ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ითენ ჰოულის შესახებ

ალბათ, ეს პოსტი სიძულვილით უნდა დამეწყო – როგორც წესი, ასე იწყებენ ხოლმე წერას „ნაძირალა” ითენ ჰოულიზე, რომელმაც მკითხველი გააცურა, რომელსაც ჰყავდა დიდებისმოყვარე, პლაგიატორი შვილი ალენი, იდუმალი, მთვარეული გოგონა ელენი და ისეთი ცოლი, როგორებიც, საერთოდ, არიან ცოლები. მე კი სიყვარულით დავიწყებ.

მაშ ასე, ბიძია ჯონ, ზუსტად 10 წლის წინ 13 წლის გოგონას პირველად შემიყვარდა, თანაც ჩემზე ბევრად უფროსი და, ამ ყველაფერთან ერთად, ცოლშვილიანი კაცი. ბიძია ჯონ, მაშინ ჩემი მღელვარების შემოდგომა იდგა, ისევე, როგორც ახლა, როცა მეორედ ვკითხულობ შენი მღელვარების ზამთარს და მეორედ მიყვარდება ანტიგმირი. რა გასაკვირია, მე ხომ სულ ცუდი ტიპები მომწონდა და მერე ამაზე ისევე ვდარდობდი, როგორც 10 წლის წინათ, როცა აღმოვაჩინე, რომ ჩემი ოცნების ბიჭი წიგნის მთავარი პერსონაჟი იყო და ამას აღარაფერი ეშველებოდა, რადგან ბიძია ჯონი მამილო კარლო კი არა, მწერალი იყო და პერსონაჟს ვერაფრით გამიცოცხლებდა, მით უმეტეს, მაშინ, როცა თავადაც მთელი სამი ათეული წლის გარდაცვლილი გახლდათ.
იქნებ სიძულვილით კი არა, ტრადიციისამებრ, იმის თხრობით უნდა დამეწყო, რომ ბიძია ჯონიმ საქართველო ორჯერ მოინახულა, ორჯერვე აღფრთოვანებული დარჩა და „რუსულ დღიურშიც” მოიხსენია. თან ჩვენ ხომ რუსები არ გვიყვარს – ნახეთ, რა მომგებიანი დასაწყისი იქნებოდა: „რუსეთში, სადაც კი მივედით, საქართველოს ჯადოსნური სახელი მუდამ წინ გვხვდებოდა. ისინიც, ვინც იქ არასოდეს ყოფილან და ისინიც, ვინც შეიძლება იქ ვერასდროს მოხვდნენ, საქართველოზე ერთგვარი ვნებითა და დიდი აღფრთოვანებით ლაპარაკობდნენ. ნამდვილად ვიფიქრეთ: რუსების უმეტესობას, ეტყობა, იმედი აქვს, რომ თუ წესიერი და ღირსეული ცხოვრებით იცხოვრებენ, გარდაცვალების შემდეგ სამოთხეში კი არა, საქართველოში მოხვდებიან”, – ეს არის ციტატა ჯონ სტაინბეკის „რუსული დღიურის” ერთ-ერთი თავიდან. მაგრამ მე ეს არ მაინტერესებს, განსაკუთრებით – შემოდგომის ამ თბილ საღამოს, წარსულისა და აწმყოს გადაკვეთისას. ეს, რა თქმა უნდა, არ არის დე ჟა ვუ – ერთი ჩვეულებრივი მელანქოლიაა. მე მაინტერესებს ითენი.
„ზამთარი ჩვენი მღელვარებისა” ერთ-ერთია ჩემს იმ რამდენიმე წიგნს შორის, რომლებსაც ასაკობრივი ცენზი არ გააჩნია და 13 წლის ასაკშიც კი მოახერებ, იმაზე მეტს მიხვდე, ვიდრე ამავე ასაკში გაუგებდი ფოლკნერს. ოღონდაც ეს არ არის ბეგბედერის ნაგავი და კითხვისას არ გეუფლება შეგრძნება, თითქოს ტუალეტს საათობით ხეხავდე. მაქსიმუმ, თვალებს კარგად გაახელ და არა სოციალურ ნაგავს (სტაინბეკს ხშირად აბრალებენ ხოლმე სოციალური თემების მოყვარეობას; სინამდვილეში ეს ყველაფერი ფონია – მას ადამიანი აინტერესებს), არა ნაძირალა, პატიოსანი კაცის ნიღაბმორგებულ ითენს, არა იმდროინდელი დიდი დეპრესიით გამოწვეულ ცხოვრების სირთულეებს, არა ფულის მარადიულ და ამაზრზენ ძლიერებას, არამედ ითენს დაინახავ, რომელსაც საკუთარი დრო გაეპარა.
„მუდამ რაღაცნაირი დრო არის ხოლმე, უსათუოდ უნდა ემსახურო, ამასობაში კი შენი საკუთარი დრო გეპარება”, – ამბობს ითენი. შეიძლება გაგეპაროს კატა ან ზაზუნა, თუნდაც თუთიყუში, მაგრამ როგორ უნდა გაგეპაროს ის, რაც არც არასოდეს მოგიშინაურებია?! – მიდი და მოიშინაურე დრო! ჰოდა, მით უმეტეს დასანანია, ისეთი რამ გაგეპაროს, რაც არასდროს გცნობია. მართლაც, არის ხოლმე დრო ომისა, დრო სწავლისა, დრო კარიერისა, დრო ოჯახისა და ამის შემდეგ მაინც, უმეტესად, შვილების დრო მოდის და შვილების დროდ რჩება. შენი დრო კი იქნებ სულაც ის უნდა ყოფილიყო, რომელსაც გაანიავებდი, ოღონდ შენი ნებითა და სურვილით გაანიავებდი. მაგრამ ჩვენ ერთხელ გადავწყვეტთ ხოლმე, რომ ჩვენი დროით ოჯახისა და შვილების საათია, მერე კი შვილების დროით ჩვენს საათს ველოდებით. ასეა.
ეს „მსახურება” თავისთავად ბევრ პრაქტიკულ რამეს გულისხმობს და გაკოტრებული ითენიც ფეხზე წამოდგომას ცდილობს, რადგან მეუღლეს სურს, მარჯი იანგ ჰანტის მსგავსი ნელსაცხებლები ჰქონდეს და თავი ღირსეულ ქალად იგრძნოს, ელენსაც დაახლოებით იგივე უნდა, ალენს კი მეტი ფული მხოლოდ მეტი ყოყლოჩინობისთვის თუ გამოადგება. აჰა, მივედით ფულამდე, ღირსების „საზომამდე”, თავის მაღლა აწევისა და მხრებში ლაღად გაშლის ერთადერთ მარეგულირებელ ერთეულამდე. დასანანია.
ასეა თუ ისე, ითენს თავისი დრო დაეკარგა.
ითენ ჰოული ყველაზე ენამოსწრებული კაცია მთელ ლიტერატურულ – და არამხოლოდ – სამყაროში და მე ის არამხოლოდ ამის გამო მიყვარს. ის პოტენციური მკვლელია – ბავშვობის მეგობარს, დენი ტეილორს, ათას დოლარს ასესხებს, თუმცა ორივემ კარგად იცის – მკურნალობისთვის განკუთვნილ ფულს დენი სასმელში დახარჯავს. ის აბეზღებს მარულოს განსახლების იმიგრაციისა და ნატურალიზაციის სამსახურში. ბანკის გაძარცვის გეგმასაც კი აწყობს. ერთი სიტყვით, ითენი აუცილებლად უნდა შეიძულოს მკითხველმა, რომლის შინაგანი ცენზორი მორალური და ქრისტიანული მცნებებია. ასეთი მკითხველი ხშირად ძალიან ულმობელი და ნაკლებად ადამიანურია. მისთვის მარხვა ხორცის უჭმელობით შემოიფარგლება და პატიოსნება გადმოყოლილი ხურდის დაბრუნება კი არა, შინ ცხრა საათზე დაბრუნება უფროა. ამ პოსტს ფარისევლებისთვის არ ვწერ. ბავშვები ფარისევლები არ არიან.
მე მიყვარს ითენი, რადგან ხშირად ვთამაშობ თამაშს „ასე რომ არ მომხდარიყო”. ამ თამაშის უმთავრესი პრინციპი გარემოს შეცვლაა. ითენს რომ არ ჰყოლოდა ისეთი ცოლი, რომლის ბედნიერებაც სიმდიდრის პირდაპირპროპორციულია, იქნებ, ყველაფერი სხვანაირად მომხდარიყო. მთელი წიგნის განმავლობაში თხრობა არეულია – მონაცვლეობა მესამედან პირველ პირში და პირიქით თითქოს დამაჯერებლობას უნდა მატებდეს ითენის შეუბღალავ პატიოსნებას: ამის დამტკიცებას მთხრობელი და პერსონაჟი წიგნის ბოლომდე ყველა ხერხით ცდილობენ. საბოლოოდ კი, როგორც ხელის მოწერა და ჯვრის დაწერა ვერ იქნება მყარი და მოსიყვარულე ოჯახის საწინდარი, ასევე ვერ განსაზღვრავს მრავალწლოვანი კარგი რეპუტაცია ადამიანის შემდგომი ქმედებების შეთანხმებას მორალურ კოდექსთან.
ითენი ახალი იუდას როლში გამოდის. ის არა ოცდაათ ვერცხლად, არამედ დუქნის საფასურად ყიდის მარულოს, მარულოს, რომელიც ვერ იქნება იესოს აბსოლუტური პროტოტიპი… ახალბედა იუდა ყიდის ტეილორს და ყიდის საკუთარ პრინციპებსა და მომავალსაც, რომელიც, საბოლოოდ, მაინც ამერიკულად ბედნიერი იქნებოდა – საშუალო შემოსავლით და დიდი ოჯახით. იუდა თავს იკლავს; ითენს თილისმა გადაარჩენს თითქოსდა ლოგიკურ დასასრულსა და გამოსავალს – თვითმკვლელობას.
მე მიყვარს ითენი, რადგან ის ადამიანურია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი