პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

შუა კონცერტში გასროლილი ტყვია

რამდენიმე დღის წინ, ჰაინრიხ ბიოლის ფონდში დისკუსიას დავესწარი , თემაზე: “რელიგია და პოლიტიკა, დესეკულარიზაციის ტენდენციები”. თავდაპირველი ინტერესი, სწორედ სათაურმა მიიქცია. საკმაოდ უცნაურად მეჩვენა , წარმოუდგენელადაც კი, საუბარი დესეკულარიზაციის ტენდენციებზე იმ საზოგადოებაში, სადაც სეკულარიზმის მნიშვნელობა ტერმინის დონეზეც, ძალიან ცოტას თუ ესმის, მათ შორის პოლიტიკოსებსაც. სეკულარიზაცია, კი როგორც ბუნებრივი პროცესი, ჩვენს ქვეყანაში არასოდეს მომხდარა. თუ არ ჩავთვლით საქართველოს პირველ რესპუბლიკას, რომელმაც სულ სამი წელი გასტანა . ამჟამად სიტყვა სეკულარიზმს , ყველა ფორმის უარყოფითი იარლიყი აქვს მიკერებული და თითქმის საბჭოთა დროინდელ ათეიზმთან იგივდება.

შესაბამისად, მოხსენებების ნაწილი, სწორედ ტერმინების განმარტებით იწყებოდა. თუმცა უშედეგოდ.
დისკუსია როგორც მოსალოდნელი იყო საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა. რელიგია და პოლიტიკა ხომ, ის ორი თემაა რომელზეც ფეხბურთის შემდეგ ყველაზე მეტს კამათობენ. არც ხსენებული დისკუსია განიცდიდა კამათის ნაკლებობას, მიუხედავად მისი აკადემიური ფორმატისა. სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთთანამშრომლობისა თუ ურთიერთგამიჯვნის თემები, ხომ ბოლო დროს განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს . მოახლოებული საარჩევნო კამპანიის, ქვეყნის შიგნით თუ მის გარეთ მდებარე ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რესტავრაციის ფორმების გამო. მთავარი დასკვნა, რაც ამ დისკუსიიდან გამოვიტანე არის ის, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს არ აქვს გააზრებული, თუ სად მთავრდება სახელმწიფო და სად იწყება რელიგიის თავისუფლება. რა ფუნქცია აქვს ერთ და რა ფუნქცია აქვს მეორე ინსტიტუციას.
დღევანდელ პოსტში , მსურს ერთი წიგნის შესახებ გიამბოთ. რომელშიც ვთვლი რომ სეკულარული საზოგადოების დადებითი, თუ უარყოფითი მხარეები საუკეთესოდ არის წარმოჩინებული. ამ თემით დაინტერესებული ადამიანები, დიდ სიამოვნებას მიიღებთ მისი კითხვისას. რომანი კი ისეა აგებული, რომ შესაძლოა მის პოლიტიკურ ქვეტექსტებს ნაკლებადაც კი მიაქციოთ ყურადღება . არჩევანის ამბავია, მწერალი ისე ასრულებს რომანს, რომ მისი პირადი პოზიციის გარკვევა შეუძლებელიც კია. ის უბრალოდ საინტერესო ამბავს გვიყვება. პოლიტიკა კი, უბრალოდ ფონია .

“ეს რომანიც პოსტმოდერნისტულია. მე არ გეუბნებით, აი, სიმართლე, აი, რეალობა-მეთქი. მე ვწერ იმას, რაც უბრალოდ სარკეში ირეკლება და როგორც შემიძლია, ვკამათობ ამაზე.”
ამბობს, თურქი ნობელიანტი მწერალი ორჰან ფამუქი, თავისი რომანის “თოვლის” შესახებ. რომელიც 2001 წელს გამოვიდა და როგორც მისი წიგნების დიდი უმრავლესობა, ბესტსელერად იქცა.
“თოვლი” ორჰან ფამუქის შემოქმედებაში გამორჩეული წიგნია. სადაც თურქული საზოგადოების პრობლემები დაუფარავად არის წარმოჩინებული. მწერალი ღიად საუბრობს სომეხთა მიტოვებულ სახლებზე და მიანიშნებს გენოციდზე, ყვება ბერძნებზე, რომლებიც აქ აღარ ცხოვრობენ, ყვება ისლამისტებზე და აჩვენებს დასავლური ღირებულებებისაგან გაუცხოებულ საზოგადოებას, რომელიც საკუთარ არასრულფასოვნების კომპლექსს განიცდის. დასავლეთის თვალში როგორ გამოვჩნდებით, აქაც მნიშვნელოვანი არგუმენტია. გვაძლევს საშუალებას გვერდიდან შევხედოთ საკუთარ თავებს . თუნდაც იმ ქალებს, რომლებიც საქართველოდან თურქეთში მიდიოდნენ ფულის საშოვნელად. ასეთები წიგნში რამდენჯერმე გვხვდებიან. ამ ყველაფერს კი ყოველგვარი მორალის კითხვის გარეშე ახერხებს. ფამუქი სარკეში არეკლილ რეალობას გვთავაზობს . რაც ,ხშირად არც თუ ისე სასიამოვნო შესახედია ხოლმე.

“პოლიტიკა ლიტერატურულ ნაწარმოებში ისეთივე უხამსობაა, როგორც შუა კონცერტში გასროლილი ტყვია, მაგრამ მისი იგნორირებაც შეუძლებელია. ” მოჰყავს მწერალს სტენდალის ციტირება , წიგნის წანამძღვარში. თითქოს ბოდიშს უხდის მკითხველს პოლიტიკური გადახვევისთვისო. “თოვლში” კი პოლიტიკური ქვეტექსტები ყველაზე ნაკლებად ჰგავს შუა კონცერტში თოფის გასროლას ხმას. მასში მოყოლილი ამბები, მეტ დროს გიტოვებენ ფიქრისთვის , წიგნის პერსონაჟები არ იყოფიან კარგ და ცუდ გმირებად. რომლებსაც 20 იანი წლების ჰოლივუდის ვესტერნების მსგავსად, თეთრი ან შავი სამოსი აცვიათ. თავისუფლად არის შესაძლებელი, ისლამისტი გმირების მიმართ მეტი სიმპატიაც გაგიჩნდეს, ვიდრე “გაევროპელებული” თურქების, ან სულაც პირიქით. “თოვლში” არ ჩანს ისლამისტების “სიბნელე” და გაევროპელებული თურქების “ინტელექტუალობა” . აქ ორი დაპირისპირებული მხარე, ცდილობს დიალოგში ერთმანეთს გაუგოს. წიგნში შემზარავი სწორედ სარკეში არეკლილი რეალობაა , რომელთან დაპირისპირებაც საკმაოდ რთული საქმეა. რთულია მწერალს შეეკამათო ნაწარმოებში აღწერილი ფაქტების გამო . ის რეალობის შეგრძნობას არ ცდება.
ორჰან ფამუქის წიგნში “თოვლი” მოქმედება თურქეთის საზღვრისპირა ქალაქ ყარსში ვითარდება. სადაც სეკულარული მთავრობის მიერ მიღებულ ახალ კანონს სასწავლებლებში დოლბანდების(თავსაფარი) ტარების აკრძალვის შესახებ ათობით გოგონა თვითმკვლელობით პასუხობს. თვითმკვლელი გოგონების ამბის შესახებ რეპორტაჟის გასაკეთებლად კი გერმანიიდან 12 წლის შემდეგ სამშობლოში , პოეტი კა ბრუნდება. რომელიც თურქეთში დაბრუნების შემდეგ კვლავ უბრუნდება თავის პროფესიას და ლექსების წერას იწყებს. ქალაქის ქუჩები , ჩაიხანები , თოვლი , თითქოს ყარსში ახალი არაფერი ხდება , სანამ ანკარიდან ჩამოსული თეატრალური დასი , რადიკალი ისლამისტები, პოლიტიკური დაჯგუფებების წევრები, სასტუმრო “ქარპალასის” მეპატრონე და მისი ქალიშვილები კასთან ერთად სისხლიანი სამხედრო გადატრიალების მონაწილენი არ გახდებიან. წიგნში მრავლადაა როგორც სასიყვარულო, ასევე ადამიანური ისტორიები. როგორც აღვნიშნე აქ პოლიტიკა მხოლოდ კარგად მოთხრობილი ამბის ფონია.
ვფიქრობ დიდ სიამოვნებას მიიღებთ წიგნის კითხვისას. იქნებ წიგნის გმირების მსგავსად ერთმანეთის გაგებას თუ არა მოსმენას მაინც ვისწავლით, და შემდგომში ჩვენმა დებატებმაც სეკულარულ თუ დესეკულარულ საზოგადოებაზე ერთმანეთისთვის შეურაცხყოფის მიყენების გარეშე ჩაიაროს ხოლმე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი