ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

დაკარგული პოეტების ქვეყანა

ზუსტად არ მახსოვს, პირველად სად და როდის წავიკითხე ეს ლექსი:

„ ჩემს ტოლებს

ვიცი, რომ მზითვად
არ მომცემენ ვეფხისტყაოსანს,
არც წასაღებად
დაჰკეცავენ ქიშმანის შალებს,
არც ქართულ კაბას
ჩამაცმევენ ჯვარის საწერად,
არც ვერცხლის ქამარს
მომავლებენ დარდიან წელზე.
ცაში ოთახი განათდება იაპონურად,
ბედნიერებას მომილოცავთ უცხო კილოზე,
მრავალ წერილებს გამაყოლებთ გზის საპოვნელად,
მრავალ მოკითხვას დავუხვდები, ვით მკვდარ მიმოზებს.
დავიმალები
სიყვარულის ცისფერ სუნთქვაში,
დიდი იქნება აღტაცება მზე გადასული,
უხვი კოცნები, ვით კახეთში ღვინის მარნები,
და სადღეგრძელოს მოიტაცებს
სიტყვა ქართული.
ნამჯისფერ ფრჩხილებს დაამძიმეს მთვრალი ჰაერი,
გულის პასუხი ყარამფილებს ვეღარ დაყნოსავს
და მე ვიქნები სიკვდილივით გაუხარელი
რადგან მზითევში არ მომცემენ ვეფხისტყაოსანს.”
არ მახსოვს სად და როდის, მაგრამ მახსოვს როგორ – როგორ ძალიან განვიცადე, მომეწონა, დავდარდიანდი. მერე მისი ავტორის ძებნა დავიწყე, როგორ იქნა, სახელსა და გვარს მივაკვლიე  – ნინო თარიშვილი.

მერე ძალიან მომინდა, რამე გამეგო ამ ავტორის შესახებ, მენახა ფოტო, წამეკითხა მისი სხვა ლექსები. ვეძებე, ვეძებე  –  ბევრი არაფერი, გადმოცემები და ლეგენდები-  რომ პაოლო იაშვილი უყვარდა, უნივერსიტეტიდან მეტისმეტად გაბედული ლექსების გამო გარიცხეს, რომ  როცა პაოლომ მიატოვა, ლექსი აღარ დაუწერია.

ამეკვიატა ეს ქალი, ვერაფრით მოვიშორე და ამას წინათ, მასზე ცოტა მეტი ინფორმაციის მოსაძებნად ლიტერატურული განძის მცველს – ლიტერატურის მუზეუმს მივაკითხე- ყველაფერი მაინტერესებდა – ფოტოები, დღიურები, ჩანაწერები…

სხვისი დღიურების კითხვა ყოველთვის ურთიერთგამომრიცხავ გრძნობებთან არის დაკავშირებული – თან თითქოს გრცხვენია, ისე ახლოს მიდიხარ ადამიანის ყველაზე საიდუმლო და პირად ამბებთან, ამავე დროს კი ძალიან გაინტერესებს.

ამ ჩანაწერებიდან  მარტოსული, გულგატეხილი, მოწყენილი ქალი მესაუბრებოდა, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტის პროფესორი და ძალიან კარგი პოეტი იყო, ცხოვრებას ვერაფრით უმკლავდებოდა, რაღა ცხოვრება – საკუთარი ძაღლიც კი აშინებდა.

სამწუხაროა, რომ დრომ, საბჭოთა კულტურის თავისებურებამ თუ ზოგადად, გაბედული და ცოტა ეპატაჟური ქალებისადმი საზოგადოების  დამოკიდებულებამ, მკითხველისათვის თითქმის უცნობად დატოვა ეს შესანიშნავი პოეტი, ძალიან განათლებული და კულტურული პიროვნება, ვინც დასავლეთ ევროპისა თუ ძველბერძნული ლიტერატურის გარდა, პედაგოგიურ და ბავშვთა ფსიქოლოგიაზეც კითხულობდა ლექციებს და ნარკვევებს წერდა, ვისი პოეტური ენა და მხატვრული ოსტატობა ნამდვილად არ ჩამოუვარდებოდა, ( თუ არ აღმატებოდა) მისი  მრავალი თანამედროვე პოეტის პოეტურ ხმას.

P.S.

 

18 სექტემბერი

” აღარ აინტერესებთ ჩემი ამბავი ზოგიერთებს, რომელთაც მე ვუთხარი, რომ სურათებს გადავცემ ფიროსმანის მუზეუმს გამოფენის შემდეგ, წიგნებს – უნივერსიტეტს, ბინას  – სახელმწიფოს. ამის შემდეგ არავინ გამოჩენილა” . . .

1982 წ. 2 იანვარი
“საზიზღარია ასეთი დღეები ჩემთვის, როგორიცაა ახალი წელი და სხვა, როდესაც განსაკუთრებით მკვეთრად ვგრძნობ ჩემს მარტოობას, ჩემს უბედობას”. . .

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი