სამშაბათი, აპრილი 16, 2024
16 აპრილი, სამშაბათი, 2024

ყველაზე მარტივი კანონის თანახმად…

ეს პატარა წერილი თუ პოსტი ეძღვნება გიორგის და მათ,
ვისაც უნებურად რაღაც არასწორად ,
ან ისე ვასწავლე, როგორც არ უნდა მესწავლებინა

თავიდან ვერ ვიცანი – გაზრდილი, გამხდარი, გამაღლებული, ორ გოგოსთან ერთად შემოვიდა. მოსაშვილზე, ერთ-ერთ კაფეში მეგობართან ერთად ვიჯექი. მისი თანმხლები გოგოები რაღაცაზე იცინოდნენ. ესეც იცინოდა, მაგრამ სახეზე მაინც რაღაც უცნაური დაძაბულობა ჰქონდა აკრული, ნიღაბივით. ახლა მგონია, რომ სწორედ ამ დაძაბულობით მიიქცია ყურადღება, ეს „ნიღაბი” მეცნო, ამიტომ დავაკვირდი და მერე უცებ – ვიცანი! გარშემო ბევრი ხალხი იყო, მაგიდები – გადაჭედილი და ვერ დავინახე, სად დასხდნენ. ისე გამოვედით, თვალი აღარ მომიკრავს. არც თვითონ დავუნახივარ.

 

არაჩვეულებრივი კლასი იყო, ფრთხიალა ჩიტების გუნდს ჰგავდა – რაღაცნაირი ფუსფუსა, აქტიური, მოძრავი, მოხტუნავე, ყველა ერთმანეთისგან განსხვავდებოდა და ყველას უცნაური იდეებით ჰქონდა თავი გამოტენილი. ერთმანეთზე ლამაზები და ცელქები იყვნენ. ყველა ერთდროულად ჟღურტულებდა და, მიუხედავად ამისა, მაინც ახერხებდნენ, ერთმანეთისთვის მოესმინათ. მეხუთე კლასში უკვე ჰქონდათ გარემოს მართვის და მასზე ლიდერობის უნარები. და ყველაზე მეტად სწორედ ამით ჰგავდნენ ერთმანეთს. მარტო გიორგი იყო სხვანაირი. სანამ შენ არ ჰკითხავდი რამეს, თვითონ ხმას არ ამოიღებდა. სახეზე სულ ის უცნაური, დაძაბულობის ნიღაბი ჰქონდა აკრული, დასვენებებზეც თავის მერხს არ სცილდებოდა და ოდნავ შესამჩნევი, ძალიან თბილი ღიმილით, მერხიდან აკვირდებოდა, როგორ დახტოდნენ დანარჩენები.

ერთი უჯრა მაქვს გამოტენილი მათი ნაჩუქარი კალმებით, თავმოღრღნილი ფანქრებით, ბარბებიანი და მიკი მაუსებიანი სათლელებით, გაცვეთილი საშლელებით და წერილებით, წერილებით, წერილებით. გაკვეთილზე წამოხტებოდნენ, მოირბენდნენ, დამიდებდნენ მაგიდაზე და ერთ წამში ისევ თავიანთ სკამზე გაჩნდებოდნენ. თავიდან, მიუჩვეველი, მონდომებით ვაპროტესტებდი ამ უცნაურ საჩუქრებს, მაგრამ მერე მივხვდი, როგორ სერიოზულად სწყინდათ ეს უარი და ყოველ საშლელს, კალამს, რვეულის ყდიდან ამოჭრილ გულს და ბარბებს ისეთი სიხარულით, აღფრთოვანებით და მადლობებით ვიღებდი, როგორც მსოფლიოში ყველაზე ძვირფას და ძვირადღირებულ ნივთს. ისინიც, ამაყები და გაბრწყინებულები, ხვდებოდნენ, რომ მესმოდა თითოეული ამ ნივთის მნიშვნელობა.

… ერთხელაც, ერთ-ერთ გაკვეთილზე, რომელიღაც სახალისო თამაშის ბოლოს გიორგი შევაქეთ ტაშით და სულ ოდნავ გავბზარეთ მისი ნიღაბი. სანამ ზარი დაირეკებოდა, გიორგი წამოდგა, ძალიან ნელა, დინჯად მოუახლოვდა ჩემს მაგიდას, გამიღიმა და ყვითელი, ნახევრად გახარჯული, აქა-იქ ნაკბილარებდამჩნეული ფანქარი წინ დამიდო. მერე ისევ დინჯად დაუბრუნდა თავის მერხს. მე მისი პირველი საჩუქარი მივიღე! მან პირველად გადმოდგა ნაბიჯი თავისი ჯადოსნური წრიდან. ძალიან დავიბენი, ძალიან მინდოდა, მივსულიყავი და გულში ჩამეხუტებინა. ძლივს შევიკავე თავი.

მერე ზარი დაირეკა, ჩიტები ფრთხიალით და ჟრიამულით წამოცვივდნენ თავიანთი მერხებიდან. მე ჩემი ნივთები წამოვკრიფე მაგიდიდან, დავემშვიდობე და კლასიდან გავედი. იმ დასვენებაზეც და შემდეგ დასვენებებზეც ფოიეში ვტრიალებდი, ალბათ მორიგე ვიყავი. ბავშვებს შორის რამდენჯერმე მოვკარი თვალი გიორგის, დაძაბული სახით თვალს არ მაცილებდა. რამდენჯერმე შორიდან გავუღიმე, ერთხელ ახლოს ჩავუარე და თავზე ხელი გადავუსვი.

სამასწავლებლოში ვიჯექი, რვეულებს ვასწორებდი, ბოლო გაკვეთილის დასრულების ნიშნად ზარი რომ დაირეკა. რიგრიგობით ბრუნდებოდნენ ჩემი კოლეგები გაკვეთილებიდან. ერთ-ერთის შემოსვლისას ინსტინქტურად კარს გავხედე და ღია კართან დერეფანში მდგარ ჩანთააკიდებულ გიორგის მოვკარი თვალი. ხელებში რაღაცას აწვალებდა და საშინლად დაძაბული სახით მიყურებდა. მაშინვე გავედი. მისკენ დავიხარე, გავუღიმე და სანამ რამეს ვკითხავდი, ყვითელი, ნახევრად გახარჯული, აქა-იქ ნაკბილარებდამჩნეული ფანქარი, დილით მაგიდაზე რომ დამიდო, სწორედ ის ფანქარი გამომიწოდა – კლასიდან რომ გადიოდით, დაგივარდათო. კი არ გამოვართვი,თავისი გაყინული ხელებით უფრო ხელებში ჩამიგდო, გამიღიმა, შებრუნდა და გაიქცა.

მართლა ვიგრძენი, როგორ შემერყა ფეხქვეშ მიწა. თითქოს მართლა ცივი წყალი გადამასხეს. გაშტერებული ვიდექი და ძალიან, ძალიან, ძალიან მინდოდა ტირილი.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

გმირი თუ დამნაშავე

ენა, რიტუალი, კერძი

 ესკიზები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი