სამშაბათი, აპრილი 16, 2024
16 აპრილი, სამშაბათი, 2024

საბავშვო ბაღის შექმნის იდეა და თანამედროვე გამოწვევები

ვერიდებოდი, მაგრამ წერილის დაწყება მაინც პანდემიაზე აქცენტებით მიწევს. ჩემი სტატიების მკითხველებს ემახსოვრებათ ბოლო სტატია, სადაც საბავშვო ბაღებში ონლაინ სწავლების გამოცდილებასა და გამოწვევებზე ვწერდი COVID19 – გამოწვევები ადრეული და სკოლამდელი სწავლების მიმართულებით. რამდენიმე კვირის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია საბავშვო ბაღებში დისტანციური სწავლების განახლების შესახებ. თემატურ ჯგუფში ამ საკითხს საბავშვო ბაღებში დასაქმებულთა ვრცელი დისკუსია მოჰყვა. აღმზრდელთა ნაწილს მიაჩნია, რომ მშობლებთან ან აღსაზრდელებთან ელექტრონული კომუნიკაცია არაფრის მომცემია, ხოლო ზოგ შემთხვევაში შესაძლოა საზიანოც კი აღმოჩნდეს ბავშვებისთვის. თუმცა აქ მეორე საკითხი იჩენს თავს: თუ გაურკვეველი დროით ისევ სრულიად შევწყვეტთ საგანმანათლებლო პროცესს და ამას დავუმატებთ 2020 წლის გაზაფხული/ზაფხულის პერიოდში შეწყვეტილი სწავლის ხანგძლივობას, გაუზვიადებლად შეგვეძლება ვთქვათ, რომ საქართველოში 2-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვების განვითარების თითქმის ერთი წელი დაკარგულია.

ამის თაობაზე დარდში ხელახლა დავფიქრდი საბავშვო ბაღების ბედსა და არსებობის საჭიროებაზე. ვინ ან რატომ მოიგონა საბავშო ბაღი? იქნებ მართლა არც ისეთი საჭიროა, როგორიც გვგონია, იქნებ მართლა ბავშვების მეთვალყურეობის ადგილია მანამდე, სანამ მშობლები მუშაობენ?

ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად გუგლის საძიებო სისტემამ დაახლოებით 2-3 საუკუნით უკან მამოგზაურა.

ისტორია იწყება 1782 წელს, როცა შორეული გერმანიის ცენტრალურ ნაწილში, ტურინგენში, დაიბადა ფრიდრიხ ფრობელი. ფრიდრიხი 9 თვისა იყო, როცა დედა გარდაეცვალა. მამას მარტოს მოუწია სამი შვილის გაზრდა და, ბუნებრივია, ბავშვებთან ურთიერთობისთვის საკმარისი დრო არ ჰქონდა. ამ უგულებელყოფის განცდისგან თავის დასაღწევად პატარა ფრიდრიხი უმეტეს დროს მარტო, სახლის ახლოს მდებარე ბაღებში თამაშში ატარებდა. სწორედ ამან გაუღვივა ბუნების სიყვარული და უბიძგა, შეექმნა დაწესებულება, რომლის იდეაც ძალიან სწრაფად გავრცელდა მთელ მსოფლიოში.

როგორც წყაროებიდან ირკვევა, იმხანად გავრცელებული იყო მოსაზრება, რომ 7 წლამდე ასაკის ბავშვების განათლებაზე ზრუნვა დროის ფუჭი ხარჯვაა, რადგან მათ ემოციურ და კოგნიტიურ უნარებს ვერ განვუვითარებთ. შესაბამისად, არც 7 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილი სკოლები არსებობდა. თუმცა იყო ბავშვთა მოვლის ცენტრები, რომლებსაც “მოსაცდელი სკოლები”, “ახალშობილთა თავშესაფრები” ან “ახალშობილთა სკოლები” ერქვა. ამ დაწესებულებებს მხოლოდ ბავშვების მოვლა და ზიანისგან მათი დაცვა ევალებოდა, სანამ მათი მშობლები მუშაობდნენ. ამ ტიპის სკოლებს ძირითადად ეკლესია მფარველობდა, რომელსაც ერთადერთი მიზანი ჰქონდა – ბავშვებისთვის რაც შეიძლება ადრე ჩაენერგა რელიგიური მოწიწება.

1805 წელს ფრიდრიხ ფრობელმა მასწავლებლად დაიწყო მუშაობა ფრანკფურტის ერთ-ერთ უძველეს სკოლაში, სადაც ცნობილი შვეიცარიელი პედაგოგისა და განათლების რეფორმატორის იოჰან ჰაინრიხ პესტალოცის იდეებს მისდევდნენ. პესტალოცის მიაჩნდა, რომ ბავშვებს თავიანთ განათლებაში აქტიური როლი უნდა შეესრულებინათ. მისი დევიზი იყო “სწავლა თავით, ხელებით და გულით”. ფრიდრიხ ფრობელმა ეს მიდგომა გაიზიარა, 1806 წელს სამსახური მიატოვა და ერთ-ერთი ფრანკფურტელი ოჯახის სამი შვილის კერძო აღმზრდელი გახდა. მათმა მშობლებმა ფრობელს აჩუქეს მიწა, რომელიც ბავშვების სათამაშო ტერიტორიად უნდა გამოეყენებინა. 1808-დან 1810 წლამდე ფრიდრიხმა ამ ბაღში არაერთი სასწავლო სესია ჩაატარა. შედეგებმა ის დაარწმუნა, რომ ბავშვების განათლებისთვის პირდაპირი დაკვირვება და შემოქმედებითი მიდგომა იყო საჭირო. პესტალოცისა და ფრანგი ფილოსოფოსის ჟან-ჟაკ რუსოს ფილოსოფიაზე დაყრდნობით მან ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების გეგმა შეიმუშავა.

 

პირველი საბავშვო ბაღი

1837 წელს ტურინგენში, ქალაქ ბლანკენბურგში, ფრობელმა გახსნა პირველი სკოლა ადრეული ასაკის ბავშვებისთვის, რომელსაც პატარა ბავშვების განვითარების ინსტიტუტი ერქვა. 1840 წელს დაწესებულებას სახელი შეუცვალა და “საბავშვო ბაღი” (kindergarten) დაარქვა. ფრობელი ბავშვებს პატარა ყვავილებს ადარებდა. მას მიაჩნდა, რომ თუმცაღა ბავშვებს მოვლა სჭირდებათ და ერთმანეთისგან განსხვავდებიან, თითოეული მათგანი ლამაზია თავისთავად და როდესაც ერთად იყრიან თავს, მომხიბვლელ გარემოს ქმნიან.

ფრიდრიხ ფრობელი მიიჩნევდა, რომ ბავშვები თამაშით სწავლობენ, საბავშვო ბაღი კი ის ადგილი უნდა იყოს, სადაც თამაშს შეძლებენ. და რადგან თამაში სწავლას ნიშნავს, უფროსებისთვის საბავშვო ბაღი უნდა იქცეს ადგილად, სადაც ისწავლიან, როგორ შეუქმნან სათანადო პირობები ბავშვებს. მისი ფილოსოფია ემყარებოდა იდეას, რომ ბავშვები უნდა განისწავლებოდნენ მუსიკის, მოთხრობების, დრამატული თამაშის და ბუნების შესწავლის გზით. თავის საბავშვო ბაღში ფრობელმა შემოიღო ე.წ. “წრის დრო”, რათა ბავშვებს ჯგუფურად ესწავლათ. მანვე შექმნა განმავითარებელი სათამაშოების სერია “საჩუქრები”.

ფრიდრიხ ფრობელის სწავლების ფილოსოფიაზე უფრო ვრცლად იხ. ანა ჯანელიძის სტატიაში – ფრობელის კვალდაკვალ

ფრობელი იყო პირველი, ვინც საბავშვო ბაღში ხელსაქმის შემოიღო. ამას საფუძვლად ედო მისი თეორია, რომ ბავშვებს უკვე აქვთ ცნობისმოყვარეობის სურვილი, რომელიც შეუძლიათ გამოიყენონ სოციალური და შემეცნებითი უნარების შესაძენად. ფრობელს სჯეროდა, რომ ბავშვებს უნდა მიეცეთ საშუალება, ისწავლონ ყველაფერი, რაც აინტერესებთ. აღმზრდელს კი მათთვის ამ შემეცნებითი გზის გაკვალვა ევალება.

ფრობელი ფიქრობდა, რომ ქალებს უკეთ გამოსდიოდათ პატარების მეთვალყურეობა და შეეძლოთ, უკეთ დახმარებოდნენ მათ ემოციური უნარების განვითარებაში ბუნებრივი მგრძნობიარობისა და სხვა ქალური თვისებების გამო. ამ მიდგომის გასამყარებლად მან დააარსა სატრენინგო სკოლა მხოლოდ ქალებისთვის, რომლის მიზანი საბავშვო ბაღის მასწავლებლების მომზადება იყო. ფრობელმა შეიმუშავა პროგრამა, სადაც ხაზგასმული იყო ის აქტივობები, რომლებიც ბავშვის შესაძლებლობებს შეესაბამება.

როგორც ყველა სხვა სიახლეს, ფრიდრიხ ფრობელის მიდგომებსაც გამოუჩნდნენ კრიტიკოსები სამშობლოში, თუმცა XIX საუკუნეში მთელ მსოფლიოში არაერთი საბავშვო ბაღი გაიხსნა.

1852 წელს ფრიდრიხ ფრობელი გარდაცვალა და ოქსფორდის ინგლისური ენის ლექსიკონში პირველად შეიტანეს სიტყვა kindergarten.

ფრიდრიხ ფრობელის მიდგომები საფუძვლად უდევს დღევანდელი საბავშვო ბაღების ფუნქციონირებას.

ორ საუკუნეზე მეტი ხნის წინ საბავშვო ბაღის შექმნის იდეა რომ რევოლუციური იყო, დღეს უკვე აშკარაა. ადრეულ და სკოლამდელ განათლებაში სწავლების დისტანციური კომპონენტის შემოტანაც, ვფიქრობ, რევოლუციურია, მის შედეგებს კი მოგვიანებით დავინახავთ.

 

„People die, but people stay. So let us plant the seed that will bear fruit that will bring blessings to the future“.

Friedrich Froebel

 

„ადამიანები იხოცებიან, მაგრამ ადამიანები რჩებიან. მოდი, ჩავაგდოთ თესლი, რომელიც მომავლისთვის სასარგებლო ნაყოფს გამოიღებს“.

ფრიდრიხ ფრობელი

 

 

წყარო:

https://www.friedrich-froebel-online.de/

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი