. ერთმა თავის ჩანახატში ფეხის წვერებზე შემდგარ ადამიანს ცისფერი საფეხური ხელში დააჭერინა და თავს ზემოთ ააწევინა, მეორემ საფეხურს ფრთები შეასხა… მოკლედ, ამაღლებული გრძნობის კიბე ყველამ თავისებური ვარიაციით, მაგრამ მაინც ცისკენ გაჭრა. ავტორის დამოკიდებულება სილამაზისა და სიყვარულის მიმართ სწორედ ამ ნეოლოგიზმის (ესაფეხურა) დახმარებით ამოვიცანით. აქვე „ვარდისფერი სათვალის“ ფენომენზეც ვიმსჯელეთ და იმ დასკვნამდეც მივედით, რომ სიყვარულის კვარცხლბეკზე შეყენებული სილამაზე ცოტათი გაზვიადებულიც შეიძლება იყოს. სილამაზის ცნებაზეც დავფიქრდით – რა ან ვინ გველამაზება და რატომ?! ჯერ ზედაპირზე არსებულ, ხილულ სილამაზეს შევავლეთ თვალი, ბოლოს ისევ განწყობას მივადექით – მისი წყალობით ხომ ერთი და იგივე მოვლენა სულ სხვადასხვანაირად შეიძლება დაინახო.

 

კადრი მეოთხე: „მარტოობით ნაალერსალი“

თოვლი და განშორება ერთმანეთს ადვილად დაუკავშირეს. არც იმის გააზრება გასჭირვებიათ, რატომ შეიძლება ეტირებოდეს „მარტოობით ნაალერსალ“ ადამიანს. შემდეგ სითბოსა და სიცივესთან სხვადასხვა ცხოვრებისეული მოვლენის დაკავშირება ვცადეთ – მარტოობის ცივი საბნის ქვეშ უიმედობა, შიში და მსგავსი რუხი განწყობები გამოვაზამთრეთ, თბილ ბუდეში კი ოჯახმა, მეგობრებმა, ერთმანეთზე ზრუნვამ და სიყვარულით გაბრწყინებულმა თვალებმა დაიდო ბინა.

ლექსის ამგვარად „გაჩხრეკის“ შემდეგ მოსწავლეებს ლირიკული გმირის ემოციური პორტრეტის შექმნა აღარ გასჭირვებიათ. ამოწერეს სიტყვები, რომლებიც ავტორის ემოციას აღწერდა. ლექსში დაჭერილ განწყობას ხორცი შეასხეს და ფურცელზე გადმოხატეს. ასე დაიბადა ახალი ვალერიან გაფრინდაშვილი, შემოდგომის ვერსალის ფონზე გრძელ, რუხ პალტოში გახვეული, შლაპით და სადღაც გაქცეული მზერით. მხოლოდ ამის შემდეგ გავუმხილე ბავშვებს ავტორის ვინაობა, მასზე ცოტა რამ მოვუყევი, ფოტოც ვაჩვენე – ლირიკული გმირის პორტრეტს შევადარეთ… განწყობით ჰგავდა.

ლექსის სწავლებისთვის შესაძლოა უფრო მარტივი და თეორიებით გამყარებული გზები არსებობდეს. თუმცა მე მაინც ხელოვნებისადმი შემოქმედებითი მიდგომის მწამს, რადგან ამ ბილიკს მიზანთან არაერთხელ მივუყვანივარ. ყოველთვის ვცდილობ, მოსწავლეებს პოეზია მუსიკასავით ვასმენინო და პეიზაჟივით ვახატვინო. ვმართავ მხატვრული კითხვის დღეებს, ვაკეთებ მათ მიერ წაკითხული ლექსების აუდიოჩანაწერებს, გაკვეთილზე ხშირად ვიტოვებ დროს „ხუთწუთიანი პოეზიისთვის“ და ა.შ. ასე ვცდილობ ყოველ კლასში ემოციისა და განწყობის გაცვლა-გაზიარების ტრადიციის დანერგვას. რაც შეეხება „საზეპიროებს“, რა თქმა უნდა, ვერაფრით წავიკითხავ ზეპირად თუნდაც ნახევარ „ვეფხისტყაოსანს“, არც ჰაგიოგრაფიული ძეგლებიდან ამოკრეფილი მარგალიტები მახსოვს სიტყვასიტყვით. თუმცა დღემდე ვციტირებ ლექსებს, რომელთა მუსიკაც გავიგ(ონ)ე და ისე შემიყვარდა, თავისით შემომესწავლა. ამიტომაც ვცდილობ, ჩემს მოსწავლეებს გულის ყურით ვასმენინო და განწყობის თვალით ვაკითხო. ერთ დღესაც ისინი აუცილებლად ამღერდებიან პოეზიის ენაზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი