პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

ქირსე (საშობაო ჩანაწერები)

1.

თხუთმეტი წუთით მოვიდა ბებიაჩემი. შვიდი კილომეტრი გამოევლო 1993 წლის უტრანსპორტობაში ცაიშიდან ქალაქამდე. რძე და პური მოგვიტანა. რედიკული გახსნა და შოკოლადი ჩამოგვირიგა მე და ჩემს ძმას. არა, ვერ დავრჩები, სოფელში მეჩქარება, საქონელი და ქათმები გარეთ დამრჩებიანო.

 

2.

თამუნა და თამთა – ჩემი ბიძაშვილები – ცაიშის ტაძრის დეკანოზმა ამირან შენგელიამ მონათლა ჩვენთან, სოფლის სახლში. არ ვიცი, რატომ არ წავედით ეკლესიაში იმ გაგანია 1995-ს, მაგრამ ნათლობის და შემდგომ პურობის სცენები სამუდამოდ ჩამრჩა მეხსიერებაში. ზამთარი იყო, გარეთ ციოდა, მისაღები ოთახის შუაში დიდი ტაშტი იდგა და სანთლებით განათებულ ოთახში მღვდელი უჩვეულო, მაგრამ თითქოს ძალიან მშობლიურ სიტყვებს ამბობდა; სტუმრები რომ შექეიფდნენ და ახმაურდნენ, ბაბუაჩემის ალალი ბიძაშვილი, ხარიტონ (ხიხუ) კვარაცხელია გამოიჭრა ოთახის შუაგულში, ხელები გაშალა და ეტყობა ზამთრის სიცივისგან შეწუხებულმა, რეჩიტატივი ჩაუფინა თავის როკვას:

„გაზაფხულდა, ვესნა დადგა,

ცაში ტოროლა ლეტაეტ,

გლეხი გამოდის ყანაში

და ოჩენ ხარაშო რაბოტაეტ!“

იმ დღეს „ამბავი როსტევან არაბთა მეფისა“ სულ ზეპირად ჩავაბულბულე. დროდადრო ბაბუაჩემის ამაყ სახეს გავხედავდი და მამა ამირანის კეთილი მზერაც შემომხვდებოდა ხოლმე. გამოსვლა რომ ჩავამთავრე, მოძღვარი წამოდგა, პატარა, ულამაზესი სანაწილე გახსნა, ვერცხლისფერი ჯვარი ამოიღო და გამომიწოდა.

 

3.

მუსტა ქირიას წისქვილში სიმინდი მიმაქვს შობის წინადღეს. რიგია. ურიკა გარეთ დავტოვე და ტომარამოკიდებული შევედი წისქვილში. ჩამოსაჯდომი ვიპოვნე. ჯერ ადრეა. შუახნის კაცები და ქალები ლაპარაკობენ ხმამაღლა, მეწისქვილეც გაეპასუხება ხოლმე. ზოგი მეცნობა, სიტყვებს და სახეებს ვიმახსოვრებ. მეც გამომხედავენ, წამით ჩამაკვირდებიან და ლაპარაკს აგრძელებენ წისქვილის დგანდგარში. ტომარა ტომარას ცვლის, ხვიმირაში იცლება სიმინდი და ქათქათა ფქვილად ავსებს ცოტა ხნით დაცარიელებულ ტომრებს. თვალს ვხუჭავ. დგანდგარი – ღრიანცელი – სიმინდის უხეშად ჩაცლის მომნუსხველი ხმა. ძილში მივიპარები. ისეთი თბილი და სასურველია, ჩემს საყვარელ ზღაპრებში რომ წამიკითხავს. „მიშ რექ, ძიე, სი?“ საიდანღაც ჩამესმის, მაგრამ აღარ მინდა მობრუნება, პასუხისთვის თავის შეწუხება აღარ მინდა, მით უფრო, რომ თვითონვე არკვევენ, ვინ ვარ, – „ვითაართ-ვთოჟირ წანერ ქიუაფუ“ – არა, ცამეტი წლის ვარ-მეთქი, მინდა დავაზუსტო, მაგრამ ძილი და წისქვილის დგანდგარი არ მეთმობა, როგორც თბილი და სუსხშეუღწეველი ლოგინი.

 

4.

ერთხელაც იყო, მაყვალა არქანია – ზუგდიდის ცენტრალური ბიბლიოთეკის კოლორიტული თანამშრომელი – განაწყენებული დამხვდა. ღონისძიებას რომ ატარებ და თბილისიდან სასახელო ხალხი ჩამოგყავს, აქ იქნება თუ სხვაგან, ქალაქში, იცოდე, მე არ უნდა გამომტოვო, შენი არავიზე ნაკლები გულშემატკივარი მე არა ვარო. დამირეკე ან დააბარე ვინმეს, – მითხრა და თვალები დამიბრიალა, – თორე ხომ იცი, წყენა პატარიდან იწყება. – ბოდიშის მოხდას ვაპირებდი, რომ მომიბრუნდა და ღიმილიანი გაბრაზებით მოაყოლა, – თქვენ ვინა ხართ საერთოდ, ამხელა კაცი, ამერიკის ელჩი იყო ჩამოსული, გულში ჩამიკრა და მაკოცაო.

„ტეფტიქ მაჯუნუ“ – რამდენჯერაც გამახსენდება და გავიცინებ, წამში სევდა და სინანული შემომაწვება ხოლმე, ბიბლიოთეკაში მისული ქალბატონ მაყვალას რომ ვერასოდეს შევხვდები.

5.

ლუკას სახარების ფერადი გამოცემიდან გაგიცანი. წერა-კითხვა რომ ვისწავლე, იმდროინდელი ამბავია. ყოველ შობას და აღდგომას შუქს რომ ჩართავდნენ და ორი დღე არ ქრებოდა, შენზე გადაღებულ ფილმებს ვიყავი დადარაჯებული. გამოსახულებებს ვადარებდი წიგნებში თუ ჟურნალ-გაზეთებში ნანახს, მოგვიანებით კი უკვე ტაძრის კედლებზე აღმოჩენილს. ერთადერთი ხარ, ვისაც ყველა მარცხის, გაჭირვების, უიმედობისა და დაცემისას მოვუხმობ და მხოლოდ იმ სიტყვებს ვიმეორებ, დიდი ხნის წინ რომ მირჩია და მასწავლა ბებიაჩემმა – „უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი“. ვიმეორებ, ვიმეორებ, ვიმეორებ. დაუსრულებელ დღეთა განსაცდელში თავჩარგულმა ისე შეგიყვარე, რომ სინანულით ვიხსენებ ყველა იმ წუთს, როცა ბედნიერებითა და სიხარულით რეტდასხმულს დამვიწყებიხარ, ჩემად გამისაღებია ის, რაც მომენიჭა. შენ უწყი, შენ ჩვენი გულების მეუფე ხარ და იცი იმათი მოსახვევები, იმათი ფეთქვის აზრი და საიდუმლო, ამიტომ გევედრები, მიიღო ლოცვა, ჩემი ლოცვა, წრფელი და დაჩეხილი, როგორც ჩემი ფიქრის ფთილები. მიიღო და მადლით აავსო. ბეთლემის ბაგაში შობილო იესო ქრისტე, გაძლება და გადარჩენა მასწავლე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი